„ადამიანთა ურთიერთობების, პოლიტიკური სისტემის, საზოგადოების წესრიგისა თუ უწესრიგობის ამსახველი თეატრი განსაკუთრებით აქტუალურია დღეს ჩვენთვის, ვინც სამყაროს დასასრულის შემდეგ დავიბადეთ; ვინც შეირაღებული კონფლიქტებისა და დანაშაულის პირისპირ ვცხოვრობთ. კონფლიქტების, რომლებიც ისეთი სისწრაფით ფეთქდება, რომ ყოვლისშემძლე მედიაც ვერ ასწრებს მათზე რეაგირებას…
თუმცა ისინი ძალიან სწრაფად ხდება პრესისთვის უინტერესო და სამუდამოდ ქრება ჩვენი თვალსაწიერიდან. ჩვენ კი, უნიათოები და შეშინებულები, ვგრძნობთ, რომ ხაფანგში ვართ მომწყვდეულები, რადგან დიადი კოშკების აგება აღარ შეგვიძლია – კედლები, რომლის აღმართვასაც ვცდილობთ, არაფრისგან აღარ გვიცავს. პირიქით, ისინი თავად მოითხოვენ ყურადღებასა და დაცვას! ეს წარმოუდგენელ სასიცოცხლო ენერგიას გვართმევს და იმის ძალაც კი აღარ შეგვწევს, რომ ამ კედლებს მიღმა გადავიხედოთ და ადამიანები დავინახოთ”.
ეს ცნობილი თანამედროვე პოლონელი რეჟისორის, კშიშტოფ ვარლიკოვსკის მიმართვის ფრაგმენტია, რომელიც მან საერთაშორისო მედიას თეატრის საერთაშორისო დღეს – 27 მარტს გაუგზავნა. თუმცა თუ განვაზოგადებთ, ადრესატი, ზოგადად, დღევანდელი არტი და არტის სამყარო აღმოჩნდება, რომელიც ასეთი ჭრელი, აჭრილი და დაჭრილი არასოდეს ყოფილა.
დრამატული გადავიტანოთ, ბევრ საგულისხმო დეტალს აღმოვაჩენთ. მაინც, როგორი თეატრალური ზღაპრები და იგავები გამოვძერწეთ 2019 წელს? ლოდივით მძიმე თუ შეუქცევად მსუბუქი და ირონიული? მოვძებნეთ ბალანსი მითებით დამძიმებულ დიდ წარსულსა და ათასგვარი პრობლემით სავსე დღევანდელობას შორის? გაჩირაღდნებული, აკადემიური სცენები უფრო საჭიროა, თუ სადღაც ქვესკნელში ჩაკარგული სარდაფები, სადაც ანდერგრაუნდი სულდგმულობს? როგორ მოვახერხოთ სათქმელის ისე გადმოცემა, რომ დავკარგოთ იუმორი, ხალისი და ამავე დროს, ყოფიერების ასატანი სიმძიმე მორიგ „შეცდომათა კომედიად” არ გადავაქციოთ?
ამ კითხვებს თავისი მკვლევარ-მძევლები ჰყავს განსაკუთრებით ძველ და გამოცდილ არტისტულ ელიტაში, რომლებმაც გაცვეთილი მითების დაკემსვა ვერაფრით შეძლეს. გასული წლის ბოლოს, „ხელოვნების მოღვაწეებმა“ განათლებასა და სპორტს უშნოდ „მიკერებული“ კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფა მოითხოვეს და წერილობით მიმართეს პრემიერ–მინისტრს, პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.
ისინი კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გადაქცევას გულისხმობენ. განცხადებაში, რომელსაც ცნობილი არტისტები და ხელოვანები აწერენ ხელს, ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველია მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურით: „სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტექსპოებზე, კონკურსებსა და სხვა მრავალი უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე”.
სტურუა, ჩხეიძე, შენგელაია, კავსაძე, ღოღობერიძე, რაჭველი და სხვანი აღნიშნავენ, რომ ქართული სახელმწიფოს დღევანდელი მძიმე მდგომარეობა მეტწილად განპირობებულია საზოგადოებაში კულტურის დეფიციტით საზოგადოება განიცდის სულიერ და კულტურულ კრიზისს, მის დაძლევაში კი უმნიშვნელოვანესი წვლილი კულტურამ უნდა შეიტანოს… მოკლედ, წმინდა საბჭოური გამოცდილებით, ინერციითა და ცოდნით ყოფა-ცხოვრება სწადიათ. რაც დღევანელი რეალობის გათვალისწინებით უბრალოდ შეუძლებელია.
