ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მულტიმედიური ბალეტი „12 პაემანი“ – გაბედული სოციალური ჟესტი
„მოძრაობის, ფიზიკური და ცეკვის თეატრის საერთაშორისო ფესტივალის“ ფარგლებში, რომელიც „მოძრაობის თეატრში“ გაიმართა, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტმა” მარიამ ალექსიძის თანამედროვე მულტიმედიური ბალეტი – „12 პაემანი“ წარმოადგინა. თუმცა 50-წუთიანი, დრამატული რეფლექსიითა და ფსიქოლოგიური სიმძაფრით დატვირთული ეს წარმოდგენა ბოლომდე ალბათ ვერ გადმოსცემდა იმ შეგრძნებებს, რომლებიც მანამდე, რამდენიმე თვით ადრე, ორთაჭალის ყოფილი ციხის კედლების წინ მისულმა მაყურებელმა იგრძენო – იმავე სპექტაკლის ნახვისას, იმავე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის შესრულებით. პირველ რიგში იმიტომ, რომ სივრცისა და ატმოსფეროს კონტექსტი მაშინ ლამის გადამწყვეტი, მნიშვნელოვანი და სრულიად განსხვავებული იყო.
როდესაც კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, ორთაჭალის N12 გამოსასწორებელი დაწესებულების ტერიტორიაზე ალტერნატიული არტ–სივრცე შექმნა (სადაც გამოფენები, პერფორმანსები და თეატრალური სპექტაკლებიც გაიმართა), ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ შესაძლებელი იქნებოდა თანამედროვე ცეკვის თეატრის სპექტაკლის ნახვაც,
„12 პაემანი“ სწორედ ასეთი გამორჩეული, პარადოქსული შინაარსის და მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც მარიამ ალექსიძის ქორეოგრაფიით, დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და რეჟისურით, ელექტრონული მუსიკის, ხმებისა და ვიდეო გამოსახულების სინთეზით შეიქმნა. სპეციალურად ამ პროექტისთვის საავტორო საუნდი და ვიდეო ნიკა მაჩაიძემ შექმნა, ხოლო საავტორო მუსიკა – ნატალია ბერიძემ.
აღსანიშნავია, რომ „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ დასის ახალგაზრდა მოცეკვავეებთან ერთად, წარმოდგენაში მონაწილეობენ წარსულში ქართული საბალეტო დასის ვარსკვლავები – მარინა ალექსიძე, მაკა მახარაძე და ქეთევან მუხაშავრია. ამ წარმოდგენაში მათ ერთგვარი „ცოცხალი მეხსიერებისა“ და თაობათა მეკავშირის როლიც აკისრიათ. შესაბამისად, სხვა პერსონაჟებისგან გამორჩეულია მათი ლაბადებიც – ოდნავ ღია ფერის და ბოლომდე შეკრული.
მარიამ ალექსიძის მულტიმედიურ ბალეტს შეიძლება პირობითად „12 განრისხებული ქალიც“ ვუწოდოთ, რადგან მისი სიუჟეტი სხვადასხვა ასაკის, ხასიათისა და ტემპერამენტის ქალების პაემანზე მოგვითხრობს. წარმოსახვით პატიმრებთან ქმრებთან, მამებთან, ძმებთან… მათი შეხვედრები, სევდიანი თუ ხანმოკლე პაემნები ამ წარმოდგენაში არამხოლოდ გვახსენებს ჩვენი უახლოესი წარსულის ამბებს, არამედ დღევანდელობის „მსახვრალ“ პოლიტიკურ ხელსაც. იოლად იგრძნობთ ამ დაღლილი ქალების მუდმივ დაძაბულობას, მათ შენელებულ–დაძაბულ მოძრაობებს და ძუნწ ჟესტიკულაციებს, რადგან ისინი რაღაც მნიშვნელოვან ამბებს ინახავენ და გვამცნობენ. მაყურებელი კი, როგორც ამ პერფორმანსის ერთგვარი მონაწილე, წარმოსახვითი სცენა–მოედნის ირგვლივ ზის.
რადიკალური, სოციალური თუ პოლიტიკური კონტექსტი თანამედროვე ცეკვის თეატრში ძალიან ხშირია. უფრო მეტიც, დღევანდელი ქორეოგრაფების დიდი ნაწილი დასავლეთში თავიანთ წარმოდგენებში ასეთი რადიკალური ფორმებს სპეციალურად მიმართავს (საშა ვალცი, ანა ტერეზა დეკერსმაკერი, იან ფაბრი, ალან პლატელი…). მარიამ ალექსიძის „12 პაემანი“ ამ მხრივ ნამდვილად გამორჩეულია ქართულ რეალობაში თავისი სოციალური თუ პოლიტიკური მნიშვნელობით. თითქოს ამ პაემნებით ციხის ლეგალური მოწმე თუ მოთვალთვალე ხდებით, რადგან აკვირდებით ქალების დრამატულ სიჩუმეს, პროტესტს, მღელვარებას, თანაგრძნობას… და ეს ყველაფერი მრავალმნიშვნელოვანი ჟესტებითა თუ შინაგანი თავისუფლებით სავსე მოძრაობებითაა განმტკიცებული.
შენელებულ მოძრაობებში იმდენი ელფერია, რამდენიც მათ განწირულ მოლოდინში, გაშლილ ხელებსა თუ ტკივილისგან შეკუმშულ მუშტებში. ერთ–ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სცენაა, როცა ქალები ერთმანეთის ზურგებს ეყუდებიან და თითქოს ერთმანეთის დაღლა–დეპრესიას ინაწილებენ. შემდეგ კი ერთ ხაზზე ჩამწკრივდებიან, თითქოს სასტარტო გარბენის მოლოდინში.
ამ აქტუალური და უჩვეულო წარმოდგენით მარიამ ალექსიძე თანამედროვე ცეკვის თეატრის მთავარ პოსტულატს გვიზიარებს: ადამიანის სხეულს ყველაფრის გამოხატვა შეუძლია, მთავარია, საით მიემართება მისი მოძრაობის ვექტორი. აქ შეიძლება პინა ბაუშის ცნობილი ფრაზაც გავიხსენოთ – „არ მაინტერესებს როგორ მოძრაობენ ადამიანები, მე მაინტერესებს რა ამოძრავებთ მათ“. ამ ფონზე კი შეიძლება „12 პაემანი“ გაბედულ სოციალურ და არტისტულ ჟესტად მივიჩნიოთ. მით უმეტეს, რომ გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ ძირითად იდეას ახალი იდეების დამკვიდრება, თავისუფალი აზროვნება და განვითარებისაკენ მუდმივი სწრაფვა წარმოადგენს. მას უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვს საქართველოში თანამედროვე ბალეტისა და ცეკვის თეატრის განვითარებაში.