„თეატრებში ჩუმ-ჩუმად, ინტრიგებით, ნეპოტიზმით, არაგამჭვირვალედ და დისკრიმინაციულად ნიშნავენ ხალხს. გაინაწილებენ ტერიტორიებს კრიმინალებივით და მერე კიდევ პირი ექნებათ კრიმინალებივით შეკრული. დანარჩენები ამ ბუნდოვანი გადაწყვეტილებების ანაბარა უნდა ვიყოთ მიტოვებულები. არ გამოვა ასე. გვინდა, ვიცოდეთ, ვინ ინიშნება და რატომ ინიშნება, ვინც არ უნდა იყოს ის, გინდ დიდი რობიკო და გინდ ვინმე პატარა“, – ასე ეხმაურება დამოუკიდებელი რეჟისორი პაატა ციკოლია თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელების არჩევის პროცესს.
„კონკურსი ჩაშლილად გამოცხადდა“ – გასული წლის დეკემბრიდან კულტურის სამინისტროს ფეისბუკ გვერდზე ხშირად ქვეყნდება მსგავსი განცხადებები ამა თუ იმ სახელმწიფო თეატრში ჩაშლილი კონკურსის შესახებ, რომლის მიხედვითაც, თეატრის ხელმძღვანელი უნდა შერჩეულიყო. მას 4 წლის განმავლობაში უნდა წარემართა თეატრის საქმიანობა და ემართა თეატრისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა.
ჩაშლილი კონკურსების შესახებ განცხადებებს მოსდევს მისალოცი წერილებიც – კულტურის სამინისტრო რომელიმე რეჟისორს ულოცავს სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშვნას.
რა ხდება სინამდვილეში, რატომ იშლება კონკურსები და რატომ ინიშნებიან სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობებზე უკონკურსოდ რეჟისორები; რა ნიშნით არჩევს მათ სამინისტრო და რა კითხვები აქვთ წულუკიანისა და სამინისტროში შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს მისამართით კრიტიკოსებს, თეატრმცოდნეებსა და დამოუკიდებელ რეჟისორებს.
ნიშანდობლივია, რომ მუზეუმების მსგავსად, თეატრებთან მიმართებითაც წულუკიანის გადაწყვეტილებებს მის პირად, პოლიტიკურ გემოვნებას უკავშირებენ და ამაზე მიანიშნებენ რესპონდენტები. თეა წულუკიანმა ჯერ კიდევ 2021 წლის მარტში ერთ-ერთ ტელევიზიაში განაცხადა, რომ მისი მინისტრობის პერიოდში იუსტიციის სამინისტროდან გათავისუფლდნენ კადრები, რომლებიც „იყვნენ ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები. ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები“.
მან ასევე აღნიშნა, რომ თუ თეატრში ვინმე განსხვავებულ აზრზს გამოთქვას, შეეცდება, გაიგოს, საიდან მოდის ეს აზრი.
„მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის“, – თქვა მან 2021 წლის მარტში.
რამდენიმე დღის წინ კრიტიკოსები ღია წერილით გამოეხმაურნენ სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესს.
წერილში ყურადღება გამახვილებულია კანონის განსხვავებულ ინტერპრეტაციაზე სხვადასხვა კონკურსანტთან მიმართებაში; წერილის ავტორები კრიტიკულად აფასებენ მინისტრ წულუკიანის მიერ გამოცემულ დებულებას, რომლის მიხედვითაც, სამინისტროს შეუძლია, ჩაშალოს კონკურსი, თუ მიიჩნევს, რომ წარდგენილი კანდიდატები არ აკმაყოფილებენ კრიტერიუმებს. ამ შემთხვევაში კონკურსანტის განაცხადი სარეკომენდაციო საბჭომდეც ვერ მიაღწევს. სარეკომენდაციო საბჭოსთან მიდის მხოლოდ იმ კონკურსანტების განაცხადები, რომლებიც მიზანშეწონილად მიიჩნია სამინისტრომ/მინისტრმა.
„გვინდა საჯაროობა და კითხვებზე პასუხი“
„მინისტრს აქვს უფლება, თუ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, კანდიდატი საერთოდ არ წარუდგინოს საბჭოს განსახილველად. თვითონ ეს ფრაზა, რომ მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ჩემთვის არაფრისმთქმელია, რადგან, რის საფუძველზე არ მიიჩნევს მინისტრი, აუცილებლად უნდა ვიცოდე, აუცილებლად უნდა ახლდეს არგუმენტაცია ამ წინადადებას“, – ასე აფასებს კრიტიკოსი გვანცა გულიაშვილი იმ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც ნიშნავენ თეატრებში ხელმძღვანელებს.
მისი თქმით, დებულება და უკვე დებულებაზე დაყრდნობით სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის პროცესი აჩვენებს, რომ გადაწყვეტილება მიიღება ერთპიროვნულად. გულიაშვილის შეფასებით, კანონის ეს ნაწილი ტოვებს შესაძლებლობას, რომ გადაწყვეტილებები იყოს პოლიტიკურ და პარტიულ მიკერძოებულობასთან კავშირში და ეს ბუნდოვანება ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა.
