ამერიკის შეერთებული შტატების სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი კელი დეგნანი საქართველოში თავის დიპლომატიურ მისიას ასრულებს. ელჩი თბილისში 2020 წლის 29 იანვარს ჩამოვიდა. მისი მუშაობის პერიოდს როგორც მსოფლიოში, ისე საქართველოში მნიშვნელოვანი გამოწვევები დაემთხვა.
კორონავირუსის პანდემია და რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი უკრაინის წინააღმდეგ, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში, რასაც თან ახლდა პოლარიზაცია და პოლიტიკური კრიზისი, რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებებისა და შეთანხმების მცდელობით. გასული 3 წელი სავსე იყო შიდა თუ გარე გამოწვევებით, თავის მისიას კი ელჩი დეგნანი საქართველოს მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისა და ამავდროულად, „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონის მიღების მოლოდინისას ასრულებს.
როგორ შეაფასებდა ამ სამ წელს, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს, ქვეყნის პოზიციასა და „უცხოელი გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტს? – ამ საკითხებზე ესაუბრა „პუბლიკა“ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, მისი მისიის დასასრულს საქართველოში.
როგორ შეაფასებდით თქვენი ელჩობის პერიოდში აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ჭრილში გაწეულ შრომას, ვითარდება თუ არა ეს პარტნიორობა?
სამი წლის განმავლობაში ვიყავი აქ და მქონდა შესაძლებლობა, მომევლო მთელი ქვეყანა, რაც ჩემთვის შესანიშნავი გამოცდილება იყო. ვიტყოდი, რომ ეს იყო საუკეთესო გამოცდილება ამ სამი წლიდან – შესაძლებლობა, რომ მემოგზაურა და შევხვედროდი ქართველებს ქვეყნის ყველა კუთხიდან, გამეცნო ისინი, გამეგო რას საქმიანობენ, რაზე ოცნებობენ და რას მიაღწიეს.
ეს დამეხმარა, რომ უკეთ შემესწავლა ქართული კულტურა და ისტორია. ეს დაეხმარა ამერიკის შეერთებულ შტატებსაც, რომ უკეთესი მხარდაჭერა აღმოუჩინოს ქართველ ხალხს ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
ამ სამი წლის განმავლობაში რაც ვნახე, ისაა, რომ ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია: ევროპული მომავალი, ძლიერი დემოკრატია, აყვავებული, მრავალფეროვანი ეკონომიკა, რა თქმა უნდა, ასევე სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც მათ სჭირდებათ და დაიმსახურეს.
30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ვმუშაობდით საქართველოსთან, ჩვენს პარტნიორებსა და ხელისუფლებასთან ერთად, განურჩევლად, თუ რომელი პოლიტიკური ძალა იყო ხელისუფლებაში.
ვმუშაობდით, რომ დავხმარებოდით საქართველოს უსაფრთხოების გაუმჯობესებაში, მრავალფეროვანი ეკონომიკის განვითარებაში, ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაში, რაც სჭირდება ჯანსაღ დემოკრატიას. რაც კი გაგვიკეთებია, არის შენება. შენება ჩვენი ქართველი პარტნიორების დახმარებით და მათი ხელშეწყობა, რომ მიაღწიონ დასახულ მიზნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე.
თქვენი მუშაობის პერიოდში, იმ საკითხებიდან, რომელზეც გიმუშავიათ, რას გამოყოფდით ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად?
ეს მნიშვნელოვანი შეკითხვაა. მთლიანობაში, ვიტყოდი, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა ერთიანობის წინ წამოწევა იყო. ვფიქრობ, ის ფაქტი, რომ საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია, ართულებს იმ პროგრესის მიღწევას, რაც ქართველებს სურთ და რაც მათ დაიმსახურეს.
როცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დავდივარ, ვხედავ რამდენი ენერგიაა, რამდენი გამომგონებელი და მეწარმე მთელ ქვეყანაში, მათ განვითარებას კი ეს პოლარიზებული გარემო ართულებს.
