ზუსტად ამ დღეებში, როგორც „ღვინის ტიპს“ მეგობარმა რაღაც ძველი, სულელური ვიდეო ჩამიგდო. თბილისის ახლანდელი მერი „ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში რომელიღაც სოფელში ხალხს უქადაგებს, ვის რად უნდა ჩვენი ღვინო ევროპაშიო. თუმცა მერე ვიღაცამ განმანათლა, ნურას უკაცრავად, ეგ ძველი ამბავია, ახლა კალაძე საგურამოსკენ მარანს აშენებსო.
ეს კარგი. უდავოა, კახიმ ჩაავლო „რა ბაზარია“ ბოლო დროს ღვინოში, მაგრამ იმას რაღა ვუყოთ, ორიოდე დღის წინ მთლად საქართველოს პრეზიდენტმა ომახიანად რომ გამოაცხადა, არ არსებობს, მსოფლიოში ღვინით გავითქვათ სახელიო?!
მოდი, შევთანხმდეთ ტერმინებზე
არ ვიცი, რას გულისხმობენ პოლიტიკოსები „ქართულ ღვინოში“, როცა მის უპერსპექტივობაზე ასე ამაყად და უხერხული თავდაჯერებით ლაპარაკობენ.
თუ სამლარიან „ალაზნის ველებს“, ამ კატეგორიას „ქართულ ღვინოდ“ მხოლოდ რუსეთი იცნობს. მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში, სადაც ხალხს ღვინისა გაეგება, ასეთ ღვინოს პერსპექტივა, ბუნებრივია, არ აქვს. ჯამი ჭურჭელია. ღვინო ვაზის ნაჟურია. და ძალიან უხერხულია, როცა უმაღლესი ხელისუფალი ამას უწოდებს „ქართულ ღვინოს“.
შესაძლოა, იმასაც გულისხმობდნენ, რომ განვითარებულ ბაზრებზე შედარებით მეტი ამბიციის მქონე ინდუსტრიულ მეღვინეობებსაც არ უჩანთ დიდი პერსპექტივები. ხშირად მომისმენია გინდ ქართველი, გინდ უცხოელი ექსპერტებისგან, რომ ღვინის ძველ და მით უმეტეს, ახალ სამყაროს საქართველო ინდუსტრიით ვერ გააკვირვებს. ვფიქრობ, ეს მათაც უნდა იცოდნენ და, ალბათ, ამიტომ ეჭიდებიან ხავსს, ანუ რუსეთის ბაზარს. ასევე, იმ მომხმარებელს, ვისზეც საერთაშორისო გამოფენებზე, ჩუმ-ჩუმად, სტალინის გამოსახულებით შემკობილ ღვინოებს ასაღებენ. არ ვიცი, თავმოყვარე კომპანიამ, რომელიც ქართული ღვინის წარმოებით ამაყობს, რამდენად შეიძლება, ეს აკადროს საკუთარ კულტურას, ისტორიას და მოქალაქეებს.
თუ პირიქით, ქართულ ღვინოს, როგორც „ტრადიციულს“, „მოდერნულობას“ უპირისპირებენ და დრომოჭმულად განიხილავენ, სინამდვილეში, უმალ პირიქითაა. დღეს მსოფლიოში მზარდი ინტერესია ღვინის ძველი, უცნობი რეგიონების, ავთენტური მეთოდების, უცხო ჯიშების მიმართ. მსოფლიოს გავლენიან მედიასა და ღვინის ლიტერატურაში მუდამ ამ კონტექსტში განიხილება ქართული ღვინოც.
ესეც არ იყოს, დიქოტომიამ „ტრადიციული“ VS „თანამედროვე“ მეღვინეობა, ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაკარგა მნიშვნელობა, როცა ილია ჭავჭავაძემ ქვევრის მეთოდს მცირე მონოგრაფიული ნაშრომი მიუძღვნა – „ღვინის ქართულად დაყენება“. ეს იყო ტრადიციული მეღვინეობის მეცნიერულ ენაზე „გადათარგმნის“ წარმატებული მცდელობა, რომელმაც განაიარაღა შაპტალიზაცია-პასტერიზაციის მოდას აყოლილი და ყოველივე „ქართულის“ მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ტექნოლოგები. ისინი ამბობდნენ, რომ ქვევრში ღვინის დაყენება ანაქრონიზმი და ჩამორჩენილობაა. ილია ჭავჭავაძემ კი, თავისი ფართო თვალსაწიერითა და მაღალი სოციოკულტურული მგრძნობელობით, განჭვრიტა ის, რაც საქართველოში საუკუნე-ნახევრის შემდეგ გახდა ასეთი აქტუალური.
