"ცუდი ცხოვრების" ნატიფი ფურცლები

დავით ბუხრიკიძე

ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალი დასასრულს უახლოვდება.

ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის “სიმძიმის ცენტრი” ყოველთვის უკავშირდება პოლიტიკურად და სოციალურად დამუხტულ საფესტივალო პროგრამას. ამიტომაც, სხვა ცნობილი ფესტივალებისაგან განსხვავებით, ფილმები ხშირად მხოლოდ მიზეზია ცხარე დებატების გასამართავად… 21-ე საუკუნის სოციალურ-პოლიტიკური კინემატოგრაფის მრავალფეროვნების, ჭრელი და ამბივალენტური შინაარსის გათვალისწინებით.

უპირველეს ყოვლისა, ეს რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტს ეხება. უკვე ის ფაქტი, რომ რუსეთი არცერთ პროგრამაში არ მონაწილეობს (საკონკურსო პროგრამა, “პანორამა”, “ფორუმი”), ნიშნავს ფესტივალის დამოკიდებულებას ამ ომის მიმართ და ზოგადად, ფესტივალის დირექციის პოლიტიკურ პოზიციასაც. თუმცა რუსი კინოკრიტიკოსების მცირე ნაწილი, ვინც მოახერხა ფესტივალზე აკრედიტაცია, მაინც წუწუნებს ამგვარ „დისკრიმინაციაზე”. არადა, მათი უმრავლესობა უკვე ევროპაში გადმოვიდა საცხოვრებლად და მშვენივრად მიიღეს და შეირგეს დასავლეთის სოციალური და პოლიტიკური მხარდაჭერა.

წლევანდელი ბერლინალეც (პლუს არასაკონკურსო პროგრამა) მეტ-ნაკლებად ასახავს საავტორო კინოს ტენდენციებს და ახალი თაობის რეჟისორებისთვის ლამის იდეალური პლატფორმაა საკუთარი ფილმების საერთაშორისო ბაზარზე წარმოსაჩენად.

ერთ-ერთი მათგანია კანადელი რეჟისორის, მეტ ჯონსონის დოკუმენტური დრამა BlackBerry . სათაური პირდაპირ ითარგმნება როგორც „მაყვალი”, მაგრამ საქმე ეხება ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ კომპანიას ტექნოლოგიებისა და ბიზნესის ისტორიაში – BlackBerry-ს. ამდენად სათაური უფრო ლოგოს აღნიშნავს და არა უბრალოდ სიტყვას.

ფილმი ორი ბიზნესმენის ისტორიას (ინტელექტუალური ნოვატორი მაიკ ლაზარიდისი და „ცუდი წესებით” მოთამაშე ბიზნესმენი ჯიმ ბალსილი) ფაქტობრივად, ახალი ტექნოლოგიის ათვისების პარალელურად გვაცნობს. ეს კლასიკური სქემაა ბიზნეს-გარემოში: პირველმა გამოიგონა და მეორემ კი გაყიდა. ამიტომაც ფირმამ უდიდეს წარმატებას მიაღწია ათი წლის განმავლობაში. თუმცა, როდესაც BlackBerry ახალ კომერციულ სიმაღლეზე ადის, იწყება სმარტფონებს შორის ეკონომიკური ომი, მენეჯერული თუ ფსიქოლოგიური კრიზისები. რაც საბოლოოდ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული კომპანიის დაშლას იწვევს.

მსახიობთა კარგი თამაში და სმარტფონების სამყაროს ცოდნა კომერციული “ექშენმუვის” ფონზე, უფრო ფილმის პლუსად აღიქმება, ვიდრე მინუსად. „ოქროს დათვის” დასაკუთრების შანსი აქვს ჩინელი რეჟისორის, ცჟან ლუს ფილმს “კოშკი ჩრდილის გარეშე”, რომელშიც ხილული მისტიციზმი და რეალობა ერთმანეთს არცთუ ცუდად ერითმება, თუმცა ჩემი აზრით, კრიტიკოსების შეფასება და რეიტინგი გადაჭარბებულია.

ასევე საინტერესოა ესპანელი რეჟისორის, ესტიბალ ურესოლა სოლაგურენის „20 ათასი ჯიშის ფუტკარი“, რომელიც პატარა გოგონას სექსუალური იდენტობის პრობლემას პასტორალურ ფონსა და პოეტურ გარემოს უხამებს.

დიდი ეტლი

ცნობილი ფრანგი რეჟისორის, ფილიპ გარელის ფილმში „დიდი ეტლი” გარელის ლამის მთელი ოჯახი მონაწილეობს – შვილები და დედა. ცხადია, ერთ-ერთი მთავარი გმირის, ფილიპ გარელის (ფილიპ გარელის ვაჟი) გამოჩენას ფესტივალის წითელ ხალიჩაზე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა.

