რუსეთში ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ ჰომოფობიური კანონის მიღების შემდეგ დევნა, ცენზურა, თვითცენზურა და დისკრიმინაცია ყოველდღიურობის ნაწილი გახდა. ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას გამოცხადებულ „ნადირობას“ არაერთი აქტივისტი ემსხვერპლა. მათ შორის ელენა გრიგორიევა, რომელიც 2019 წელს სასტიკად მოკლული იპოვეს.
უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა ჰომოფობიური რიტორიკა გაამკაცრა და ლგბტ ადამიანებთან დაკავშირებული საკითხების „დასავლეთიდან ჩანერგილად“ წარმოჩენას მიჰყო ხელი. 2022 წლის დეკემბერში რუსეთში გამკაცრდა 2013 წლიდან მოქმედი კანონი „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ. პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც ახლა უკვე კრძალავს „არატრადიციული ურთიერთობების პროპაგანდას“ ნებისმიერი ასაკის მოქალაქეებში. ასევე, ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც „სქესის შეცვლის სურვილს აღძრავს“. კანონი ასევე ცდილობს მოქალაქეები შეცდომაში შეიყვანოს და ლგბტ ადამიანები „პედოფილიასთან“ დააკავშიროს. იკრძალება პოზიტიური და თუნდაც ნეიტრალური ინფორმაციის გავრცელება ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი ადამიანების შესახებ, ასევე არაჰეტერონორმატიული ურთიერთობის საჯაროდ გამოხატვა.
კანონი კრძალავს რეკლამებში, წიგნებში, ფილმებსა და მედიაში „არატრადიციულ ურთიერთობებზე“ ინფორმაციის გავრცელებას. „არატრადიციულში“ რუსეთის ხელისუფლება გულისხმობს ჰომოსექსუალურ ურთიერთობას. ჯარიმა ემუქრება ნებისმიერ ადამიანს, ვინც საჯაროდ პოზიტიურად ისაუბრებს ჰომოსექსუალი წყვილის სიყვარულის შესახებ. ჯარიმის ოდენობა ფიზიკურ პირებზე 50-დან 400 ათას რუბლამდეა, იურიდიული პირების შემთხვევაში დაახლოებით 5 მილიონ რუბლს (70 ათას დოლარზე მეტი) აღწევს.
გასული წლის სექტემბერში რუსეთის მარეგულირებელმა ორგანომ, როსკომნაძორმა გამოაქვეყნა კრიტერიუმები, რომელთა დამრღვევ ვებგვერდებს სპეციალურ რეესტრში დაარეგისტრირებს და მათზე წვდომას შეზღუდავს.
რუსული გამოცემა „ვედომოსტის“ ცნობით, გასულ წელს მარეგულირებელმა სტრიმინგ პლატფორმებს გაუგზავნა ფილმებისა და სერიალების სია, რომლებიც, მათი აზრით, ე.წ. „ლგბტ პროპაგანდა“ იყო. სიაში მოხვდა „კუზიანი მთა“ და „შენი სახელი დამიძახე“. ასევე რამდენიმე სერია „სტუდენტი გოგოების სექსუალური ცხოვრებიდან“ და სამედიცინო დრამიდან „ეს მტკივნეულია“. ჩამოთვლილი ფილმები და სერიალები რუსულ ლეგალურ სტრიმინგ პლატფორმებზე აღარ იძებნება.
ხელისუფლება უარყოფს აკრძალული წიგნების სიის არსებობას. ალექსანდრ ხინშტეინი – დისკრიმინაციული კანონის თანაავტორი გასულ წელს აღნიშნავდა, რომ როსკომნაძორს სტრიმინგ პლატფორმებისთვის არ უბრძანებია სერიალების დამონტაჟება.