ტერუარების აღორძინება
გასული საუკუნის 70-80-იანი წლებიდან დასავლეთ ევროპის ღვინის ქვეყნებში კონვენციური სოფლის მეურნეობისა და მავნე ზეგავლენის მქონე შხამ-ქიმიკატების ჭარბი გამოყენების წინააღმდეგ არაერთი მოძრაობა ჩამოყალიბდა. ერთ-ერთი ასეთი იყო ცნობილი ბიოდინამიკოსი მეღვინის, ნიკოლა ჟოლისა და მისი ლუარელი თანამოაზრეების მიერ დაარსებული Renaissance des Appellations. მოძრაობა აერთიანებდა მევენახეებს, ვინც ადგილობრივი ბიომრავალფეროვნების, ეკოსისტემების, ნიადაგურ-კლიმატური თავისებურებებისა და ღვინის დაყენების ავთენტური მეთოდების შენარჩუნებას უჭერდა მხარს. მალე მოძრაობა მთელ მსოფლიოს მოედო და საქართველომდეც მოვიდა. ჩვენგან ამ თემს ბუნებრივი მეღვინეობის ერთ-ერთი პიონერი, სოლიკო ცაიშვილი წარმოადგენდა.
ლოგიკურია, რომ სოლიკო ცაიშვილმა, თანამოაზრეებთან ერთად, ერთგვარი, მისიონერის როლი იკისრა საქართველოში ეთიკური მევენახეობისა და ბუნებრივი მეღვინეობისადმი შეგნების ამაღლებაში. გარდა ამისა, რუსეთის ემბარგომ, იუნესკო-ს მიერ ქვევრის ღვინის აღიარებამ და მრავალი სხვა შიდა და გარე ფაქტორის დამთხვევამ ხელსაყრელი ნიადაგი მოუმზადა საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციით გამორჩეული სოფლების გამოცოცხლებასა და ამ სოფლებში ახალი მცირე და საოჯახო მარნების გამოჩენას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ახალი ღვინის ფესტივალმა. დიდი ხნის მანძილზე ეს იყო ერთადერთი პლატფორმა, სადაც მცირე მარნები საზოგადოებას საკუთარ ღვინოებს აცნობდნენ და სასარგებლო რეკომენდაციებს იღებდნენ პროფესიონალებისგან.
მათი უმეტესობა იმთავითვე აყენებდა ღვინოს ქვევრში. გაზრდილმა საბაზრო მოთხოვნამ კი ღვინის მწარმოებლებს ამ საქმის ფინანსური რენტაბელურობა დაანახა და ტრადიციულად ღირებულ საქმეს ახალი, ეკონომიკური ფასეულობა შესძინა. ამ პატარა მეღვინეობების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს უკვე წარმატებით ყიდის ღვინოს, მინიმუმ, 5 ქვეყანაში – აშშ, იაპონია, ავსტრალია, დანია, შვედეთი და სხვ. და გაზრდილ საბაზრო მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს წარმოების შეზღუდული მასშტაბების გამო.
როცა გავლენიან საერთაშორისო, თუ ღვინის მედიაში „ქართულ ღვინოს“ ახსენებენ, მხედველობაში აქვთ სწორედ იაგოს, „ჩვენი ღვინოს“, გოცაძის, ნიკოლაძის, ბახიას, ოქრუაშვილის, ხოხბის ცრემლების, ანთაძის, დაქიშვილების, საწნახელის, ნიკალას, აბულაძეების, გუნიავების, ვეფხვაძეების და სხვა მცირე მეწარმეების ღვინო. მათ შეხვდებით კოპენჰაგენში, მსოფლიოს #1 რესტორნის, NOMA-ს ღვინის ბარათში, ლონდონის Terroir Wine Bar-სა და Ritz Hotel-ში, პარიზის Le Chateaubrian-ში, ნიუ-იორკის The Ten Bells-სა და სხვა მრავალ ბუტიკურ ბარსა და რესტორანში, თითქმის, ყველა კონტინენტზე.