როგორც გვანცა გულიაშვილი ამბობს, რამდენიმე თეატრში ყოველგვარი კონკურსის გარეშე დაინიშნნენ სამხატვრო ხელმძღვანელები. რას ეყრდნობოდნენ მათი შერჩევისას, რა იყო მათი სამომავლო პროგრამები და რა არგუმენტებით იხელმძღვანელა მინისტრმა, უცნობია.
„არ მოსულა ჩვენამდე ამ თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პრეტენდენტთა პროგრამები, მათი სამომავლო სამოქმედო გეგმა და არც არანაირი ინფორმაცია გვაქვს, თუ რის საფუძველზე გადაწყვიტა მინისტრმა კონკურსს გარეშე დანიშნულიყვნენ სამხატვრო ხელმძღვანელები, მაგალითად – გრიბოედოვისა და თავისუფალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი; რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელი რობერტ სტურუა; ასევე, მოზარდ-მაყურებელთა თეატრის ხელმძღვანელი დიმიტრი ღვთისიაშვილი და ა.შ“, – ამბობს გულიაშვილი.
როგორც გვანცა გულიაშვილი ამბობს, ღია წერილზე ხელმომწერი კრიტიკოსები და ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები პროცესის ღიაობას და არსებულ კითხვებზე პასუხს მოითხოვენ. ამასთანავე, ის საუბრობს სამინისტროში არსებული სარეკომენდაციო საბჭოს შესახებ, რომლის წევრებიც არიან კრიტიკოსები და თეატრმცოდნეები და რომელიც, მისი თქმით, შუამავალი უნდა იყოს მინისტრთან. თუმცა, გვანცა გულიაშვილის თქმით, საბჭო ანულირებულია და ფაქტობრივად – უფუნქციო.
„უფუნქციო ეს საბჭო. არსად არ ისმის მათი ხმა. შესაბამისად, ჩვენ ვერ ვიგებთ, რაშია მათი პასუხისმგებლობა; ვერ ვიგებთ, მოახერხებენ თუ არა სფეროს შიგნით პროფესიონალების დაცვას, ან ხელის შეშლას, ან ყოველ შემთხვევაში პროტესტის გამოცხადებას მაინც იმ პროცესისადმი, რომელიც აშკარად და ძალიან ღიად ვნებს, აზიანებს სათეატრო პროცესის განვითარებას საქართველოში“, – გვითხრა გულიაშვილმა.
გარდა ამისა, გვანცა გულიაშვილის თქმით, უცნაური და დისკრიმინაციულია მინისტრის განცხადება, რომ თეატრების მართვას ვერ მიანდობს ახალგაზრდა ადამიანებს. „ძალიან ბუნდოვანია, რა ასაკიდან რა ასაკამდე მოიაზრებს ახალგაზრდებს; რა მსაზღვრელია ეს; რა ასაკობრივ კატეგორიას გულისხმობს მინისტრი“.
მისი შეფასებით, მიმდინარეობს საშიში პროცესი, რაც გულისხმობს ახალგაზრდების განდევნას სახელმწიფო თეატრების კედლებიდან, მიუხედავად იმისა, რომ კრიტიკოსები ყოველთვის მოუწოდებდნენ ახალგაზრდა რეჟისორებს, დარჩენილიყვნენ სახელმწიფო თეატრებში, გაეტარებინათ რეფორმები და ახალი თვალთახედვით წარმართულიყო შემოქმედებითი პროცესი.
„თუ დღეს შემოქმედებითი პროცესი მიმდინარეობს, მხოლოდ ახალგაზრდა რეჟისორების ხარჯზე და მინისტრი მათ უკეტავს ამ გზას. გარდა იმისა, რომ „ეიჯისტურია“ ეს განცხადება და დამოკიდებულება, წმინდა შემოქმედებითი თვალსაზრისითაც არის ძალიან საშიში, შეუზღუდო ახალგაზრდა რეჟისორებს თეატრებში შიგნით შესვლა და მუშაობა“, – თქვა მან.
დამოუკიდებელი რეჟისორი პაატა ციკოლია აცხადებს, რომ სახელოვნებო სფეროში თეატრი სხვა მიმართულებებთან შედარებით უხვად ფინანსდება ხალხის ფულით და მიუხედავად ამისა, მისი შეფასებით, სასცენო სფერო უკვე ათწლეულებია, კრიტიკას ვერ უძლებს, ვერ მონაწილეობს საზოგადოებრივ პროცესებში და არ ჰყავს მაყურებელი.
ციკოლიას თქმით, ამისი საფუძველია სწორედ ის პროცესები, რომლებიც ახლა მიმდინარეობს სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევასთან მიმართებით და ასევე, პრობლემებია საფუძველშიც, კანონმდებლობის დონეზე.
