„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის – „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ – ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის მიერ საქართველოში. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.
ავტორი: ანა ქათამაძე
„ეგრე გაუჭირდა მაგ ბიჭს?“
ეს კითხვა ჩემ რესპოდენტს, პირობითად ანას დაუსვეს, როდესაც მისი პირველი კოცნის შესახებ მეგობრებს მოუყვა.
მაშინ დავფიქრდი, რომ ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ქალებზე, რომლებიც ყოველდღიურად ჩაგვრის არაერთ ფორმას აწყდებიან, იქნება ეს სოციალურ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაში ჩართულობა, თუ შრომის და ზრუნვის არათანაბარი გადანაწილება ოჯახში.
მაგრამ რას შეიძლება გრძნობდე მაშინ, როდესაც არც იმ სტერეოტიპული ფუნქციების შემსრულებლად მოგიაზრებენ, რომელსაც საზოგადოება ქალებს ანიჭებს? როდესაც 30 წლის ასაკში ჩემთვის თითქმის ყოველდღიური კითხვა – როდის „თხოვდები“, შეიძლება არასდროს დაგისვან, რადგან არც არავის წარმოუდგენიხარ „ცოლის“ სტერეოტიპული ფუნქციების შემსრულებლად ან უბრალოდ ვინმესთვის სასურველ პარტნიორად.
ეს არის კითხვა, რომელზე პასუხს ამ პოდკასტში ვერ მოისმენთ, რადგან მე შეზღუდული შესაძლებლობა არ მაქვს. თუმცა, ვისაუბრებ იმაზე, თუ რა დაბრკოლებებს აწყდებიან ფიზიკური, ინტელექტუალური, მენტალური, სენსორული თუ მრავლობითი დარღვევების მქონე ქალები.
შეზღუდული შესაძლებლობით საქართველოში 44 805 ქალი ცხოვრობს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ სტატისტიკა სოციალური პაკეტის მიმღებ პირთა რაოდენობას ეყრდნობა, უნდა ვივარაუდოთ რომ ეს რიცხვი გაცილებით უფრო მაღალია.
ისინი ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ, ეკონომიკურ, სექსუალურ თუ ძალადობის სხვა ფორმებს ისევე განიცდიან, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე ქალები. თუმცა გენდერისა და შეზღუდული შესაძლებლობის თანაკვეთიდან გამომდინარე, მათ მიმართ არსებულ ჩაგვრას ხშირად განსხვავებული მიზეზი, ფორმა და შესაბამისად შედეგები აქვს. ჩაგვრის ფორმების სპეციფიკურობას ამ შემთხვევაში სქესი და შეზღუდული შესაძლებლობა არა ცალცალკე, არამედ ერთობლივად განაპირობებს.
მაგალითად, ზოგიერთ ქვეყნაში გავრცელებულია მითი, რომ ქალწულთან სექსუალური აქტი კურნავს აივ-ინფექციისგან და რამდენადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები განიხილებიან როგორც „ასექსუალები “, ანუ ქალები, რომელთაც მათი წარმოდგენით არ ჰყავთ ან არ შეიძლება ჰყავდეთ ინტიმური პარტნიორი, ისინი ხშირად ხდებიან გაუპატიურების ობიექტები მოძალადის ვითომდა „განკურნების “მიზნით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების ასექსუალობის შესახებ ამ მითებს სხვადასხვა განმაპირობებელი მიზეზი აქვს, მათ შორის სექსუალური აქტის ჰეტერონორმატიული აღქმა – ანუ შეხედულებები იმის შესახებ, თუ რა სახის ურთიერთობა არის „ნორმალური“ და ვისთან. სექსუალობის შესახებ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს შეიძლება შეხვდეთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცებთან მიმართებითაც, თუმცა ქალების შემთხვევაში სტიგმა უფრო ძლიერია. ეს უკავშირდება საზოგადოებაში გავრცელებულ ქალის სექსუალობის შემზღუდველ ზოგად ნორმებს და იმ მკაცრ მოთხოვნებს, რომელსაც ეგრეთ წოდებული „იდეალური“ ქალები უნდა აკმაყოფილებდნენ.
ქალის „იდეალურობის“ ერთ-ერთ კრიტერიუმად კი მისი სხეული მიიჩნევა, სხეული, რომლის ხატიც თითოეული ინდივიდის არა მხოლოდ სუბიექტურ აღქმას, არამედ სხვების დამოკიდებულებებსაც ეფუძნება. ის, რომ ქალის სხეულის ფორმებს საზოგადოება გარკვეული სტანდარტების მიხედვით აფასებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე საზიანო გავლენას ახდენს. მათ, შესაძლოა, საკუთარი სხეული და სექსუალობა წინასწარ განსაზღვრული სტერეოტიპული კრიტერიუმების მიხედვით შეაფასონ, რაც ყველა კულტურაში არსებობს და ქალების მიმართ განსაკუთრებით მკაცრია. მაგალითად, არსებობს წარმოდგენა, რომ ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს საერთოდ არ გააჩნიათ სექსუალობა, რადგან რიგ შემთხვევებში მათ არ აქვთ საკუთარი სხეულის გაგების უნარი.
თუმცა სტიგმა განსაკუთრებით ძლიერი ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებშია. სხვა ქალებისგან განსხვავებით ისინი საკუთარ სხეულს შეიძლება განსაკუთრებით უარყოფითად აღიქვამდნენ. ეს როგორც მათ თვითშეფასებაზე, ისე პარტნიორის ყოლის სურვილსა და შესაძლებლობაზე აისახება.
