თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე 7 დეკემბრის კინოჩვენებები ბერლინალეს წლევანდელი გამარჯვებულით – „უიღბლო ჟიმაობა, ანუ გადარეული პორნო“ – გაიხსნა. მოგვიანებით კი გოეთეს ინსტიტუტში ვორკშოპი გაიმართა სახელწოდებით „რა მნიშვნელობა აქვს იმას, თუ სად ჩადის მზე?“, სადაც გადასაღებ მოედანზე დაგროვილ გამოცდილებაზე ისაუბრეს ფილმის – „რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ“ ოპერატორმა ფარაზ ფეშარაქიმ, გამნათებელმა მორიც ფრიზმა და რეჟისორმა ალექსანდრე კობერიძემ. შეხვედრისას კიდევ უფრო ცხადი გახდა, რამხელა ძალისხმევა იდგა ერთი შეხედვით მარტივად დადგმული სცენების უკან, რამდენ დროს ხარჯავდნენ მზის სხივების მოლოდინში. გვიყვებოდნენ იმ კინოზე, რომელიც ფილმზე მუშაობის პროცესში ნახეს -აიზენშტაინიდან ოთარ იოსელიანამდე, მოკლემეტრაჟიანი ირანული ფილმებიდან „ფეოლამდე“ და ა.შ.
საღამოს კი „ამირანში“ სოსო ბლიაძის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ჩვენება გაიმართა. ავტორის წინა ნამუშევრის – კარიკატურული მოკლემეტრაჟიანი სურათის – „ტრადიციის“ ფონზე „ოთარის სიკვდილი“ წინ გადადგმული ნაბიჯი აღმოჩნდა. თუმცა წინა ნამუშევრის მსგავსად ავტორი აქაც ვერ გაურბის ცენტრისა და პერიფერიის ბრტყელ დიქოტომიას. ის, რაც ბლიაძის ახალ სურათს ფესტივალზე ნანახი ბევრი ქართული ფილმისგან გამოარჩევს – იუმორია – რისი დანაკლისიც წელს განსაკუთრებით საგრძნობია. იუმორის დეფიციტი კიდევ უფრო მტკივნეულია, თუკი 2019 წლის ფესტივალის აღმოჩენას – გიგა ლიკლიკაძის „ღორს“ გავიხსენებთ. „ოთარის სიკვდილის“ ნახვა კი სასიამოვნოა მხოლოდ მანამდე, სანამ ფილმში ირონია ტრაგიზმს სჭარბობს, ფსიქოლოგიზმს კი – სიმსუბუქე. ასევე, თუ ფილმის ნახვის შემდეგ აგეკვიატათ აზრი, რომ ანას როლის შემსრულებელი (თაკი მუმლაძე) ვიღაცას გაგონებთ, ეს „ვიღაც“, შესაძლოა, ჯანა პეტრაიტე იყოს, მიხეილ კობახიძის „ქოლგიდან“:
7 დეკემბრის საღამო თაზო ნარიმანიძის „ზამთრის დეპრესიით“ დასრულდა – ერიკ რომერისა თუ ძმები დარდენების ვიზუალური სტილით მოყოლილი ამბით, რომლის პერსონაჟებიც მდარე ლიტერატურის ენით ლაპარაკობენ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სურათი ავტორის დებიუტია და იგი ერთ-ერთ ყველაზე რთულ ამოცანას შეეჭიდა – გადაეღო რომანტიკული დრამატული ფილმი. თაზო ნარიმანიძე ახერხებს ეკრანზე შექმნას რომანტიკული ატმოსფერო, ოღონდ მხოლოდ მაშინ, როცა პერსონაჟები არ ლაპარაკობენ.
ფესტივალის მომდევნო დღე კი გაიხსნა იოაკიმ ტრიერის სურათით „ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე“. ფილმი რამდენიმე თავისგან შედგება და ერთგვარი „მოთხრობების კრებულიც“ შეიძლება ვუწოდოთ – მისი ცალკეული ნაწილები სრულფასოვან მოკლემეტრაჟიან ფილმებადაც მოიწონებდნენ თავს. ნორვეგიელი რეჟისორის ნამუშევარი თავისი ბასრი იუმორით, სევდითა და სითამამით მაყურებელს გულგრილს არ დატოვებს, კარგა ხანს არც მთავარი როლის შემსრულებელი – რენატე რეინსვე დაავიწყდება. ეს დაუვიწყარი მილენიალური კვინტესენცია კიდევ ერთმა კარგმა ავსტიულ-გერმანულმა ფილმმა – „დიდი თავისუფლება“ – შეცვალა. ავსტრიელი რეჟისორი სებასტიან მაიზე იმ დიდ უსამართლობაზე გვიყვება, რომელიც ნაცისტური ბერლინის დაცემის შემდეგ არსადაც არ გამქრალა. იგი ოსტატურად გვიჩვენებს, როგორ გადაიქცევა „კრიმინალიზებული ჰომოსექსუალობა“ „დიდ თავისუფლებად“ ციხის კედლებში და მის გარეთ როგორ გადაითარგმნება რეპრესია სექსუალურ ფეტიშად.
საღამო სალომე ჯაშის დოკუმენტური ნამუშევრით – „მოთვინიერებით“ დაგვირგვინდა. ფილმი იმ სიურრეალისტურ სანახაობაზე მოგვითხრობს, მთელმა ქვეყანამ რომ ვიხილეთ ზღვაზე მოლივლივე გიგანტური ხეების სახით. სალომე ჯაში, რომელიც პროფესიით ჟურნალისტიც არის, ხაზგასმით ამბობს უარს ჟურნალისტურ ცდუნებებზე, ზედმეტ კონკრეტიკაზე – ამ გზით აფართოებს ფილმის ჩარჩოებს, ზრდის მის მასშტაბსა და შრეებს. რეჟისორი არ ღალატობს თავის დაკვირვებით სტილს. ნელი მონტაჟი, ფრთხილად შერჩეული კომპოზიციები და სიზმრისეული ატმოსფერო კი ტრანსცენდენტულობის ისეთ ხარისხს იძლევა, რომ ფილმში ნანახი ხის მოჭრა აღარ არის მხოლოდ ხის მოჭრა, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი, ამოთხრილი ხის გაცილება აღარ არის მხოლოდ გაცილება და ასე უსასრულოდ. თხრობის სტილი და ვიზუალური გამომსახველობა მაყურებელს უფრო სიღრმისეული ჭვრეტისკენ უბიძგებს ან გაუჩენს კითხვებს – დავთმობდი კი საუკუნოვან ხეს ფულის სანაცვლოდ? რატომ გაუცხოვდნენ ადამიანები ხეებთან? ან რატომ დასტირიან ამოთხრილ ხეებს? საერთოდ, რატომ შეიძლება ადამიანს მოუნდეს ხეების ამოთხრა, ან ფლამინგოები შეკვეთილში? რამდენადაც უხერხულად არ უნდა ჟღერდეს – „მოთვინიერება“ მომნუსხველი სილამაზის ფილმია, რომელიც კინოთეატრის გარდა, არსად უნდა ნახოთ.
9 დეკემბერს კი კინოთეატრებში მაყურებელს პოლ ვერჰოვენის ბოლო ნამუშევარი – „ბენედეტა“ ელის, ასევე წლევანდელი კანის კინოფესტივალის ჟიურის პრიზიორი – „აჰედის მუხლი“ (რეჟისორი ნადავ ლაპიდი), ელენე ნავერიანის „სველი ქვიშა“ და სხვა.