„დირექტორმა საათები წამართვა ...“

პუბლიკა

„2010 წლიდან ვარ ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული პედაგოგი; 3 წლის განმავლობაში მქონდა 20 საათი. წელს ავიღე მეორე სერტიფიკატი ხელოვნებაში, ჩართული ვარ პროფესიული განვითარების სქემაში. ჩემდა სამწუხაროდ, დირექტორმა წამართვა 5 საათი და აძლევს არასერტიფიცირებულ, პენსიონერ მასწავლებელს. როცა ვთხოვე ხელოვნების საათებით 18 საათის შევსება, ამაზეც უარი მივიღე. ხელოვნების საათები განაწილებული აქვთ არასერტიფიცირებულ, პენსიონერ მასწავლებლებს. ჩემ გარდა, სერტიფიკატი არ აქვს არცერთ მასწავლებელს. დამეხმარეთ! სად ვიპოვო სამართალი?“ – ეს სტატუსი ერთ-ერთი საჯარო სკოლის პედაგოგს ეკუთვნის.

სოციალურ ქსელში არაერთი ჯგუფია, რომლებსაც მასწავლებლები პროფესიული განვითარებისა და სკოლის ცხოვრებასთან დაკავშირებულ ამბებზე სასაუბროდ იყენებენ.

ამ ჯგუფებში ხშირად ნახავთ მსგავსი შინაარსის პოსტებს – საათების განაწილების პროცესის გამო გაბრაზებული, გულმოსული მასწავლებლები სამართალს ეძებენ.

საათების განაწილების მექანიზმის ბოროტად გამოყენების პრაქტიკაზეა საუბარი კვლევაში, რომელიც სკოლების პოლიტიზების პროცესს შეეხება და მიმოხილულია ის მექანიზმები, რომლებსაც სასკოლო სისტემაში ადმინისტრაცია სამოქალაქო თუ განსხვავებული პოლიტიკური პოზიციის საჯაროდ გამოხატვის გამო პედაგოგების დასჯის ბერკეტად იყენებს.

საათების განაწილების პრაქტიკაზე საუბრისას რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ აკადემიური წლის დასაწყისში დატვირთვის განაწილება სკოლებისთვის მტკივნეული პროცესია, ახალისებს კონკურენციის არაჯანსაღ ფორმებს და ანგრევს სკოლებში თანამშრომლობით კულტურას.

როგორ ნაწილდება მოქმედი წესით საათები

დატვირთვა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, მასწავლებლის შემოსავლის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია. სწორედ ამიტომ მეტი საათის მიღება მასწავლებლის მთავარი მიზანი ხდება, რის გამოც, ექსპერტთა შეფასებით, ხარისხის თემა უკანა პლანზე იწევს.

ყოველი წლის დასაწყისში სკოლა ვალდებულია, ახალი სასკოლო სასწავლო გეგმა შეიმუშაოს და დააზუსტოს საათობრივი დატვირთვა.

საჯარო სკოლა სასკოლო სასწავლო გეგმას მასწავლებლების/კათედრებისა და დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და სამეურვეო საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.

მოქმედი კანონმდებლობით, საჯარო სკოლა ვალდებულია, სასკოლო საათობრივი ბადით გათვალისწინებული საათები პირველ რიგში კონკრეტული საგნის უფროს/წამყვან/მენტორ მასწავლებლებს გაუნაწილოს და კონკრეტულ საგანში სრულ დატვირთვამდე შეუვსოს.

პედაგოგები წუხან, რომ ხშირად საათობრივი ბადის შედგენაში დირექტორები კათედრებს, ანუ მასწავლებლებს არ რთავენ და გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებენ, რის გამოც ბუნდოვანია და არაა ცხადი, რომელი კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას.

ნაკლები დრო თვითგანვითარებისთვის…

თანამშრომლობითი გარემოს დაზიანება; თვითგანვითარებაზე ნაკლები ზრუნვა; უსამართლობის განცდა – საათების განაწილების არსებული პრაქტიკა სასკოლო სისტემას არაერთ პრობლემას უქმნის განვითარების გზაზე.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია ამბობს, რომ ანაზღაურების საათობრივი სისტემა პედაგოგებს უბიძგებს, რაც შეიძლება მეტი საათი ჰქონდეთ, რის გამოც თვითგანვითარებისთვის დრო აღარ რჩებათ.

„მასწავლებლების საათობრივ ანაზღაურების სისტემას ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი აქვს: განაწყობს მასწავლებელს, რაც შეიძლება მეტი საათი ჰქონდეს. ეს, ძირითადად ქალაქებში, იწვევს მასწავლებლების გადატვირთვას გაკვეთილებით, რაც მათ ნაკლებ დროს უტოვებს ამავე გაკვეთილებისთვის მომზადების, თვითგანვითარებისა და მოსწავლეებისთვის უკუკავშირისთვის. მეორე პრობლემა, რაც ამ სისტემას აქვს, არის ის, რომ მასწავლებლებს არასწორ სიგნალს უგზავნის – თითქოს მხოლოდ გაკვეთილის ჩატარებაა, რაც მათ უნაზღაურდებათ და არა სხვა მრავალი საქმიანობა, რაც მასწავლებლობისთვის ჩვეულებრივი საქმეა. მაგალითად, მოსწავლეების დავალებების გასწორება, კოლეგებთან თანამშრომლობა, სკოლის განვითარებაზე ზრუნვა და სხვ.“ – ამბობს განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია.

