ჩინებული ჩინური

მალხაზ ხარბედია

ეს ირონიული სათაური განგებ დავარქვი წერილს, მოკამათეთა დასაშოშმინებლად. „ჩინურისა“ და „ჩინებულის“ შესახებ დავა ხომ დღემდე არ წყდება?! იტყვის ვინმე „ჩინურს“ და შეუსწორებენ ჩინებულით, იტყვის „ჩინებულს“ და ეგ დიალექტიზმია, ისე ჩინური ჰქვიაო. ამ ირონიის მიუხედავად, მაინც უნდა აღვნიშნოთ და გავითვალისწინოთ, რომ ამპელოგრაფიულ ტრადიციაში ყოველთვის ტერმინ „ჩინურს“ იყენებენ.

არსებობს მისი სინონიმებიც და ვარიაციების სახელებიც: კასპური, კასპური თეთრი, ატენური, ჩინური ავრეხი, ჩინური ყვავილმცვენი, ჩინური უმოსავლო, ჩინური ოვალურმარცვლიანი, ყვითელი ჩინური, საბატონე ჩინური. შავი ჩინურიც კი არსებობს. ზოგი სახელის მიღმა სხვა ჯიში იგულისხმება, ზოგი უბრალოდ სინონიმია ან ვარიაცია.

როგორც ვიცით, ივანე ჯავახიშვილს თავის „საქართველოს ეკონომიურ ისტორიაში“ ჩინურის ეტიმოლოგიისთვის ჩინ-ის სულხან საბასეული განმარტება მოჰყავს („ჩინი – ზეთის ხის ფოთლის ფერი“) და აღნიშნავს, რომ „ფერის აღმნიშვნელი ეს სიტყვა ქართულის ძველისძველი ფენის კუთვნილებას შეადგენს“. სიტყვა ბიბლიაში, „დაბადების“ თარგმანში გვხდება, თუმცა შემდეგ იშვიათობად ქცეულა და მხოლოდ ჯიშის სახელს შემოუნახავს. ჯავახიშვილი ერთ-ერთ უძველეს ვაზის ჯიშად მიიჩნევს ჩინურს, გამომდინარე სახელიდან და მისი სინაზისა და მაღალი ღირსების გამოც. მოგვიანებით სახელი სწორედ ამ ღირსებისა და ხარისხის გამოსახატავად გამოიყენებოდა და ბევრგან მას ჩინებულიც შეარქვეს, როგორც საუკეთესო, შეუდარებული, საჩინო. სხვა, უფრო ძველი მნიშვნელობებიც შეიძლება ამოვიკითხოთ ამ სიტყვაში, მხედველობითი (თვალის ჩინი) თუ დადგენა-დაწესების (განჩენა, განჩინება) მნიშვნელობებთან დაკავშირებული.

ჩინური ყველაზე გავრცელებული ქართლური ჯიშია, მას კარგად ვიცნობთ, ვაფასებთ მის დახვეწილობას, იდუმალ ჩურჩულს, მსუბუქ ცქრიალს. მოგვწონს მისი გარეგნობა, მომწვანოდან – მოოქროსფერომდე. ვიხსენებთ ჩინურით სიმთვრალეს თუ ნაბახუსევს. საბჭოთა პერიოდში ამ ჯიშს როგორც წესი „საბჭოთა შამპანურისთვის“ იყენებდნენ. სახელი იშვიათად ჩანდა ბაზარზე, მათ შორის გაურკვეველ ადგილწარმოშობის დასახელების ნახევრადტკბილ ცქრიალა ღვინო „ატენურშიც“. სამაგიეროდ ხალხში ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ღვინოდ მიიჩნეოდა, დახვეწილობის ეტალონად. ბოცები ხელიდან ხელში გადადიოდა.

დღეს ჩინურს ბევრგან ნახავთ, 30-40 დასახელების ჩინური მაინც იქნება ბაზარზე, 10 წლის წინ კი ეს წარმოუდგენელი იყო, მით უმეტეს 90-ებში, არადა ისტორიას რომ გადავხედოთ, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯიშია.