ეს იმ ტრანზიციის პროცესია, რომელსაც საქართველო გადის საბჭოთა მემკვიდრეობის შემორჩენილი ნაშთებიდან თანამედროვე დემოკრატიისკენ, რომლის შენებასაც ასე ესწრაფოდნენ ქართველები.
არის ზოგიერთი, ვინც ეწინააღმდეგება ამ რეფორმებს, რადგან ეს რეფორმები არ შედის მათ ინტერესებში და ვფიქრობ, ამან გარკვეული ბარიერი შექმნა ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის გზაზე.
რომ შევაჯამოთ, ჩემი აქ ყოფნის სამი წლის განმავლობაში, ყველაზე დიდი გამოწვევა იყო იმ ერთიანობის წინ წამოწევა, რომელიც საჭიროა საქართველოს პროგრესისთვის უსაფრთხოების, ეკონომიკის და დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი იმ 12 პრიორიტეტზე მუშაობა, რომლებიც ევროკომისიამ გამოყო საქართველოსთვის. მიუხედავად იმისა, რომ მათი შესრულება გამოწვევაა და არ არის მარტივი, ეს არის საკითხები, რომლებიც აქტუალური იყო საქართველოსთვის წლების განმავლობაში.
საქართველომ ყველა სფეროში მიაღწია გარკვეულ პროგრესს, ამიტომ არ გვაქვს მიზეზი, ვიფიქროთ, რომ მას არ შეუძლია ამ მიმართულებით პროგრესის გაგრძელება. დარწმუნებული ვარ, საქართველო მიაღწევს იმ მიზნებს, რომლებიც დასახა ქართველმა ხალხმა, მათი არჩევანისა და ოცნების შესაბამისად.
მაგრამ საამისოდ საჭიროა, ყველა ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერმა იმუშაოს აქტიურად და სწრაფად, რომ შეასრულონ ის 12 რეკომენდაცია, რომლებიც საჭიროა არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსის მისაღებად, არამედ საქართველოს განვითარებისა და სტაბილურობისთვისაც.
ვიმედოვნებ, პოლიტიკური ლიდერები გამონახავენ ძალას, რათა ეს ქვეყანა ერთი მიზნის ქვეშ, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად გააერთიანონ, რომელიც მომდევნო ნაბიჯია ევროინტეგრაციის გზაზე.
თქვენი აზრით, რა აფერხებს საქართველოში პოლარიზაციის შემცირებას?
კარგი წინამძღოლობა, ძლიერი ლიდერობა, რომელიც საქართველოს ეროვნულ დევიზადაა გამოხატული – ძალა ერთობაშია. ის გვაძლევს მაგალითს, თუ როგორი უნდა იყოს ლიდერობა.
ეს რთული პერიოდია, მაგრამ არის ასევე წარმოუდგენელი შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რომლის ხელიდან გაშვებაც არ შეიძლება. სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა იმუშაონ სწრაფად და მიმართონ ერთობლივი ძალისხმევა საჭირო რეფორმების გასატარებლად.
ზოგიერთი ამ რეფორმებს ეწინააღმდეგება, რადგან მათი პირადი ინტერესები არ მოდის თანხვედრაში ამ რეფორმებთან, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ეს საქართველოსა და ქართველი ხალხის ინტერესშია. მნიშვნელოვანია, რომ ევროატლანტიკური მომავალი საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს.
ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროატლანტიკური ინტეგრაცია მოიტანს კონკრეტულ ბენეფიტებს ქართული ოჯახებისა და საზოგადოებისთვის. ის მოიტანს კეთილდღეობას, უფრო მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს. მოიტანს მეტ შემოსავალს ქართული ბაზრისთვის და უფრო მყარ სტაბილურობას.
