დოროთი ქროუფუთ-ჰოჯკინი - მოლეკულათა და კრისტალთა პრიზმის მიღმა დანახული სამყარო - ნაწილი მესამე

ნიკოლას გელოვანი

ნაწილი მესამე

 

ნობელი

1964 წლის შემოდგომაზე, როცა დოროთი თომასთან ერთად იყო დასავლეთ აფრიკაში, განაში, მიიღო ცნობა იმის შესახებ, რომ ნობელის პრემია მიანიჭეს ქიმიის დარგში, რადგანრენტგენული ტექნიკის მეშვეობით აღმოაჩინა მნიშვნელოვან ბიოქიმიურ ნივთიერებათა სტრუქტურა“. მათ იმ საღამოსვე იზეიმეს აფრიკული კვლევების ცენტრში. სვამდნენ შუშხუნა ღვინოს და უცქერდნენ მონადირეთა ცეკვას.

ნობელის კომიტეტის წევრებმარბილადთქვეს, რომ მაშინ ჰოჯკინების ოჯახის წევრები მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში იყვნენ მიმოფანტულნი. მართლაც ასე იყო. ლიუკი მათემატიკას ასწავლიდა ალჟირის უნივერსიტეტში; ელიზაბეთი ზამბიის ერთერთ ქალთა სკოლაში მუშაობდა მასწავლებლად; ინდოეთში მოხალისედ წასული ტობი მცენარეებს შეისწავლიდა; დოროთის დამ, დიანამ, ჩრდილოეთ პოლუსის მახლობლად მიიღო უწყება დაჯილდოების შესახებ. როგორც თავადვე იხსენებს, მისი მეუღლე (კანადელი გეოგრაფი გახლდათ) სამხრეთ პოლუსზე იყო მაშინ და ერთი პოლუსიდან მეორე პოლუსზე გაუგზავნა ტელეგრამა, რათა ეხარებინა ეს შესანიშნავი ამბავი. მაქს პერუცმა 1962 წელს მიიღო ეს ჯილდო (ქიმიის დარგში, ჰემოგლობინის სტრუქტურის გაშიფრვისათვის). მეცნიერმა აღნიშნა: „უხერხულად ვიგრძენი თავი, რადგან დოროთიზე ორი წლით ადრე დამაჯილდოვეს…  მისი დიდებული აღმოჩენები ისეთი ფანტასტიკური ოსტატობის, ქიმიის საფუძვლიანი ცოდნისა და წვდომის საოცარი უნარის წყალობით მოხდაჩემზე ბევრად ადრე მივიდა იმ აღმოჩენებამდე“. ქროუფუთის ქმარი, თომასი, გაახარა იმანაც, რომ მისმა კუზენმა, ალან ჰოჯკინმა, ერთი წლით ადრე მოიპოვა ნობელი ფიზიოლოგიისა და მედიცინის დარგში.

ასეთი ტექსტებით აჭრელდა გაზეთები: „ჰოჯკინების შვილებს ნობელის პრემიის ლაურეატები ჰყავთ როგორც დედის, ასევე მამის მხრიდან!“ პრესა გამუდმებით უსვამდა ხაზს მეცნიერის სქესს. გამოცემებმა მის უდიდეს აღმოჩენებსა და ღვაწლს კი არ მიაქციეს ყურადღება, არამედ მის პირად ცხოვრებაში დაიწყეს ქექვა. „The Daily Telegraph” წერდა: „ბრიტანელმა ქალმა მოიპოვა ნობელის პრემია – £18,750 სამშვილიანი დედისთვის!”. „Daily Mail”-ის გარეკანზე ეწერა: „ოქსფორდელმა დიასახლისმა ნობელი მოიპოვა!“. „The Observer”-ის ცნობით, სანდომიანი, მეტად სასიამოვნო იერის დიასახლისმა, მისის ჰოჯკინმა, მიიღო ნობელი მეტისმეტად არადიასახლისური უნარისათვის: განსაზღვრა ბიომოლეკულების კრისტალური სტრუქტურა.

ცხადია, არც ერთი მეცნიერი კაცის ღვაწლი არ დაუკნინებია (სქესის გამო) პრესას ასეთი ველური გამძვინვარებით; არც ერთ გამოცემას არ გაუმახვილებია ყურადღება მის ოჯახურ მდგომარეობასა და შვილების რაოდენობაზე. „არადიასახლისური უნარიდა სხვასახოტბო ეპითეტებიკიდევ ერთხელ ჰფენს ნათელს იმ ეპოქაში (და არა მხოლოდ იმ ეპოქაში) ფესვგადგმულ მიზოგინიას. არც ერთ ჟურნალისტსა და რედაქტორს არ მოსვლია თავში აზრად, გამოცემის გარეკანზე დაეწერა ამგვარი სიბრიყვე: „მამასახლისმა, მისტერ უოტსონმა, მიიღო ნობელი მეტისმეტად არამამასახლისური უნარისათვის“.

დოროთი ჩაფრინდა სტოკჰოლმში, მეფისაგან მიიღო დამსახურებული ჯილდო, სიტყვით გამოვიდა დამსწრე საზოგადოების წინაშე და ხაზი გაუსვა კრისტალოგრაფიის გადამწყვეტ მნიშვნელობას. ცერემონიას დაესწრო მრავალი ქალი. ჰოჯკინის ახლობლები სიცილსიცილით იხსენებდნენ ხოლმე, რომ სავარძელში მჯდარ თომასს ეძინა, როცა ქალი კათედრაზე იდგა და ლაპარაკობდა. წარმდგენმა ხაზი გაუსვა პენიცილინისა და ვიტამინ 12-ის სტრუქტურის აღმოჩენას და ყველაზე თვალსაჩინო ნიშანსვეტები უწოდა ამ მიღწევებს.