წარმოუდგენელია მე-19 საუკუნის ქართული მეღვინეობის აღორძინება და პროგრესი ივანე მუხრან-ბატონისა და მისი ჩინურების (მათ შორის ცქრიალების) გარეშე. შემდეგაც, მუდმივად ვითარდებოდა ჩინურთან მუშაობის კულტურა, იზრდებოდა ფართობები. მაგ. 1940 წელს საქართველოში ჩინური მეექვსე ადგილზე იყო გავრცელების მიხედვით, რქაწითლის, ცოლიკოურის, ციცქას, საფერავის და მწვანე კახურის შემდეგ (898.31 ჰა, სულ ქვეყნის 1,8%). 1953 წლის აღწერის თანახმად, ყველაზე მეტი ჩინური კასპის რაიონში ყოფილა გაშენებული (367,67 ჰა), შემდეგ გორში (290,01), მცხეთაში (44,23), ლენინგორში (ახალგორში, 9,09) და ქარელში (9,06). მთლიანად საქართველოში სტალინის გარდაცვალების დროისთვის ჩინურის ფართობები შეადგენდა 725, 44 ჰა–ს. თუმცა დიმიტრი ტაბიძის წიგნში “ყურძნის სამრეწველო ჯიშები საქართველოში” (1959), 1953 წლის იანვრის მონაცემებით 1149 ჰა-ც წერია. როგორც მაშინდელი ავტორები გვაუწყებენ, იმ დროში ჩინური უმთავრესად ჯერ კიდევ საკუთარ ძირზე იყო გაშენებული.

ჩინური ძირითადად გაშენებულია ტანას, ლეხურას, მეჯუდას, ფრონეს, ლიახვის, ქსნის და არაგვის ხეობებში. არ უნდა დაგვავიწყდეს ქვემო ქართლის ჩინურიც. რაც მთავარია თბილისში, თბილისური მევენახეობა–მეღვინეობისთვის ჩინური უმთავრეს ჯიშად შეიძლება იქცეს, განსაკუთრებით დიღმის და დასავლეთ თბილისის სხვა ზონებისთვის.

ჯიში უხვმოსავლიანია და ხშირად მწვანე რთველსაც მოითხოვს, თუმცა ზოგიერთ ზონაში მიაჩნიათ, რომ ხარისხზე მაინცდამაინც არ აისახება ეს უხვმოსავლიანობა. საბჭოთა პერიოდში ჰექტარზე 8–12 ტონას ასხმევინებდნენ ჩინურს, რაც ძალიან ბევრია, თანაც, როგორც წესი, დამწიფებას არავინ აცლიდა, რადგან ე.წ. „საშამპანურე მასალად“ იყენებდნენ. არადა მაშინდელი, გეგმიურ ეკონომიკას დაქვემდებარებული ამპელოგრაფებიც კი წერდნენ, რომ 7–8 ტონას არ უნდა აღემატებოდეს მისი მოსავალიო. ფილოქსერას მიმართ შედარებით გამძლე ჯიშია, თუმცა ყინვების მიმართ მგრძნობიარე. ამიტომაც, ქართლის ზოგიერთ რეგიონში მარხავდნენ კიდეც ზამთრობით ვაზს. ვისაც გაგისინჯავთ, დამეთანხმებით, ძალიან გემრიელი ყურძენია, კარგად იმკრახება, სიმწიფეში ქარვისფერს იღებს, ისე კი დაბინდული ჩალისფერი მტევნები აქვს. ზოგი კუმსია, ზოგსაც ცოტა თხელი მტევანი აქვს. სქელკანიანი ჯიშია, კარგი გამოსავლიანობით. შესაძლოა დაჩამიჩებამაც გაამართლოს, გვიანი ღვინისთვის, ოღონდ არა ვენახში, არამედ დახურულ, იზოლირებულ სივრცეში.

