დირექტორთა არჩევნების გარეშე დარჩენილი სკოლები

პუბლიკა

23-ე საჯარო სკოლაში, ისევე როგორც სხვა ასობით სკოლაში, სასკოლო საზოგადოება, ოქტომბერში დირექტორთა არჩევნების დანიშვნას ელოდებოდა.

23-ე საჯარო სკოლა, რომელიც გაძლიერებული ფრანგული ენის სწავლებით არის ცნობილი, თბილისის ძველ უბანში, ისტორიულ შენობაშია განთავსებული. სკოლის შენობას ისტორიული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს, რომლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ 14 მილიონამდე ლარი გამოყო.

სკოლის დირექტორობა 6 კანდიდატს სურდა, თუმცა არჩევნები არ დაინიშნა და სკოლას ისევ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს, რომელიც სექტემბერში მინისტრის ბრძანებით დაინიშნა. რატომ არ დაინიშნა სკოლაში არჩევნები? – ამ კითხვით განათლების სამინისტროს მივმართეთ.

განცხადებაში სამინისტროს კითხვა დავუსვით მოვალეობის შესმრულებლის, მაკა ლუტიძის შერჩევაზეც. გვაინტერესებდა, რა წესით შეარჩია მინისტრმა მისი კანდიდატურა და არის თუ არა ის სერტიფიცირებული დირექტორი. კანონით დადგენილ 10 დღეში კითხვებზე პასუხი არ მიგვიღია.

ამავე კითხვებით, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მაკა ლუტიძესაც დავუკავშირდით. მანამდე კი სკოლაში, ტრადიციულ მისამართზე მივაკითხეთ. თუმცა რეაბილიტაციის გამო, ადმინისტრაცია სხვა შენობაში აგრძელებს მუშაობას და დირექტორს ფიზიკურად ვერ შევხვდით.

მაკა ლუტიძე 23-ე საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, მინისტრის ბრძანებით დაინიშნა და სკოლას ერთ თვეზე მეტია, რაც ხელმძღვანელობს. ამბობს, რომ სერტიფიცირებული დირექტორია და სკოლაში მინისტრის ბრძანებით დაინიშნა.

ის განათლების სამინისტროს ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მეუღლეა – გიორგი შეშაბერიძე სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს ხელმძღვანელობს. ლუტიძეს მეუღლის შესახებაც ვკითხეთ: „ჩემს საქმიანობასთან და სკოლასთან დაკავშირებით თუ არ გაქვთ კითხვები, დაგემშვიდობებით“, – მაკა ლუტიძემ მეუღლეზე კითხვის შემდეგ ჩვენთან საუბრის გაგრძელება აღარ ისურვა.

23-ე საჯარო სკოლაში დირექტორობის მოსურნე 6 კანდიდატიდან ერთ-ერთი დავით ფერაძეა, მას სამი სკოლა ჰქონდა მონიშნული და არცერთში არ წარადგინეს.

„116-ე საჯარო სკოლაში 11 კანდიდატი ვიყავით, არ წარმადგინეს. 37-ე საჯარო სკოლაში 3 კანდიდატი ვიყავით, არ წარმადგინეს  და 23-ე საჯარო სკოლაში 6 კანდიდატი ვიყავი და საერთოდ არავინ არ წარადგინა. ამას ბევრჯერ გავიმეორებ, იმიტომ, რომ იქ, როცა გაქანებული საარჩევნო კამპანია უნდა დაწყებულიყო, ერთ-ერთი კონკრეტული სკოლის პედაგოგი გადაიყვანა მინისტრმა და დანიშნა, რატომ ? სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი მეუღლე მუშაობს განათლების სამინისტროში. მეუღლის გამო კი არ ვამბობ არაფერს, მას უფლება აქვს იყოს დირექტორი, მაგრამ ასეთი შემთხვევა, ნეპოტიზმისა და მთელი რიგი დარღვევების შესახებ ეჭვს ბადებს.“ – განაცხადა დავით ფერაძემ გადაცემა „რეალურ დროში“

სამინისტროს სხვა შესაძლებლობა არ ჰქონდა

23-ე საჯარო სკოლის მსგავსად ათობით საჯარო სკოლას, დირექტორის არჩევნებში მონაწილეობის მსურველი ჰყავდა, თუმცა არჩევნები არ დაინიშნა.