ფიზიკური შეზღუდული შესაძლებლობა მობილობის და გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებს უკავშირდება. აქ შეიძლება მოვიაზროთ ეტლით ან ხელჯოხით მოსარგებლე ქალები, ქალები რომელთაც შეიძლება არ ქონდეთ ერთი ან რამდენიმე კიდური, ქალები რომელთაც აქვთ სპინალური კუნთოვანი ატროფია და სხვა. თუმცა სოციალური კამპანიები, რომლებიც სხეულის პოზიტიური აღქმის გაძლიერებას ემსახურება, ხშირად ტოვებენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს დღის წესრიგის მიღმა. როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალი, რეიჩელ როტენბერგი თავის სტატიაში ამბობს, რომ აღნიშნულ კამპანიებში სხეული ყოველთვის არის გამხდარი, ჭარბწონიანი, მაღალი, დაბალი, თეთრკანიანი, შავკანიანი, მდიდარი ან ღარიბი, მაგრამ თითქმის ყოველთვის ის არის სხეული, რომელსაც შეზღუდული შესაძლებლობა არ გააჩნია.
სილამაზის სოციალური იდეა არაერთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალს აგრძნობინებს თავს არამიმზიდველად, ვისაც არ შეიძლება უყვარდეს და ვინც არ შეიძლება უყვარდეთ, ამ სიტყვის ყველაზე ბანალური და არაპოლიტიკური გაგებით. კვლევები აჩვენებს, რომ უმეტეს შემთხვევაში მათ პარტნიორის ყოლის ან ხანგრძლივი ურთიერთობების ჩამოყალიბების ნაკლები შესაძლებლობა აქვთ, რაც სწორედ შეზღუდული შესაძლებლობისა და ფემინურობის სოციალურ გაგებას ემყარება.
თუმცა ის გამოწვევები, რომლის წინაშეც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები დგანან, დიდწილად დამოკიდებულია მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის ფორმაზე და მისი გამოხატვის ხარისხზე. შეზღუდული შესაძლებლობის ფორმები კი მრავალგვარია. ის შეიძლება უკავშირდებოდეს მობილობას და გადაადგილებას, მხედველობას, სმენას, შემეცნებას და კოგნიტურ უნარებს, მენტალურ ჯანმრთელობას ან მრავლობით დარღვევებს. საჭიროებები ინდივიდუალურია, თუმცა ყველა შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობა ადამიანის სექსუალობას ან მისი გამოხატვის სურვილს არ აქრობს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებზე განსხვავებულად აისახება ასევე საზოგადოებაში გავრცელებული ის გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ოჯახში კაცისა და ქალის ფუნქციას განსაზღვრავს. მაშინ, როდესაც პატრიარქალური სისტემა ქალის როლს ოჯახში „დიასახლისობას“ უკავშირებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცებში ქორწინების მაჩვენებელი უფრო მაღალია, რადგან საზოგადოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს „კარგი ცოლის“ თუ „კარგი დედის“, ან საერთოდ „ცოლის“ და „დედის“ როლში იშვიათად მოიაზრებს.
მაშინ როდესაც ქალები ოჯახში არიან ისინი, ვინც ზრუნავენ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალები ხდებიან ისინი, ვისზეც უნდა ზრუნავდნენ, ვისაც არ შეიძლება ქონდეს პარტნიორის ან შვილების ყოლის სურვილი ან შესაძლებლობა. მათი, როგორც ზრუნვის ობიექტებად წარმოჩენა, ვინც მუდმივად დამოკიდებულია სხვაზე, ქმნის წარმოდგენას, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს არც საკუთარ სხეულთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება შეუძლიათ.
როგორც ჩემი რესპონდენტი ამბობს, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე კაცები უფრო ხშირად ქორწინდებიან, რადგან თუ ის შეზღუდული შესაძლებლობის არ მქონე ქალზე დაქორწინდება, მას შეეძლება „ცოლის მოვალეობების“ შესრულება – საჭმლის მომზადება, დალაგება, დარეცხვა, ბავშვების გაჩენა და მათი მოვლა, მე კი ეს არ შემიძლია. როცა შეზღუდული შესაძლებლობა ქალს აქვს, ის გამოუსადეგარი, უფუნქციო ხდება“.
ამ პოდკასტის მიზანი არ არის იმის წარმოჩენა, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და არ მქონე ქალები სტერეოტიპულ ფუნქციებს უნდა ასრულებდნენ, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებიც უნდა მოვიაზროთ „დიასახლისებისა“ თუ „ცოლების“ როლში, რომ მათაც უნდა ქონდეთ ზრუნვის არასამართლიანი ტვირთი, ან უგულებელვყოთ ისეთი საკითხები როგორიც არის სხეულის მიმღებლობა მაშინ, როდესაც შეიძლება ის ფიზიკურ ტკივილთან ასოცირდებოდეს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი არ უნდა დარჩნენ ამ საკითხებთან და ზოგადად, ქალთა უფლებებთან დაკავშირებული დისკუსიების მიღმა.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებს ისევე უნდა შეეძლოთ საკუთარ სექსუალობასთან დაკავშირებული თავისუფალი და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღება, როგორც ყველას, რაც შეუძლებელი იქნება თუკი შეზღუდულ შესაძლებლობასთან ერთად, მათთვის არ დავტოვებთ სივრცეს იმისთვის, რომ იყვნენ პირველ რიგში ქალები, ქალები რომელთაც აქვთ საკუთარი სექსუალობა და მისი გამოხატვის უფლება ისე, როგორც ეს მათ სურთ.