დიდი პოლიტიკური ექსპერიმენტის პირისპირ

იაგო კაჭკაჭიშვილი

რა მოცემულობით ხვდება ოქტომბრის არჩევნებს საქართველო?

„ქართული ოცნება”, პირადად ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს საზოგადოებას უტარებს ექსპერიმენტს.

რაში მდგომარეობა ამ ექსპერიმენტის არსი?

არის თუ არა ლიბერალური დემოკრატიის ფასეულობები, რომლისკენაც, წინააღმდეგობრივი გზებით, მიემართებოდა ქვეყანა დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ (1991 წელს), გარედან თავსმოხვეული, ადამიანთა ცნობიერებაში ზემოდან ჩანერგილი (ან „ჩატენილი“) პარადიგმები, თუ ესაა შინაგანი (ინტერნალიზებული) ღირებულებები, როგორც ადამიანთა ცხოვრების წესის ორგანული ნაწილი?

ანუ, მოკლედ რომ ვთქვათ, დასავლური ლიბერალური კულტურა უცხოა ქართული საზოგადოებისთვის და მასზე ძალადობის შედეგია, თუ ეს კულტურა შინაური კულტურაა?

პირველ რიგში ვთქვათ, რა ღირებულებებზეა საუბარი?

ესენია:

  • პოლიტიკური ძალაუფლების მრავალფეროვნება (ანუ, მარტივად, მრავალპარტიულობა)
  • სეკულარიზმი 
  • ანტიჰოლიზმი (ანუ, ხელისუფლების კონტროლისგან თავისუფალი ინსტიტუტები, როგორებიცა სსო-ები და კრიტიკული მედია)
  • ევროატლანტიკური ორიენტაცია
  • ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ქსენოფობიის უარყოფა
  • არაფორმალური გზების (კორუფციისა და ნეპოტიზმის) დელეგიტიმაცია (დეკონსტრუქცია)

ხელისუფლებამ თითქმის ყველა ეს ღირებულება უარყო (ზოგი ლატენტურად და ზოგიც – აშკარად) და იმედი აქვს, რომ საზოგადოების უმრავლესობის მხარდაჭერას მოიპოვებს, ანუ ხელისუფლება გულწრფელად ფიქრობს და პრინციპულად უშვებს იმას, რომ საზოგადოებაში ლიბერალური ღირებულებები არაპოპულარული და გარედან თავსმოხვეულია.

რას უპირისპირებს ხელისუფლება ლიბერალური ღირებულებებს? ის არ მიმართავს რევოლუციურ პოლიტიკას და არ ცდილობს, ლიბერალური ღირებულებები პირდაპირ ჩაანაცვლოს ანტილიბერალურით.

ხელისუფლებამ წინა პლანზე წამოსწია ჩამნაცვლებელი, პოტენციურად პოზიტიური შინაარსის, თუმცა, არსებითად, ნეიტრალური ღირებულებები და ცდილობს, მათი მეშვეობით გაატაროს მემარჯვენე პოპულისტური და, საბოლოო ჯამში, ანტილიბერალური პოლიტიკა. 

რომელია ეს ჩამნაცვლებელი ღირებულებები?

  • მშვიდობა
  • გამჭვირვალობა
  • თვითმყოფადობა

პირველ რიგში ვთქვათ, რატომაა მშვიდობა, გამჭვირვალობა და თვითმყოფადობა არსებითად ნეიტრალური ღირებულებები. სამივე ე.წ. ფონური ღირებულებებია, რომლებიც შეიძლება შეიწოვოს როგორც ავტორიტარულმა, ისე დემოკრატიულმა რეჟიმებმა. კერძოდ:

  • მშვიდობას უზრუნველყოფს ჩრდილო კორეაც და ევროკავშირის ქვეყნებიც. 
  • საინტერესოა გამჭვირვალობის ფენომენიც: დემოკრატია, მაგალითად, პატივს სცემს კონფიდენციალობის პრინციპს, რომელიც პერსონალური მონაცემების დაცვაზე გადის. კონფიდენციალობა პროფესიული ეთიკის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპია ბევრ სფეროში (მედიცინა, სოციალური პოლიტიკა, სოციალური კვლევა და სხვ.). ხოლო, კონფიდენციალობა, თავის მხრივ, გამჭვირვალობას ეწინააღმდეგება. პირიქით, ავტორიტარულ რეჟიმებში გამჭვირვალობა შეიძლება პიროვნების გარიყვის და მისი სოციალური თუ ფიზიკური (თვით)მკვლელობის წყაროც გახდეს (მაგალითად, პირადი ცხოვრების გასაჯაროება).
  • თვითმყოფადობას პატივს სცემს იაპონიაც და თალიბანის რეჟიმიც ავღანეთში.

ამრიგად, არც ერთი ეს ჩამნაცვლებელი ღირებულება არ გამოდგება წყალგამყოფად დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. 

აქვე, ხელისუფლების მიერ დასახელებულია ძალები, რომლებიც ამ ჩამნაცვლებელი ღირებულებებს ებრძვიან: 

  • ე.წ. „გლობალური ომის პარტია“
  • ე.წ. „კოლექტიური ნაცმოძრაობა“

ეს ორივე წარმონაქმნი (სახელდება) სინამდვილეში პოლიტიკური სიმულაციაა და სიმულაკრის ყველა ნიშანს ატარებს: ა) არ გააჩნია ემპირიული ინდიკატორები (მაჩვენებლები); ბ) მხოლოდ კონოტაციური მნიშვნელობის მატარებელია (ანუ, ემოციური შინაარსი აქვს და არა – ობიეტური); გ) შესაბამისად, რეალობის მიხედვით კი არ არის შექმნილი, არამედ თავად ქმნის ახალ, ვირტუალურ, ხელოვნურ (სინთეტიკურ) რეალობას. (მაგალითად, ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ პასუხობს შეკითხვას, კონკრეტულად ვინ არიან გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები; ან, აბსოლუტურად ბუნდოვანია, რატომ მიეკუთვნება, ვთქვათ, გახარიას პარტია კოლექტიურ ნაცმოძრაობას).

ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ:

  • „მშვიდობის“ ნეიტრალური ღირებულება „ჭამს“ ისეთ ლიბერალურ ღირებულებებს, როგორებიცაა: ა) ევროატლანტიკური ორიენტაცია და ბ) პოლიტიკური ძალაუფლების მრავალფეროვნება;
  • „გამჭვირვალობის“ ნეიტრალური ღირებულება „ჭამს“ ისეთ ლიბერალურ ღირებულებას, როგორიცაა ანტიჰოლიზმი;
  • „თვითმყოფადობის“ ნეიტრალური ღირებულება „ჭამს“ ისეთ ლიბერალურ ღირებულებებს, როგორებიცაა: ა) სეკულარიზმი; ბ) ჰომოფობიის, ტრანსფობიისა და ქსენოფობიის უარყოფა და გ) არაფორმალური გზების (კორუფციისა და ნეპოტიზმის) დელეგიტიმაცია (დეკონსტრუქცია).

აღწევს თუ არა წარმატებას ხელისუფლება ამ პარადიგმატული ცვლილებების გზაზე?

მოგიყვანთ საზოგადოებრივი აზრის კვლევის რამდენიმე შედეგს:

  1. აგვისტოს ბოლოს ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (56.1%) ეწინააღმდეგება ხელისუფლების მიერ მიღებულ კანონს უცხოური გავკლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების შესახებ (42.3% – ძლიერ ეწინააღმდეგება, ხოლო 13.9 – მეტ-ნაკლებად). კანონის მიღებას ემხრობა 33.5%. 
  2. ყველაზე აქტუალური პრობლემებად სახელდება: მაღალი ფასები, უმუშევრობა, სიღარიბე, დაბალი ხელფასები, ქართველების ემიგრაცია. ლგბტ თემის გავლენას პრობლემად ასახელებს მხოლოდ 3.9%. რუსეთთან ომის საფრთხეს პრობლემად ასახელებს 4%.

საინტერესოა 2 დეტალი: 

ა) მშვიდობის შენარჩუნების პრობლემას რესპონდენტები პრობლემათა სამეულში ასახელებენ მაშინ, როდესაც სპონტანურად ასახელებენ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებს, თუმცა, თუ რესპონდენტებს პრობლემათა ჩამონათვალს მიაწოდებ და იქედან სთხოვ, რომ ამოირჩიონ, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები პრევალირებს და მშვიდობის თემა უკანა პლანზე გადადის. ეს ნიშნავს, რომ მშვიდობის შენარჩუნება ესაა ხელისუფლების მიერ ხელოვნურად პედალირებული თემა, რომლითაც მუდმივად ხდება ადამიანთა ცნობიერების გაღიზიანება, თუმცა, როგორც კი ამ პრობლემას სოციალურ პრობლემებთან კონკურენციაში ჩააყენებ, მისი სიმწვავე მნიშვნელოვნად იკლებს. 

ბ) მსგავსად ამისა, ლგბტ პროპგანდის წინააღმდეგ ბრძოლას უფრო მეტად აქვს პასიური, ვიდრე აქტიური ეფექტი. ანუ, ეს არ არის ის საკითხი, რომელიც საქართველოს მოსახლეობას ორგანულად აწუხებს. შესაბამისად, ანტი ლგბტ კანონის ინიცირება ამომრჩევლებში ქართული ოცნების არჩევის ძირითად მოტივატორად ვერ გამოდგება, თუმცა, მეორე მხრივ, ელექტორალურად აუცილებლად დაზარალდებიან ის პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ლგბტ თემის უფლებებს ისე დაიცავენ, როგორც ეს ღირსეულ დემოკრატიულ გარემოს ეკადრება.

  1. საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა (80%-ზე მეტი) კვლავ მომხრეა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების, რუსეთს ასახელებს ქვეყნის #1 მტრად, ხოლო ქვეყნის უსაფრთხოების ძირითად გარანტად მიიჩნევს დასავლეთთან ინტეგრაციას. და ეს იმ ფონზე, როდესაც ხელისუფლებისგან და სახელისუფლო პროპაგანდისტული მედიებიდან ამის საპირისპირო მესიჯები ისმის ლამის ყოველდღიურად. ანუ, მცდელობის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაანგრია რუსეთის როგორც ოკუპანტის (შესაბამისად, ქვეყნის მტრის) ხატი და ვერ დასავლეთის დემონიზება მოახდინა.

ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილის მიერ პროვოცირებული ექსპერიმენტი იმ შედეგებზე ვერ გადის, რაც საქართველოში ანტილებარალური და მემარჯვენე-პოპულისტური ავტორიტარიზმის გამყარებას შეიძლება მოხმარდეს. 

ეს აისახება პოლიტიკურ რეიტინგებზეც: ბევრი გამოკითხვის მიხედვით, ქართული ოცნების პოლიტიკური წონა მაქსიმუ 35-37%-ს აღწევს, რაც აჩენს მოლოდინს, რომ ოქტომბრის შემდეგ საქართველოს ეყოლება პროსავლური პარტიების კოალიციისგან შემდგარი ხელისუფლება.