იგი კიდევ ერთი თვალსაზრისითაა გამორჩეული: იმ მეცნიერთაგან განსხვავებით, კარიერა რომ დაასრულეს ამ პრესტიჟული პრემიის მიღების შემდეგ, გააგრძელა მოღვაწობა, კიდევ უფრო დიდ აღმოჩენამდე მივიდა და ბევრად უფრო რთული მოლეკულის სტრუქტურა გაშიფრა 1969 წელს (ნობელით დაჯილდოებიდან ხუთი წლის შემდეგ).

საპატიო ჯილდოები, წოდებები, მედლები, აკადემიათა და სამეცნიერო დაწესებულებათა წევრობა

1947 წელს აირჩიესლონდონის სამეფო საზოგადოებისწევრად; 1956 წელს მიანიჭეს ამავე საზოგადოების მედალი; 1960 წელს უბოძეს „Wolfson Royal Society”-ის პროფესორის წოდება; 1965 წელს მიიღო დამსახურების ორდენი; 1970 წელს გახდა ედინბურგის სამეფო საზოგადოების საპატიო წევრი; 1971 წელს გადაეცა „Royal College of Physicians“-ის „Baly“-ის მედალი; 1974 წელს მიანიჭეს იმავე დაწესებულების საპატიო წევრის ტიტული; 1976 წელს შეამკესლონდონის სამეფო საზოგადოებისქოფლის მედლით; 1977 წელს – „მედიცინის სამეფო საზოგადოებისოქროს მედალი დაიმსახურა; იმავე წელს დაიკავა „British Association for the Advancement of Science“-ის პრეზიდენტის სავარძელი; 1978 წელს მოიპოვა „Chemical Society”-ის „Longstaff“ მედალი; 1980 წელს გახდაქიმიის სამეფო საზოგადოებისსაპატიო წევრი; 1983 წელს მოიპოვა საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ლომონოსოვის ოქროს მედალი (ღირსშესანიშნავი მიღწევებისათვის ბიოქიმიისა და კრისტალთქიმიის დარგში); 1984 წელს ბულგარეთის სოციალისტურმა რესპუბლიკამ მიანიჭა დიმიტროვის პრემია; 1987 წელს გადაეცა ლენინის პრემია და საერთაშორისო ლენინური პრემია ხალხთა შორის მშვიდობის განმტკიცებისათვის.

დოროთი გახდა მრავალი უცხოური აკადემიისა და გაერთიანების წევრი: ამერიკის ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიის უცხოელი საპატიო წევრი; გერმანიის ლეოპოლდინის მეცნიერებათა აკადემიის; საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის; ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის წევრკორესპონდენტი; ავსტრალიის ქიმიის სამეფო ინსტიტუტის საპატიო წევრი; ნიდერლანდების მეცნიერებათა აკადემიის წევრი; უოშინგტონის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ასოცირებული წევრი; განას მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი; ბანგლადეშის ფიზიკის საზოგადოების საპატიო წევრი; იუგოსლავიის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის წევრი; პუერტორიკოს ხელოვნებისა და მეცნიერების წევრკორესპონდენტი; ინდოეთის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო წევრი; ირლანდიის სამეფო აკადემიის საპატიო წევრი; ნორვეგიის მეცნიერებისა და ლიტერატურის აკადემიის წევრი; დაინიშნა ბრისტოლის უნივერსიტეტის კანცლერად.

აღსანიშნავია ისიც, რომ გახდა მეორე ქალი, რომელსაც ბრიტანეთის დამსახურების ორდენი გადასცეს (პირველი იყო ფლორენს ნაითინგეილი). როცა ბუკინგების სასახლიდან გამოგზავნილი წერილი მიიღო, შეძრწუნდა კიდეც კონვერტის გახსნისას: ეშინოდა, რომ „Dame“-ის წოდებას მიანიჭებდნენ. ბარათის კითხვას რომ მორჩა, შვებით ამოისუნთქა და სიხარულით აივსოდედოფალ ელიზაბეთს დამსახურების ორდენის ბოძება გადაეწყვიტა (ეს კიდევ უფრო დიდი ჯილდოა და სქესობრივ განსხვავებას არ უსვამს ხაზს). დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ ნადიმი გაიმართა. მის გვერდით იჯდა მხატვარი და მოქანდაკე, ჰენრი მური. კაცი ისე ააღელვა მისი დაკოჟრებული, დააბედებული ხელებისა და რევმატოიდული ართრიტისაგან დაღრეცილი თითების ცქერამ, სთხოვა, ნება მომეცით, დავხატოო. ეს ტილოლონდონის სამეფო საზოგადოებისშენობაშია ჩამოკიდებული (დოროთის პორტრეტის გვერდით). მეგობრებს გამოუტყდა, ჩემს ოფიციალურ პორტრეტს ბევრად მირჩევნია ის ნახატი, რომელზეც ჩემი ხელებია გამოსახულიო.

აღმოჩნდა პირველი ქალი, „ლონდონის სამეფო საზოგადოებისქოფლის მედალი რომ მიანიჭეს. ამავე ორგანიზაციამ დააარსა მისი სახელობის სტიპენდია დამწყებ მეცნიერთა დასახმარებლად. იყო ერთერთი იმ წარჩინებულ ქალთაგან, რომლებიც გამოსახეს ბრიტანეთის საფოსტო მარკებზე 1996 წლის აგვისტოში. როცალონდონის სამეფო საზოგადოებამაღნიშნა დაარსების 350- წლისთავი, დაიბეჭდა ათი მარკა. მათზე გამოსახული იყო ამ ორგანიზაციის ათი ყველაზე სახელგანთქმული და აღიარებული წევრი. მათ შორის იყო დოროთი. მისი სახელი უწოდეს მრავალ სამეცნიერო დაწესებულებას, განყოფილებას, საგანმანათლებლო, კვლევით ცენტრს, შენობას და ასევე, სერ ჯონ ლემანის სკოლის სამეცნიერო ბლოკს. როგორც უკვე ითქვა, ქროუფუთმა სწორედ იქ მიიღო დაწყებითი განათლება.

მემარცხენე პოლიტიკურსოციალურეკონომიკური იდეოლოგია, კავშირები სოციალისტ მეცნიერებთან, საზოგადოებრივი მოღვაწეობა, პაციფიზმი

დოროთი ბავშვობიდანვე მშვიდობისმოყვარე იყო; იზიარებდა სამართლიანობის, საყოველთაო თანასწორობის, თავისუფლების პრინციპს; აფრიკაში ყოფნისას განარისხა კოლონიალისტების თავგასულობამ, სისასტიკემ, დამონებული ხალხის ურვამ, უუფლებობამ, სიღარიბემ, ჩაგვრამდედამისი გულანთებული პაციფისტი იყო, რადგან ოთხი ძმა დაკარგა ომში. ქალი უყვებოდა შვილს, როგორ უჯანყდებოდნენ აფრიკელები ბრიტანელებს, რომელთაც კოლონიური მონობის უღელი დაედგათ მათთვის. ბოლო არ უჩანდა არაადამიანურ ულმობლობას, ექსპლუატაციას, შრომის პირობების გაუარესებას, შაქრის ფასის კატასტროფულ ზრდასდოროთიმ საკუთარი თვალით იხილა, როგორ ჩაახშო სახალხო ამბოხებანი სისხლის ზღვაში ინგლისის არმიამ. დედამ წაიყვანა მოზარდი შვილი ჟენავაში, „ერთა ლიგისკრებაზე დასასწრებად. აფრიკაში ნანახმა საშინელებამ აუხილა თვალი პატარას, ცხადად დაანახა უთანასწორობა, ჩაგვრა, ომის შემზარავი შედეგები, კოლონიალიზმისა და მილიტარიზმის დამღუპველი გავლენა. მოიწადინა ბრძოლა საკაცობრიო მშვიდობისათვის, განიარაღებისათვის, თანასწორობისათვის, ხალხთა განათლებისა და სამართლიანობისათვის. უმცროს დებთან ერთად ერთვებოდა პაციფისტურ დემონსტრაციებში. ქალიშვილებიერთა ლიგისმოხალისეებიც გახდნენ. მოითხოვდნენ ეგვიპტის დეკოლონიზაციასა და მშვიდობის დამყარებას. დოროთი მემარცხენე პარტიის წევრი გახდა, რადგან იზიარებდა ჰუმანისტურ იდეალებსა და თანასწორობის პრინციპს.

მისი მეუღლე, თომასი, კომუნისტური პარტიის მგზნებარე მხარდამჭერი და გულშემატკივარი იყო; პაციფისტურ მოძრაობებს უერთდებოდა და იბრძოდა განიარაღებისათვის. აფრიკაში რომ მიავლინეს მასწავლებლად, მხარი დაუჭირა ამბოხებულ არაბებს. ამის გამო დაითხოვეს სამსახურიდან განაწყენებულმა კოლონიალისტებმა. თომასი და დოროთის სტუდენტი, მარგარეტ ტეტჩერი, ხშირად კამათობდნენ პოლიტიკაზე. ამ კაცმა უდავოდ დიდი წვლილი შეიტანა აფრიკის ისტორიის კვლევაში. მისი დამსახურებაა, ბრიტანეთში რომ ჩატარდა არაერთი კვლევა ამ კონტინენტის წარსულისა და კულტურის შესახებ. ის იყო ერთერთი იმ სწავლულთა შორის, რომელთაც გააცამტვერეს მრავალი კოლონიალისტური მითი (მაგალითად, ის, რომ აფრიკას არ ჰქონდა არავითარი ისტორია; რომ ამ კონტინენტის ისტორია იწყება დასავლეთთან დაკავშირების შემდეგ; რომ კეთილშობილმა, განათლებულმა, კულტურულმა და დახვეწილმა ევროპელებმა შეიტანეს ცივილიზაციის სიკეთე იმწყვდიადსა და უკუნეთშიდა ...).

ქალის პირველი მენტორი და სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელი, ჯონ დესმონდ ბერნალი, კომუნისტური პარტიის აქტიური წევრი, საბჭოთა ხელისუფლების მეხოტბე და მარქსიზმის დიდი მოტრფიალე გახლდათ. სიყმაწვილეში შეაქცია ზურგი კათოლიციზმს. მარქსის ნაშრომები იქცა მის სამაგიდო წიგნებად.

ქროუფუთიც დიდად კეთილგანწყობილი იყო საბჭოთა კავშირისადმი და სხვა ქვეყნების სოცაილისტური და კომუნისტური მთავრობებისადმი. მუდამ აცხადებდა, რომ მეცნიერებას ეკისრებოდა დიდი სოციალური პასუხისმგებლობა; რომ ყველა დარგის წარმომადგენელს წვლილი უნდა შეეტანა საყოველთაო მშვიდობის დამყარებაში. მისი თქმით, კაცობრიობის კეთილდღეობა უნდა ყოფილიყო სწავლულთა მიზანი და არა ნგრევა, მასობრივი განადგურების იარაღების შექმნა

ომის დასრულების შემდეგ კოლეგებთან ერთად დააფუძნა კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირი. დაამკვიდრეს ასეთი წესი: არასოდეს შეიკრიბებოდნენ იმ ქვეყანაში ღონისძიების ჩასატარებლად, რომელიც კავშირის უკლებლივ ყველა წევრს არ მისცემდა სახელმწიფოს საზღვრის გადაკვეთის უფლებას. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტისა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეძრწუნებულნი ჩანდნენ ამ ინიციატივის გამო. ამერიკაში არ უშვებდნენ აღმოსავლეთ ევროპიდან და საბჭოთა კავშირიდან ჩამოსულ იმ მეცნიერებს, კონფერენციებსა და მოხსენებებზე დასწრება რომ სურდათ.