განათლების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციის, CCIIR-ის დამუშავებული მონაცემებით, დაიბლოკა 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატი და 350-მდე სკოლა დარჩა სერტიფიცირებული ხელმძღვანელის გარეშე.

ასეთი მაგალითების ფონზეც კი, განათლების მინისტრი ამბობს, რომ არჩევნებში მონაწილეობის მსურველები ისედაც არ იყვნენ და „სამინისტროს სხვა გზა არ ჰქონია, რადგან სკოლების უმეტესობაში თითო კანდიდატი იყო რეგისტრირებული“ –

  • 387 სკოლაში ერთზე მეტს კანდიდატს სურდა არჩევნებში მონაწილეობა. მეტიც არსებობდა 10-მდე სკოლა, სადაც 10-ზე მეტი კანდიდატი იყო რეგისტრირებული და ამ სკოლებშიც კი, თითო კანდიდატი წარადგინეს.

სამინისტროს გადაწყვეტილებით უკმაყოფილო სკოლების ნაწილმა სამინისტროს წარდგენილი კანდიდატის არჩევაზე უარი თქვა.

ჩვენს ხელთ არსებულ ინფორმაციით, თბილისის 150-დან 20-მდე სკოლამ სკოლის დირექტორად სამინისტროს წარდგენილი კანდიდატი არ აირჩია. საქართველოს მასშტაბით კი 927 სკოლიდან 30-მდე ასეთი სკოლაა. კანონის მიხედვით, ასეთ შემთხვევაში მინისტრს აქვს უფლება, დისკრეცია გამოიყენოს და დანიშნოს მოვალეობის შემსრულებელი.

დანიშნავს თუ არა ამ სკოლებში მინისტრი დისკრეციით მოვალეობის შემსრულებლად სხვა კანდიდატებს, უცნობია. ჯერჯერობით ამ სკოლებში მოქმედი დირექტორები აგრძელებენ მოვალეობის შემსრულებლად მუშაობას.

რატომ „ბლოკავენ“ კანდიდატებს?

სკოლის დირექტორობის კანდიდატებს პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით რომ არჩევენ, ამას არაერთი ტენდენცია და ფაქტი ადასტურებს.

დირექტორთა სერტიფიცირების დაწყება სამინისტრომ 2022 წლის ოქტომბერში დააანონსა. წერითი გამოცდა იანვარში, გასაუბრებები კი აპრილი-მაისის თვეში ჩატარდა.

სკოლებში ახალი დირექტორების არჩევის პროცესს კრიტიკა ორ ეტაპზე მოჰყვა. პირველი ტალღა სერტიფიცირების მეორე ეტაპის, გასაუბრების შედეგების გამოცხადების შემდეგ იყო, მეორე კი, სერტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ, სკოლებში დირექტორობის კანდიდატების წარდგენას მოჰყვა.

სერტიფიცირების მეორე ეტაპი, გასაუბრება160-მდე აპლიკანტმა ვერ გადალახა, რომელთაგან 26-მა „სამართლიანი არჩევნების” დახმარებით სასამართლოში გააგრძელა დავა და გასაუბრების შედეგების ბათილად ცნობა და მისი ხელახლა, სამართლიან გარემოში გამართვა მოითხოვა.

უკმაყოფილება კანდიდატების სკოლებში წარდგენის ეტაპსაც მოჰყვა, როცა გაირკვა, რომ 500-მდე სერტიფიცირებული კანდიდატი სამეურვეო საბჭოებს არ წარუდგინეს. სერტიფიცირებული დირექტორების ნაწილი ასევე გეგმავს, სასამართლოს მიმართოს.

სკოლის დირექტორობის მსურველი კანდიდატების რაოდენობა ისედაც მცირე იყო, ამიტომ სერტიფიცირებილი 500-მდე კანდიდატის პროცესიდან გამორიცხვა დაუსაბუთებელი ჩანს. სამინისტროს ამ საკითხზე დამაჯერებელი არგუმენტები საჯაროდ არ წარმოუდგენელია.

