ბოლო ორი დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება, ე.წ. „გაყალბებული ოქმები“, – ამაზე საუბრობენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დღეს, 18 საათზე შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების ვადა ამოიწურა.
„პუბლიკა“ დაუკავშირდა სამ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა. ორგანიზაციებმა მოგვაწოდეს პრობლემური ოქმები, რომლებიც მათი მხრიდან გასაჩივრდა. უფრო კონკრეტულად კი, აღნიშნულ ოქმებში აღრიცხული ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც, მათი შეფასებით, დარღვევას წარმოადგენს. ორგანიზაციებიდან ასევე, მივიღეთ ინფორმაცია მათ მიერ აღნიშნულ დარღვევაზე მომზადებული საჩივრების შესახებ.
„პრობლემურია თავად შესწორების საკითხიც“ – რა დარღვევებზე საუბრობს TI
„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ უფროსი იურისტი გიგი ჩიხლაძე „პუბლიკასთან“ საუბრისას განმარტავს, რომ ამ დროისთვის ორგანიზაციის მიერ დაწერილი საჩივრები, შემაჯამებელ ოქმებში არსებული დისბალანსის შესახებ, უმეტეს შემთხვევაში ცესკოს მხრიდან უკვე შესწორებულია, თუმცა იურისტი განმარტავს, რომ პრობლემურია თავად შესწორების საკითხიც, კერძოდ:
„შესწორების ოქმი უნდა შედგეს არაუგვიანეს ერთი დღისა. მეორე დღეს შესწორება, შესწორების ოქმით, არ არის დაკონკრეტებული, რას უნდა გულისხმობდეს, მაგრამ ყველა საღი აზრიდან და კანონის ლოგიკიდან გამომდინარე, ეს არ უნდა მოიცავდეს არსობრივ შესწორებებს.
თუ შესწორება საჭიროებს, მინიმუმ, ბიულეტენების გადათვლას ან ხელმოწერების გადათვლას, ან რაიმეს გადათვლას, ანუ რაც უკვე დალუქულია, შემდეგ შესწორება იმ საფუძვლით, რომ შემეშალა, არ არის არგუმენტი. მეორე დღეს და 2 ნოემბერსაც გასწორებულია (ოქმები), ასე ვთქვათ, ამ ოქმებში დისბალანსის აღმოსაფხვრელად.
არჩევნებზე არის უამრავი დამკვირვებელი, უამრავი პარტია, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს პროცესი. ამ პროცესის შედეგების რევიზია როცა ხდება დახურულ კარს მიღმა, კაბინეტში, გაუგებარი და გაუმჭვირვალე პროცესით, საიდანაც ინფორმაცია თითქმის არ გამოდის, ეს პრობლემაა, ასე შესწორებული ოქმები არის პრობლემა“, – განმარტავს იურისტი.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ 61 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმი გაასაჩივრა. საჩივრები დაიწერა საოლქო კომისიების უმრავლესობაში, კერძოდ 30-დან სულ 19 ოლქში. არასამთავრობო ორგანიზაცია მარნეულში შედეგების გაბათილებას მოითხოვს, რადგან „გამჭვირვალობის“ განცხადებით, ვიდეომასალით მტკიცდება, რომ ერთმა და იმავე პირმა რამდენჯერმე მისცა ხმა.
ხოლო 60 უბანში „გამჭვირვალობა“ შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობასა და ხმების ხელახლა დათვლას მოითხოვს, რადგან ოქმებში დარღვეულია ბალანსი საარჩევნო ყუთში მოხვედრილ, გაბათილებულ ბიულეტენებსა და არჩევნებზე მისულ ამომრჩევლებს შორის.
„ჩვენი დამკვირვებლების მიერ საარჩევნო უბნებიდან მოწოდებული შემაჯამებელი ოქმების ასლების გადამოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ ოქმების მთლიანი რაოდენობის დაახლოებით 7%-ში აღინიშნება, ე.წ. მეტობითი დისბალანსი, ანუ საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმების რაოდენობისა და ბათილი ბიულეტენების რაოდენობის ჯამი აღემატება ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რასაც ყველა პროცედურის სწორად ჩატარების დროს, არ უნდა ჰქონდეს ადგილი. ასეთ შემთხვევათა 1/3-ში მნიშვნელოვანი დისბალანსია“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“.