მთავრობამ პასპორტი ჩამოართვა გამოჩენილ ქიმიკოსსა და ნობელის პრემიის ორგზის ლაურეატს, ლაინუს პოლინგს, რადგან სოციალისტური იდეები ჰქონდა და დადებითად იყო განწყობილი საბჭოთა კავშირისადმი.

როცა ინგისელმა მეცნიერმა, როზალინდ ფრანკლინმა, მოინდომა ამერიკაში გამგზავრება (კონფერენციაზე დასასწრებად), ვიზა არ მისცესმემარცხენე მიდრეკილებებისგამო.

1953 წელს ქროუფუთი ლაინუსმა მიიწვია პასადენაში (სამეცნიერო კონფერენციაზე). ქალს მოხსენება უნდა წაეკითხა ვიტამინ 12-ის კვლევის შესახებ, პოლინგს კი განზრახული ჰქონდა სიტყვით გამოსვლა ცილების სპირალური სტრუტურის შესახებ. შეერთებული შტატების საელჩომ უარი უთხრა ვიზის გაცემაზე, რადგან გამოარკვია, რომ დოროთის მემარცხენე ინტელექტუალებთან ჰქონდა კავშირი და წევრი იყო იმ ორგანიზაციისა, რომელსაც ერქვამეცნიერება მშვიდობისათვის“. ამ გაერთიანებაში ბლომად იყვნენ სოციალისტი და კომუნისტი მეცნიერები. ის კონფერენცია მართლაც მნიშვნელოვანი იყო ყველა იმ სწავლულისათვის, რომელიც მოლეკულური ბიოლოგიის, კრისტალოგრაფიისა და ბიოქიმიის დარგში მოღვაწეობდა. ამიტომაც, ქალი ძალზე იმედგაცრუებული დარჩა, ამ უაზრო ბიუროკრატიული დაბრკოლების გამო რომ ვერ შეძლო გამგზავრება. ბერნალმა რუსეთში წასვლა შესთავაზა განაწყენებულ, გაწბილებულ კოლეგას. როგორც თავად ჰოჯკინი იხსენებს, აღფრთოვანებული დარჩა მოსკოვით, ლენინგრადით, საბჭოელი სწავლულებით, იქაური მეცნიერულტექნიკური პროგრესით. ისიც აღნიშნა, რომ საბჭოთა მთავრობა დიდძალ ფულს ხარჯავდა ხალხის განათლების საქმეში წვლილის შესატანად, ბრიტანეთისა და ამერიკის ხელისუფლების წარმომადგენლები კი ვერ იმეტებდნენ თანხას სამეცნიერო კვლევების დასაფინანსებლად; რომ წარმოუდგენლად დიდ რესურსს ხარჯავდნენ მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, თუმცაღა, გროშებს ითვლიდნენ, როცა სწავლულნი ითხოვდნენ ისეთი პროექტის მატერიალურ ხელშეწყობას, კაცობრიობისათვის სიკეთის მოტანა და ადამიანთა სიცოცხლის ხსნა რომ შეეძლო.

საოცრად თავაზიანი ხალხი ვიხილე რუსეთშიძალიან უხაროდათ ჩემი დანახვა!“ – წერს ავტობიოგრაფიაში.

აღფრთოვანდა, როცა შეიტყო, რომ რუსმა მეცნიერებმა, ბორის ვაინშტაინმა და გალინა ტიშჩენკომ, მოსკოვში გაშიფრეს კრისტალური სტრუქტურა ანტიბიოტიკგრამიციდინ S“-ისა, რომელიც რუსმა მიკრობიოლოგებმა, გეორგი ფრანცევიჩ გაუზემ და მარია ბრაჟნიკოვამ, აღმოაჩინეს. ამ ნივთიერების აგებულების გაშიფრვას ცდილობდა ბიოქიმიკოსი გერჰარდ შმიდტი; მიიღო კრისტალები, შეუდგა დიფრაქციულ ანალიზს, მაგრამ ხელი მოეცარა.

როგორც თვითონვე ამბობს, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე საბჭოელ მეცნიერთა უშრეტმა ენთუზიაზმმა და იდეალიზმმა; განათლების სისტემამ; მეცნიერებისადმი დამოკიდებულებამ; მაღალი ხარისხის კვლევებმა და უწყვეტმა პროგრესმა. კიდევ ერთხელ გაუმყარდა იმის რწმენა, რომ მარქსიზმი საუკეთესო მოძღვრება იყო ამქვეყნად. როცა იხილა, რაოდენ დიდ სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ რუსები ჯონ დესმონდ ბერნალისა და მისი იდეებისადმი, მიხვდა, რატომ ივსებოდა მისი კოლეგა ასეთი შთაგონებით, როცა სიტყვა ჩამოვარდებოდა სოციალისტურ სახელმწიფოზე. უნდა ითქვას ისიც, რომ სანამ დოროთი თომასს შეხვდებოდა, დიდი სიყვარული აკავშირებდა ბერნალთან. მათი ბობოქარი რომანი სრულიად თავისუფალი იყო ყოველგვარი პატრიარქალური მორალისაგან, ოჯახის მარწუხებისა და სოციალური ნორმებისაგან.

წარჩინებულმა რუსმა მეცნიერმა, ლუდმილა კარაჩკინამ, 1982 წლის 23 დეკემბერს აღმოაჩინა ასტეროიდი (5422) ყირიმის ასტროფიზიკის ლაბორატორიაში და სწორედ ჰოჯკინის პატივსაცემად უწოდა მისი სახელი ციურ სხეულს. დოროთი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად აირჩიეს. უდიდესი მოწიწებით იყვნენ განმსჭვალულნი მისდამი.

ქალი იზიარებდა იმ იდეას, რომლის თანახმადაც, განათლება ყველასთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, მიუხედავად წარმომავლობისა, წოდებისა, ფენისა, კლასისა, ეროვნებისა, სქესისა, კანის ფერისა, აღმსარებლობისა, საცხოვრებელი ადგილისაესოდენ გამოჩენილი მეცნიერი და მრავალი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი მუდამ უშუალობას იჩენდა თავისი სტუდენტებისადმი, რადგან, მისი რწმენით, ყველა თანასწორი იყო. მაქს პერუცი იხსენებს: „შესანიშნავი იყო დოროთის ინტერესი სტუდენტებისადმიყოველთვის დაჟინებით ცდილობდა ახალგაზრდებში შერევას. სულ მათთან ერთად ჭამდა ლაბორატორიაში“.

ინგლისელი მეცნიერი, სერ ჯონ მეირიგ თომასი, იხსენებს იმ დღეს, როცა ქროუფუთი აბერისტუითში გაემგზავრა სტუდენტებთან შესახვედრად. მანძილმა, სიშორემ და ხანგრძლივ მგზავრობაზე ფიქრმა ვერ ააღებინა ხელი ამ გეგმაზე, რადგან მთელი გულით სურდა სიტყვით გამოსვლა. როცა გზაზე მიქროდა, ტკბებოდა თვალწარმტაცი ხედებით, შუადღის მზის მცხუნვარე სხივებში გახვეული კარდიგანის ყურის ცქერითროცა ჩააღწია დანიშნულების ადგილას, კათედრაზე ავიდა და ენად გაიკრიფა. როგორც სტუდენტები იხსენებენ, საოცრად საინტერესო, მომაჯადოებელი და მომნუსხველი იყო მისი ენამზეობა; კარგა ხანს ილაპარაკა ინსულინის სტრუქტურის შესახებ ჩატარებულ კვლევებზე. ლექციამდეც და ლექციის შემდეგაც ხალისით შეერია ახალგაზრდებს, ადმინისტრაციის თანამშრომლებსა და სტუმრებს; მათთან ერთად მიირთვა სადილი და ... უსაზღვრო ბედნიერებით ავსებდა მათ გვერდით ყოფნა. ყველანი გაფაციცებით უსმენდნენ.

ყოველთვის ესწრებოდა სტუდენტთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიასა და საზეიმო წვეულებას; ხმას იმაღლებდა განათლების სისტემისათვის გამოყოფილი ბიუჯეტის შეკვეცის წინააღმდეგ. აღშფოთებული აცხადებდა, რომ დამღუპველ შედეგს მოუტანდა ამგვარი შეზღუდვები ხელმოკლე ოჯახებს. როცა მკაცრად შეზღუდეს ბრისტოლის უნივერსიტეტის დაფინანსება, იფეთქა. არქიტექტურის განყოფილების დახურვა რომ მოინდომეს, გააფთრებით გაილაშქრა ოპონენტების წინააღმდეგ. იცოდა, სასწავლებლის მმართველობა არ იზიარებდა მის აზრს, მიუხედავად იმისა, რომ კანცლერის სტატუსი ჰქონდა. მისი და მისი თანამოაზრეების საწინააღმდეგოდ გადაწყდა ზემოხსენებული საკითხი, თუმცაღა, დაუღალავად იბრძოლა არქეოლოგიური ცენტრისთვის დაფინანსების სხვა წყაროს მოსაპოვებლად.

როცა ერთმანეთს ადარებდა საბჭოთა კავშირის განათლების სისტემისათვის დახარჯულ თანხას და ინგლისის უნივერსიტეტების ყოველწლიურ ბიუჯეტს, უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ სწორედ საბჭოთა კავშირი იყო მოწინავე სახელმწიფო, სადაც ხორცშესხმული იყო სოციალისტური იდეალები. მიუხედავად ანტისაბჭოთა პროპაგანდისა, ფიქრობდა, რომ აუცილებლად უნდა შეენარჩუნებინა კავშირი საბჭოელ მეცნიერებთან.

ხშირად ერთვებოდა ატომური იარაღის, მასობრივი განადგურების საშუალებების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და დემილიტარიზაციის შესახებ გაჩაღებულ დებატებში. მუდამ აცოფებდა ამერიკის ექსპანსიონისტური იდეოლოგია; აწუხებდა დაძაბულობის ზრდა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის.

რამდენიმე წელი რომ გავიდა, ამერიკის საელჩომ, როგორც იქნა, მიანიჭა ვიზა და დართო სამეცნიერო კონფერენციაზე დასწრების უფლება, მაგრამ თან გააყოლა CIA-ის აგენტი, რომელიც განუწყვეტლივ უთვალთვალებდა და მის ყველა ნაბიჯს აკონტროლებდა.

1959 წელს გაემგზავრა ჩინეთში და კავშირი დაამყარა იქაურ მეცნიერებთან. ჩინელ კრისტალოგრაფებს არასოდეს დავიწყებიათ დოროთის ჰუმანურობა, სამართლიანობა, მოწადინება, განმაცვიფრებელი ცოდნა და კომპეტენცია.

ხშირად მოგზაურობდა ინდოეთში, ვიეტნამსა და სხვა ქვეყნებში; აგულიანებდა იქაურ მეცნიერებს და მოუწოდებდა, გაწევრიანებულიყვნენ კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირში. ასე იქცეოდა მაშინ, როცა მთელი დასავლური სამყარო და პოლიტიკური ელიტა არად აგდებდა აღმოსავლელ მეცნიერთა ღვაწლსა და დამსახურებას.