საქართველოს მცირე მარნების მიმართ ინტერესი და მათ გარშემო მსოფლიო პრესისა და ღვინის პროფესიონალების მობილიზება წლიდან წლამდე უფრო მასშტაბურ და სერიოზულ სახეს იღებს. ამის საუკეთესო დასტური ის გამოფენებია, რომლებსაც ნატურალური ღვინის მწარმოებელი მცირე მარნების ასოციაცია, „ბუნებრივი ღვინო“ უძღვება. ორგანიზაცია ყოველწლიურად ორ ასეთ გამოფენას მასპინძლობს – Zero Compromize-ს, რომელიც მაისის მეორე კვირაში თბილისში ტარდება და ამერ-იმერს, რომელიც დეკემბერში იმართება ქუთაისში. იმპორტიორებს ორივე თარიღი ჩანიშნული აქვთ და საქართველოში ოდნავ ადრე ჩამოდიან, რომ კონკურენტებს ახალი მარნების აღმოჩენა და საპარტნიოროდ დაბევება მოასწრონ.
სწორედ, ამერ-იმერის მესამე გამოშვებას უმასპინძლა გუშინ ქუთაისმა. ფესტივალში 72 მცირე მარანი მონაწილეობდა, რომელთა ღვინის დასაჭაშნიკებლად საგანგებოდ ქუთაისში ჩამოსულიყვნენ ღვინის ბარებისა და რესტორნების მფლობელები, სომელიეები, იმპორტიორები, ღვინის მაგისტრები თბილისიდან, ნიუ-იორკიდან, ვაშინგტონიდან, ლონდონიდან, პრაღიდან, ტოკიოდან, კრაკოვიდან, თუ მელბურნიდან. გაიყიდა 500 ბილეთი, თუმცა ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, სტუმრების რიცხვი, დაახლოებით, ორჯერ მეტი იყო.
გზავნილი – „ქართული ღვინო“, მინიმუმ, 10 წელია, აღარ ნიშნავს იაფფასიანსა და უპერსპექტივოს. მის მიღმა ნამუსიანი დამოკიდებულება, ისტორია და ხარისხი იკითხება. ხუმრობა არ არის მოკლე დროში მისი სტილისტიკის, ხატისა თუ ლექსიკონის საფუძვლიანი გადახალისება; „ქართული ღვინის“ ლეგენდის განჯადოება ისეთი ღამის კოშმარისგან, როგორიც სტალინია. ეს კი მცირე მარნების დიდი მეცადინეობის, ღვინის ეროვნული სააგენტოს სწორი მარკეტინგული პოლიტიკისა და გავლენიანი საერთაშორისო მედიის სინერგიით გახდა შესაძლებელი.
მეღვინეობის ახალი პარადიგმა
გერმანიაში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის აბსოლუტურ უმრავლესობას მცირე და საშუალო საწარმოები წარმოადგენენ, წლიურად, დაახლოებით 50 000-100 000 ბოთლის წარმადობითა და მეტ-ნაკლებად თანაბარი გავლენებით. საქართველოში დიდი და მცირე მეღვინეობების სიმძლავრეებს, რესურსებსა და გავლენებს შორის უზარმაზარი უფსკრულია. ეს გარემოება უთანასწორო მდგომარეობაში აყენებს პატარა მარნებს. მათი წლიური მონაგარი საშუალოდ 10 000-15 000 ბოთლი ღვინოა, მაშინ, როდესაც ინდუსტრიული საწარმოები ყოველ წელს რამდენიმე მილიონ ბოთლს ასხამენ.
თუმცა არც ისე დიდი ხნის წინ იყო დრო, როცა მეღვინეობა, როგორც ბიზნესი მხოლოდ დიდ კაპიტალთან, შესაბამის ძალაუფლებასთან და განსაზღვრულ სტატუსთან იყო გაიგივებული. ლამის, ყველა გავლენიანი ბიზნესმენი ფლობდა ღვინის ქარხანას და რაკი მეღვინეობა ელიტური ბიზნესი იყო, წვრილ მევენახეებს ვერც კი წარმოედგინათ, რომ ღვინის წარმოება და ბოთლში ჩამოსხმა ოდესმე შინაურ პირობებშიც შეეძლებოდათ. იმაზე ხომ ვერავინ იოცნებებდა, რომ კახეთის, ქართლის, იმერეთის მიყრუებული სოფლების ასწლოვან სახლებში დაყენებული ღვინით ამერიკელ მწერლებს, ფრანგ რეჟისორებს და ინგლისელ სომელიეებს შთააგონებდნენ.