ინტერნეტში ასევე გაჟონა „აკრძალული წიგნების სიამ“, რომელშიც 250-ზე მეტი ნაწარმოების სათაურია თავმოყრილი. მათ შორისაა როგორც კლასიკოსთა ნამუშევრები, ასევე თანამედროვე ბესტსელერები:
- ფიოდორ დოსტოევსკის „ნეტოჩკა ნეზვანოვა“
- პლატონის „ნადიმი“
- ანდრე ასიმანის „შენი სახელი დამიძახე“
- ადამ სილვერას „ბოლოს ორივე კვდება“
- ელის ოსმანის HEARTSTOPPER
- ჰარუკი მურაკამის „ჩემი საყვარელი თანამგზავრი“ და „ნორვეგიული ტყე“
- ჰანია იანაგიჰარას „პატარა სიცოცხლე“
- ჯეიმს ბოლდუინის „ჯოვანის ოთახი“ და „სხვა ქვეყანა“
- ჯულიან ბარნსი „მზის მზერა“
- ჩაკ პალანიკის „უხილავი მონსტრები“
- პატი სმიტის „უბრალოდ, ბავშვები“
- ჟან ჟენეს „ქერელი“ და „ნოტრ-დამ-დე-ფლერი“
- მარსელ პრუსტის „დაკარგული დროის ძიებაში“
- ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტი“
- ვლადიმირ სოროკინის „მარინას ოცდამეათე სიყვარული“
- ჯოვანი ბოკაჩოს „დეკამერონი“
- უილიამ ბეროუზის „შიშველი საუზმე“ და „ველური ბიჭები“
- ემა კლაინის „გოგონები“
- დევიდ მიჩელის „ღრუბლების ატლასი“
- სტივენ ჩბოსკი „მარტოობის უპირატესობანი“
- ერიკ-ემანუელ შმიტის „არეცოს მოედნის თუთიყუშები“
- დენი დიდროს „მონაზონი“
- ხულიო კორტასარის „გამარჯვებულები“
- პაულო კოელიოს „გამარჯვებული მარტოა“
- მადელინ მილერის „სიმღერა აქილევსზე“
- ბანანა იოშიმიტოს „Hardboiled & Hard Luck“
- ელის უოკერის „იისფერი“
- ივლინ ვოს „ბრაიდსჰედში დაბრუნება“
- სტივენ კინგის „ის“ და „ექიმი ძილი“
- იუკიო მიშიმას „აკრძალული ფერები“
- შტეფან ცვაიგის „მოუთმენლობა გულისა“
ვლადიმირ კასარევსკი ანა ახმატოვას სახელობის მოსკოვის ბიბლიოთეკიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ინტერვიუში აღიარა, რომ აკრძალული წიგნების სია თავად გაავრცელა. კასარევსკის თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლები ბიბლიოთეკებისგან მოითხოვდნენ წიგნების ამოღებას სატელეფონო ზარების ან წერილების მეშვეობით, რომელთაც დართული არ ჰქონდათ ხელმოწერები. „რათა გასაჯაროების შემთხვევაში ხელისუფლებას ბიბლიოთეკარები დაედანაშაულებინა და ეთქვათ, რომ ეს ინიციატივა მათი პირადი გადაწყვეტილება იყო“. კასარევსკი ამჟამად ესპანეთს აფარებს თავს. მან მკითხველს მოუწოდა, არ დაუბრუნონ ბიბლიოთეკას ისეთი წიგნები, რომელთაც განადგურება ემუქრება.
თებერვალში ონლაინ გაყიდვების ქსელმა „მეგამარკეტმა“ რუსულ „კომერსანტს“ დაუდასტურა, რომ ინტერნეტში გაჟონილი სია ნამდვილია და იგი 2022 წლის დეკემბერში ინტერნეტის პროვაიდერთა ასოციაციის ინიციატივით შეიქმნა, „ლგბტ პროპაგანდის“ შესახებ კანონის მიღების პერიოდში. კომპანია გამოცემასთან ადასტურებს, რომ 250-ზე მეტი წიგნი გაყიდვიდან ამოღებულია. „მეგამარკეტს“ ბანკი Sber ფლობს, რომლის საკონტროლო პაკეტიც სახელმწიფოს ხელშია.
თვითცენზურამ რუსეთში შეუქცევადი ფორმა მიიღო. ადგილობრივი მედიის ცნობით, ხშირია შემთხვევები, როდესაც წიგნის მაღაზიების მფლობელებმა და გამომცემლებმა ჯარიმის შიშით თავისივე ნებით ჩამოიღეს თაროებიდან წიგნები. გამომცემელთა ნაწილს საქმიანობის გაგრძელებამ ქვეყნის გარეთ მოუწია. ვრცელდება ვიდეოჩანაწერები, სადაც ადამიანები დემონსტრაციულად ანადგურებენ წიგნებს.