ზოგადად, ძლიერი და გამძლე ჯიშია. მე მართალია ხეივნის ჩინურს ცოტა ეჭვის თვალით ვუყურებ, მაგრამ ბევრის აზრით, იქაც ამართლებს. გაზაფხულზე კვირტის მოყინვა ერთ-ერთი პირველი საფრთხეა ჩინურისთვის. აპრილის ბოლოსაც კი მოუყინავს მუხრანში, ოკამსა თუ ატენის ხეობაში. დუღილისას სიცივე, ცივი ამინდები არ უყვარს,  თუმცა კი გრილ ტემპერატურაზე დუღილი ძალიან უხდება, საუკეთესო არომატებს უყალიბებს. უჭაჭოდ დაყენებისას გარკვეულ რისკებსაც შეიცავს, რადგან ხანდახან ჩერდება დუღილი ან ბოლომდე ვერ იდუღებს. ამ დროს საუკეთესო გამოსავალი, რა თქმა უნდა, გარკვეული რაოდენობის ჭაჭის დამატებაა, ანდა სულაც ჭაჭის თანდათანობითი გამოცლა. ზოგის აზრით, მცირე ხნით ჭაჭაზე დაყოვნებით გაცილებით არომატულ ღვინოს იღებენ, სხვები ხანგრძლივ მაცერაციას არჩევენ, ან სულაც უჭაჭოდ აყენებენ. მაგ. ჩემი ყველა ჩინური 7 ან სულად 8 თვე იდგა ქვევრში ჭაჭაზე. ასეთი სტილის ღვინოს ჭაჭიდან მოხსნის შემდეგ დროც მეტი უნდა ჩამოყალიბებისთვის. ჩინური საუკეთესო ჯიშია Pét-Nat-ისთვის (ბუნებრივად ცქრიალა ღვინო, pétillant naturel).

ძალზე განხვავებული ჩინურები დგება ატენის ხეობაში, ოკამში, მუხრანის ველზე და ქვემო ქართლში. მიუხედავად იმისა, რომ ქართლში ყველგან მშრალი ჰავაა, ზოგან ნიადაგებსაც შეაქვთ თავისი წვლილი და განსხვავებული ღვინოები დგება. მაგ ასურეთში, ვულკანურ ნიადაგებზე და იქაურ მშრალ და ცხელ ჰავაზე ჩინური მაღალ შაქარს აგროვებს და ღვინოც შიდა ქართლის ჩინურებისგან ძალიან განსხვავებული დგება. ბევრი მევენახე არც ელოდება ასეთ მაღალ შაქრიანობას, რადგან სხვა რამ სურს მიიღონ, მეტი მწვანე, ბალახოვანი, გრილი არომატები, ზოგი კი, ვისაც სურს კლერტით დაწუროს, ან თუნდაც ჭაჭით, ცდილობს კიდევ უფრო დაამწიფოს ყურძენი. არადა ჩინურს ერთი თავისებურება აქვს, მწიფობაში შესვლის შემდეგ ისე განუხრელად აღარ აგროვებს შაქარს, როგორც მისი ძმა და მეგობარი, გორული მწვანე, რომლიც ძირითადად სწორედ შემოდგომაზე უმატებს დამწიფებას, მაშინ როცა ჩინურის მწიფობის ტემპი ნელდება.

ჩინურიდან რამდენიმე ძირითადი სტილის გამოყოფა შეიძლება, პირველ რიგში ესაა მშრალი, გნებავთ ექსტრა-მშრალი თეთრი კლასიკური ღვინო, ჩინური მცირედი ნარჩენი შაქრით, ნატურალურად ცქრიალა ან უბრალოდ, ცქრიალა ჩინური და ქვევრში, ჭაჭაზე და კლერტზე ან უკლერტოდ დაყენებული ქარვისფერი (უფრო ოქროსფერი) ღვინო.

მეორადი დუღილი კლასიკურებს როგორც წესი არ სჭირდებათ, ხილის და მწვანე, ცოცხალი არომატების შენარჩუნების მიზნით. ასეთებს დაძველების პოტენციალიც ნაკლები აქვთ. დასაძველებლად უფრო ჭაჭაზე დავარგებული ჩინურები გამოდგება, თანაც მათ შესაძლოა ცოტათი მეტი დროც დასჭირდეთ ჩამოყალიბებისთვის, ვიდრე თუნდაც კახურ ქვევრის ღვინობს, რომლებიც თავისი მხურვალე ტანინების გამო მალე შედიან ფორმაში. კიდევ უფრო მეტი დრო სჭირდება კლერტზე დავარგებულ ჩინურს.