1975 წლიდან 1988-მდე იყო პაგუოშის კონფერენციების პრეზიდენტი. ეს მოძრაობა აერთიანებდა მრავალ მეცნიერს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყველა მათგანს ჰქონდა საერთო მისწრაფებამშვიდობა, თანასწორობა, სამართლიანობა, განიარაღება, ატომური იარაღის დამზადებისა და გამოყენების შეჩერება, დემილიტარიზაცია, ნგრევის, ადამიანთა ტანჯვის დასრულება, ომის საშინელებისათვის წერტილის დასმა.

მართალია, მარგარეტ ტეტჩერი ემტერებოდა სოციალისტებს, მაგრამ, მიუხედავად დოროთის პოლიტიკური შეხედულებებისა და სოციალისტური იდეებისა, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ამ მეცნიერის დიდი პორტრეტი ჩამოკიდა თავის კაბინეტში, დაუნინგსტრიტზე. ყოველი შეხვედრისას გულთბილად ესალმებოდნენ ერთმანეთს. მარგარეტი ყოველთვის მოწიწებით ეპყრობოდა; ამაყობდა, რომ მასთან ჰქონდა კავშირი; იცოდა, თავად არ იყო დაჯილდოებული მეცნიერული ნიჭით, თუმცაღა, ნუსხავდა მეცნიერული კვლევაძიების მაგიური ხიბლი და გრძნეულება. დოროთიმ ჩვეული დიპლომატიური ტონით უთხრა, პრემიერმინისტრი ასე გააფთრებით არ უნდა გმობდეს საბჭოთა კავშირს, თუკი ერთხელაც კი არ ყოფილა რუსეთშიო. პოლიტიკოსმა შაბათკვირის გასატარებლად მიიწვია თავის აგარაკზე; ჰოჯკინმა მიიღო მიწვევა; მრავალსაათიანი საუბრისა და მსჯელობის შემდეგ გადაწყვიტა მარგარეტმა საბჭოთა კავშირში გამგზავრება. „ტეტჩეტი წელიწადში ერთხელ მაინც ეპატიჟებოდა ლანჩზედოროთი გორბაჩოვს შეხვდა და სამშობლოში დაბრუნდამეორე დღეს ლანჩზე დაეწვია დედოფალ ელიზაბეთსერთი კვირის შემდეგ კი მარგარეტთან ერთად მიირთვა ლანჩი!“ – აღნიშნავს კენეთ თრუბლადი.

მეცნიერი ილაშქრებდა ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. მრავალჯერ გაემგზავრა ჰანოიში და მხარდაჭერა აღუთქვა იქაურ ხალხს. როცა ინგლისში დაბრუნდა, სიტყვით მიმართა ოქსფორდში თავმოყრილ სტუდენტებს. ეს უკანასკნელნი სახელმწიფოს პროპაგანდის მსხვერპლნი იყვნენ და ამიტომაც, გადაწყვიტეს, არგუმენტებით დაჰპირისპირებოდნენ პროფესორს. ქროუფუთმა ისე ილაპარაკა ვიეტნამელებზე, თვალის დახამხამებაში გააცამტვერა მათი არგუმენტები. თავისი ფილოსოფია, მსოფლმხედველობა და პოლიტიკური იდეოლოგია ნათლად ჩამოაყალიბა სტატიაში, რომელიც 1981 წელს დაიბეჭდა „Bulletin of the Atomic Scientists“-ში: „უნდა მოვსპოთ იარაღი და ვეღირსოთ მშვიდობის დამყარებას მთელ მსოფლიოში. ეს არის ჩვენი უპირველესი მიზანი, რომელსაც აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ის კონფლიქტები, უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში რომ გაჩაღდა, მსოფლიოს ყველაზე ღარიბ ქვეყნებში აღმოცენდა. ამ ომებმა კიდევ უფრო ღრმად ჩაფლა ისინი სიღატაკის მორევში, კიდევ უფრო ნათლად გამოკვეთა კონტრასტი მათ მოთხოვნილებათა და იარაღის შესაძენად გაღებულ ხარჯებს შორის. ყოველ წამს მრავალი მილიონი დოლარი იფლანგება შეიარაღების მოსამარაგებლად. სულ რამდენიმე მილიონი (სასურველი იქნებოდა, ყველა) რომ გაემეტებინათ მსოფლიოში სიღატაკის აღმოსაფხვრელად, უკვალოდ გაქრებოდა კონფლიქტის მრავალი მიზეზი“.

კამბოჯასა და უგანდაში ჩადენილი გენოციდი რომ გაიხსენა, აღნიშნა: „ერთი რამ აფორიაქებს ყველაფერზე მეტად ჩემს გონებას: ყველამ ვიცოდით, რა მოხდა იქ, მაგრამ ისე უსუსურნი ვჩანდითარაფრის გაკეთება არ შეგვეძლო“…

გახდა იმ ორგანიზაციის თავმჯდომარე, რომელმაც მიზნად დაისახა ვიეტნამისა და სხვა ქვეყნების სამედიცინო დახმარება, მერე კი შეუერთდა იმ კომისიას (შვედეთში), ამერიკელი ჯარისკაცებისაგან ვიეტნამში ჩადენილ ომის დანაშაულთა გამოძიება რომ ითავა. ის და თომასი მრავალჯერ ჩავიდნენ ვიეტნამში; კიდევ უფრო განიმსჭვალნენ იმ ხალხის სიყვარულით; მხარს უჭერდნენ მათ ანტიკოლონიალისტურ ბრძოლასა და ეროვნულ გაერთიანებას; ქალს მოსწონდა მათი სოციალისტური იდეები და ჰუმანისტური მისწრაფებანი; აღფრთოვანდა იმ დამოუკიდებელი, ძლიერი, მებრძოლი ჩრდილოვიეტნამელი გოგონებითა და ქალებით, მამაცად რომ იცავდნენ მშობლიურ სოფლებს და არავისი იმედი არ ჰქონდათ საკუთარი თავის გარდა. მრავალი ფოტო გადაიღო მათთან ერთად.

სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მრავალი სტატია დაწერა ვიეტნამისა და სხვა ქვეყნების, მილიტარიზმის დამანგრეველი შედეგების, კოლონიალიზმის სისასტიკისა და ხალხის ტანჯვის შესახებ. ამ სტატიებმა დიდი წვლილი შეიტანა საზოგადოების ცნობიერების ამაღლების საქმეში. ყოველთვის დაუფარავად გმობდა ამერიკის მთავრობის მილიტარისტულ პოლიტიკას; მიიჩნევდა, რომ კანონიერი, სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა ამგვარ იდეოლოგიას, რომელსაც მოურიდებლად უწოდებდა უსამართლოს, არაადამიანურს, წარმოუდგენლად დესტრუქციულსა და უგუნურს; აღშფოთებას ვერ მალავდა, როცა ინგლისის მთავრობა მხარს უჭერდა ამგვარ სასტიკ პოლიტიკას.

მიუხედავად ასაკისა და მგზავრობასთან დაკავშირებული სირთულეებისა, პაგუოშის ყველა კონფერენციას, სემინარს, სამუშაო შეხვედრასა და სიმპოზიუმს ესწრებოდა. პოლონელი ფიზიკოსი, იოსებ როტბლატი, აღნიშნავს, რომ იშვიათად ერთვებოდა დისკუსიაში, თუმცა, როგორც კი გადაწყვეტდა აზრის გამოთქმას, ყველას ყურადღებას იპყრობდა მისი ნაზი ხმა და ღრმააზროვანი შენიშვნები.

უკანასკნელი წლები

როცა ძლიერ მოხუცდა და დაუძლურდა, სოფელ ილმინგტონში გადავიდა საცხოვრებლად. „Crab Mill“ იყო ყვავილებით დაფარულ გორაკს უკან მიმალული, ოქროსფერი ქვებით დამშვენებული, ლამაზი სახლი, რომლის ბაღსაც თვალგასახარი ვარდები ამკობდნენ. მხოლოდ ფიზიკურმა სისუსტემ აიძულა, დროებით ჩამოშორებოდა აქტიურ სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობას, თუმცა, ყველა ღონეს ხმარობდა იმისათვის, რათა არ გაეწყვიტა კავშირი გარესამყაროსთან და ეგრძნო ეპოქის მაჯისცემა.

თომასი ფილტვის ემფიზემით გარდაიცვალა. დოროთის საუკუნო დაღი დააჩნია საყვარელი ადამიანის დაკარგვამ. ისე სტანჯავდა მისი მონატრება, ფიზიკურადაც კი შეიცვალა; დაკარგა ძველებური ბრწყინვალება; დაინისლა მისი მოციმციმე თვალები; აღარ იღიმოდა ძველებურად ხშირად. გი დოდსონი ფიქრობდა, ალბათ, ავად გახდა, ან კიბო დაემართაო. გაუბედავად ჰკითხა, რამე ხომ არ გიჭირთო. „უმალ მიხვდა, რა აზრი მიტრიალებდა გონებაშიმართლაც განმაცვიფრებელი იყოროგორ შეეძლო ადამიანთა ფიქრების წაკითხვა! „არა, გი. ეს მხოლოდ დარდი და მწუხარებაა!“ – მომიგო დოროთიმ!“ – იხსენებს დოდსონი.

ვერაგმა სენმა, რევმატოიდულმა ართრიტმა, თითქმის მთლიანად გაუხევა ხელფეხი. ერთ დღეს, წაბარბაცდა, დაეცა და მენჯის ძვალი გაებზარა. ეტლს მიჯაჭვულმა გაატარა სიცოცხლის უკანასკნელი წლები, მაგრამ მაინც არ დაყარა ფარხმალი: დაუღალავად შრომობდა, წერდა სამეცნიერო სტატიებს, მოგზაურობდა, ესწრებოდა სამეცნიერო კონფერენციებსა და სამშვიდობო ორგანიზაციების ღონისძიებებს. სახე უბრწყინავდა, როცა ყურს უგდებდა მომხსენებელთ. დაუძლურებული და ღონემიხდილი იყო, მაგრამ ყველას აოცებდა მისი გულმოდგინება, დაუღალავი გონება, შემართება და სიმტკიცე. ერთხელ, როცა მეგობარმა ტაქსიში ჩასვა, მძღოლი შეშფოთდა, რადგან რკინიგზის სადგურში უნდა წაეყვანა მხცოვანი ქალი. „ხომ კარგად იქნება?“ – ჰკითხა შეშინებულმა მის მეგობარს. „ცხადია! მოსკოვში მიემგზავრება!“ – მიუგო მან.

დოროთი დაესწრო კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირის კონგრესს, რომელიც ბორდოში გაიმართა. ირლანდიაში გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე დაეცა და კვლავ დაუზიანდა მენჯბარძაყის სახსარი. ნოემბერში, როცა საავადმყოფოდან გამოწერეს, ისე დასუსტებული ჩანდა, მისმა ქალიშვილმა, ელიზაბეთმა, იფიქრა, შობამდეც კი ვერ იცოცხლებსო. მიუხედავად ამისა, ახალ წლამდე ცოტა ხნით ადრე მოიკეთა. მომვლელი დაუქირავეს, რადგან მისი შვილები ძალზე მოუცლელნი იყვნენ და მხოლოდ შაბათკვირას ახერხებდნენ მის მონახულებას. ხელჯოხის დახმარებითაც კი უჭირდა გადაადგილება. სულ ეტლში იჯდა. ხმა წაერთვა; მისი ჩურჩულიღა ესმოდათ გარშემომყოფთ. როცა ბრიტანეთის კრისტალოგრაფიულმა ასოციაციამ პრიზი გადასცა, მხოლოდ რამდენიმე სიტყვის წარმოთქმა შეძლო. ვერავინ გაიგონა მისი ხმა (მიუხედავად იმისა, რომ მიკროფონი ეჭირა).