კანონთან შესაბამისობის მოტივით, წიგნები გაყიდვიდან ამოიღო არაერთმა მაღაზიამ, მათ შორის, „ლაბირინთმა“. გარდა ამისა, კანონის გამო, რუსეთის „სახელმწიფო აკადემიურმა დიდმა თეატრმა“ პროგრამიდან ამოაგდო კირილ სერებრენიკოვის მიერ დადგმული „ნურეევი“, რომელიც ბალერონ რუდოლფ ნურეევს ეძღვნებოდა. თეატრალურმა ფესტივალმა „ცისარტყელამ“ კი სახელი შეიცვალა. ფესტივალის ხელმძღვანელმა მედიას უთხრა, რომ არ სურდათ, ისე წარმოჩენილიყვნენ, თითქოს „ლგბტ ადამიანების პროპაგანდას ეწევიან“.
კანონის მიღებიდან ერთ თვეში პირველი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა გამომცემლობა POPCORN BOOKS-ის წინააღმდეგ, რომელიც უარს ამბობდა კანონის აღსრულებაზე. საქმე ეხება კატერინა სილვანოვასა და ელენა მალისოვას ბესტსელერს „ზაფხული პიონერის საყელოში“.
„ვიმედოვნებ, რომ საქმე სასამართლომდე მივა და Popcorn Books, რომელიც ღიად დაუპირისპირდა სახელმწიფოს, მიიღებს იმას, რასაც იმსახურებს“, – აცხადებს დუმის დეპუტატი ხინშტეინი.
გამომცემლობის გადაწვით დაიმუქრა რეჟისორი ნიკიტა მიხალკოვი.
ცენზურა კინოში, მედიასა და ინტერნეტში
რუსული დამოუკიდებელი მედიის ცნობით, სტრიმინგ პლატფორმა „ამედიათეკამ“, რომელიც HBO-ს მრავალწლიანი პარტნიორია, რამდენიმე სერიალიდან ამოჭრა ან ჩაასწორა სცენები. მაგალითად, სერიალიდან „ეიფორია“ ამოჭრილია თითქმის 2 საათის მასალა. „ამედიათეკამ“ სერიალ „თეთრი ლოტუსის“ რუსულ გახმოვანებაში სიტყვა „გეი“ ჩაანაცვლა „კაცით“. მსგავსი ცვლილება შეიტანეს სერიალში „სექსი დიდ ქალაქში“.
გასული წლის ივნისში კი სასამართლომ პირველად დააჯარიმა სტრიმინგ პლატფორმა „ლგბტ პროპაგანდის“ კანონის დარღვევის გამო. RBC-ის ცნობით, კომპანია „ტრიკოლორი“ 1.2 მილიონი რუბლით დაჯარიმდა. კომპანიას არ დაუკონკრეტებია, რომელი ფილმის გამო დაეკისრა ჯარიმა, თუმცა აღნიშნა, რომ ნაწარმოები პლატფორმიდან მოხსნილია.
კანონის მიღებიდან 6 თვეში მარეგულირებელს 33 საჩივარი ჰქონდა შედგენილი რუსეთის სხვადასხვა სტრიმინგ პლატფორმის წინააღმდეგ. როსკომნაძორის საჩივრები ისეთი კომპანიების წინააღმდეგაც შედგა, როგორიცაა „გაზპრომის“ საკუთრებაში არსეული „TV-3“ და „იანდექსის“ პლატფორმა „კინოპოისკი“. ეს უკანასკნელი სასამართლომ მილიონი რუბლით დააჯარიმა „ფილმებში არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების ჩვენების გამო“.
დისტრიბუტორი კომპანია „რუსკი რეპორტაჟი“ 500 ათასი რუბლით დაჯარიმდა იტალიური სერიალის „დამზადებულია იტალიაში“ ჩვენების გამო, პლატფორმა „პრემიერა“ კი – 4 მილიონი რუბლით, იტალიური ფილმის, „იდეალური უცნობებისა“ და ბრიტანული კომედია Blow Dry-ის ჩვენებისთვის.
ივლისში მილიონი რუბლით დააჯარიმეს მუსიკალური არხი TNT Music ფინელი მომღერლის, Alma-ს ვიდეოკლიპის „Summer Really Hurt Us“ ჩვენებისთვის. სახელმწიფო მედიის ცნობით, კომპანიას 16 მილიონი რუბლის ჯარიმა ემუქრება, რადგან კიდევ ოთხი საჩივარია შესული „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების ჩვენების“ გამო. გასული წლის ბოლოს მუსიკალურმა არხმა K პოპის ბენდ Seventeen-ის სიმღერა „God of Music“ შეცვლილი სახით უჩვენა მაყურებელს და ცაზე გამოსახული ცისარტყელა ღრუბლებით ჩაანაცვლა.