 „ფარული ეტაპი“

დირექტორთა სერტიფიცირების პროცესში კანდიდატების უსამართლოდ დაბლოკვის შემთხვევებზე მრავალი წელია საუბრობენ. კანდიდატების პოლიტიკური ნიშნით დაბლოკვის შემთხვევებზე და ე.წ. გადარჩევის „ფარულ ეტაპზე“, რომელსაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ხელმძღვანელობს, ცნობები სხვადასხვა წყაროთი დასტურდება.

გავრცელებული ინფორმაციით, კომისიების მიერ მოწონებულ კანდიდატებს სუსი დამატებით ამოწმებს პოლიტიკური ლოიალობისა და კეთილსაიმედოობის ნიშნით და წყვეტს, რომელ კანდიდატ უნდა მიეცეს დირექტორად მუშაობის უფლება.

ამ პრაქტიკის არსებობას ადასტურებს კომისიის წევრთა მონაყოლიც, რომელიც სხვადასხვა დროს ყოფილან დირექტორთა სერტიფიცირების ეტაპზე გასაუბრების კომისიაში.

რას ჰყვებიან კომისიის ყოფილი წევრები გასაუბრების „ფარულ ეტაპზე“?

გიორგი გახელაძე 2013 წელს სკოლის დირექტორთა შესარჩევი კომისიის წევრად მიიწვიეს. ის ამ დროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრში მუშაობდა. გვიყვება, რომ გასაუბრება დაახლოებით 200-მდე აპლიკანტთან ჩაატარეს. გასაუბრებების დასრულების შემდეგ სამინისტროს ერთი თვის ვადაზე კონკურსის შედეგები უნდა გამოექვეყნებინა.

გახელაძე ამბობს, რომ შედეგების გამოქვეყნების ვადის გახანგრძლივების გამო კითხვები გაჩნდა და ამიტომ დაუკავშირდა კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც სამინისტროს თანამშრომელი იყო და მიზეზის შესახებ ჰკითხა.

„მესამე კვირას შევშფოთდი და მოვიკითხე – რა ხდება? ბევრ აპლიკანტს ვიცნობდი პირადად, ჩემი მსმენელი ან კოლეგა იყო. ასევე ვიცნობდი აპლიკანტების დიდ ნაწილს, ვისთანაც გასაუბრებაზე ვიჯექი.

მესამე კვირის თავზე ჩემთან და სხვა კომისიების სხვა წევრებთანაც შედიოდა ზარები – რა ხდება? როდის გამოქვეყნდა შედეგები? აპლიკანტებმა შედეგებზე არაფერი იცოდნენ და კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადაც იწურებოდა. ოფიციალურად მპასუხობდნენ, რომ გადამოწმების პროცესში იყვნენ, ანუ ამოწმებდნენ ჩვენს ოქმებს. გავიდა ერთი თვე და მეტიც და აპლიკანტთა რიგებში უკვე მღელვარება დაიწყო.

მეც ძალიან უხერხულად ვგრძნობდი თავს, ამ ადამიანებს პირისპირ ჩვენ ვესაუბრებოდით და საბოლოო შედეგებს ვერ ვეუბნებით. მეც არ ვიცოდი. ეს უკვე პროფესიული ღირსების შელახვაც იყო ჩემთვის. რა თქმა უნდა, მივმართე ჩემი კომისიის თავმჯდომარეს, კოკა კერვალიშვილს და ვკითხე – კი მაგრამ რას ნიშნავს ეს საკრალური გადამოწმება? რაშია საქმე? რა გადამოწმებაა? ეს პრივატულ საუბარში ვკითხე, ეს კითხვა დავსვი ჩემს სხვა კოლეგებთანაც. პროცედურულად, კანონის მიხედვით, არანაირი გადამოწმება აღარ იყო საჭირო. ეს რაღაც ფარული ეტაპი იყო. ამიხსნეს, რომ სუსიც ამოწმებს – პროფესიული ნიშნით, გასაგებია. მაგრამ ქვეყნის უსაფრთხოების კრიტერიუმი ყოველთვის გასათვალისწინებელია და ა.შ. მე ვუთხარი – კი ბატონო, არგუმენტი მესმის, მაგრამ ეს უნდა იყოს გაცხადებული, რათა ადამიანმა იცოდეს, რომ ასეთი კრიტერიუმი არსებობს საჯარო სკოლის დირექტორის შერჩევა-შეფასება სერტიფიცირებისას“, – ამბობს გიორგი გახელაძე.

