COVID 19 - ის გავლენა სასკოლო განათლებაზე - რა მიგნებები აქვს კვლევას სასწავლო დანაკარგების შესახებ

პუბლიკა

ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის პირობებში სკოლებში სასწავლო დანაკარგი სწავლის ყველა საფეხურზე და ყველა საგანშია; პანდემიამ კიდევ უფრო გააღრმავა უთანასწორობა მოწყვლად ჯგუფებში. კრიზისი უფრო მეტად შეეხო დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ოჯახების ბავშვებს, მრავალშვილიან ოჯახებში მცხოვრებ მოსწავლეებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს,-  „განათლების კოალიციის“ მიერ მომზადებული კვლევა პანდემიით გამოწვეულ სასწავლო დანაკარგებს შეეხება და მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, ამ დანაკარგების შეფასებას, მეორე მხრივ კი, რეკომენდაციების წარმოდგენას მომდევნო სასწავლო წლისათვის ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული პროგრამების შესამუშავებლად.

კვლევის ავტორთა განმარტებით, სასწავლო დანაკარგი განისაზღვრება, როგორც დანაკარგი ცოდნაში, უნარებსა და დამოკიდებულებებში, რომლებიც უნდა შეეძინა მოსწავლეს სწავლის შეწყვეტის ან დისტანციური სწავლების პერიოდში.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, კვლევის ფარგლებში მკაფიოდ გამოჩნდა, რომ პირისპირ სწავლების შეწყვეტისა და დისტანციური სწავლების პერიოდში მოსწავლეებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი სასწავლო დანაკარგი ყველა საფეხურზე და საგნობრივ ჯგუფში, თუმცა კვლევის რესპონდენტების მიერ საგნობრივ ჭრილში აღქმული სასწავლო დანაკარგი ყველაზე მაღალია მათემატიკაში.

აქვე ვკითხულობთ, რომ სასწავლო დროის დანაკარგის თვალსაზრისით, თითქმის 1.5-2-ჯერ, ცალკეული საგნების შემთხვევაში კი კიდევ უფრო მეტად შემცირდა საკონტაქტო საათების რაოდენობა სწავლა-სწავლების პროცესში, რამაც ხელი შეუწყო საგნობრივი და გამჭოლი კომპეტენციების მხრივ სასწავლო ჩამორჩენის გაღრმავებას. ამასთან, ონლაინსწავლების დროს ხშირი იყო ტრადიციული სასწავლო პროცესის ონლაინსივრცეში უცვლელად გადმოტანის შემთხვევები, რაც საკონტაქტო საათების შემცირებასთან ერთად უარყოფითად აისახა მოსწავლეების დისციპლინაზე, მოტივაციასა და დამოუკიდებლად სწავლის უნარზე.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიგნება კვლევის ფარგლებში უკავშირდება მოსწავლეების სწავლის მოტივაციის შემცირებას, რაც გამოიხატა პირველყოვლისა ჩართულობის შემცირებაში. მოსწავლეები ნაკლებად მონაწილეობდნენ ონლაინგაკვეთილებში“, – ამბობს კვლევის ავტორი მერი ქადაგიძე და მასწავლებლებისა და მშობლების ინტერვიუებზე დაყრდნობით განმარტავს, რომ მას შემდეგ, რაც სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, მოსწავლეების მოტივაცია, დასწრებოდნენ გაკვეთილებს, იყო ძალიან დაბალი.

კვლევის ავტორი ყურადღებას ამახვილებს პანდემიის პირობებში უთანასწორობის გაღრმავებაზე და კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ამბობს, რომ აღნიშნულ პირობებში განხორციელებული ყველა ინიციატივა ნაკლებეფექტიანად შეგვიძლია მივიჩნიოთ მოწყვლადი ჯგუფებისთვის.

კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ სასწავლო დანაკარგი უთანასწოროდ ნაწილდება და მოწყვლადი ჯგუფებისთვის ზიანი გაცილებით მაღალია. უფრო მეტიც, აქვე ვკითხულობთ, რომ  სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევა გაცილებით ნაკლებეფექტიანი იყო მოწყვლადი ჯგუფებისათვის – ბავშვები სოციალურად დაუცველ და გაჭირვებულ ოჯახებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები (განსაკუთრებით აზერბაიჯანული სექტორის მოსწავლეები), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები.

მეგი ქადაგიძე ამბობს, რომ  სახელმწიფო ენის არცოდნით განპირობებული უთანასწორობა აისახა მასწავლებლის სწავლების, მოსწავლის სწავლისა და მშობლის მხარდაჭერის ხარისხზეც. აქვე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზეც, რომ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა თუ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეების შემთხვევაში სასწავლო დანაკარგთან ერთად მნიშვნელოვანია ფსიქოსოციალური სტრესი, რომელიც აისახება სასწავლო პროცესში მათი დაბრუნების მზადყოფნასა და შესაძლებლობაზე.

კვლევამ აჩვენა ისიც, რომ სასწავლო დანაკარგები განსაკუთრებით  გამოიხატა ციფრულ უთანასწორობაში.