ჩვენი ღრმა რწმენით, ძლიერი, განვითარებული დემოკრატიაა ყველაზე სტაბილური ქვეყნის გარანტი. გვჯერა, რომ ჩვენ ყველა უკეთესად ვცხოვრობთ, როცა ჩვენს მეზობლებსა და პარტნიორებს აქვთ ასეთი სტაბილურობა და კეთილდღეობა.
ამერიკის შეერთებულ შტატებს სურს იხილოს, რომ საქართველომ წარმატებას მიაღწია თავის გზაზე. სწორედ ამიტომ ვართ მჭიდრო პარტნიორები 30 წელია. მჯერა, ეს იქნებოდა უფრო ხანგრძლივი პერიოდის პარტნიორობაც, საბჭოთა ჯარი რომ არ შემოჭრილიყო 1921 წელს.
ეს არ არის მარტივი გზა. არ არის მარტივად მისაღწევი მიზანი, მაგრამ, როგორც ვთქვი, დარწმუნებული ვარ, თუ იქნება ერთიანობა ქვეყნის ინტერესების სასიკეთოდ, მომავალი თაობების ინტერესებისთვის, მაშინ მისი მიღწევა შესაძლებელია.
თქვენი გადმოსახედიდან, როგორ აფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაწეულ ძალისხმევას ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად?
აშშ-ს არ შეუძლია ამის შეფასება. ამას წელს, მოგვიანებით, ევროკომისია და ევროპული საბჭო შეაფასებენ. ჩვენ, რასაკვირველია, ძალიან გვსურს, პოზიტიური შეფასება ვნახოთ, რადგან საქართველომ აჩვენა ნამდვილი ჩართულობა ამ 12 პრიორიტეტზე მუშაობის პროცესში. 12 პრიორიტეტის შესრულებაზე მეტად კი მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველომ წარმოაჩინა ჩვენი საერთო ღირებულებებისადმი ერთგულება, პრინციპებისადმი, რასაც ეფუძნება ევროკავშირის ერთობა.
ევროკავშირი ისეთი საერთო ღირებულებების გარშემოა გაერთიანებული, როგორიცაა: თავისუფლების მნიშვნელობა, გამოხატვის თავისუფლება, მედიის თავისუფლებისადმი ხელშეწყობა, ამავდროულად ერთმანეთის კულტურისა და იდენტობის პატივისცემა.
თუ იმოგზაურებთ ევროკავშირის ქვეყნებში, ნახავთ, რომ იტალია ისევ იტალიაა და შვედეთი კვლავინდებურად შვედეთი, საფრანგეთი თუ ხორვატია, ისინი ძველებურად ინარჩუნებენ უნიკალურ იდენტობასა და თავიანთ მდიდარ კულტურას. ხშირ შემთხვევაში, ევროკავშირში გაწევრება მხოლოდ ეხმარება კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებას.
ეს არის ერთ-ერთი ის საკითხი, რაც გვეამაყება აშშ-საქართველოს პარტნიორობაში. რომ ჩვენ შევძელით, გვემუშავა საქართველოს ხელისუფლებასა და პარტნიორებთან, რათა შეგვენარჩუნებინა საქართველოს უნიკალური კულტურა.
ახლახან გვქონდა შესანიშნავი პროექტი სმითსონის ამერიკული ხელოვნების მუზეუმსა და კონსერვატორიასთან ერთად, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან პოლიფონიური სიმღერების ჩანაწერები გავაციფრულეთ. ჩანაწერების მდგომარეობა უარესდებოდა და განადგურების პირას იყო.
ჩვენ ასევე დავეხმარეთ საქართველოს, რომ შეენახა ანტიკური მანუსკრიპტები, რომლებიც ახლა მესტიის მუზეუმშია გამოფენილი. ეკლესიები, მუზეუმები, აბასთუმნის ობსერვატორია – აშშ ეხმარება საქართველოს თავისი უნიკალური კულტურისა და იდენტობის შენარჩუნებაში.