გიორგი გახელაძის თქმით, გასაუბრების დასრულებიდან დაახლოებით ორი თვის თავზე კომისიის წევრები შედეგების საბოლო ოქმებზე ხელმოსაწერად დაიბარეს.

საბოლოო ოქმებზე ხელმოსაწერად, მოგვმართეს თვე-ნახევრის თუ ორი თვის თავზე. ორი თვე იყო გასული გასაუბრებების დასრულებიდან.

რა თქმა უნდა, მომცეს რამდენიმე ასლად ოქმი, შეფასებები და გადაწყვეტილებების ტექსტი, რომელსაც დანართად ჰქონდა სია – დადებითი და უარყოფითი შეფასებებით აპლიკანტებზე.

მე მოვითხოვე დრო, თან მქონდა წაღებული ჩემი სამუშაო დოკუმენტაცია (გასაუბრების ეტაპზე გამოყენებული დოკუმენტები შენახული მქონდა) და დავიწყე შედარება. აღმოჩნდა, რომ ჩვენ მიერ დადებითად შეფასებულთაგან სადღაც 20-მდე ადამიანი ამ საბოლოო ოქმში უარყოფითად იყო შეფასებული. თანამშრომელს, რომელსაც დაავალეს, რომ ხელმოსაწერად ჩვენთვის ეს ოქმები მოეწოდებინა, ვკითხე – ეს რატომ არის ასე? თქვენ ნამდვილად გადაამოწმეთ, დარწმუნებული ხართ რომ ამ ადამიანების გასწვრივ უნდა იყოს მსგავსი შეფასება? კი, კი, ძალიან ბევრჯერ შევამოწმეთ და ასეაო.

მე ვთქვი, რომ ამას მე ხელს არ მოვაწერდი. თანამშრომელი შეშფოთდა და ამიხსნა, რომ ხელის არმოწერა არ შეიძლება, მაგრამ სპეციალურ გრაფაში შემეძლო ჩემი მოსაზრებების დატოვება. სპეციალურ გრაფაში ჩავწერე ჩემი არგუმენტები, რატომ არ ვეთანხმებოდი ოქმს და მივუთითე აპლიკანტების ნომრები, რომლებიც არ ემთხვეოდა კომისიის საბოლოო ოქმს. ასე დასრულდა ჩემი მონაწილეობა ამ კონკურსში“, – ამბობს გიორგი გახელაძე.

მისივე თქმით, დაწუნებული კანდიდატების უმრავლესობა, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების მხარდაჭერის გამო იყვნენ „არაკეთილსაიმედოებად“ მონიშნული და ამიტომ დაიწუნეს.

მსგავსი ისტორია აქვს კომისიის ასევე ყოფილ წევრ რევაზ აფხაზავას. რევაზ აფხაზავა განათლების ექსპერტი და განათლების კოალიციის წარმომადგენელია. ის სერტიფიცირების კომისიაში 2014 წელს მუშაობდა.

„რამდენიმე კომისია პარალელურ რეჟიმში მუშაობდა. ჩემს კომისიას ესწრებოდა სამინისტროს აუდიტის თანამშრომელი. როდესაც ჩვენ კანდიდატებზე ვმსჯელობდით, ეს ადამიანი გვეუბნებოდა, რომ ეს კანდიდატი მისაღებია, ის მიუღებელია. მე შევწუხდი, რას ნიშნავს, აბა ჩვენ რაღაზე ვმსჯელობთ-მეთქი. მერე მითხრა, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული ინფორმაცია. მე ვთხოვე, რომ გაეზიარებინათ ეს ინფორმაცია ჩვენთვისაც. ერთ-ერთ კანდიდატზე თქვა, სადღაც მუშაობდა წინა ხელისუფლების დროს და ეს მიუღებელიაო. ამაზე გავბრაზდი – მე აქ რაღა მინდა, თქვენ გადაწყვეტილი გქონიათ, ვინ არის მისაღები და ვინ მიუღებელი, რა აზრი აქვს ჩემს აქ ყოფნას-მეთქი და წამოვედი. ეს ხდებოდა გასაუბრებების დროს.