კარგად მესმის კულტურის მითოსის მნიშვნელობაც და წარსულიდან მომდინარე ტკივილიანი ფანტომებიც, თუმცა ბიუჯეტს აკიდებული კულტურა გამოსავალი არ არის. ახლებურ და ზეპარტიულ მიდგომებს, რეალობის არტად ქცევას, დამოუკიდებელი არტსივრცეების შექმნას, ახალ მენეჯმენტს და ა.შ. „სხვა ხალხის ჟრიამული“ სჭირდება, რომელიც მხოლოდ წარსულზე, სახელებზე, მითოსზე და სახელმწიფოს ბიუჯეტზე არ იქნება ჩამოკიდებული და რომელიც მომავალში სწორად განსაზღვრავს კულტურის პოლიტიკას. მოკლედ, ლამის მეასედ შევდივართ ერთსა და იგივე მდინარეში, სადაც თევზაობა ჯერ კიდევ აკრძალულია. გასაგებია, რომ ეს სხვა საუბრისა თემაა, რომელიც ხვალ და ზეგ არ დასრულდება.
ახლა უშუალოდ განვლილი წლის არტმიმზიდველობაზე, ანუ კშიშტოფ ვარლიკოვსკის ენაზე რონ ვთქვათ, ვინ და როგორ დაინახა „ადამიანი კედლებს მიღმა“. გასული თეატრალური სეზონის უცნაურობა და მოულოდნელობაც ის იყო, რომ დამოუკიდებელი თეატრალური პრემია „დურუჯი“ მხოლოდ ახალგაზრდა თაობის რეჟისორებს, მსახიობებსა და სცენოგრაფებს ერგოთ. საუკეთესო სპექტაკლად ჟიურიმ ქუთაისის, ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სპექტაკლი „ჰეკაბე“ დაასახელა, რომელიც რეჟისორმა მიხეილ ჩარკვიანმა დადგა.
საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევარი – ახალი ხედვა:
„ანტიმედეა” – რეჟისორი: გურამ მაცხონაშვილისაუკეთესო თანამედროვე ქართული პიესა:
„მარინა რევია “ – ავტორი – ალექსი ჩიღვინიძესაუკეთესო კაცი მსახიობი:
„ბალიშის კაცუნა”– ბიჭკა ჭეიშვილისაუკეთესო დებიუტი:
„ბალიშის კაცუნა “ – რეჟისორი – გეგა გაგნიძე.
სამივე სპექტაკლი ახალი თაობის რეჟისორებმა დადგეს და ეს ბევრის მთქმელი, თუ მაუწყებელია. განსაკუთრებით გეგა გაგნიძის სასტიკი და დოკუმენტური სტილია „ბალიშის კაცუნა“ (თანამედროვე ირლანდიელი დრამატურგის მარტინ მაკდონას პიესა), უნდა აღვნიშნოთ, რომელიც თეატრალური ინსტიტუტის გარაჟში დაიდგა. სპექტაკლი სრულიად მოკლებულია ფსევდოარტისტულობასა და სანახაობრიობას. ეს არის დაუნდობელი და ახალგაზრდული რეაქცია ძალადობის წინააღმდეგ, რომელშიც ცხადია, ჩვენი რეალური მოვლენების გამოძახილიც იკითხება.
ისე მოხდა, რომ ევრიპიდეს ტრაგედია „ჰეკაბე“ პირველად დაიდგა საქართველოში და ბუნებრივია, ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრშიც. თეთრი, ქათქათა ტუალეტი (რატომღაც მხოლოდ მამაკაცთა და არა ქალთა ან შერეული) ის ადგილია, სადაც ანტიკური ტრაგედია უნდა გათამაშდეს. ძალადობა და ომი რეჟისორ მიხეილ ჩარკვიანს ბუნებრივად აქვს ერთმანეთთან დაკავშირებული და გარითმული. ამისათვის მას შორს წასვლა არც სჭირდება – ქვეყნის უახლესი პოლიტიკური ამბები და ტრაგიკული ნიუსები მსუყე მასალას იძლევა სწორედ დღევანდელი განწყობისა და ოდნავ პათეტიკური, მაგრამ კრიტიკული და პუბლიცისტური ინტონაციის შესანარჩუნებლად.
