დეპრესიის, ადიქციისა და სიღარიბის ტვირთი ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ პოდკასტების სერიას, რომელიც გაეროს ქალთა ორგანიზაციის პროექტის „სოციალური დაცვის სისტემის ტრანსფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, ქალთა ფონდის საქართველოში მიერ. „ფემინსტრიმის“ მედიაპარტნიორია Publika.ge.

 

ავტორი: ირა სილანტევა 

მენტრალური ჯანმრთელობა და ადიქციები – ეს ის თემებია, რომლებზეც ვისაუბრებ ჩემს პოდკასტებში. მათზე საუბარი რამდენიმე მიზეზმა განაპირობა. პირველ რიგში, როგორც სოციალური მუშაკი საკმაოდ ხშირად ვაწყდები ამ პრობლემებსა და ქვეყანაში სათანადო სერვისების არარსებობის პრობლემას; და მეორე, მე თავად მაწუხებს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები და ადიქციასთანაც არაერთხელ მქონია პირადი ბრძოლა. თუმცა, რამდენად არის ეს ბრძოლები მხოლოდ პირადი საკითხი?

პირველად დეპრესია რომ დამეწყო ალბათ 10 წლამდე ვიქნებოდი.  მახსოვს, როგორ არ ვდგებოდი ხოლმე ლოგინიდან, ვერც ვმეცადინეობდი და უცნაური კითხვები მაწუხებდა… მეგონა, რომ ყველასგან განსხვავებული ვიყავი. ვცდილობდი თანატოლებში მეპოვნა ადგილი, მაგრამ ვერ ვახერხებდი. დედასაც ვერ ვეკითხებოდი, მანაც არ იცოდა რატომ ვიყავი ასე, ან უფრო სწორად არც დრო ჰქონდა, რომ ეპასუხა ჩემს კითხვებზე. მახსოვს, სულ მუშაობა უწევდა რომ გამოვეკვებეთ. მამა არაფრით გვეხმარებოდა, თავის ოჯახს დაუბრუნდა ჩემს გაჩენამდე და მას მერე არც გამოჩენილა. ეპიზოდებად მახსოვს, როგორ განვიცდიდი, რომ სხვა ბავშვებს არ ვგავდი, რომლებიც სულ გამომყოფდნენ და ზოგჯერ არც მემეგობრებოდნენ ხოლმე, ხან იმის გამო რომ ერთი ზომით პატარა ფეხსაცმელი მეცვა და ზომით დიდი „დუბლიონკა”, რომელიც დედამ მიყიდა იმის გათვლით რომ გავიზრდებოდი, მომერგებოდა და რამდენიმე წელი თბილად ვიქნებოდი. სკოლაშიც გამოვირჩეოდი, პირველ რიგში გვარის გამო. თითქმის ყოველ წელს ყოველი ახალი მასწავლებელი გვარის ამოკითხვისას მთელი კლასის თანდასწრებით მეკითხებოდა თუ სადაური გვარი მაქვს. რუსული – ვუპასუხებდი იმის შიშით და იმედით, რომ აქ დასრულდებოდა შეკითხვები, მაგრამ ყველა ჯერზე იმედი მიცრუვდებოდა. ჩემს პასუხს მოსდევდა კითხვა: „და მამა რა გვარია?”

და ყოველ ჯერზე მიწევდა ახლიდან მომეყოლა, რომ მამა არ მყავს. ამას ისევ კითხვები მოსდევდა თუ რატომ არ მყავს მამა, სხვა ოჯახი აქვს? მიგატოვათ? ააა, დედაშენი რუსია? ერთხელ ისიც გავიგე როგორ ეუბნებოდა ერთი მასწავლებელი მეორეს – ეტყობა რუსი „ნაშა“ დაითრია იმ კაცმა და მერე ცოლად ხომ არ მოიყვანდა? ხო იცი ეგენი როგორები არიანო.

ყველაზე მეტად ზაფხულებს ვერ ვიტანდი და დღემდე ვერ ვიტან. ერთმა ფსიქიატრმა სეზონური დეპრესიის დიაგნოზი დამისვა. თითქოს ჩემი სხეული ზაფხულის დადგომასთან ერთად უმოქმედო ხდებოდა ისე, რომ ვერც ვაცნობიერებდი რატომ. არც არავინ იყო რამე რომ აეხსნა.

არადა, ზაფხულები მარტოობის სეზონი იყო; ყველა ჩემი მეგობარი ზღვაზე მიდიოდა, ჩვენ კი არასოდეს გვქონდა ფული რომ სადმე დასასვენებლად წავსულიყავით. დედას სამსახურიც იკეტებოდა ხოლმე მაგ პერიოდში და ბედისა და სახელმწიფოს შემწეობის ამარა ვრჩებოდით – თვეში 6 ლარი, ამდენად აფასებდა სახელმწიფო მარტოხელა დედის ამაგს.

დეპრესიის შემდეგი ეპიზოდი თინეიჯერობაში დამემართა – 15-16 წლის ასაკში. ამ ეპიზოდს თან ბულემიაც დაერთო. მახსოვს რომ მთელი ზაფხული სახლიდან არ გავდიოდი, მხოლოდ ტელევიზორისთვის შემეძლო მეყურებინა და უზომოდ ბევრი მეჭამა და შემდგომ საკუთარ სხეულსა და რეალობაზე გული ამერია.

პირველად 19 წლის ვიყავი, როდესაც ნევროლოგთან მიმიყვანეს. იმ კაცმა ჩემი მოსმენის შემდგომ ხელები გაასავსავა და ნეიროლეპტიკები დამინიშნა, თან მეუბნებოდა, პატარა გოგო ხარო, რატომ ხარ მასეო, ცოტა თავს შემოუძახეო, სიცოცხლით სავსე უნდა იყოო და არა ასე, როგორც ახლა ხარო. მახსოვს მეგობრებს რომ ვუთხარი, წამლები დამინიშნეს-თქო, ამრეზილად და ეჭვის თვალით დამიწყეს ყურება. თავი გიჟი მეგონა და ვფიქრობდი რომ საგიჟეთში გამომკეტავდნენ. მენტალურ დაავადებებზე ხომ ყველას პირზე დუჟმორეული და ჭკუიდან გადასული ადამიანები გვახსენდება, რომელთა არცერთი სიტყვა არ დაიჯერება, რომლებიც ყველასთვის საშიშები არიან და რომელთა ადგილი საზოგადოებაში არ არის. მეც მასე ვამბობდი ადრე, ან რა არის გასაკვირი საზოგადოების მხრიდან ასეთ დამოკიდებულებაში; თუკი დღესაც  სახელმწიფოს არ აუღია თავისი პასუხისმგებლობა. არცერთი უწყების მხრიდან არ განხორციელებულა თუნდაც ცნობიერების ამაღლების კამპანიები ამ საკითხებზე. მეინსტრიმული მედია ამ საკითხებს ან საერთოდ არ აშუქებს, ან უმეტესობა სენსაციაზე ორიენტირებულად აშუქებს. სათანადო სამედიცინო სტაციონარებისა და სერვისების ხელმისაწვდომობა მხოლოდ მდიდართა პრივილეგიაა, ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრისას ძალიან უნდა გაგიმართლოს რომ შესაბამისი დახმარება მიიღო და იქიდან გამოსვლისას თუნდაც კიდევ უფრო სტიგმატიზირებული და საკუთარ თავზე გულარეული არ გამოხვიდე.

მახსოვს, რომ ჩემი ადიქცია დაახლოებით 19-20 წლის ასაკში დაიწყო. თავიდან ის უბრალოდ სოციალური ხასიათის იყო. როდესაც მეგობრები ვიკრიბებოდით რამდენიმე ჭიქა ლუდს დავლევდი ხოლმე, რომ უკეთ შემძლებოდა სოციალიზაცია; თითქოს ჩემი შინაგანი ხმა, რომელიც საზოგადოების ექოდ ჩამესმოდა მთელი ცხოვრება,  რომ განსხვავებული და არასასურველი ვიყავი ჩუმდებოდა და ცოტა ხანს მაინც შემეძლო მხიარულად ვყოფილიყავი.

შემდგომ სხვადასხვა ნივთიერებების, ძირითადად ალკოჰოლის მიღება თავდაცვის არაჯანსაღ მექანიზმად ჩამომიყალიბდა. ამას განსაკუთრებით 2013 წლის 17 მაისის დარბევის შემდგომ მივხვდი. იმდენად არ მინდოდა ამ რეალობაში ყოფნა, რომ სტრესთან, საყოველთაო სიძულვილისა და ფიზიკური ძალადობის შიშით გამოწვეულ დაძაბულობას მხოლოდ ალკოჰოლი მიხსნიდა. მაშინ ამას სერიოზულ საფრთხედ არ აღვიქვამდი, რადგან ჩემს გარშემო ყველა ალკოჰოლს ეტანებოდა. მაშინ ვერ ვაცნობიერებდი, რომ იმ პერიოდის დაძაბულობის ფონზე ეს ყველასთვის ყველაზე იაფი, ხელმისაწვდომი და კულტურულად წახალისებული  თავდაცვის მექანიზმი იყო.