ბოლო წლებში მეღვინეობის პარადიგმა საფუძვლიანად ირყევა და ის უფრო დემოკრატიული, ახალგაზრდა, სოციალურად თანასწორი და გენდერულად ტოლერანტული ხდება. ამ პროცესის პროპორციულად იზრდება ქართული ღვინის წარმატება მსოფლიოში. ცვლილება შეუქცევადია, თუმცა შესაძლოა, ღვინის სუბკულტურაში უფრო მოქნილი, ვიდრე – მეინსტრიმში. კახელი თუ რაჭველი მევენახეების აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ სკეპტიკურადაა განწყობილი საკუთარი ყურძნისგან ღვინის ბიზნესის წამოწყების მიმართ. ბუნებრივია, მათ სიფრთხილეს საფუძველიც აქვს. ბევრმა მათგანმა არ იცის, როგორ დაიცვას ღვინო დაძმარებისა და თაგვის ტონისგან, როგორ ჩამოასხას ბოთლში, რა დაარქვას მარანს, სად გაყიდოს და ა.შ. ამიტომ კვლავ ყურძნის გასაღებას სჯერდება და არც ისე მკაფიო წარმოდგენა აქვს საკუთარი საქმიანობის ფართო კონტექსტზე, რომ წინსვლა შეძლოს.
ეს პრობლემა ახალგაზრდა მევენახემ, ნოდარ ლატიბაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ აღმოაჩინა, როცა სადაზღვეო კომპანიაში აგროპროექტების მიმართულებით დაიწყო მუშაობა. აქ ის ბევრ მეურნეს შეხვდა, ვისაც საკუთარი ნედლეულის გადამუშავებისა და გაყიდვის ცოდნა და უნარი არ შესწევდა. მხოლოდ პირველადი წარმოებით კი ბიზნესი სუსტი და არარენტაბელური იყო. შედეგად, მევენახეები დარგის დიდ მოთამაშეებზე ხდებოდნენ დამოკიდებულნი და კარგავდნენ მნიშვნელოვან შესაძლებლობას, საკუთარი ყურძნისგან ღვინო დაეყენებინათ და ორმაგი სარგებელი მიეღოთ. ეს გარემოება მეურნეებში დარგის მიმართ დიდ ფრუსტრაციას იწვევდა.
ნამჯის სახლი – მოდელი
ნოდარმა სხვების შეცდომებზე ისწავლა. სანამ საკუთარ ბიზნესს წამოიწყებდა, უნდოდა, კარგად გარკვეულიყო დარგის სპეციფიკაში და გამოცდილ მეღვინეებს მოხალისეობრივი თანამშრომლობა შესთავაზა. პრაქტიკული სამუშაო ვენახსა და მარანში დღეების ან კვირების მანძილზე გრძელდებოდა. ეს იყო ძვირფასი გამოცდილება, რამაც მომავალი მევენახე მკაცრი სამეურნეო რუტინისთვის მოამზადა და იმ პრაქტიკული ცოდნით აღჭურვა, რამაც უკვე საკუთარ ვენახში პრობლემების თავიდან არიდების საშუალება მისცა.
მიწა საგარეჯოში, უდაბნოს გზაზე შეიძინა, სადაც რესურსების დაზოგვის მიზნით ეკოლოგიურად სუფთა, ბუნებრივი მასალისგან ააშენა ნამჯის პატარა, ენერგოეფექტური სახლი. 3.5 ჰა-ზე ჩაყარა ვაზი და დათესა ხორბალი. სწორედ ეს ნამჯის სახლი გახდა ახალგაზრდა მევენახის ეკოლოგიური ცნობიერებისა და ბუნებისადმი მეგობრული დამოკიდებულების სიმბოლო.
თავიდანვე მკაფიო წარმოდგენა ჰქონდა, როგორი იქნებოდა ეს ტრიალი მინდვრები ხუთიოდე წლის შემდეგ. უნდა ითქვას, რომ ოჯახის წევრებისთვისაც კი რთული მისაღები იყო მისი გადაწყვეტილება, მიეტოვებინა ოფისის სამსახური და ღვთისა და კაცისგან მივიწყებულ ველებზე საკმაოდ რთულ მიზანს მარტო შესჭიდებოდა.
2017 წლიდან დღემდე ნამჯის სახლის გარშემო მეურნეობა 8 ჰა-მდე გაიზარდა. ნაწილზე უძველესი ქართული ხორბლის ენდემური ჯიში – წითელი დოლია გაშენებული, ნაწილზე – რქაწითლისა და მივიწყებული კახური ჯიშების – სიმონასეულის, შავი რქაწითელის, ხიხვის, კახური მწვანეს, ბოდბური ჩიტისთვალას, იყალთოს წითელისა და ღრუბელას ვენახები. ამ საქმიდან მიღებული მოგების გარკვეული წილი კი ყოველ წელს კეთილ საქმეებს ხმარდება.
ნოდარს არ უსარგებლია არცერთი სახელმწიფო პროგრამით, რაც დღესდღეობით აგროსფეროში მოქმედებს. როცა ახალი ვენახის ჩაყრა დაიწყო „დანერგე მომავალი“ ვაზის გაშენებას საერთოდ არ ითვალისწინებდა. იგივე შეზღუდვა ჰქონდა კახეთში ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების პროგრამასაც. აღნიშნული ინიციატივაც მხოლოდ მოგვიანებით გავრცელდა ვაზის კულტურაზე, მხოლოდ უკვე მსხმოიარე ვენახების მხარდაჭერის პირობით.
პროექტში „აწარმოე საქართველოში“ ორჯერ მიიღო მონაწილეობა, ორჯერვე წარუმატებლად. მართალია, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამაში მისი მარნის პროექტმა დაფინანსება მოიპოვა, მაგრამ ნოდარმა მალევე აღმოაჩინა, რომ ხელშეკრულების პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მასში თანამონაწილეობა უფრო ძვირი დაუჯდებოდა, ვიდრე – მარნის დამოუკიდებლად აშენება. ამიტომ დაფინანსების მიღებაზე თვითონ მოუწია უარის თქმა.
მევენახეობა-მეღვინეობაში ფორმალური განათლება ნოდარს არ მიუღია. ყველაზე საგულისხმო რჩევებს ის ბიომეურნეობათა ასოციაცია „ელკანასგან“ და ორგანიზაციის კონსულტანტის, გიორგი ბარისაშვილისგან იღებს, რომელთან უკვე დამეგობრდა კიდეც. მისი თქმით, არ არსებობს უნივერსალური ინსტრუქციები ან სახელმძღვანელო, რომელიც თანაბრად იქნება მორგებული ყველა რეგიონის, მიკროზონისა და ზვრების სპეციფიკაზე. სოფლის მეურნეობაში მთავარი „სახელმძღვანელო“ საკუთარ გამოცდილებაზე დაკვირვებაა. ამიტომ აწარმოებს დღიურებს, სადაც ვენახის მოვლასთან დაკავშირებულ ყველა საგულისხმო დეტალს რეგულარულად და ზედმიწევნით აღწერს.
ამ გადასახედიდან ეცინება თავის პირველ ნაბიჯებზე, როცა ერთი ქართული ანიმაციის, „რანინას“ გმირივით ყველა „მასწავლებელს“ ბრმად ენდობოდა. თუმცა ამ აბსურდული შეცდომების, გავლენებისა და წინდაუხედაობის მიუხედავად, მაინც მოძებნა „სიმღერის“ საკუთარი სტილი.
ნოდარის აზრით, მთავარი რისკი, რაც აგროსფეროს ნებისმიერ, თვით ყველაზე წარმატებულ პროექტებს გრძელვადიან ჭრილში უქმნის საფრთხეს, არის კვალიფიციური მუშახელის არარსებობა. ამ გარემოებამ მისი მეურნეობაც არაერთხელ დააყენა საფრთხის წინაშე. არსებული ხარვეზების გასწორებამ კი ორმაგი რესურსი მოითხოვა.