რამდენადაც ანტიკური ტრაგედია უნივერსალური თეატრალური თხრობისა და ფორმის ძიების საშუალებას იძლევა, ყოველი ახალი პიესა თუ მითის ინტერპრეტაცია, მაყურებლის ინტერესს აღძრავს. მით უმეტეს, თუ ეს ჩვენთვის ასე ახლობელ, მედეას მითის ხელახალ გააზრებას უკავშირდება. როდესაც ექსპერიმენტული სულისკვეთებითა და ზრახვებით დაარსებულ „ახალი დრამის ფესტივალზე“ ლაშა ბუღაძის პიესა „ანტიმედეა“ წარმოადგინეს, უფრო გასაგები გახდა ის მნიშვნელოვანი იმპულსები, რომელიც ყოველი ახალი ტექსტის შესაძლებლობას და მის სცენურ „გავრცობა-გაგრძელებას“ უკავშირდება.
აშკარაა, რომ გურამ მაცხონაშვილის „შიშველი ნერვებითა“ და პუბლიცისტიკით შთაგონებული რეჟისურა უფრო სოციალური, პოლიტიკური თუ ფემინისტური დინებებით ნაკვებ თეატრს უკავშირდება; ხოლო ლაშა ბუღაძის ტექსტი აშკარად ირონიული, ზოგჯერ სარკასტული და ენჯეოასოციაციებით არის გაჯერებული… და მაინც, მსახიობების (უპირველეს ყოვლისა მთავარი როლის შემსრულებელი ლილი ხურითი, არჩილ ბარათაშვილი, ანი იმნაძე, ირაკლი გოგოლაძე, თეა კიწმარიშვილი) თამაშის ბრეხტისეული მანერა მნიშვნელოვანი და დასაფასებელია.
გასული სეზონის მნიშვნელოვანი მოვლენა იყო დურუჯის“ ნომინაციების გარეშე დარჩენილი „ჰამლეტის“ პრემიერაც მარჯანიშვილის თეატრში, რადგან ლევან წულაძის სპექტაკლს გამორჩეული ინტერესით ელოდნენ. სად აღარ გვინახავს „ჰამლეტის“ მოქმედება გადატანილ-ატანილ-ჩატანილი, თუმცა ამჯერად რეჟისორმა ლევან წულაძემ ელსინორის სასახლის სამრეცხაო აირჩია!.. ასე რომ, მარჯანიშვილის თეატრში დანია არა მხოლოდ „საპყრობილეა“, არამედ დიდი სამრეცხაოც (სხვათა შორის, სცენოგრაფია და მხატვრობა თავად რეჟისორს ეკუთვნის). სწორედ სამრეცხაოში მასპინძლობენ როზენკრანცი და გილდენსტერნი ჰამლეტს, კლავდიუსს, გერტრუდას, პოლონიუსს, ოფელიას…
ამ ჭუჭყიანი თეთრეულისა და უამრავი გაფუჭებული სარეცხი მანქანის გვერდით იბადება ჰამლეტის ეჭვნარევი ყოფნა-არყოფნის მონოლოგიც, ოფელიას სიგიჟით ნაკარნახევი თუ შთაგონებული ცეკვაც და მამის აჩრდილის ხელის ანაბეჭდიც მინის გამჭვირვალე კარზე. სამრეცხაოში ჩამწკრივებული სარეცხი მანქანების გარდა, მნიშვნელოვანია ვიდეოეკრანი, რომელზეც ხან ჩამავალი ზღვის პეიზაჟი ირეკლება და ხანაც ცეცხლის ენები როკ-მუსიკისა თუ შუბერტის ფონზე.
რეჟისორმა დავით დოიაშვილმა მუსიკისა და დრამის თეატრში გოგოლის „შეშლილის წერილები“ დადგა, სადაც მსახიობ ამირან ამირანაშვილს (მიხელ თუმანიშვილის მოწაფეს) პოპრიშჩინის როლით საკუთარი არტისტული შესაძლებლობის წარმოჩენა სრულად შეეძლო. მით უმეტეს, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში ამირან ამირანაშვილს თეატრში როლი სცენაზე არ უთამაშია.
რეჟისორმა გოგოლის ჩინოვნიკური პეტერბურგი ლამის კაფკაიანური სიცხადითა და გამოუვალობის შერძნებით აღწერა: მისტიკურად ანათებენ მბჟუტავი ფანრები და მთვარე, მოჩანან პაწაწინა სახლები და ქოხები, უცნაური რკინის კონსტრუქცია კი პოპრიშჩინის ფანტაზიით საყვარელ ქალად იქცევა. იქვე, განათებით რამდენჯერმე გამოკრთება გოგოლის პორტრეტიც. სპექტაკლის ყველაზე პოეტური, მგრძნობიარე თუ დრამატული ირონიით გაზავებული სცენები სწორედ სიყვარულის საგნობრივ და ნაივურ მეტაფორებად გადაქცევას უკავშირდება – თუნუქის ტაშტით დაწყებული (რომელიც მყუდრო სახლიცაა, საგიჟეთის რიგითი პალატაც და დედის საშოც), ბანალური ხელის მიქსერით დამთავრებული (პოპრიშჩინისთვის მნიშვნელოვანი წარმოსხვითი მასტურბაციის აქტი).
თეატრალური ფორმების მრავალფეროვნება და კონტრასტი უფრო თვალაჩინოდ წარმოაჩინა საერთაშორისო ფესტივალებმა. თბილისის 2019 წლის ფესტივალის თავისებურება ის იყო, რომ მკვეთრად გამიჯნული აღმოჩნდა აკადემიურ-დრამატული სპექტალებისა და ექსპერიმენტულ-ტექნოლოგიური პერფორმანსების სივრცე. ერთი მხრივ, ჩვენ ვნახეთ კლასიკური, საინტერესო და დრამატული წარმოდგენები და, მეორე მხრივ, უფრო ტექნოლოგიური და სინთეზური ფორმის შოუები, რომელშიც ახალი ტექნოლოგიები იყო გამოყენებული.
პირველი ტიპის სპექტაკლებიდან განსაკუთრებით გამოვყოფთ „ტარტიუფს“ ცნობილი ლიტველი რეჟისორის, ოსკარას კორშუნოვასის ბრწყინვალე მახვილგონივრული, დამცინავი და ზუსტად გათვლილი რეჟისურით. ფაქტობრივად, მან დადგა პოლიტიკური სატირა, რომელმაც მოლიერის კლასიკურ კომედიას სრულიად სხვა განზომილება შესძინა.
ასევე გამოვყოფთ გიუნტერ გრასის ეპიკური რომანის მიხედვით დადგმულ „თუნუქის დოლს”, რომელიც „ბერლინერ ანსამბლის“ სამხატვრო ხელმძვანელმა, ოლივერ რიზემ რომანი პოლიფონიურ მონოსპექტაკლად აქცია. რეჟისორმა, სცენოგრაფმა (დანიელ ვოლენცინი) და ახალგაზრდა მსახიობმა, ნიკო ჰოლონიკისმა მოახერხეს უზარმაზარი ნაწარმოები თითქმის ორსაათიან წარმოდგენაში ჩაეტიათ. ქვიშით შემოსაზღვრულ სამყაროში ჩარჩენილი პატარა ოსკარის მონოლოგი და 30-იანი წლების გერმანიის ინტროსპექციული ხედვა ერთმანეთს თან კვეთს და თან ერწყმის.
უფრო სანახაობრივი თეატრის მოყვარულებს მოხიბლავდა „დონკა: წერილები ჩეხოვს“, რომელიც დიდი რუსი მწერლის თემებზე შეთხზულ თავისუფალ ვარიაციებს უფრო ჰგავდა. ეს უცნაური, მელანქოლიური და ჯადოსნურ-საცირკო ატმოსფეროთი გაჯერებული წარმოდგენა რეჟისორმა დანიელე ფინცი პასკამ დადგა (შვეიცარიელი რეჟისორი, სცენარისტი, ქორეოგრაფი და კლოუნი, რომელმაც 25-ზე მეტი წარმოდგენა შექმნა ლოზანაში, მის მიერ გასული საუკუნის 80-იან წლებში დაარსებულ Teatro Sunil-თან ერთად). „დონკა“ მართლაც განსაკუთრებული სპექტაკლია – ჯამბაზებით, ეკვილიბრისტებით, მუსიკოსებითა და დრამატული მსახიობებით, რომლებიც სცენაზე ხულული, მაგრამ ჯადოსნური ტექნიკით მუშაობენ. ტყუილად როდი უწოდა ფინცი პასკამ თავის თეატრს „რბილი შეხების თეატრი“.
სამაგიეროდ, არავერბალური ან თუ გნებავთ, ცეკვის თეატრის გამოკვეთილი აქცენტები ჭარბობდა მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებში. პირველ რიგში აღვნიშნავთ საფრანგეთში მცხოვრებ სახელოვან ამერიკელ ქორეოგრაფს, კაროლინ კარლსონს, რომლის დასმა სპექტაკლი – „სინქრონულობის გზაჯვარედინზე“ წარმოადგინა. მას აისედორა დუნკანის, მარი ვიგმანისა და პინა ბაუშის პარალელურად მოიხსენიებენ, ხოლო მისი, როგორც ქორეოგრაფის გავლენა თანამედროვეობაზე, ძალიან დიდია. როგორც ერთ-ერთი ფრანგი კრიტიკოსი წერდა, „მან ბევრს ასწავლა სხეულით ფიქრი და საუბარი”.