მისივე თქმით, საქართველოში რამდენჯერმე იყო მცდელობა, ცვლილებები შესულიყო დაფინანსების სისტემაში, მაგრამ ყოველ ჯერზე წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან მათ გასატარებლად სკოლას უნდა ჰქონდეს შესაბამისი ფინანსური შესაძლებლობა, რაც დღევანდელ ვითარებაში ნაკლებად არის უზრუნველყოფილი სახელმწიფოს მხრიდან.

„რამდენჯერმე იყო მცდელობა, გარკვეული ცვლილებები შესულიყო დაფინანსების სისტემაში. მაგალითად, 2005-08 წლებში მოქმედებდა სისტემა, რომელიც ზღუდავდა სრულ განაკვეთზე მეტი საათების შემთხვევაში სახელფასო დანამატს, რათა მასწავლებლებს მეტი საათის სწავლება არ მოენდომებინათ. პერიოდულად ჩნდება ხოლმე ინტერესი, რომ მასწავლებლის ხელფასი გაკვეთილების ნაცვლად ზოგადი დატვირთვის მიხედვით განისაზღვროს.“ – ამბობს ჯანაშია.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ ანაზღაურება საათების რაოდენობაზეა მიბმული სკოლა გადაწყვეტილებას სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებისას ხშირად არა მოსწავლეების ინტერესებიდან, მათი საჭიროებიდან და სკოლის საგანმანათლებლო მიზნებიდან, არამედ კონკრეტული მასწავლებლების ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ.

„ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება ცხადია, ასევე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემა ხდება, როდესაც საგნის საათები იზრდება ან მცირდება, რადგან ეს იწვევს მასწავლებლების ხელფასის ცვლილებას. შესაბამისად, სახელმწიფო მოხელეები და პოლიტიკური ელიტაც დაინტერესებულია სასწავლო გეგმის შიგნით საგნებში საათების გადანაწილების სტაბილურობით. ეს კი ზოგიერთ შემთხვევაში აფერხებს ახალი საგნების შემოღების ან არსებული საგნების გაძლიერების შესაძლებლობას. – ამბობს ჯანაშია.

გამოსავალი

განათლების ექსპერტის, მანანა რატიანის თქმით, მასწავლებლის ანაზღაურება ისევე, როგორც ბევრ წარმატებულ ქვეყანაში არ უნდა ითვლებოდეს, ძირითადად, ჩატარებული საათებით.

„მასში აუცილებლად ასახული უნდა იყოს სკოლის ინსტიტუციური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სხვა ასპექტები, როგორებიცაა აღმზრდელობითი, სასწავლო, ადმინისტრაციული, თანამშრომლობის, პროფესიული განვითარების კომპონენტები, რაც სკოლის განვითარებას შეუწყობს ხელს, მასწავლებელს კი მეტ შესაძლებლობას მისცემს, თავი მრავალმხრივად წარმოაჩინოს და განავითაროს.“ – ამბობს მანანა რატიანი.

სიმონ ჯანაშიას თქმით, ამ სისტემის ალტერნატივაა მასწავლებლის საქმიანობის სამუშაო კვირების დატვირთვის მიხედვით ანაზღაურება.

„თუ მასწავლებელი მუშაობს 40 საათს, მას სრული ხელფასი ეძლევა, თუ ნაკლებს – ნაკლები. განსხვავებით საათობრივი ანაზღაურებისგან, ეს 40 საათი არა მხოლოდ ჩასატარებელი გაკვეთილების რაოდენობით ითვლება, არამედ ჯამურად, რაშიც გაკვეთილებიც შედის. პრობლემა ამ ალტერნატივის დასანერგად ის არის, რომ მასწავლებლებს, რომლებსაც ნაკლები საათი აქვთ იმის გამო, რომ მათი საგანი უფრო იშვიათად ისწავლება, სკოლამ სხვა ფუნქციები უნდა მოუძებნოს, თუ მათაც სრულ განაკვეთზე დაიქირავებს. ამ ფუნქციების გარეშე, თუ ერთი მასწავლებელი 20 გაკვეთილს ატარებს კვირაში, ხოლო მეორე – 15-ს, მაგრამ ორივეს თანაბარი ხელფასი აქვს, ამ ვითარებაში შეიძლება მასწავლებლებს უსამართლობის გრძნობა დაეუფლოთ.“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.

პედაგოგთა ინფორმირება თავიანთი უფლებების შესახებ…

დირექტორთა მხრიდან საათების განაწილების პროცესში მიკერძოებული და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების პრევენციისთვის მასწავლებელთა გაძლიერება და უფლებების შესახებ მათი ინფორმირება მიაჩნია მნიშვნელოვნად არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების კოალიციას“, რომელმაც მიმდინარე წელს სკოლების პოლიტიზების პროექტის ფარგლებში კვლევა ჩაატარა.

კვლევის მიხედვით, ხშირად მასწავლებლები არ საუბრობენ და დუმან მათ მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციისა და იძულების შესახებ და თვითცენზურას მიმართავენ. პროექტის – „სკოლების დეპოლიტიზება“ შედეგად მკაფიოდ გამოვლინდა, რომ საჯარო სკოლებში დასაქმებულ ადამიანებს არ აქვთ სათანადო ცოდნა სფეროში არსებული სამართლებრივი ნორმების, თავიანთი უფლებებისა და მათი დაცვის შესაძლებლობების შესახებ. შესაბამისად, არასამთავრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ბერკეტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ სასკოლო საზოგადოებაში ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდაა.