დემნა გვასალიამ Balenciaga-ის სახლს 53 წლის შემდეგ მაღალი მოდის კონტურები დაუბრუნა
„რაც დრო გადის, უფრო ხშირად ვსაუბრობ ტანსაცმელზე… დიახ, ტანსაცმელზე, ტანსაცმელზე და არა მოდაზე. მივხვდი, რომ სახლში ორი კვირის განმავლობაში პიჟამას ჩაცმის შემდეგ, ნებისმიერი ტანსაცმელი ფსიქოლოგიურ გავლენას ახდენს ჩემზე. ის ბევრ რამეს მასწავლის, პირველ რიგში გაბედულებასა და ბედნიერების შეგრძნებას. საბოლოოდ, ეს არის მოდის მიზანიც – ტანსაცმელი გარდაქმნას სიახლისა და ბედნიერების კოდებად. ამაში შედის ყოველდღიურობის ელემენტები: სოციალური გარემო, შფოთვა, ყვავილები, ხმაური, მიჯაჭვულობა ციფრულ სამყაროსთან, რომელშიც ვცხოვრობთ“…
ეს დემნა გვასალიას ჩვეული, დამაბნეველი და მოხდენილი ტექსტია, რითაც ის კრისტოფერ ბალენსიაგას სალონში, 1968 წლის შემდეგ მოწყობილ პირველ Haute Couture ჩვენებას ეხმაურება. რამდენიმე დღის წინ, 7 ივლისს, პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გამართული ჩვენება ლეგენდარული ესპანელი დიზაინერის სალონში, აღიქმება როგორც 21-ე საუკუნის გადაძახილი მეოცე საუკუნის 60-იან წლებთან. შესაძლოა, ეს ბალენსიაგას ბრენდის გამოცოცხლების კიდევ ერთი მცდელობაა, რომელსაც დემნა გვასალიამ ახალი სიცოცხლე შთაბერა და რომელსაც ნახევარ საუკუნეზე მეტია „მაღალი მოდის“ ფარგლებში არცერთი კოლექცია არ შეუქმნია.
დემნა გვასალიამ თავისი კოლექცია სრულ სიჩუმეში წარმოადგინა. 20-ინი წლების სალონების ატმოსფერო მან თანამედროვე ფუტურისტულ, ამორფულ და მკაცრ სილუეტებს შეუხამა, რითაც ყურადღება გაამახვილა სამოსის მრავალფეროვნებასა და პერსონებზე. ისინი ბუნებრივად შეიძლება განვიხილოთ დიზაინერის მშფოთვარე სამყაროს თუ ირონიული ინსპირაციის წყაროდ. უმთავრესი მაინც მისი შლეგური სიახლის ბნელი და ნათელი ელფერების განსხვავებაა, რომელშიც მომხრეებიც და მოწინააღმდეგენიც ბევრ საინტერესოს აღმოაჩენენ.
მაინც ვინ შეიძლება იყოს დღეს Haute Couture კლიენტი? „მე საერთოდ არ მომწონს სტანდარტული სილამაზე და მოდელები. დღეს ტანსაცმლის ტარება უმეტესობისთვის ძალიან რთულია, რადგან მოდელებს აქვთ საკუთარი სტილი და დამოკიდებულება. როგორღაც ისეთი პოზა მოირგეს, თითქოს ეს მათ სხეულებში ჩაშენებულია. ხელოვნურობა, სიახლე და ტრადიციის გაელვებები – ეს ისაა, რასაც კულტურა აკეთებს”. ახალი კოლექციაზე, რომელსაც შეზღუდული რაოდენობის მაყურებელი ესწრებოდა (დაახლოებით 60 ადამიანი), დემნა გვასალიამ წარმოადგინა შოუ, რომლის გარემო და ატმოსფერო დაახლოებით ისე გამოიყურებოდა, როგორც ბალენსიაგამ დატოვა ისინი 1968 წელს. „მისი სული ამ კედლებშია“, – ამბობს ქართველი დიზაინერი, რომლის კოლექცია თითქოს ატარებს კიდეც გაუხრწნელი დროისა და მუდმივი ცვლილებების დამღას.
როგორც ძალიან თამამი, ახლებური აზროვნების, გაბედული და ამავდროულად, მოაზროვნე დიზაინერი, ის ცდილობს, გამოიკვლიოს ყოველდღიური გარდერობის შინაარსი – სპორტული სამოსი, ფეხსაცმელი, ქურთუკები, კაპიუშონი, ჩანთები… ეს ყველაფერი აქციოს ყოველდღიურობის და ამავე დროს ფუტურისტული ესთეტიკის სინონიმად. გასული საუკუნის დიზაინერებისგან განსხვავებით, მან არ გამოუცხადა ჯინსის შარვლებს ომი და არც მათთან ჭიდილი აქცია წმინდა ესთეტიკურ კატეგორიად. პირიქით, ტაილანდელი და იაპონიის მომწოდებლების საშუალებით, საუკეთესო ქსოვილის „გასაკეთილშობილებლად“ სწორედ ჯინსის ღილაკები და სხვა მასალები გამოიყენა.
ახალ კოლექციაში არაპროგნოზირებადი ბევრისთვის ისაა, რომ გვასალია ბუნებრივად თარგმნის საკუთარ დივერსიულ იდეებს normcore glamor-ის ესთეტიკურ ენაზე. ყოველდღიური გარდერობის ტროპების დანერგვით ის თამამი სოციალური და ურბანული ჩაცმულობის ჟესტებს აცოცხლებს, რაც თავის დროზე პარიზის მოდის სამყაროში ახლად დამკვიდრებულმა ბალენსიაგამ შემოიტანა. სამეჯლისო კაბების, დიდი, ფერადი ხელჩანთების, უზარმაზარი სვიტერებისა და პიჯაკების წყალობით დემნა გვასალია, გააცოცხლა ქუჩაში დასწავლილი, უდიერი, საგარდერობო სამყარო და დაინახა ისინი მომავლის ესთეტიკურ-უნისექსუალურ პრიზმაში. ეს შესანიშნავი სიმბიოზი აღმოჩნდა, რადგან გვასალიას მუშაობა ყოველთვის ემყარებოდა ორივე პოლუსის კარგ ცოდნას, ერთგვარ სოციოლოგიურ კავშირებს მაღალ მოდის სამყაროსა და ქუჩის ბუნებრიობას შორის.
როგორც ერთ-ერთმა მოდის კრიტიკოსმა თქვა მის შესახებ, „დემნა გვასალიამ შექმნა ახალი არქიტექტურა სხეულის გარშემო და საკუთარი ხელით დაამუშავა ის სქელი, მდიდრული და ბრწყინვალე ატლასით“.