მუშახელი, რომელსაც დღეს კახეთში მარნები იყენებენ, არ ფლობს თანამედროვე ცოდნას ნიადაგის მართებულ მოვლაზე, ვაზის ფორმირებაზე, წამლობასა და სხვა აგროოპერაციებზე. იგივე შეიძლება ითქვას აგრონომების შესახებ, რომელთა აბსოლუტურ უმრავლესობას საბჭოთა განათლება აქვს მიღებული და დღეს სოფლის მეურნეობის ექსტენციის პროგრამაში მევენახეების უახლესი ცოდნით უზრუნველყოფაზეა პასუხისმგებელი.
საერთაშორისო გამოცდილების მქონე ენოლოგები საქართველოდან მიიჩნევენ, რომ დარგში პროფესიული განათლების მიმართულებით მნიშვნელოვანი ჩავარდნებია. თუმცა ერთია საქართველოში განათლების სხვადასხვა საფეხურზე მევენახეობა-მეღვინეობის პროგრამების ხარისხი, მეორე კი – მათი ხელმისაწვდომობა. პროფესიული და უმაღლესი განათლების პროგრამები მარტო ქართლ-კახეთის არეალით შემოიფარგლება. ასეთი შეზღუდული არჩევანი ღვინის განათლებაში თვით იმ ქვეყნებსაც არ აქვთ, რომლებიც ღვინოს საერთოდ არ აწარმოებენ, არათუ „ღვინის სამშობლოს“ საპატიო სტატუსით სარგებლობენ.
ვერ ვიტყვით, რომ ბაზარზე, სადაც უამრავი ახალი, დამწყები მეწარმე შემოვიდა, ამ ტიპის საგანმანათლებლო პროდუქტის მიმართ მოთხოვნა არ არსებობს. მოკლევადიანი კომერციული პროგრამების წარმატებული მუშაობა ამის საპირისპიროზე მიუთითებს. თუმცა რეგიონებში მცხოვრები რიგითი მეურნეებისთვის ისინიც შეზღუდულია, ისევ და ისევ გეოგრაფიული და ფინანსური არახელმისაწვდომობის გამო.
ეს გარემოება მართლაც სერიოზულ პრობლემას უქმნის დამწყებ მცირე მარნებს, რომელთა ღვინოებს ზოგჯერ ზადებისა და დაავადებების გამო აკრიტიკებენ. ცოდვა გამხელილი სჯობს და რიგ შემთხვევებში, პატარა მეღვინეობებს უჭირთ მარნის ჰიგიენის დაცვა, არ იციან, როგორ აიცილონ თავიდან შესაძლო რისკები, ამიტომ ზოგჯერ სრულიად განსაკუთრებული ზვრებიდან მოწეული მოსავალი სრულიად ბანალური პრობლემების მსხვერპლი შეიძლება აღმოჩნდეს.
მეორე მხრივ, პატარა მეღვინეობების მომრავლებას შესაძლოა ახლდეს საქართველოდან ექსპორტზე გარკვეული რაოდენობის პრობლემური ღვინოების მოხვედრის რისკი. ამან კი შესაძლოა, საერთაშორისო მედიისა და მცირე მარნების მრავალი წლის მეცადინეობა წყალში ჩაყაროს და ქვეყნის იმიჯი სერიოზულად დააზიანოს.
გასულ წელს ნოდარი ოჯახთან ერთად რამდენიმე თვით ამერიკაში წავიდა სამუშაოდ, სადაც დედამისი წლებია ემიგრაციაში ცხოვრობს და ნამჯის სახლის მეურნეობას ფინანსურად აძლიერებს. ბევრი დედისგან განსხვავებით, მან იცის, რომ საკუთარი გარჯით მიღებული ჯამაგირი არ იფლანგება და გონივრულ საქმეს ხმარდება.
რამდენიმეთვიანი, მომქანცველი ფიზიკური შრომის შემდეგ ნოდარი საქართველოში დაბრუნდა და იქაური დანაზოგით მარნის მშენებლობა დაიწყო. ნამჯის სახლში აგვისტოს დასაწყისში ვესტუმრეთ. ქვევრები უკვე ჩაეყარა. იმედიანად გვიამბობდა სამომავლო გეგმებზე, როგორი იქნება სამი წლის შემდეგ აქაურობა:
ნამჯის ორი სახლი-სასტუმრო (აქედან ერთი უკვე არის!), ვენახი კახური ვაზის იშვიათი ჯიშებით (არის!), ქართული მარცვლეულის ენდემური ჯიშების მეურნეობა (წითელ დოლი არის! აპირებს, დაამატოს შავი ქერი და შავი თავთუხი), პატარა ტბა, ლავანდის ბაღი და ორგანული ბოსტანი (მალე იქნება!), ავთენტური კახური მარანი (არის! დღე-დღეზე ასრულებს გადახურვას).
ეს იქნება არამხოლოდ საწარმოო ადგილი, არამედ, მდგრადი აგროტურიზმის ცენტრი. ნამჯის სახლი უმასპინძლებს პასუხისმგებლიან სტუმრებს, რომლებიც საქართველოში მხოლოდ ხინკლის საჭმელად კი არ ჩამოდიან, არამედ – აინტერესებთ ადგილობრივი კულტურა, ისტორია, ესმით ბუნებისადმი მეგობრული მეურნეობის ღირებულება, ეძებენ წრფელ ღვინოებსა და ასეთსავე ურთიერთობებს.
არსებული რესურსებით მარანი 12 000 ბოთლის წარმადობაზეა გათვლილი. თუკი იშვიათი კახური ჯიშებისგან დაყენებულ ღვინოებს ის შიდა ბაზარზე, საშუალოდ, 30 ლარად, ხოლო ექსპორტზე მინიმუმ – 8 USD-ად გაყიდის, წლიურად მხოლოდ ღვინის გაყიდვიდან, დაახლოებით, 300 000 ლარამდე შემოსავალს მიიღებს. ეს მარტივი და უხეში ციფრები მათთვის, ვინც არ იღლება მცირე მარნების ბიზნესის რენტაბელურობაზე ქილიკით. რა ვუყოთ, ზოგი ღვინის ბიზნესიდან მილიონების მოხვეჭას ელის, ზოგი კი ზომიერ მოგებასა და გრძელვადიან სიმბოლურ კაპიტალს არჩევს – „მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცვენ, მოვეგონები“.
რამდენიმე დღის წინ ღვინის კლუბის მიწვევით ეროვნულ ბიბლიოთეკაში ნოდარ ლატიბაშვილი თავის თანატოლებს – მევენახეობა-მეღვინეობის წამოწყებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს, დამწყებ თუ უკვე გამოცდილ მევენახეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებდა. ბევრი კითხვა დაისვა, ბევრი კონტაქტი გაჩნდა, მრავალი იმედისმომცემი იდეა დაიბადა. გიჟი თაობა მოდის ღვინოში – იდეური, პასუხისმგებლიანი, მეგობრული, ერთმანეთის გამტანი, რისკიანი. წარმომიდგენია, რას დაატრიალებენ 10 წლის შემდეგ. სიმბოლურია, რომ რაღაც პომპეზურ ღონისძიებაზე მისულმა პრეზიდენტმა სწორედ იმ დღეს გამოაცხადა, არ არსებობს, რომ საქართველო მსოფლიოში ცნობილი ღვინით გახდესო.
სინამდვილეში, არ არსებობს, რომ პრეზიდენტის ამ მოსაზრების, უბრალოდ, კომენტირების დროსაც კი დიდი უხერხულობა არ ვიგრძნოთ იმ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომელსაც მსოფლიოში ღვინის სამშობლოდ იცნობენ და რომლის ექსპორტის #1 აგროპროდუქტი ღვინოა.
არადა, თუკი სახელმწიფო მნიშვნელოვან ინვესტიციას ჩადებს მცირე მარნების გაძლიერებაში და მისცემს ყველაზე მთავარს – ხელმისაწვდომ განათლებას, ეს მარნები თავად გაიკვალავენ გზას და რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულ ქარხნებზე გაცილებით მეტ ღირებულებას დაუბრუნებენ ქვეყანას – დოვლათს, სამუშაო ადგილებს, შემოსულ დოლარს, თანაბარი გავლენის, სოციალურად პასუხისმგებლიან მოთამაშეებს აგრობიზნესში, ხარისხიან ეთნოტურისტულ სერვისებს, საბოლოო ჯამში კი, საქართველოს სახელს ღირსეულად გააცნობენ მსოფლიოს.