„304 საჩივარიდან უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან ოქმების გადასწორება“ – რა დარღვევებზე საუბრობს საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 304 საჩივარი ჰქონდა. როგორც საია წერს, ამ საჩივრებს შორის, 117 უბანთან მიმართებით შემაჯამებელი ოქმების ბათილობასა და შესაბამისი მონაცემების ხელახლა გადათვლას მოითხოვენ. გასაჩივრებული ოქმების უმრავლესობაში ფიქსირდება დისბალანსი ან/და ოქმების გადასწორების ფაქტები.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ „პუბლიკას“ მიაწოდა მათ მიერ საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიაში წარდგენილი საჩივარი, სადაც შემაჯამებელ ოქმებში არსებულ დარღვევებზეა საუბარი:
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.13 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
პროპორციული სისტემით გამართული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 968, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი 934. ნაკლებობა არის 34.
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.15 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 951, ხოლო საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმებისა და ბათილად ცნობილი ბიულეტენების ჯამი 961. აღნიშნულ შემაჯამებელ ოქმს არ ახლავს ბეჭედი.
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.18 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 820, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 823. მეტობა არის 3.
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.25 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 757, საარჩევნო სუბიექტებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 777. მეტობა არის 20.
ამ შემთხვევაში, ცესკოს ვებგვერდზე ამჟამად ატვირთულია შესწორების ოქმიც. ოქმში 20-ით არის გაზრდილი ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა და ბალანსიც ასე არის გასწორებული.
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.41 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 890, საარჩევნო სუბიექტებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 860, ნაკლებობა – 30.
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.45 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
მაჟორიტარული და პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმს არ ახლავს ბეჭედი. პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 819, ხოლო საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმების ჯამი – 799; ნაკლებობა არის 20-ით.
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.46-ესაუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 664, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმებისა და ბათილი ბიულეტენების ჯამი 665. მეტობა არის ერთი.
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.51-ე საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 916, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 919, შესწორების ოქმში მითითებული ნომრებში აღნიშნული რიცხვები არ მოდის შესაბამისობაში შემაჯამებელი ოქმში მითითებულ იმავე რიცხვთან.
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.65 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 939, საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 879. ნაკლებობა არის 60.
- საბურთალოს #3 საარჩევნო ოლქის #03.03.77 საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმებში ფიქსირდება შემდეგი დარღვევები:
პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების შემაჯამებელ ოქმში არჩევნებში მონაწილეთა საერთო რაოდენობა (ყველა სახის სიაში ხელმოწერების ჯამი) არის 862; საარჩევნო სუბიექტებისათვის მიცემული ხმების და ბათილი ბიულეტენების ჯამი არის 838; ნაკლებობა – 24.
ცესკოს ვებგვერდზე შესწორების ოქმი ახლავს საიას საჩივარში წარდგენილი შემთხვევების ნაწილსაც.
„უნდა გადაითვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა“ – ISFED
ორგანიზაციის მიერ არჩევნების დღეს, 31 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო,რომ შედეგების შეჯამების პროცესში გამოკვეთილი ტენდენციის სახე ჰქონდა შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსის ისეთ შემთხვევებს, როცა ბიულეტენების რაოდენობა აღემატებოდა ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობას, რაც დარღვევას წარმოადგენს.
ამასთან, ორგანიზაციის ინფორმაციით, რიგ უბნებზე მოცემული დისბალანსი მნიშვნელოვნად აჭარბებდა ერთეულ შემთხვევებს. მოცემული დარღვევა საარჩევნო უბნების 8%-ზე დაფიქსირდა. ასეთი მასშტაბის ტენდენცია ბოლო წლების განმავლობაში არ გამოვლენილა და ამდენად განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს.
როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ ამ ტენდენციას შესაძლოა გარკვეული გავლენა მოეხდინა საარჩევნო სუბიექტების მიერ ნაჩვენებ შედეგებზე, PVT ანალიზი აჩვენებს, რომ შედეგებზე შესაძლო მაქსიმალური გავლენა იქნებოდა 4.1%-ზე ნაკლები. აღნიშნული ტენდენცია საფრთხეს უქმნის მიმდინარე საარჩევნო პროცესისადმი ნდობას, და ამდენად საჭიროებს დაუყოვნებელ რეაგირებას საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან.
„სამართლიან არჩევნებში“ მიაჩნიათ, რომ საარჩევნო პროცესის სანდოობის გაზრდის მიზნით, არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე საარჩევნო ადმინისტრაციამ თავიდან უნდა გადათვალოს შედეგები იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც შემაჯამებელ ოქმებში ბიულეტენების მეტობა დაფიქსირდა.
„სამართლიანმა არჩევნებმა“ „პუბლიკას“ რამდენიმე ისეთი ოქმის მაგალითი მიაწოდა, რომელშიც დისბალანსი იყო. მაგალითად, ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტების N16 ოლქში, ერთ-ერთ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობა 119 იყო, ბიულეტენების საერთო რაოდენობა კი – 123. თუმცა, ამჟამად ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული აქვს შესწორების ოქმიც, რომლის მიხედვითაც, 1 ბიულეტენი გაუქმებულ ბიულეტენებს მოაკლდა, 3 კი პარტია „ქართულ იდეას“, რომელსაც სულ 4 ხმა ჰქონდა მიღებული. შესაბამისად, ბალანსიც გასწორდა.
ასევე, შესწორების ოქმი აქვს თანდართული მე-19 საარჩევნო ოლქის (ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხისა და მესტიის მუნიციპალიტეტები) ერთ-ერთი უბნის შემაჯამებელ ოქმს. ამ შემთხვევაში საარჩევნო უბანზე ფიქსირდებოდა 184 ამომრჩეველი, ბიულეტენების საერთო რაოდენობა კი 189 იყო. შესწორების ოქმით „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელს“ 8 ხმის ნაცვლად დაეწერა 3 ხმა და ბალანსი ასე გასწორდა.
გაერთიანებული ოპოზიციის 853 საჩივარი
საარჩევნო ბლოკის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშიას“ წევრმა თამარ კორძაიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების შესწავლამ აჩვენა, რომ „მდგომარეობა არის რეალურად უმძიმესი”.
„ეს ეხება უბნების შემაჯამებელი ოქმების ბათილობას. ამაში შედის, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული შემაჯამებელი ოქმები. გარდა ამისა, ჩვენ შევისწავლეთ პროპორციული საარჩევნო სისტემით შედგენილი შემაჯამებელი ოქმები და და ბათილი ბიულეტენების რაოდენობა აღემატება 3.5%-ს, რაც წარმოუდგენელი რაოდენობაა. თუ შევადარებთ ამ მონაცემებს საზღვარგარეთ მიცემული ხმებიდან ამოსული ბათილი ბიულეტენების რაოდენობას, ეს არის მხოლოდ 1%. შეგვიძლია, დავასკვნათ, იქ, სადაც ამომრჩეველი ზეწოლის გარეშე აძლევს ხმას და საარჩევნო ადმინისტრაცია ხელისუფლების ზეწოლის გარეშე ატარებს არჩევნებს, სხვაობა ბათილ ბიულეტენებს შორის არსებითია”, – ამბობს კორძაია და განმარტავს, რომ: „გარდა ამისა, ცესკოს ვებგვერდზე ატვირთული 3 491 შემაჯამებელი ოქმიდან შესწორება შედგა 615 შემთხვევაში, რაც 17.6%-ია. მაჟორიტარული 3 445 ოქმიდან კი შესწორებულია 590 ოქმი, რაც არის 17.1%”.