ნუ გასაგები იქნებოდა, რომ შეიძლება აუდიტი დარღვევების შესახებ აგროვებდეს ინფორმაციას და ეცნობოს კომისიას, მაგრამ წინა სამუშაო ადგილი სად ჰქონდა და ა.შ. – ეს არსებითი არ იყო. მეორე მხრივ, ყველამ ვიცით, რომ აუდიტის სამსახურები სუსის თანამშრომლებით არის ხოლმე დაკომპლექტებული. ამას მე ვერ დავამტკიცებ, მაგრამ განცდა ასეთი იყო“, – ამბობს რევაზ აფხაზავა.

განათლების მკვლევარი სიმონ ჯანაშია, 2007 წელს დირექტორთა შესარჩევი კონკურსის კომისიაში მუშაობდა. ამბობს, რომ პარტიამ კომისიებს მიუღებელი კანდიდატების სია გაუგზავნა. კომისიამ, რომელშიც ის მუშაობდა ამ სიის გამოყენებაზე უარი თქვა.

„მე ვიყავი კომისიაში პირველი არჩევნების დროს და მაშინ გასაუბრებამდე პარტიამ გამოგვიგზავნა სია, ვინ არ უნდა გასულიყო გასაუბრების ეტაპზე, თუმცა ჩვენ უარი ვთქვით ამ სიის გამოყენებაზე. მაგრამ იყო კომისიები, რომლებმაც ეს სიები გამოიყენეს და შეიქმნა პრობლემა, რადგან დაიწუნეს მათ შორის საუკეთესო კადრები.

თუ ნახავთ მედიის არქივს, ნახავთ, რომ ამის გამო სამინისტრომ ერთ-ერთი კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა და ხელახლა გამოაცხადა გასაუბრება“, – ამბობს „პუბლიკასთან სიმონ ჯანაშია.

დირექტორთა არჩევნებში სუსის მონაწილეობის დამადასტურებლად 2022 წლის ივლისში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსა“ და „სამართლიანი არჩევნების“ ერთობლივი ანგარიში მოჰყავთ, რომელიც სოსო გოგაშვილის ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა. ის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილეა.

სოსო გოგაშვილის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის მიწოდებული დოკუმენტებით დასტურდება, რომ 2021 წელს იმ 112 მოვალეობის შემსრულებლიდან, რომელსაც უფლებამოსილება სამინისტრომ არ გაუგრძელა 95 დირექტორი „უარყოფითად“ იყო შეფასებული.

დოსიეებში დირექტორებზე შემდეგ ჩანაწერებს ვხვდებით:

„იყო კითხვები მის ნეიტრალურობასთან დაკავშირებით არჩევნებზე“;

„არის შრომისმოყვარე, წარმატებით ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა საყურადღებოა ის ფაქტი, რომ იგი და მისი ოჯახის წევრები 2019 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდნენ გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს. მეორე ტურში შეგნებულად გაერიდა სიტუაციას და იმყოფებოდა… პოლიტიკურად არამდგრადი. შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია მისი კანდიდატურის განხილვა ხსენებულ პოზიციაზე“;

„უარყოფითი, თავს არიდებს მითითებების შესრულებას. ოპოზიციურად არის განწყობილი მმართველი გუნდის მიმართ. მისი თანამდებობაზე დანიშვნა არ არის მიზანშეწონილი“;

„უარყოფითი. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მხარს უჭერდა პარტია „ევროპულ საქართველოს“. მიზანშეწონილი არ არის, დაინიშნოს თანამდებობაზე“;

„არის არსებული ხელისუფლების მხარდამჭერი. მიზანშეწონილია, დარჩეს აღნიშნულ თანამდებობაზე“.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა მამხილებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძვეზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას მიმართეს, თუმცა ამ დრომდე გამოძიების შედეგების შესახებ ცნობილი არ არის. არც ის ვიცით, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა უწყებამ დაწყებული გამოძიების ფარგლებში.