ცხოვრება საწარმოო ტრავმის შემდეგ | 2 წელი სასამართლოს მოლოდინში

ბასტი მგალობლიშვილი

„ახლაც ლოგინში ვწევარ, გარეთაც მიჭირს გასვლა. თუ გავდივარ, ჯოხით. არც დედა მყავს, არც მამა, მარტო ვარ. ჩემი მომვლელი ბიცოლაჩემია“, – ამბობს ნიკო კაკიაშვილი. ის „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში“ გვირაბის მოულოდნელ აფეთქებამდე შემდუღებლად მუშაობდა.

2018 წლის ზამთარში ხარაგაულის სოფელ ანეულას მე-7 გვირაბში მომხდარი აფეთქების დროს ნიკოსთან ერთად მისი კოლეგა – ფირუზ გოგნაძეც იმყოფებოდა. ისინი ნეკნების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფირუზ გოგნაძეც, ნიკო კაკიაშვილის მსგავსად, მუშაობას ვეღარ ახერხებს და გადაადგილებაც უჭირს. ამბობს, რომ ოჯახს თავი საქონლის მოვლით გააქვს.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით (სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევა) დაიწყო და ორივე დაშავებულს დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა, თუმცა როგორც მათი ინტერესების დამცველი, პროფკავშირების გაერთიანების იურისტი სერგო მახარაძე ამბობს, დაზარალებულებს შესაბამისი დადგენილების ასლიც არ მისცეს, რომ „ეს სასამართლოში დამატებით წარედგინათ“. მახარაძე ასევე დასძენს, რომ მისთვის უცნობია, დადგა თუ არა კომპანიაში ვინმეს ვისი პასუხისმგებლობის საკითხი.

„[პროკურატურაში] მიუთითებენ კანონმდებლობაზე, რომ დაზარალებულს უფლება არ აქვს, იცოდეს, ამ ეტაპზე ვინ არის პასუხისგებაში მიცემული და ა.შ. თუმცა ჩვენი ინფორმაციით ექსპერტიზა ჩატარებულია და მოპასუხის მხრიდან უსაფრთხოების ნორმების დარღვევა დადგინდა“, – ამბობს იურისტი.

მისივე თქმით, დაზარალებულებს კომპანიის მხრიდან ზიანის ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ. სწორედ ამიტომ, სასამართლოს სარჩოს დაკისრების მოთხოვნით 2019 წლის იანვარში მიმართეს, თუმცა სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ დანიშნულა.

„10 ათასი ლარი შემოგვთავაზეს სასამართლოში სარჩელის წარმოების პროცესში და არა მანამდე, მაგრამ, მომხდარი ფაქტისა და მიყენებული ზიანის გათვალისწინებით, ეს თანხა არ არის გონივრული. თან ლარის გაუფასურების ფონზე საერთოდ არაფერს ნიშნავს. თუ გონივრული შემოთავაზება იქნებოდა, ჩვენ განვიხილავდით“, – ამბობს სერგო მახარაძე.

ყოფილი დამსაქმებელი სარჩელის შესაგებელში აღნიშნავს, რომ „მათი დაზიანებები ნაკლებად მძიმე იყო, ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლის ნიშნით, რაც არ მიუთითებს მათ ინვალიდობაზე და სამიდღემჩიო რჩენის საჭიროებაზე“.

კომპანია ასევე აღნიშნავს, რომ მომხდარზე გამოძიება უკვე დასრულდა და სასამართლომ მსჯავრი დასდო უსაფრთხოების სამსახურის მუშაკს. „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო“ იმასაც აღნიშნავს, რომ კომპანიამ დაშავებულთა სამედიცინო ხარჯები თავად დაფარა და თუ დაზარალებულები კვლავ აგრძელებენ მკურნალობას, მათი ხარჯების დაფარვას გააგრძელებენ.

მათი თქმით, ფირუზ გოგნაძე ხელშეკრულების მიხედვით, 2018 წლის 30 იანვრიდან მათი თანამშრომელი აღარ იყო, თუმცა მარტის ჩათვლით „მაინც ურიცხავდნენ საკომპენსაციო თანხას“.

„მხარის მიერ მოტანილი არგუმენტები არ გამოდგება იმის მტკიცებად, რომ მხარემ განიცადა მორალური ზიანი. მოსარჩელეებს კომპანიის მხრიდან არც მორალური და არც ფინანსური მხარდაჭერა არ მოჰკლებიათ, მაგრამ მათ ვეღარ წარმოადგინეს მკურნალობის დამადასტურებელი დოკუმენტები და არც სამსახურში დაბრუნება ისურვეს“, – აღნიშნულია ყოფილი დამსაქმებლის შესაგებელში.

ადვოკატი სერგო მახარაძე ვარაუდობს, რომ სასამართლო პროცესი სასამართლოს გადატვირთვისა და პანდემიის გამო ჭიანურდება.

„სამწუხარო ის არის, რომ დროში იწელება ეს ყველაფერი და ჩემს მარწმუნებლებს სურვილი აქვთ, რომ დროულად მოხდეს ამის განხილვა. ეს ასევე ცალკე პრობლემაა, იმიტომ, რომ ისინი უიმედოდ არიან, რომ ოდესმე ამ საქმის განხილვა მოხდება“, – ამბობს სერგო მახარაძე.


სტატია მომზადებულია პროექტის – „შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და დაზარალებულთა მხარდაჭერა“ – ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერას უცხადებს „ღია საზოგადოების ფონდი“ (OSGF) და მას ახორციელებენ ორგანიზაციები – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) შეხედულებებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.