როგორც თამარ კორძაია აღნიშნავს, შესწორებული შემაჯამებელი ოქმების გარდა, მათ ხელთაა უამრავი ოქმი, სადაც მონაცემები ერთმანეთს საერთოდ ვერ ედრება, ასევე აქვთ კიდევ უფრო მძიმე ოქმები.
„იმ ვითარებაში, რაც ჩვენ გვაქვს, როცა არ არის სამართლიანი სასამართლო, ძალიან რთულია სამართლიან შედეგებზე საუბარი. ჩვენ რომ გვქონდეს სამართლიანი სასამართლო და ვცხოვრობდეთ ქვეყანაში, სადაც გვექნება სასამართლოს იმედი, ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები საკმარისია იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსის 125-ე მუხლის მე-17 პუნქტის თანახმად, გაუქმდეს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები და დაინიშნოს ხელახალი კენჭისყრა”, – ამბობს თამარ კორძაია.
რა პოზიცია აქვს ცესკოს
ცესკოში აცხადებენ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ხარვეზებსა და დისბალანსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელებსა და მედიაში სხვადასხვა პირების მიერ მიზანმიმართულად ვრცელდება დეზინფორმაცია, რომლის მიზანიცაა საარჩევნო პროცესისა და არჩევნების შედეგებისადმი უნდობლობის გაჩენა.
„ცესკო, პირველ რიგში, აღნიშნავს, რომ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმებში დისბალანსი შესაძლოა გამოწვეული იყოს ობიექტური გარემოებებით. კერძოდ, რიგ შემთხვევებში პროპორციული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველს არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს მაჟორიტარული სისტემით ჩატარებულ არჩევნებში, თუ ის ხმას არ აძლევს რეგისტრაციის ადგილის მიხედვით, რაც იწვევს დისბალანსს მაჟორიტარულ შემაჯამებელ ოქმში და სხვაობას საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემული ხმების ჯამსა და კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობას შორის.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც შემაჯამებელ ოქმებში, მართლაც არის დისბალანსი მონაცემებს შორის: ცესკოს მიერ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 31 ოქტომბრის არჩევნების წინასწარი მონაცემების დამუშავება. მონაცემების შეყვანა სპეციალურ პროგრამაში ხორციელდებოდა მთელი ღამის განმავლობაში, ამჟამად შეყვანილი მონაცემი მოწმდება და ზუსტდება, ასევე ისახება შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ახსნა-განმარტებებით, რაც აღმოფხვრის უზუსტობებს“, – განმარტავენ ცესკოში.
საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, თუ შემაჯამებელი ოქმის შევსებისას შეცდომა იქნა დაშვებული, მის გამოსასწორებლად შემაჯამებელ ოქმში, შესაბამისი მონაცემის გასწვრივ, მაშინვე კეთდება წარწერა „შესწორებულია“. საარჩევნო კომისიამ უნდა შეადგინოს შესწორების ოქმი, რომელშიც აღინიშნება შემაჯამებელ ოქმში შეტანილი მონაცემის შესწორება და ამ ოქმის შედგენის თარიღი და დრო. შესწორების ოქმს დაესმება საარჩევნო კომისიის ბეჭედი, გატარდება ჩანაწერთა წიგნში და დაერთვება იმ შემაჯამებელ ოქმს, რომელშიც შეტანილი მონაცემი შესწორდა. შესწორების ოქმების შედგენა, საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს არაუგვიანეს კენჭისყრის მეორე დღისა საოლქო საარჩევნო კომისიებში.
ცესკოს ცნობით, რაც შეეხება ოქმებთან დაკავშირებულ უზუსტობებს, რომლებზეც საარჩევნო ადმინისტრაციაში შესულია საჩივრები, ისინი კანონის შესაბამისად განიხილება და „ყველა კონკრეტულ საკითხზე, საფუძვლების არსებობის შემთხვევაში მოხდება სამართლებრივი რეაგირება და გამოვიტანთ გადაწყვეტილებას“.