არანაკლები მნიშვნელობითა და მასშტაბით გამოირჩევა ფრანგი ქორეოგრაფის, მაგი მარენის May B (დიდი ირლანდიელი მწერლისა და დრამატურგის, სემუელ ბეკეტის ინსპირაციით შექმნილი ოპუსი). სპექტაკლი დაახლოებთ ოროცი წლის წინ დაიდგა, თუცა ახლაც დიდ შთაბეჭდილება ახდემს მაყურებელზე და მართლაც უნიკალური მოვლენაა თანამედროვე ქორეოგრაფიის ისტორიაში. თავისი გავლენითა და მნიშვნელობით May B მორის ბეჟარის „ბოლეროს“, მათს ეკის „ჟიზელს“, ან პინა ბაუშის „კაფე მიულერს“ შეიძლება შევადაროთ. ეს არის ქორეოპუსი, რომელიც თითქოს დროის მიღმაა და რომელიც ცხადად წარმოაჩენს სხეულის შესაძლებლობებს და ადამიანის ეგზისტენციას. ამდენად, მაგი მარენის სპექტაკლი გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ისტორიული მნიშვნელობის იყო ქართველი მაყურებლისთვისაც.
2019 წელს საქართველოში კიდევ ერთი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი დაარსდა – ახლახან, ბათუმმა სწორედ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს უმასპინძლა, რომელსაც ასევე A კლასის სტატუსი აქვს და არომელიც ყოველი წლის დეკემბერში გაიმართება. ფესტივალის მიზანია ბათუმის, როგორც თეატრალური ქალაქის წარმოჩენა მსოფლიო სათეატრო რუკაზე; აჭარის რეგიონის ცნობადობის გაზრდა ევროპასა და მთელ მსოფლიოში; საუკეთესო თეატრალური კომპანიებისა და თეატრალურ ხელოვნებაში არსებული სიახლეებისა და ტენდენციების გაცნობა; საერთაშორისო პროექტებისა და კოპროდუქციებისთვის პარტნიორების მოძიების ხელშეწყობა; აჭარის რეგიონში თანამედროვე თეატრალური ფორმების პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესის გამოცოცხლება.
ბათუმის ფესტივალს წელს სტუმრობდნენ როგორც წამყვანი ევროპული დასები, ისე ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ექსპერიმენტული ძიებებით გამორჩეული თეატრები. ცხადია, მნიშვნელოვანი და სიმბოლურია, რომ ფესტივალზე წარმოდგინეს დიდი ტრადიციებით გამორჩეული „ბერლინერ ანსამბლის” სპექტაკლი „მედეა“. მრავალი ევროპული თეატრალური პრემიისა და ჯილდოს მფლობელმა, ცნობილმა გერმანელმა რეჟისორმა მიხაელ ტალჰაიმერმა მედეა ორსართულიან, შავ კედლებსა და ორად გაყოფილ აბსოლუტურად ცარიელ სივრცეში გამოკეტა და ევრიპიდეს ტრაგედია გულწრფელი სისადავით, თეატრალურად უბრალო ხერხებითა და ქალის უფლების დაცვის გათვალისწინებით დადგა. ბათუმის პირველ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდნენ ასევე მსოფლიოში თეატრალური კომპანიები და დასები ესპანეთიდან, იტალიიდან, პოლონეთიდან, რომლებიც საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ შარჩია.
ბათუმის თეატრალური ფესტივალის სლოგანი – „გაიგე და დაინახე მეტი“ უფრო მეტს გულისხმობს, ვიდრე მხოლოდ წარმოდგენების ნახვა ან შეფასებაა. ის რაღაცით კშიშტოფ ვარლიკოვსკის მოწოდებასაც ერითმება, რადგან მეტის დანახვა ნიშნავს, რომ ადამიანი კედლებსა და ჯებირებს მიღმაც დავინახოთ: მაშინაც, როცა მისი პრობლემები საშიშად ხილული, არალეგიტიმური და მძაფრად სოციალურია და მაშინაც, როცა ბედისწერა მას უჩინოს, უხმოს და უხილავს ხდის. თეატრის დანიშნულებაც და არსიც ხომ სწორედ ეს არის.