კამერული ჟანრის ფილმი, რომელიც გარელების ოჯახის თოჯინების თეატრის ისტორიას გვაცნობს, ამავე დროს რთულ ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ სიტუაციას გვაცნობს.

ჩემი აზრით, საკონკურსო პროგრამის ყველაზე დახვეწილი და კინემატოგრაფიული ენით გამორჩეული ფილმია პორტუგალიელი რეჟისორის, ხუან კანიხოს „ცუდი ცხოვრება”. ფილმის არქიტექტონიკა, გრძელი, ხანგძლივი და სიღრმისეული კადრები გვახსენებს ანტონიონის 60-იანი წლების კინემატოგრაფს და დავიწყებულ გემოს. ფილმის ნატიფ დრამატულობას ასევე ავსებს კლასიკური მუსიკაც. კერძოდ, ედუარდ ელგარის „იდუმალი ვარიაციები”.

კანიხოს ფილმის ერთგვარ ალტერნატივად შეიძლება სამხრეთ აფრიკელი რეჟისორის, ჯონ ტრენგოფისმანოდრომი“, რომელშიც შესანიშნავი ედრიან ბროუდი ერთ-ერთი რელიგიური სექტის წინამძღოლს ასრულებენ. თუმცა, მისი როლი ფილმში მაინც მეორეხარისხოვანია და არა მგონია რაიმე შანსი ჰქონდეს „ოქროს დათვის” მოსაპოვებლად საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.

კრიტიკოსების აზრით, წარმატების შანსი ასევე აქვს ფრანგი რეჟისორის, ნიკოლას ფილიბერის ნახევრად მხატვრულ და ნახევრად დოკუმენტურ ფილმს „ადამანტი“, რომელიც პარიზის ერთ-ერთი კლინიკაში განვითარებულ მოვლენებს სოციალური მოვლენების ფონზე ასახავს.

ტოტემი

პრესის რეიტინგებში ლიდერობს მექსიკელი რეჟისორის, ლილა ავილესის ფსიქოლოგიური დრამა „ტოტემიც”. ახალგაზრდა, ნიჭიერ მხატვარს დაბადების დღეა აქვს, თუმცა სიმსივნე აქვს და თერაპიის მორიგ კურსს იტარებს. მეგობრები და ახლობლები ყოველმხრივ ცდილობენ იმღერონ, გაართონ და გაამხიარულონ, თუმცა ყველა გრძნობს, რომ ეს მისი ბოლო დაბადების დღეა…

გერმანული პროგრამა საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანია. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო ემილი ატეფის „ერთხელ ყველაფერს მოვუყვებით ერთმანეთს”, რომელშიც ლირიკული თხრობა, შავი იუმორი და თამამი სექსუალური სცენები ერთმანეთს ავსებს. კრიტიკოსებმა ის ლამის ფრანგული „ახალი ტალღის” რეჟისორებს შეადარეს.

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს, ბერლინალეზე უჩვენეს მისი შავ-თეთრი ფილმი „სამი დღე კიბერონში”, რომელიც ლეგენდარული მსახიობის, რომი შნაიდერის ცხოვრების სამ კრიზისულ დღეს ასახავს. ანგელა შანელეკის ფილმი „მუსიკა” წმინდა ინტელექტუალური კინოს რეინკარნაციის მცდელობაა. ეს არის ოიდიპოსის მითის დეკონსტრუქციაც და ბაროკოს მუსიკის გამომსახველობის ერთგვარი „იძულებაც“.ფილმში ჟღერს მონტევერდის, პერგოლეზის და ჰენდელის მუსიკა, რაც ცოტა გამაღიზიანებელია, განსაკუთრებით გასაშიფრი კადრების ფონზე.

კრისტიან პეცოლდის „წითელი ცა” ასევე ინტელექტუალთა გარემოს ასახავს: ახალგაზრდა მწერალი და მისი მეგობარი ქალაქგარეთ, ზღვისპირა აგარაკზე მიდიან, სადაც მწერალს თავისი ახალი რომანის დასრულება სურს. მოულოდნელი ხანძარი ტყეში და დრამატული დასასრული მთლიანად ცვლის უდარდელი, ოდნავ გულგრილი მწერლის ეგზისტენციალურ შეხედულებას. მთავარ როლებს გერმანული კინოს ვარსკვლავები – მიხაელ შუბერტი და პაულა ბეერი ასრულებენ.

საკონკურსო პროგრამა შაბათს, 25 თებერვალს დასრულდება, როდესაც ბერლინის 73-ე საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს” და „ვერცხლის დათვების” მფლობელებს გამოავლენს.