„დანაკარგების პარალელურად კვლევაში ვსწავლობდით დისტანციური სწავლების ეფექტიანობას, ვინაიდან ჩვენს კონტექსტში სასწავლო პროცესში გაჩენილი დანაკარგი უფრო დისტანციურ სწავლებას უკავშირდება და აღსანიშნავია, რომ სისტემის წარმომადგენლებს ჯერ კიდევ უჭირთ რეფლექსიური მსჯელობა სასწავლო დანაკარგზე. ეს პრობლემა და მისი გრძელვადიანი ეფექტი სათანადოდ არ არის გააზრებული. მართალია, გაზიარებულია მოსაზრება დანაკარგის მნიშვნელობის შესახებ, მაგრამ კვლევის პროცესმა ცხადყო, რომ სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებს უჭირთ სასწავლო დანაკარგების აღქმა და შეფასება როგორც სისტემის, ასევე საგნის, კლასის ან სკოლის კონტექსტში.

აქვე პრობლემად გამოიკვეთა სკოლის დონეზე ხარისხის მართვის სისტემის არარსებობა, რაც ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა პანდემიის პირობებში, რადგან სკოლებს უჭირდათ სასწავლო პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი, უმარტივესი ინფორმაციის შეგროვება, კონკრეტული აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, რაც არსებულ პრობლემებს შეამცირებდა ან აღმოფხვრიდა, რადგან მათ უმეტესობაში ეს პრაქტიკა არ არსებობს“.

კვლევის ავტორი მიიჩნევს, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია, სამინისტროს მხრიდან აქცენტი გაკეთდეს სასწავლო პროცესის აღდგენასა და შენარჩუნებაზე, ამ მხრივ კი განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვაქცინაციის პროცესის პოპულარიზაციას სასკოლო საზოგადოებაში.

აქვე კვლევის რეკომენდაციებში ყურადღება გამახვილებულია რამდენიმე მიმართულებით, კერძოდ:

ფოკუსირება წიგნიერებისა და მათემატიკის კომპეტენციების განვითარებაზე – დაწყებით და საბაზო საფეხურზე; ონლაინსწავლა-სწავლების მართვის გამართული ელექტრონული სისტემის შექმნა; მაკომპენსირებელი არაფორმალური განათლების პროგრამების მხარდაჭერა; მშობელთა მხარდაჭერა; მშობელთა პედაგოგიზაციაზე მიმართული მწყობრი საჯარო პოლიტიკა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის მხარდაჭერა.

„პირველ რიგში საჭიროა ძალიან მკაფიო აღიარება ქვეყნის მიერ, რომ ვდგავართ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე, რასაც ჰქვია სასწავლო დანაკარგები და რაც გამოიხატება ბევრი მიმართულებით – იქნება ეს აკადემიური თუ სოციალური უნარების განვითარებაში ჩამორჩენა და ა.შ. ამის აღიარება უნდა მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან, რომ შესაბამისი ინტერვენციები დაიგეგმოს“, – ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი, რეზო აფხაზავა, რომელიც აღნიშნულ კვლევაზე მუშაობდა.

„ასეთი ტიპის აღიარებას მიმართავს ჩვენზე ბევრად უფრო განვითარებული სახელმწიფოები, უფრო წარმატებულებიც და ამაში პრობლემა არ არის. უნდა  განემარტოთ სკოლებსა და სასკოლო საზოგადოებას, მშობლებს, მასწავლებლებს, რომ არ შეექმნათ ილუზია, თითქოს კარგად იმართება სისტემა. არ არსებობს ქვეყანა, ეს დანაკარგები რომ არ ჰქონდეთ დათვლილი და პანდემიის გავლენა განსაკუთრებით დიდია ჩვენი მსგავსი, განვითარებადი სახელმწიფოებისთვის.

რამდენიმე დღის წინ მოვუსმინეთ განათლების სამინისტროს განვითარების ათწლიან სამოქმედო გეგმას, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი გამოწვევებზე. ცოტა არაადეკვატურად გამოიყურებოდა ეს ყველაფერი ჩვენს კონტექსტში, რადგან, ფაქტობრივად, აკადემიური წელი დავკარგეთ და მომავალი სასწავლო წელიც იწყება საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში, სავარაუდოდ, პირისპირ სწავლება კვლავ გარკვეული შეზღუდვებით წარიმართება“.

რეზო აფხაზავა ამბობს, რომ აღნიშნული კვლევა გარკვეული ტენდენციების მაჩვენებელია, თუმცა საჭიროა, სახელმწიფომ უფრო დეტალურად შეაფასოს სასწავლო დანაკარგები, რათა მათ შესავსებად ეფექტიანი და თანმიმდევრული ნაბიჯები დაიგეგმოს.

კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, დაუშვებელია განათლების სფეროსთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების შემცირება. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია სასწავლო დანაკარგის რემედიაციისთვის დამატებითი ფინანსების მობილიზება.

ანგარიშში ვკითხულობთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური უზრუნველყოფის, ასევე, სხვა შესაძლო პარტნიორი სამინისტროების მონაწილეობით უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის შეგროვებისა და მართვის სისტემის გამართული ფუნქციონირება, რათა შესაძლებელი იყოს მოსწავლისა/და სკოლისა და სისტემის დონეზე მონაცემების ანალიზი და მისი გამოყენება სწავლა-სწავლების პრაქტიკის, მოსწავლეთა სოციალური, ფსიქოემოციური და სხვა სახის დახმარების ან საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის გაუმჯობესებისთვის.

ანგარიშის სრულ ვერსიას გაეცანით ბმულზე.