შემდგომ წლებში სიმპტომატიკა უფრო დამიმძიმდა და წელიწადში ერთხელ პატარ-პატარა დეპრესიული ეპიზოდები მქონდა, რომლის დროსაც სიცოცხლის ხალისს ვკარგავდი, ვეღარაფერში ვხედავდი აზრს, ვეღარც მეძინა, ვერც ვჭამდი. თავი სრულიად „ლუზერი” და უსარგებლო მეგონა. ჩვენ, ქალებს ხომ ისედაც არასრულყოფილ არსებებად გვზრდიან. ისეთ სტანდარტებს გვიწესებენ, რომლებსაც მხოლოდ ფოტოშოპით დამუშავებული ვოგის გარეკანიდან გადმოსული სუპერმოდელი თუ დააკმაყოფილებს, ისიც მხოლოდ ჟურნალის გარეკანზე.

იმ პერიოდში მეგონა, რომ ჩემს საოცნებო სამუშაოზე ვმუშაობდი. როგორც იქნა იმ უსამართლობებისა და მათით გამოწვეული ბრაზისთვის შემეძლო სახე მიმეცა და სხვებს დავხმარებოდი. თუმცა, რეალობა სხვანაირი აღმოჩნდა. სინამდვილეში მიწევდა დღეში 8 საათი მუშაობა, მაგისტრატურაში სწავლა და დამატებით პროექტზე მუშაობა, რომელსაც 8-საათიანი სამუშაო საათების შემდგომ კიდევ 4-6 საათს ვუთმობდი, ანაზღაურება კი (რომელზეც არც კი მკითხეს აზრი) იმდენად მიზერული იყო, რომ თავიდან ხუმრობა მეგონა. რამდენიმე თვეში უბრალოდ გადავიწვი. ისეთი ძლიერი შფოთვები მქონდა რომ ვეღარაფერს ვაკეთებდი. ვხვდებოდი, რომ ძილისა და სწავლის დრო არც კი მრჩებოდა. როდესაც ხელმძღვანელებს მივმართე თხოვნით, რომ ოფისიდან ღამის 12 საათზე გასულს იქნებ საპატიოდ ჩაეთვალათ მეორე დღეს დაგვიანება, მიპასუხეს რომ ჩემი ძირი ხელფასი იმ 8 საათში მეხდება, რომელსაც ოფისში ვატარებ, ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ დამატებით (მიზერულ) ანაზღაურებას ვიღებ, ვალდებული ვარ, რომ ოფისში ვიყო და დაგვიანების შემთხვევაში შესაძლოა ხელფასიც კი ჩამომაჭრან. ასევე არაერთმნიშვნელოვნად მიმანიშნებდნენ, რომ თუ არ მომწონდა პირობები შემეძლო წავსულიყავი. სამწუხაროდ, არც წასასვლელი მქონდა სხვაგან და ისედაც ნაცარტუტად ქცეული თვითშეფასებაც არ მიწყობდა ხელს, რომ რამენაირად შევწინააღმდეგებოდი, მაშინ როდესაც თვალწინ მქონდა იმის მაგალითები თუ როგორ მიდიოდნენ ჩემი თანამშრომლები და შემდგომ, როგორ ხდებოდა მათი სხვა კოლეგებთან „გაშავება”. ამ პერიოდში იმდენად დავმძიმდი, რომ სწავლასაც დავანებე თავი. მახსოვს, დილით ლოგინიდან სხეულის დაძვრა მიჭირდა და დილიდანვე მეწყებოდა შფოთვა, რომ რაღაცას არასწორად ვაკეთებ, რომ საკმარისად კომპეტენტური არ ვარ, რომ საკმარისად ლამაზი არ ვარ, საკმარისად ჭკვიანი არ ვარ. თითქოს მოჯადოებული წრეში ვიყავი საიდანაც გამოღწევა წარმოუდგენელი იყო.

პირველი სერიოზული კლინიკური დეპრესიის ეპიზოდი 2018 წლის 18 მაისს დამემართა. წინა დღეს განცდილი სტრესი, დემონსტრაციის გაუქმება, ფიზიკური ძალადობის საფრთხე, თანამოაზრეებთან და არა მხოლოდ, დაპირისპირება…

