ამსტერდამის ნაციონალურ ოპერაში ჯორჯ ორველის „ცხოველების ფერმის“ მიხედვით შექმნილი ოპერის მსოფლიო პრემიერა გაიმართა: ნაპოლეონისა და სტალინის პარტიას ქართველი ბარიტონი, მიხეილ ქირია ასრულებს.
ალბათ, ძნელია ოპერად წარმოიდგინო ჯორჯ ორუელის კლასიკური ანტიუტოპია „ცხოველების ფერმა“. ევროპაში მცხოვრებმა თანამედროვე რუსმა კომპოზიტორმა, ალექსანდრ რასკატოვმა (დაიბადა 1953 წელს მოსკოვში, თუმცა 90-იანი წლებიდან გერმანიაში ცხოვრობს) ადრეული საბჭოეთის პოლიტგალერეა – სტალინი, ლენინი, ტროცკი და პლუს მათი შორეული ევროპელი „ამხანაგები“ – ნაპოლეონი და მარქსი, ისეთი ჭრელი, შთამბეჭდავი და პოლისტილისტიკური მუსიკით გააცოცხლა, რომ როგორც ერთ–ერთი მუსიკალური მიმომხილველი აღნიშნავს, „ოპერის გამოსახველობა და ენა მხატვრულ ტექსტს არაფრით ჩამოუვარდება“.
ჯერ კიდევ 2010 წელს, სწორედ ამსტერდამში წარმოდგენილი ალექსანდრ რასკატოვის ოპერის, „ძაღლის გულის“ წარმატებული პრემიერის შემდეგ, ამსტერდამის ნაციონალურმა ოპერამ კომპოზიტორს, ჯორჯ ორუელის ანტიუტიპიის მიხედვით ახალი ნაწარმოები შეუკვეთა. „ცხოველების ფერმას“ მოუთმენლად ელოდნენ ევროპაში. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში კი ოპერის პრემიერა კიდევ უფრო აქტუალური გახადა, ვიდრე თავად შემკვეთებსა და ავტორს წარმოედგინათ.
რასკატოვის ოპერაში თითქმის ყველაფერა, რაც ორველის დისტოპიას ახასიათებს – თავხედური, თვალისმომჭრელი, დიდაქტიკური, მძაფრი, საშინლად არაკომფორტული მუსიკალური ფონი და სცენური ატმოსფერო. ცხოველები ყვირიან, ღრიალებენ, ზმუიან და მათი ხმები თანდათან, ფინალში ადამიანურს ემსგავსება. „ეს არის ძალადობრივი ხმოვანი სამყარო; პერკუსიით, დასარტამი ინსტრუმენტებით და ლითონის ჩასაბერი ინსტრუმენტებით გაჟღენთილი. სავსე უსიამოვნო ხმოვანებით და დრამატული ინტონაციით“ – აღნიშნავს „ოპერნმაგაზინის“ მიმომხილველი.
იტალიელი თეატრალური რეჟისორი დამიანო მიქელეტო, ლიბრეტოს ავტორთან, იან ბარტონთან ერთად, თავიდანვე იყო ჩართული ოპერის შექმნაში, რომელიც უშუალოდ ორუელის პროზიდან იღებდა მთავარ ეპიზოდებს. მიქელეტოს ხედვა ზედმეტად პირდაპირი და ცოტათი სასტიკია – უზარმაზარი სამაცივრო განყოფილების კარი, სასტიკი გალიები, ხორცის საფქვავი, სტამბა და ცხოველების ნიღბები შთამბეჭდავია, მაგრამ მოკლებულია ამბივალენტობას. ღორები მღერიან ლოზუნგებს, ხატავენ კედლებზე და ბოლოს, წარწერებს ნეონის ნათურებით განათებულ კედლებზე აკრავენ. მათ შორის ყველაზე პოპულარულს – „ზოგიერთი ცხოველი უფრო თანასწორია, ვიდრე სხვები“.
რასკატოვი და ლიბრეტისტი იან ბარტონი საკმაოდ მკაცრად იცავენ „ცხოველთა ფერმის“ პერსონაჟების საბჭოთა რუსეთის რევოლუციურ ფიგურებთან მსგავსებას, როგორც ეს ორველს ჰქონდა ჩაფიქრებული; ნაპოლეონი იყო სტალინი, ძველი მაიორი – ლენინი და ა.შ. თუმცა, ერთ–ერთი თვალსაჩინო ცვლილება იყო სკვილერის გარდასახვა ბერიად, საიდუმლო პოლიციის უფროსად, რამაც დრამატული და იდუმალი ბოროტებით სავსე ატმოსფერო შესძინა ნაწარმოებს. ეს კიდევ ერთხელ და ცხადად აჩვენებს, თუ როგორ შეიძლებოდა ძალაუფლების ბოროტად გამოყენება საბჭოთა სისტემის „გამართულად“ მუშაობისთვის.