ლექზე დაყოვნება ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია ჩინურისთვის (განსაკუთრებით კლასიკურისთვის) ხასიათისა და შინაარსის მისანიჭებლად. მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდა ჩინური დაუვიწყარი ღვინოა, მწვანე ჩაის, ყვავილოვანი და ხილის ტონებით, ლექზე დავარგებისას იგი მეტ დამატებით არომატს იძენს, სირბილეს და მოტკბო ტონებს. რამდენიმე მეღვინემ ჩინურის მუხაში დავარგებაც სცადა და მეც ვფიქრობ, რომ მუხრანის ან ქვემო ქართლის ჩინურებმა (მათ შორის ლექზე დაყოვნებულებმა) შესაძლოა კარგად მიიღონ ეს ხერხი. ახალი ან ძველი მუხის კასრში დუღილსაც კი გაბედავდა კაცი.

 

* * *

ზემოთ რამდენიმეჯერ ატენური ვახსენე და ამაზე ცალკე უნდა ვთქვა. ატენურ ღვინოზე პირველ რიგში სულხან საბას „ევროპაში მოგზაურობა“ მახსენდება, როცა სიციალიაზე ჩასულს თავისი საყვარელი (და როგორც ჩანს, იმ დროში, ზოგადად ძალზე აღიარებული) ღვინო გახსენებია: “სადილად ერთ ლიმენაზე მივედით. კლდე იყო შეკაფულივით, დიაღ, დიდსა და გრძლად მიგრეხილს მოგრეხილი. მეთევზენი ნადირობდნენ. ასეთი ღვინო იყო, ატენურის ღვინის მსგავსი. სხვაგან არ გვენახა. იმ ადგილებში სულ კაი ღვინო იყო.” ეტნის რეგიონი იგულისხმება, და მისი ვულკანური კალთები, სადაც მართლაც ატენურს მიმსგავსებული ღვინო დგება.

ვახუშტი ბატონიშვილის შეფასებაც გვახსოვს ატენის ხეობის შესახებ და ზოგადად ქართლის ღვინოებზე: “ხეობა ესე არს ვენახოვან-ხილიანი… არს ციხე მაღალს კლდეთა ზედა, ნაშენი დიდი, და ციხის გორის სამხრით არს საცივი, ვითარცა მყინვარი, სადაცა დგება ღვინო წარჩინებული… დამჩხერალოდან ტფილისამდე, მტკურის კერძო მთამდე, არს ნაყოფიერი… ხილი და ვენახი მრავალნი; ღვინო აქაური უმჯობესი ყოვლისა ქართლისა, და უმეტეს ატენური ყოველთა საქართველოს ღვინოთა”.

ატენურს ახსენებს დავით გურამიშვილიც:

“ერთმან იხუმრა: ვიბანებ თიფლის აბანოს ნურითა,

მეორემ – თევზით გავძღები ზურგიელ გელაქნურითა,

მესამემ – მივიბრუჟები ღვინითა ატენურითა.

მეოთხემ – კიდეც დაგვთოკენ საბლითა მაზმანურითა!”

* * *

კარგი ჩინური დგება კირიან ნიადაგებზე, ხირხატებზე, კირიან თიხაზე. უყვარს ხეობები, თუმცა ფართო ველებზე მოყვანილი ყურძნიდანაც შესანიშნავი ღვინო დგება. ჩინურს ხშირად იყენებდნენ შეჯვარებისთვის და ამ მხრივ იგი მხოლოდ რქაწითელს და საფერავს თუ ჩამოუვარდებოდა საბჭოთა პერიოდში. ერთი საინტერესო წიგნი არსებობს, “მიჩურინელი ბესტავაშვილი” (1950), რომლის ავტორებიც მაქსიმე რამიშვილი და ელენე ერისთავი არიან. წიგნში ცნობილი “მიჩურინელის”, ვასილ ბესტავაშვილის (1882–1963) რამდენიმე ათწლეულის საქმიანობაა მოთხრობილი. იგი სოფ. ატენიდან იყო, თურმე იქვე, წედისში გაუშენებია საუკუნის დასაწყისში საკარმიდამო ნაკვეთი და სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა “ვაზის ჯიშების ხარისხობრივ გაუმჯობესებაზე და ქართლის ეკოლოგიური პირობების შესაბამისად მათი მომწიფების პერიოდის დაჩქარებაზე”. ცნობისთვის, მან რამდენიმე ჰიბრიდიც შექმნა: გორული მწვანე X ჩინური, ჩინური X ბუდეშური, ჩინური X გორული მწვანე, ჩინური X შასლა, ასევე სასუფრე, ე.წ. ყვითელი ჩინურიდან: ყვითელი ჩინური X გორული მწვანე ყვითელი X  ჩინური.