ამიტომ არის ევროკავშირში, ევროატლანტიკურ ოჯახში გაწევრებისთვის ასეთი ჩართულობა, რადგან საქართველოს ორიენტაცია ყოველთვის ევროპისკენ იყო. ეს ბუნებრივი პროგრესია ამ ქვეყნისთვის. ის, რაც ახლა, უახლოეს თვეებშია საჭირო, არის ის, რომ პოლიტიკური ლიდერები, ხალხი მართლაც შეკავშირდეს იმ პრინციპების უკან, რომლებიც აერთიანებს ევროკავშირს და აჩვენონ თავიანთი ჭეშმარიტი ერთგულება ძლიერი დემოკრატიისადმი.
თქვენ ახსენეთ დასავლელი პარტნიორების მიერ გაწეული შრომა საქართველოს მხარდასაჭერად. ამის მიუხედავად შეიძლება ახლა უფრო მეტადაც ძლიერია ანტიდასავლური პროპაგანდა საქართველოში. ჩვენ გვინახავს მსგავსი ნარატივი უკვე ხელისუფლებასთან აფილირებული პირების მხრიდანაც. თქვენი აზრით ვინ დგას ანტიდასავლური პროპაგანდის უკან?
ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა. შესაძლოა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომელსაც ყველა ჩვენი საზოგადოება აწყდება, რადგან დეზინფორმაცია ვნებს ყველას. დეზინფორმაცია გათვლილია, რომ ხალხი დააბნიოს და შიში დათესოს. გათვლილია იმაზე, რომ დაყოს ხალხი, რასაც ნათლადაც ვხედავთ აქ, საქართველოში. საქართველოში, სადაც მიმდინარეობს დეზინფორმაციის კამპანია აშშ-თან, ევროკავშირთან, დასავლელ მეგობრებთან პარტნიორობისთვის ძირის გამოსათხრელად, მათთან, ვინც ათეულობით წელია, ეხმარება ქვეყანას წინსვლასა და შენებაში.
ვფიქრობ, დეზინფორმაციის კარგი მაგალითია ეს „მეორე ფრონტის“ საკითხი. ის არის სწორედ იმაზე გათვლილი, რომ დათესოს შიში საზოგადოებაში, აქციოს ქართველი ხალხი ამ შიშის ტყვედ. ეს არის იმის საპირისპირო, რასაც ჩვენ რეალურად ვაკეთებთ საქართველოსთვის ბოლო 30 წელია, ვეხმარებით რა მას უსაფრთხოების გაძლიერებაში.
აშშ საქართველოსთან ერთად მუშაობდა მისი თავდაცვის ძალების, სასაზღვრო პოლიციისა და სანაპირო დაცვის, სამართალდამცავი სტრუქტურების გაძლიერებისთვის მთელი ქვეყნის მასშტაბით. გატარებული სამუშაოები ეფექტიანად ეხმარება საქართველოს თავისი საზღვრების დაცვასა და აგრესიის შეკავებაში. ეს ერთობლივი მუშაობა დღესაც გრძელდება, როგორც ჩვენი პარტნიორობის შედეგი.
ვფიქრობ, უნდა აღვნიშნოთ, თუ რას ცდილობს რუსეთი თავისი დეზინფორმაციული კამპანიით. რის გაკეთებას ცდილობენ ისინი? მათ სურთ, რომ დათესონ ცრუ ნარატივი, რომელიც დააბნევს ხალხს; ცდილობენ, გაავრცელონ ტყუილი, რომელიც წარმოქმნის ქაოსს, გააჩენს ეჭვებს და ცდილობენ, გადაიტანონ ხალხის ყურადღება იმისგან, რასაც სჩადის რუსეთი: შემოჭრა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში შეჭრა 2014 წელს და შარშან.
რუსეთი ცდილობს საზოგადოებების განადგურებას, იდენტობისა და კულტურის წაშლას. ეს არის ის, რასაც რუსეთი ცდილობდა საქართველოში და რისი მიღწევაც ახლა სურს უკრაინაში.