ნიდერლანდების ოპერის ორკესტრს დირიჟორობს ბასემ აკიკი, რომელმაც რასკატოვის მუსიკა საოცრად ენერგიულად, სავსედ და რიტმული სიცოცხლისუნარიანობით წარმოაჩინა. ასევე უნდა აღინიშნოს კლაუს ბრუნსის გასაოცარი კოსტიუმები და ცხოველებისთვის შექმნილი ნიღბები.
ჩვენთვის განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ შვიდივე საპრემიერო სპექტაკლში ნაპოლეონის (სტალინის პროტოტიპს) მღეროდა ქართველი ბარიტონი მიხეილ ქირია, რომელიც რამდენიმე წელია წარმატებით გამოდის ევროპის წამყვან საოპერო სცენებზე – ვენაში, ბერლინში, მადრიდში, მიუნხენში, ჰამბურგში. გაგაცნობთ ევროპული პრესის შეფასების ფრაგმენტებს, რომელიც კონკრეტულად მიხეილ ქირიას ეხება:
„სასტიკ და დაუნდობელ რევოლუციაში ლიდერობენ ღორები, განსაკუთრებით ნაპოლეონი. ამ როლისთვის არ მოიძებნება სხვა უფრო გამორჩეული მომღერალი–მახიობი, ვიდრე მაღალი და მხარბეჭიანი ბას–ბარიტონი მიხეილ ქირია, ის საოცარი ტიპაჟია!“
„უაღრესად შთამბეჭდავი და ქარიზმატულია ბარიტონი მიხეილ ქირია, რომლის წარმოუდგენლად მჟღერი ხმა და შიშის მომგვრელი ფიგურა ლამის იდეალურად ერგება იმპერატორ ნაპოლეონის საშინელ და ამავე დროს, კომიკურ როლს“.
ოპერის პრემიერას ამსტერდამის ნაციონალურ ოპერაში ესწრებოდა კინორეჟისორი ნუცა ალექსი–მესხიშვილი, რომელმაც „პუბლიკას“ თავისი მოსაზრება და შეხედულება გაუზიარა.
„შემთხვევით მოვხვდი ამსტერდამის ნაციონალურ ოპერაში პრემიერაზე. „ცხოველების ფერმა“ იმ დღეებს ემთხვეოდა, როდესაც სწორედ ამსტერდამში მიწევდა საქმის გამო ყოფნა. თანაც, დიდი ხნით ადრე ავიღე ბილეთები. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ სტუდენტისათვის ბილეთის ფასი 15 ევროა, რაც სურვილის შემთხევაში, ხელმისაწვდომია მუსიკალური სკოლების მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.
ჯორჯ ორუელის „ცხოველების ფერმის“ თანამედროვე საოპერო ვერსია
ძალიან შთამბეჭდავია: დარბაზი, სცენა, დადგმა და საერთოდ, მთელი სივრცე. მაყურებელი სპექტაკლის დასრულების შემდეგ თითქმის ორი საათი დარჩა სასაუბროდ, ნანახის გასარჩევად თუ გასაანალიზებლად. ხალხის ტევა არ იყო ჰოლში, დარბაზში, დერეფნებში… ასეთ რამ იშვიათად მინახავს. შესაძლოა იმიტომ, რომ ამსტერდამში ამ ოპერის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.
ახალა უფრო დეტალურად ქართველი ბარიტონის, მიხეილ ქირიას შესახებ, რომელიც ნაპოლეონისა და მისი „ორეულის“, სტალინის პარტიას ასრულებდა. ორუელის ანტიუტოპიურ რომანში დიქტატურის თემა ერთ–ერთი უმთავრესია. ღორი, სახელად ნაპოლეონი, ამავე დროს, განასახიერებს სტალინს – რევოლუციის წიაღიდან აღმოცენებულ ტირანს. ამ ორივე პარტიას ასრულებს მიშა ქირია. ალბათ, სიმბოლურია, რომ პრემიერაზე ამ ურთულესი და საპასუხისმგებლო პარტიის შესრულება დამდგმელმა რეჟისორმა და დირიჟორმა ქართველ მომღერალს მიანდეს, რომელსაც ძალიან წარმატებული კარიერა აქვს ევროპის საოპერო სცენებზე. მაყურებელმა მას ნამდვილი ოვაცია მოუწყო ოპერის დასრულების შემდეგ.
და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პარალელი: მარტში, როდესაც ამსტერდამში წარმოდგენას ვესწრებოდი, სცენის სიღრმეში, ეკრანზე ჩნდებოდა ორუელის ცნობილი ლოზუნგები და მათ შორის, Secret Agent… სწორედ იმ დღეებში თბილისში, პარლამენტი განიხილავდა კანონპროექტს უცხო ქვეყნის აგენტების შესახებ! ანუ ის, რაც წლების წინ აღწერა ორუელმა „ცხოველების ფერმაში“, რეალობაში არასოდეს უნდა განმეორდეს“.