პოეტური, უშურველი, სიყვარულით გამთბარი, ზომიერად ამაღლებული თუ ამაღლებული ზომიერებით სავსე სიტყვების შემდეგ, რაც კახი კავსაძის გარდაცვალების დღესვე ითქვა და დაიწერა, რაიმე ახლისა და ორიგინალურის მოფიქრება შეუძლებელია. ლეგენდარული ქართველი მსახიობის შესახებ მხოლოდ ერთს დავძენ – წარმოუდგენლად მრავალფეროვანი არტისტული ნიღბების ფონზეც კახი კავსაძე მაინც დონ კიხოტის აქტიორული არქეტიპის განსახიერება მგონია.
გასული საუკუნის 80-იანი წლებში რეზო ჩხეიძის მიერ გადაღებულ მრავალსერიან სატელევიზიო ფილმში, „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“, კახი კავსაძემ, ალბათ, თავისი ცხოვრების მთავარი როლი ითამაშა… საკუთარი დრამატული ბიოგრაფიისა და ელვარე არტისტული მონაცემების გაერთიანება მან სწორედ ამ ზოგადსაკაცობრიო პერსონაჟის დახმარებით შეძლო.
როდესაც „დონ კიხოტს“ იღებდნენ, იმ დროს მაყურებელმა ლამის ზეპირად იცოდა რუსთაველის თეატრის გამორჩეული არტისტის – კახი კავსაძის წარუშლელი ხიბლის, არტისტული ცეცხლის, ხმის საოცარი დიაპაზონის, ირონიული სიშლეგის, სიფიცხეში ამოვლებული ბავშვური გულუბრყვილობის შესახებ. ეს ნიჭი თანაბრად იყო განფენილი კინოსა და და თეატრში, რაც კიდევ უფრო გამორჩეულს ხდის კახი კავსაძის არტისტულ პერსონას. და მაინც, სერვანტესის გმირის რაინდულ, ეპიკურ თუ პოეტურ საწყისებს მსახიობმა გროტესკული არტისტიზმის ისეთი დოზა შეურჩია, იმდენად ჩვენებურად და კარნავალურად წარმოაჩინა ლამანჩელი იდალგო, რომ მაყურებელს ხშირად მშობლიურ-იმერული განცდები იპყრობდა და კლდიაშვილის აზნაურები ახსენდებოდა.
სხვათა შორის, რეჟისორის მოთხოვნით, კახი კავსაძეს ბრინჯისა და ვაშლის მკაცრი დიეტა უნდა დაეცვა და გადაღების საკმაოდ ხანგრძლივ პერიოდში მან დაახლოებით 35 კილოგრამი დაიკლო!.. „ცარცით დახატულს ვგავდი“, – ხუმრობდა კიდეც მსახიობი. ეს თითქოს ახალი ეგზისტენციური მდგომარეობა იყო, როცა ყოფიერებითა და დიეტებით დაღლილსა და გაძვალტყავებულ დონ კიხოტს დულსინეას ამაღლებული სიყვარული უნდა აღმოეჩინა.
რამდენი საოცარი ისტორიის წაკითხვა შეიძლება ამ დიდი და გამორჩეული როლის მიღმაც! ბაბუის, გამოჩენილი ლოტბარის, სანდრო კავსაძის მიერ დატოვებული და ჩაწერილი ხალხური სიმღერები; მამის – დათაშკას ისტორია, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანელებს ტყვედ ჩაუვარდა და რომელიც სწორედ ქართველთა ბანაკის ეთნოგრაფიული ანსამბლის ხელმძღვანელად დანიშნეს (ამის შესახებ კახი კავსაძე პირველ პირში გვიყვება ნანა ჯანელიძის შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმში „ნეტავი, იქ, თეატრი არის?!“); მისი ბიძაშვილის ანზორ კავსაძის თითქმის დაუჯერებელი ამბავი, როდესაც 1974 წელს „ჩაკრულო“ კოსმოსში სწორედ ანზორ კავსაძის საგუნდო ჩანაწერით გაუშვეს…
კახი კავსაძე ნამდვილი რეკორდსმენია ქართველ არტისტებს შორის, რადგან 80-ზე მეტი როლი აქვს კინოში ნათამაშები. მისი პერსონაჟები და როლები დაწვრილებით რომ ჩამოვთვალოთ, ალბათ, რამდენიმე გვერდი არ გვეყოფა, თუმცა ყველაზე გამორჩეულ როლებს მაინც აღვნიშნავთ: აბდულა („უდაბნოს თეთრი მზე“, რეჟ: ვლადიმირ მოტილი), ზაური („სამკაული სატრფოსათვის“, რეჟ: თენგიზ აბულაძე), დიაკვანი („ლაზარე“, რეჟ: ქართლოს ხოტივარი), ქორეოგრაფიული სასწავლებლის დირექტორი („ვერის უბნის მელოდიები“, რეჟ: გიორგი შენგელაია), სელიმი („ერთი ნახვით შეყვარება“, რეჟ: რეზო ესაძე), ელიბო („ღვინის ქურდები“, რეჟ: ვალერიან კვაჭაძე), იორამი („ნატვრის ხე“, რეჟ: თენგიზ აბულაძე), სულხანი („ცხელი ზაფხულის სამი დღე“, რეჟ: მერაბ კოკოჩაშვილი), მანუჩარი („თბილისი, პარიზი, თბილისი“, რეჟ: ლეილა აბაშიძე), მიხეილ კორიშელი („მონანიება“, რეჟ: თენგიზ აბულაძე).
როგორ არ გავიხსენოთ მისი ბრწყინვალე თეატრალური როლებიც: ახალგაზრდა, ვნებიანი ადამი („ღვთაებრივი კომედია“), ამაყი, მაგრამ სასაცილო თავადი კოწია („გუშინდელნი“), ქურდულ-რომანტიკული შარმით „მოსილი“ დევდარიანი („საბრალდებო დასკვნა“), გამორჩეული ჯარისკაცი სიმონ ჩაჩავა („კავკასიური ცარცის წრე“), პირდაპირი და ხისტი ლორდ ჰასტინგსი („რიჩარდ III“), კეთილშობილი კენტი („მეფე ლირი“), ავანტიურითა და სასიყვარულო ინტრიგებით გამორჩეული რასპუტინი („კვაჭი კვაჭანტირაძე“), თბილისელი ინტელიგენტი ბატონი დევი („მერე რა, რომ სველია სველი იასამანი“), მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები ყოფილი სახელოვანი მომღერალი („მოხუცი ჯამბაზები“).
მას არასოდეს აკლდა მაყურებლის სიყვარული და რეგალიები. კახი კავსაძე არის საქართველოს დამსახურებული და სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის, კოტე მარჯანიშვილისა და იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიების ლაურეატი. 2008 წელს რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა მისი სახელობის ვარსკვლავი. მაყურებელი კახი კავსაძეს გამორჩეული არტისტიზმისა და პიროვნული ღირსების გამო უდიდეს პატივს სცემდა და რა დროც არ უნდა გავიდეს, მისგან ყოველთვის შეგვიძლია სიცოცხლის წყურვილი და ბედნიერების ყოველდღიური სურვილი ვისწავლოთ.