ეს სრულიად განსხვავდება იმისგან, რასაც აშშ და სხვა დასავლელი პარტნიორები ცდილობდნენ საქართველოსთან ერთად – შენებას. ეს რუსეთს სურს განადგურება, მაშინ, როცა აშშ და სხვა პარტნიორები საქართველოსთან ერთად მუშაობენ, რომ გააძლიერონ ეს ქვეყანა და ჰქონდეს მას კეთილდღეობა და სტაბილური დემოკრატია.
არის თუ არა საქართველო დასავლეთისთვის ისევ პრიორიტეტული? 20 თებერვალს პრეზიდენტი ბაიდენი კიევს ეწვია, შემდეგ კი ვარშავაში მოლდოვის პრეზიდენტს მაია სანდუსაც შეხვდა. საპირისპიროდ, თითქოს გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ნაკლებად მართავენ მაღალი დონის ვიზიტებს ევროპასა და აშშ-ში. ხომ არ შემცირდა ქვეყნის აქტუალობა საერთაშორისო პოლიტიკაში? და თუ ასეა, ხომ არ არის ეს გამოწვეული საქართველოს ხელისუფლების პოზიციების გამო?
საქართველო ისევ აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ორი წამყვანი სენატორი სულ ახლახან იყო აქ. რაც აქ ვიმყოფები, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ეს უკვე სენატორ შაჰინის მესამე ვიზიტია საქართველოში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად.
საქართველოს პოზიცია კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მრავალი თვალსაზრისით, რადგან ის უკრაინის საკითხის ნაწილიცაა. როდესაც ვუყურებთ აგრესიას, თავდასხმებს და უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის მიზანს – უკრაინის იდენტობის წაშლას, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის წართმევას, საქართველო ამ კონტექსტში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება.
შეერთებული შტატები დაკვირვებით ადევნებს თვალს საქართველოს გარშემო არსებულ სიტუაციას. რუსეთს ოკუპირებული აქვს ქვეყნის 20%. ვფიქრობ, ძალიან კარგად გვესმის, ხანდახან რამდენად ზღუდავს ის საქართველოს არჩევანს.
ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ და ვაფასებთ იმ მხარდაჭერას, რაც ქართველმა ხალხმა აღმოუჩინა უკრაინულ საზოგადოებას მაშინ, როცა ეს სჭირდებოდათ. ვაფასებთ ჰუმანიტარული მხარდაჭერის ამ კეთილშობილურ გამოხატულებას, ასევე ხელისუფლების მიერ ელექტროენერგიის გენერატორების შესყიდვას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი დახმარება იყო უკრაინული საავადმყოფოებისა და ხალხისთვის, რათა ზამთრის პერიოდში თბილად ყოფილიყვნენ.
საქართველოს მთავრობამ ასევე მხარი დაუჭირა უკრაინის შესახებ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციებს, რომლებიც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ მხრივ, არსებობს ნამდვილი ურთიერთგაგება.
აშშ ცდილობს, ყველა საშუალებით, რაც მას აქვს, დაეხმაროს უკრაინას მშვიდობის აღდგენაში, ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაში, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და იდენტობის შენარჩუნებაში.
რუსეთი ცდილობს, რომ „გადაყლაპოს“ ისეთი ქვეყნები, როგორიცაა უკრაინა, ბელარუსი, საფრთხეს უქმნის საქართველოსნაირ ქვეყნებს. თუ გარშემო მიმოიხედავთ, არავინ ირჩევს რუსეთთან ყოფნას.
ამის ნაცვლად, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი, ერთიანი საერთაშორისო მხარდაჭერა უკრაინისა და ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რომლებიც ოკუპირებულია რუსეთისნაირი აგრესორების მიერ.
მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი პარტნიორობა გაგრძელდება. ჩვენ კიდევ უფრო მეტი სამუშაო გვაქვს შესასრულებელი და დიდი ენთუზიაზმით ვაკეთებთ ამას, რადგან გვყავს შესანიშნავი პარტნიორები როგორც მთავრობაში, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში, რომლებიც წარმოადგენენ ქართველ ხალხს.