ტელეკომპანია „აივა“ 500 ათასი რუბლით დაჯარიმდა „ევროვიზიის“ ყოფილი მონაწილის, სერგეი ლაზარევის ვიდეოკლიპის ჩვენებისთვის, სადაც ერთნაირსქესიანი წყვილი ხელიხელჩაკიდებული ჩანს.
რუსეთის სასამართლომ „ლგბტ პროპაგანდა“ დაინახა ომის მხარდამჭერი მომღერლის, ნიკოლაი ბასკოვის 2012 წლის ვიდეოკლიპშიც და ტელეკომპანია „ტოჩკა“ 500 ათასი რუბლით დააჯარიმა. სასამართლომ ასეთი განმარტება გააკეთა:
„პროტაგონისტის ეჭვიანობა არა ქალს, არამედ იმ კაცს მიემართება, რომელმაც პროტაგონისტს ქალთან უღალატა“. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ ვიდეოში მოქმედება ვითარდება „ჰედონიზმისა და გარყვნილების ატმოსფეროს ფონზე, […] რაც გამოიხატება სცენებში, სადაც ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის (ქალი) ადამიანებს შორის მყარდება არავერბალური, სენსორული ინტერაქცია, სექსუალურ კონტექსტში“.
იანვარში კი „გაზპრომის“ ტელეარხი „Lya-Minor TV“ მილიონი რუბლით დააჯარიმეს ბენდ „ტანცი მინუსის“ ვიდეოკლიპის ჩვენებისთვის, რადგან მასში „ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის სასიყვარულო ჟესტები და კოცნა ჩანს“.
„ლგბტ მოძრაობა“ ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში
ნოემბერში რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ფორმალურად არარსებული „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ „ექსტრემისტად“ გამოაცხადა.
მალევე ნიჟნი ნოვგოროდის სასამართლომ ანასტასია იერშოვას 5-დღიანი პატიმრობა შეუფარდა ბაყაყის ფორმის, ცისარტყელას ფერებში გაფორმებული საყურის ტარების გამო. ორგანიზაცია „ეგიდას“ ცნობით, ქალი მას შემდეგ დააკავეს, რაც აგრესიული ჯგუფი კაფეში მიუვარდა, შეურაცხყოფდა და ვიდეოს უღებდა.
მოგვიანებით ჩანაწერი ულტრაკონსერვატიულმა დაჯგუფებამ გაავრცელა.
ვოლგოგრადში კაცი ათასი რუბლით დააჯარიმეს სოციალურ ქსელში პრაიდის დროშის დაპოსტვის გამო, სარატოვის სასამართლომ კი ფოტოგრაფ ინა მოსინას 1 500 რუბლის გადახდა დააკისრა „ინსტაგრამზე“ ცისარტყელას დროშების დაპოსტვისთვის.
2024 წლის მარტში რუსეთის ფინანსურმა მაკონტროლებელმა ორგანომ, როფინმონიტორინგმა მითური „საერთაშორისო ლგბტ მოძრაობა“ ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში შეიყვანა, რაც საშუალებას იძლევა, სასამართლოს განჩინების გარეშე გაუყინონ ამა თუ იმ პიროვნებას საბანკო ანგარიშები.
20 მარტს პირველი სისხლის სამართლის საქმე გაიხსნა „ექსტრემიზმის“ ბრალდებით. ღამის კლუბ Pose-ში პოლიციამ რეიდი ჩაატარა. სამართალდამცველებს ნაციონალისტი, ომის მხარდამჭერი აქტივისტები ეხმარებოდნენ. რეიდის შედეგად დაკავებულია გეი კლუბის ორი თანამშრომელი დიანა კამილიანოვა და ალექსანდ კლიმოვი. კლუბის არტდირექტორს ბრალად ედება დრაგ ქვინების წარმოდგენებისთვის შერჩევა, ხოლო ბარის მენეჯერს – ამ ყველაფრის გადაღება. მათ 10-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.
არაერთი რუსული თუ საერთაშორისო კვლევა ადასტურებს, რომ 2013 წელს მიღებული ანტ-ლგბტ კანონმდებლობის შემდეგ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შემთხვევები გაორმაგდა.