ახლა კი ღვინოების ჩამონათვალზე გადავალ და ისევე როგორც წინა წერილებში, აქაც გავიმეორებ: თუკი თქვენს ღვინოებს ვერ იპოვით ჩამონათვალში, ე.ი. ან არ გამისინჯავს, ან არსად შემხვედრია გასასინჯად (kharbedia@yahoo.com-ზე შეგიძლიათ მომწეროთ ჩემთვის უცნობი ჩინურების შესახებ, სიამოვნებით გავსინჯავ).

90-იანებში ძირითადად შინაურულ ჩინურებს ვსვამდით, მუხრანულს, კასპურებს და გორის რაიონის სხვადასხვა სოფლიდან (მათ შორის ხიდისთავი, ატენი და სხვ.). ვსვამდით იშვიათად. ბუნდოვნად მახსოვს „ოკამის“ ღვინის ქარხნის ჩინური, 2000-იანების დასაწყისში, ასევე ატენის ქარხნის უცნაური ჩამოსასხმელი ღვინო. სხვა ჩინურები, განსაკუთრებით ბოთლში ჩამოსხმული, არ მახსენდება.

ზოგადად ყველაზე მეტი ალბათ იაგოს ჩინურები მაქვს გასინჯული, 2003–დან მოყოლებული – 2020–ის ჩათვლით. პირველ ვინტაჟებს უჭაჭოდ აყენებდა იაგო ბიტარიშვილი, რეზერვუარში, ასეთებია 2003, 2007–ები, ხალისიანი, ცოცხალი, ხილისა და ველური პიტნის არომატებიანი ჩინურები. 2007-შივე სცადა პირველად ჭაჭაზე ღვინის დაყენება, რეზერვუარში. შემდეგ 2009 წლიდან მან უკვე ჭაჭაზე და კლერტზე დავარგება ქვევრში დაიწყო და ღვინოც სხვანაირი დადგა, ხმელი მცენარეული ტონებიც გამოჩნდა, ჩირი და ა.შ. ეს მცენარეული ტონები ძალზე დამახასიათებელია იაგოს ჩინურებისთვის, სადაც ხშირად აღმოაჩენთ სალბის (შალფეი), პიტნისა და ბეგქონდარას სურნელებს. 2011–ის ჭაჭა–კლერტიანი ჩინურიც ასეთია, რომელიც, შეიძლება ითქვას, გადამწიფებული ყურძნიდან დააყენა იაგომ (14%). 2012–საც ასეთი ალკოჰოლი ჰქონდა, თუმცა სრულიად განსხვავებული ღვინო მიიღო, მსხლის ჩირის, კვამლისა და ფორთოხლის ცედრის ტონებით. ჩემი აზრით, ერთ–ერთი საუკეთესო ჩინურები იყო ამ წლების ღვინოები. შემდეგ მოვიდა უხვმოსავლიანი 2013 და უცნაური 2014 წელი.

დღესდღეობით იაგოს ჩინური ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული ღვინოა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც. თანაც ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ იაგო ბოლო წლებში, 2014 წლიდან, Pét-Nat–საც აყენებს.

ყოველ წელს აყენებს ჩინურს “ხოხბის ცრემლებიც”. ჩანიშნული მაქვს მისი 2009, 2011, 2013 და 2016 წლის მუხრანული ჩინურები, ქვევრში დაყენებული.

            სხვა მოსავლის წლებიც გავიხსენოთ:

2010 – „ახალი ღვინის ფესტივალზე“ ატენის დედათა მონასტერს ჰქონდა ქვევრის ჩინური წარმოდგენილი. ამავე წელს გავიცანით გოგი დვალიშვილის ჩინურიც, ხიდისთავიდან.

2013 – “შატო წეროვანის” ჩინური. ამ წლიდან ასხამს ბოთლში ჩინურს გიორგი რევაზაშვილიც.

2014 – იმ დროისთვის ახალი მარნის, “ნების” ჩარდახული ჩინური, ქვევრში დავარგებული. “ნიკა ვაჩეიშვილის მარნის” ატენური წარჩინებული, და “კოშკების” ჩინური (სოფ. სკრადან).