ჩვენ ვმუშაობთ ქართველ ხალხთან, იქნება ეს ფერმერთა ასოციაცია, ბიზნესასოციაცია, ენერგეტიკის მიმართულება თუ იურიდიული სერვისები. ჩვენ ვმუშაობთ ხალხთან ამ ორგანიზაციების მეშვეობით, რათა დავეხმაროთ ქვეყანას, იყოს უფრო ძლიერი, აყვავებული და საბოლოო ჯამში, მეტად დემოკრატიული.
პარლამენტში „უცხოური გავლენის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ, რასაც ეწინააღმდეგება მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი. ის აღქმულია, როგორც შესაძლო იარაღი ხელისუფლების ხელში კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად. არადა, კანონპროექტის ავტორები და ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამტკიცებენ, რომ ის ამერიკული კანონის მსგავსია. თქვენ როგორ შეაფასებდით ამ კანონპროექტს?
ვიცი, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საკითხია ისეთი მედიაგამოცემებისთვის, როგორიცაა „პუბლიკა“ და მრავალი სხვა. მოდით, მკაფიოდ ვთქვათ, რის შესახებ არ არის ეს კანონპროექტი. ეს არ არის გამჭვირვალობის მისაღწევად. საკმარისი გამჭვირვალობა უკვე არსებობს. დონორები, როგორიცაა, მაგალითად, USAID, სამ თვეში ერთხელ დეტალურად აბარებენ ანგარიშს პარლამენტს, თუ რაში იხარჯება ჩვენი ფული.
ყველა პარტნიორი, ვისთანაც ჩვენ ვმუშაობთ, დეტალურ ინფორმაციას აწვდის საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. ასე რომ, ეს კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ არ არის. ეს ინფორმაცია არაერთ ვებგვერდზეა განთავსებული.
ეს კანონპროექტი ასევე არ არის ამერიკული, როგორც სენატორებმაც განმარტეს. ის (ამერიკული) კანონი ეხებოდა იურიდიულ კომპანიებსა და ლობისტებს, რომლებსაც ქირაობენ, რათა აშშ-ში წარმოადგინონ სხვადასხვა ქვეყნის ხელისუფლების ინტერესები. ეს კანონპროექტი კი ამას არ ეხება.
დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი შეაჩერებს იმ ქართველებს, რომლებიც სხვებს ეხმარებიან, იმუშაონ საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის. ის გააჩერებს იმ ორგანიზაციებს, რომლებიც ეხმარებიან სხვადასხვა თემს, მაგალითად, დამოუკიდებელი საცხოვრებელი ცენტრებით, სადაც შშმ პირთა ოჯახები მიდიან მხარდაჭერისა და სერვისების მისაღებად.
ის შეაჩერებს იმ იურიდიულ დახმარებას, რომელიც ამ ქვეყნის ბევრ თემში სასიცოცხლოდ სჭირდებათ ადამიანებს. ის შეაჩერებს ტურისტულ ორგანიზაციებს, რომლებიც ცდილობენ საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარიზაციას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების კუთხითაც.
დამტკიცების შემთხვევაში, ეს კანონი ძირს გამოუთხრის იმ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვუწევთ, მაგალითად, ქართველ ფერმერებს. ძირს გამოუთხრის სამედიცინო კვლევებს, რომლებსაც მხარს უჭერენ უცხოელი დონორები, როგორიცაა შეერთებული შტატები და მრავალი ევროპული ქვეყანა.
ბიზნესასოციაციები, ფერმერთა ასოციაციები, გარემოსდაცვითი ჯგუფები – სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პარტნიორების ფართო სპექტრია, რომელთა მიმართაც გაჩნდება ძლიერი სტიგმა და აღქმულნი იქნებიან, როგორც უცხო ქვეყნებზე მომუშავე ჯაშუშები, მაშინ, როცა ისინი აქ საქართველოს ინტერესებისთვის მუშაობენ.