„ამ ფინანსებს განკარგავენ დიდი თეატრები და მათი სამხატვრო ხელმძღვანელები. ანუ ამ ფინანსებს არ განკარგავენ, უბრალოდ, მოკვდავები, ისეთები როგორიც მე ვარ. ანუ სამხატვრო ხელმძღვანელები არიან ის 50 ადამიანი საქართველოში, რომლებიც თეატრალური პროცესის დინამიკურობას, წარმატებულობასა თუ წარუმატებლობას განსაზღვრავს. მათი ბრალია, რომ ბოლო წლების განმავლობაში რაც შეიქმნა, არის ცუდი; მათი ბრალია, რომ თეატრალური პროფესიის წარმომადგენლები არიან სიღატაკეში და მათი ბრალია, თუ მაყურებელი არ დადის წარმოდგენებზე.
წლების განმავლობაში და ახლაც ასე ხდება, სამხატვრო ხელმძღვანელს არჩევენ კულუარულად, ინტრიგებით, ისეთი კრიტერიუმების საფუძველზე, რომელიც საერთოდ არაფერ კავშირში არ არის ხელოვნებასთან.“, – გვითხრა ციკოლიამ.
პაატა ციკოლიაც მიუთითებს სამინისტროში არსებულ სარეკომენდაციო საბჭოზე, რომელიც წინააღმდეგობას უნდა უწევდეს მინისტრს, თუ ამის საჭიროება დგას, მაგრამ ის ფიქრობს, რომ სარეკომენდაციო საბჭო მინისტრის გადაწყვეტილებებს მხოლოდ ბეჭედს არტყამს და ადასტურებს. არადა, მისი თქმით, ეს არის ერთადერთი მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა, ახლა პროცესები სხვაგვარად წარმართულიყო და სულ ცოტა, ყოფილიყო გამჭვირვალე.
„ჩემი ბედიც წყდება, მეც ხომ ამ წიაღში ვარ. ისინი ჩემს სფეროზე ახდენენ გავლენას. ამიტომ ვის რატომ ნიშნავენ? მაინტერესებს დანიშნული პირების პროგრამები; მაინტერესებს, ერთი პროგრამა მეორეს რატომ არჩიეს. ეს პროგრამა უნდა გახდეს კრიტიკის საგანი, გაუძლოს კრიტიკას და შემდეგ უკვე ამ დეკლარირებული პროგრამის საფუძველზე უნდა მოვთხოვთ მათ პასუხი, რამდენად კარგად შეასრულებენ მას. გვინდა საჯაროობა – რა არის ამაში ცუდი? რას ვითხოვთ ცუდს, ვერ ვხვდები“, – ამბობს პაატა ციკოლია.
მისი თქმით, სარეკომენდაციო საბჭოს წევრებს აქვთ პასუხისმგებლობა თავიანთი სფეროს წინაშე. ისინი უნდა შეხვდნენ დაინტერესებულ პირებს, დაილაპარაკონ საჭირბოროტო საკითხებზე.
„საბჭოს წევრების ვინაობა გასაიდუმლოებულია, მაგრამ მე შემიძლია მათი დასახლება, როგორც არ უნდა დაიმალონ ფარატინა ქაღალდის უკან. მე ამის საშუალებას მათ არ მივცემ. ახლა ესენი აგებენ პასუხს ამ სფეროს მიმართ. ესენი არიან: გია ცქიტიშვილი, ნიკა წულუკიძე, ლაშა ჩხარტიშვილი, მაკა ვასაძე, ნუცა კობაიძე, კოტე ჯანდიერი და კიდევ ერთი წევრი, რომელიც სამინისტროს მიერ არის დანიშნული და მისი სახელი და გვარი არ ვიცი, თუმცა ეს არც არის აქტუალური. მე პრეტენზიები ჩემს კოლეგებთან მაქვს“, – თქვა მან.
გაუმჭვირვალე პროცესს აპროტესტებს კიდევ ერთი თეატრმცოდნე თამარ ცაგარელი. მისი თქმით, პროცესის მიმდინარეობით დაინტერესებულ პირებს სურთ, შეხვდნენ მინისტრ თეა წულუკიანს.
როგორც ის აღნიშნავს, პროცესი აჩენს ეჭვს, რომ გადაწყვეტილებები მიიღება ერთპიროვნულად, პირადი გემოვნების საფუძველზე.
ცაგარელის განცხადებით, ღია წერილს, რომლის ერთ-ერთი ხელმომწერი თავადაც არის, სხვა თანამოაზრეებიც ჰყავს, თუმცა მათ წერილს ხელი ვერ მოაწერეს.
„ჩვენ უკან დგანან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად იზიარებენ ჩვენს შეხედულებებს, მაგრამ შეეშინდათ წერილზე ხელის მოწერა. ხვდებით, უკვე რა ხდება? რა თქმა უნდა, არც ჩვენ არ ვართ გმირები, ჩვენ უკანაც არიან ოჯახები, ჩვენი საქმეა, ჩვენი ცხოვრება, მაგრამ მე ნამდვილად არ მგონია, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ წარსულს“, – გვითხრა თამარ ცაგარელმა.