2015 – ამ წელსაც “ნები”–მ წარმატებით გააგრძელა (და დღემდე აგრძელებს) ქვევრში ჩინურის დაყენება. გამოჩნდა “დორემის” ჩინური, მცირედი გორული მწვანეთი, 2 კვირა ჭაჭაზე დაყოვნებული – ჩინური გორის რაიონის სოფელ ქვეშიდან იყო, გორული მწვანე კი მცხეთის რაიონის სოფ. გალავნიდან. ამ წლიდან მოყოლებული ბექა გოცაძე Pét-Nat–საც აყენებს ჩინურიდან, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ამავე წლის მისი ასურეთული ჩინური, 8 თვე ჭაჭაზე დაყოვნებული, ძალზე ეკზოტიკური ქარვისფერი ღვინო მცენარეული და გადამწიფებული მსხლის არომატებით, ხმელი ფოთლებისა და მცირედი იმერული ზაფრანის ტონებით. ჩნდება “შატო ატენის” ატენური.

2016 – Chiche–ს ატენური ჩინური, მუხაში დავარგებული, „ატენური“ (ქართული ოჯახის ღვინო), “შატო ატენის” ხიდისთაური, სადაც ყველაზე დიდი წილი ჩინურზე მოდის, თუმცა რა თქმა  უნდა, გორული მწვანე და თავკვერიც ურევია.

2017 – “ალაფიანის” ქვევრში ჭაჭაზე დაყენებული ჩინური ოკამიდან, “დარსას” ჩინური დუშეთიდან (სოფ. ლამოვანი), “კახა ხაბეიშვილის მარნის” ჩინური ასევე ოკამიდან. “შატო ატენის” ხიდისთაური.

2018 – “მეღვინეობა ნეკრესის” ე.წ. Bone Dry ჩინური, მუხრანიდან, ასევე “წიპწას” ორნაირი ჩინური, მუხრანიდან და ატენიდან. “კალამის” ჩარდახული ჩინური (13,5%), რომელმაც 7 თვე გაატარა ჭაჭაზე, Dvali Wine (ჩინური ქვეშიდან), ალაფიანის 4 თვე სრულ ჭაჭაზე და 50% კლერტზე დავარგებული ჩინური წეროვნიდან, ძალზე გემრიელი პირველი ყლუპით, სასიამოვნო მჟავიანობისა და სიხალასის მქონე მსუბუქი ღვინო, “ვასო რამაზაშვილის მარანის” ლამისყანური ჩინური, „ნაფერის“ ჩინური მცხეთის რაიონის სოფ. ნავაზიდან,

2019 – ცანგალა, დორემის ჩინური (80%) და 20% გორული მწვანე ისევ სოფ. გალავნიდან. “კაპისტონის” ქარვისფერი ქვევრის ჩინებული სოფ. ვაზიანიდან. ასევე ვაზიანიდანადაა „თევზას“ ჩინური.

მსმენია, მაგრამ ჯერ არ გამისინჯავს ფერაძის, დემის მარნის, ვინივერიას, ჭონას მარნის, ლავინას, ვილა მოსავლის, მარადისეულის, ვინე პონტოს, გოგი ოტიაშვილის, მარანი არაგველის, ნიკიფორეს, აბდუშელიშვილის მარნის, გურამიშვილის მარნის, კასრელის, სამთავისის მარნის, სინდრომის ჩინურები.

კოვიდის მიუხედავად გასულ წელსაც არაერთი ჩინური დადგა ქართლში, ახალი მცირე მარნებიც გამოჩნდნენ („ფლეველი“, „გვარიანი“ და სხვები), რომელთა ღვინოების გასინჯვის სიამოვნება ჯერ კიდევ წინა გვაქვს. ასერომ, თუკი ჩინურის კარგად შესწავლას გადაწყვეტთ, პირველ რიგში ღვინით დაიწყეთ, შეიკრიბეთ რამდენიმე ადამიანი, გოგოები და ბიჭები, მიდით რომელიმე კარგ ღვინის ბარში, დიდი არჩევანი სადაცაა, ან სულაც შეუკვეთეთ ღვინოები სახლში მიტანით და ჩაუღრმავდით ქართლის სიმბოლოსა და სიამაყეს, ჩინებულ ჯიშს, ჩინურს.