ეს არის ის, რაც ამ კანონპროექტში გვაშფოთებს ყველას. მნიშვნელოვანი იქნებოდა იმის გარკვევა, სინამდვილეში რისკენ არის მიმართული ეს კანონპროექტი. ის ჰგავს რუსულ კანონმდებლობას, რომელიც მიზნად ისახავდა სამოქალაქო საზოგადოების სტიგმატიზაციას და გაჩუმებას, განსხვავებული ხმების ჩახშობას. რუსეთის კანონი კი ამ კუთხით ძალიან ეფექტიანი იყო.
თუ გადახედავთ რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებას, ის ახლა გაჩუმებულია. ბევრმა ორგანიზაციამ დატოვა ქვეყანა, იმის ნაცვლად, რომ ძლიერი საზოგადოება და დემოკრატია შეექმნათ, რასაც აქ აკეთებდნენ შეერთებული შტატები და ჩვენი ქართველი პარტნიორები ბოლო წლების განმავლობაში. ეს კანონი კი მიღების შემთხვევაში სწორედ ამ ხმებს გააჩუმებს და უკან დასწევს იმ სამუშაოს, რაც შესრულდა. ეს კანონი ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მისწრაფებას. ვფიქრობ, ეს ძალიან ნათლად ითქვა.
ის შეუთავსებელია თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნის ძირითად პრინციპებთან. იმედი მაქვს, პარლამენტი უკან დაიხევს და დაფიქრდებიან იმაზე, თუ რისი მიღწევა სურთ. კანონპროექტის მიღებამდე მათ უნდა გაიარონ კონსულტაცია პარტნიორებთან და მეგობრებთან, რათა უკეთ გაიგონ ამ კანონის ზემოქმედება და მოსალოდნელი შედეგები.
როგორი იქნება აშშ-ის რეაქცია ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში და რა შეუძლია გააკეთოს, რომ შეაჩეროს მოსალოდნელი ზეწოლა მედიასა და სამოქალაქო საზოგადოებაზე?
თუ პარლამენტი რეალურადაა დაინტერესებული მოსალოდნელი შედეგებით, იმედი მაქვს, ისინი კონსულტაციებს გაივლიან პარტნიორებთან. ამ კანონს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება ჩვენს შესაძლებლობებზე, გავაგრძელოთ ისეთი სახის დახმარება, როგორიც მე აღვნიშნე: ფერმერთა ასოციაციების, იურიდიული სერვისების, ტურიზმის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ.
ეს, რაც მხოლოდ აშშ-ის დახმარებაა, მაგრამ ვფიქრობ, ყველა დონორი ქვეყანა შეაფასებს, შეგვიძლია თუ არა ამ სახის მხარდაჭერის გაგრძელება საქართველოსთვის.
ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენი მხარდაჭერა მიმართულია ადგილობრივი მთავრობების ან ცენტრალური ხელისუფლებისადმი, რათა უზრუნველვყოთ ისეთი სერვისები, რომელთა მიწოდებაც მთავრობას არ შეუძლია. ასე რომ, მას ექნება მნიშვნელოვანი გავლენა.
ვიმედოვნებ, რომ ეს პარლამენტს უკან დახევისკენ უბიძგებს და გადახედავს ამ კანონის მიღების შესახებ გადაწყვეტილებას. ამ კანონის ინიციირებისას ის წარმოდგენილი იყო, თითქოს მიემართებოდა გამჭვირვალობის ზრდას, მაგრამ უკვე არის საკმაოდ დიდი გამჭვირვალობა.
პარლამენტს რომ შეეფასებინა, რამდენი ინფორმაციაა უკვე ხელმისაწვდომი უცხოური დახმარებებისა და მათი გამოყენების შესახებ პარლამენტისა და საზოგადოებისთვის, ისინი დაინახავდნენ, რომ გამჭვირვალობის პრობლემა არ დგას. ალბათ, ეს კანონი არ არის საჭირო.