18 მაისს ჩემმა სხეულმა და ფსიქიკამ უბრალოდ უარი თქვა ლოგინიდან წამოდგომასა და ფუნქციონირებაზე. ერთადერთი, რაც მაშინ მეხმარებოდა ალკოჰოლი იყო. დალევის გარეშე უბრალოდ ვერ ვფუნქციონირებდი. რამდენიმე დღეში მივხვდი, რომ დახმარება მჭირდებოდა და პირველად მივედი გლდანის ფსიქიატრიულში. ფსიქიატრმა უკვე მოძველებული დიაგნოსტიკური ტესტი ჩამიტარა და კლინიკური დეპრესიის დიაგნოზი დამისვა. უამრავი წამალი დამინიშნა. იმ დღიდან მეც იმ გიჟების სიაში ვიყავი, რომლებისაც აქამდე მეშინოდა და საერთოდაც ვფიქრობდი, რომ ჭკუა და აზრი არ მოეკითხებოდათ. მახსოვს, როგორ მრცხვენოდა ამ ამბის გამხელის მეგობრებისთვისაც კი. მეგონა, რომ ამ დიაგნოზის მერე ადეკვატურად აღარ აღმიქვამდნენ. სულ მახსოვდა ერთხელ, ახლა უკვე ჩვენს რეალობაში საკმაოდ ცნობილმა ფსიქოლოგმა, როგორ უთხრა ერთ-ერთ ბენეფიციარს ჩემი თანდასწრებით მის შფოთვითი აშლილობის დიაგნოზზე: „კარგი, ნუ ღელავ, არაა ეს ისეთი დიაგნოზი, დეპრესია ხომ არ გიწერია, სამომავლოდ სამსახურის შოვნაში და კარიერაში არ შეგიშლის ხელსო“.

სულ ეს სიტყვები მიმეორდებოდა თავში, თითქოს რაღაც საშიში დიაგნოზი მქონდა, რომელიც უნდა დამემალა, რადგან ამის შემდგომ სერიოზულად აღარავინ აღმიქვამდა.

საქმე იმაშია რომ მენტალურ დაავადებებს მხოლოდ სამედიცინო განზომილება არ აქვს. დღევანდელ ფსიქიატრიაში დიაგნოზები, მათ შორის დეპრესია, ფოკუსირებულია იმ კონკრეტულ დროში, იმ კონკრეტულ სხეულებრივ კონდიციაზე. დეპრესიის შემთხვევაში ფსიქიატრი გეტყვით, რომ თქვენი ტვინი არ გამოიმუშავებს საკმარის სეროტონინს, ფსიქოზის შემთხვევაში – რომ თქვენი ტვინის ნეირონები არასაჭირო კავშირებს ამყარებენ და მრავალი სხვა. მაგრამ, ფსიქიატრია ნაკლებადაა ფოკუსირებული მენტალური დაავადებების სოციალურ, ეკონომიკურ, გენდერულ თუ სხვა ასპექტებზე. ქვიარ ადამიანები, ქალები, შშმ პირები, ეთნიკურად არადომინანტი ჯგუფები უფრო მეტად ვართ მოწყვლადები როგორც ამ ნიშნით ჩაგვრებისადმი, ასევე იმ  ეკონომიკური სისტემისადმი, რომელშიც ვცხოვრობთ.

დღეს არსებული კაპიტალისტური სისტემის მთავარი ამოსავალია დამოუკიდებელი ინდივიდი, რომელიც კონკურენტუნარიანი უნდა იყოს სხვა კონკურენტუნარიანი ინდივიდების მიმართ. მან ბევრი უნდა იშრომოს, უნდა დააკმაყოფილოს დამსაქმებლების მოთხოვნები, უნდა აჯობოს სხვებს იმისთვის, რომ გახდეს წარმატებული, რომ ბევრი ფული იშოვოს და შეიქმნას საოცნებო ცხოვრება. აი ისეთი, ჰოლივუდურ ფილმებში რომ არის; იქნებ ოდესმე საკუთარი დენდროლოგიური პარკიც კი გააშენოს და თავმომწონედ გადახედოს სხვა ოლიგარქებს, მას ხომ მთელი ქვეყანა უპყრია ხელთ. სინამდვილეში ეს არის კაპიტალისტური ლოგიკით ნაკარნახევი ვარდისფერი ტყუილი. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ ამ ლოგიკაში არ არის არც თანაბარი სასტარტო პირობები, არც ისეთ ფუნდამენტურ უფლებებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, როგორიც არის ჯანდაცვა, განათლება, ღირსეული შრომითი ანაზღაურება, საცხოვრისი და ფიზიკური უსაფრთხოებაც კი, ხოლო ერთეული წარმატებული ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს ჰოლივუდური ოცნების ასრულება ეს არა პირადი შრომის, არამედ იმთავითვე უკვე არსებული პრივილეგიის ხარჯზე მოახერხეს. ამ სისტემაში ჩვენ ყველანი ვიჩაგრებით რადგან არ გვაქვს ბაზისური სერვისები და უფლებები, თუმცა ზოგიერთები უფრო მეტად.

არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ასე გაიზარდა დეპრესიის, ადიქციებისა და სხვა მენტალურ დაავადებათა რიცხვი, რადგან შეუძლებელია ადამიანის ფსიქიკამ გაუძლოს ამდენ უსამართლობას, ჩაგვრას, ფიზიკურ თუ სტრუქტურულ ძალადობას, არაადამიანურ შრომას, გაჭირვებას, რომლებშიც ეს სისტემა ისევ და ისევ ჩვენ გვადანაშაულებს.