ერთ დღეს უყურა სატელევიზიო გადაცემას, რომელშიც ჩინეთი გააკრიტიკეს. უეცრად მიუბრუნდა ელიზაბეთს და უთხრა, დოდსონს უნდა დაველაპარაკოო. ქალიშვილმა დარეკა იორკში და ყურმილი გადასცა დედას. „გი!“ – ჩასძახა ქალმა და განაგრძო: „ვფიქრობ, არასწორი შთაბეჭდილება დაგრჩა ჩვენი ბოლო საუბრის შემდეგ. ალბათ, იფიქრე, რომ არ ვაპირებ კრისტალოგრაფთა საერთაშორისო კავშირის იმ კონგრესზე დასწრებას, სექტემბერში რომ უნდა გაიმართოს ჩინეთში!“

თითქმის არავინ დაუჭირა მხარი მის გადაწყვეტილებას, მაგრამ ისე დაიჟინა გამგზავრება, იძულებულნი გახდნენ, დაეთმოთ მისთვის. უკანასკნელ წამამდე ვერ დაიჯერეს, რომ მართლა წავიდოდა. ექიმმაც დაუშალა მგზავრობა. „ლონდონის სამეფო საზოგადოებისწევრებმა, რომელთაც ნაწილობრივ უნდა დაეფარათ მგზავრობის ხარჯები, მის ახლობლებს დაუსვეს ის შეკითხვა, რომელიც ყველას უტრიალებდა თავში: „რა მოხდება, თუკი ქალბატონი გარდაიცვლება ჩინეთში?“ ჩინელი მეცნიერებიც ძლიერ შეწუხდნენ ასეთი ვითარების გამო, მაგრამ ელიზაბეთსა და სხვებს აღუთქვეს, ძალღონეს არ დავიშურებთ, რათა უსაფრთხოდ იყოს და ბედნიერად იგრძნოს თავიო. დოროთიმ პირდაპირ უთხრა ყველას, სულ არ მადარდებს, იმ შორეულ ქვეყანაში თუ დავლევ სულსო. ელიზაბეთმა შეამჩნია, რომ რაც უფრო ახლოვდებოდა კონგრესის თარიღი, ქალი მით უფრო აღტყინებული ჩანდა; თითქოს საოცარი ენერგია და ძალა შეემატა. გამგზავრებამდე რამდენიმე დღით ადრე გაუმწვავდა პლევრიტი, თუმცაღა, ვერც ამან ვერ დაუკარგა მხნეობა. როცა დადგა გამგზავრების დღე, ოჯახის ახლობელმა, ირენ საბინმა, ჩააცვა, ლორა ეშლის შეკერილი კაბით შემოსა და მაქმანის საყელოთი დაამშვენა მისი ტანსაცმელი, რათაახალგაზრდული იერი ჰქონოდა იმდენად, რამდენადაც შესაძლებელი იყო“. როცა გარეთ გაიყვანეს და ავტომობილში ჩასვეს, დასევდიანდნენ. მისმა მეგობრებმა იფიქრეს, რომ ვერ გადაურჩებოდა მოგზაურობას და ცოცხალი ვერ ჩამოაღწევდა ინგლისში. ქალს თავი აეღირა, როცა მის ეტლს მიაგორებდნენ აეროპორტში. ჩინეთში გამართულმა კონგრესმა მძაფრი ემოციები აღუძრა მეცნიერებს. თითქმის ყველა მიხვდა, რომ ეს იქნებოდა კრისტალოგრაფთა უკანასკნელი შეხვედრა, რომელსაც დაესწრებოდა; რომ ეს შეიქნებოდა მისი უკანასკნელი მოგზაურობა ჩინეთში. მეგობრები გარს ეხვეოდნენ და ესიყვარულებოდნენ. დაქანცულობის მიუხედავად, ცქვიტი, ენერგიული და მხიარული ჩანდა. ელიზაბეთს სთხოვა, წაეყვანა რამდენიმე საინტერესო საჯარო მოხსენების მოსასმენად. როცა სხვები სიტყვით გამოდიოდნენ, ჩურჩულით წარმოთქვამდა მახვილგონივრულ შენიშვნებს. სევდა და ნაღველი შერეოდა სტუმრების სიხარულს, რადგან ძლიერ დაუძლურებულიყო; აჩრდილიღა დარჩენილიყო ოდინდელი დოროთისაგან. ცხადი იყო, არ ეწერა ხანგრძლივი სიცოცხლე.

როცა შინ დაბრუნდა, ვეღარ დამალა ტკივილი, დაღლილობა და უქეიფობა. ელიზაბეთმა და ირენ საბინმა სამოსი გახადეს და საწოლში ჩააწვინეს. როგორც იქნა, დამშვიდდა, ბალიშებს მიეყრდნო, ნეტარი ღიმილი გადაეფინა ბაგეზე და წაიჩურჩულა: „მადლობა!“ ეს მოხდა 1993 წლის სექტემბერში.

1994 წლის შუა ივლისში მიწას დაენარცხა და კიდევ ერთხელ გაებზარა მენჯბარძაყის სახსარი. მაშინვე გააქანეს საავადმყოფოში. ორი დღის შემდეგ სტაბილური გახდა მისი მდგომარეობა, მაგრამ გაუჭირდა გონს მოსვლა. თავი მოიყარეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. რიგრიგობით ისხდნენ მის სასთუმალთან. თორმეტი დღე გაილია ამ მისვლამოსვლაში. მოინახულა მრავალმა კოლეგამ და მეცნიერმა (იტალიიდან ჩამოფრინდა სოფია კანდელორო, რომელთან ერთადაც გაშიფრა ჰოჯკინმა ფეროვერდინის სტრუქტურა მრავალი წლით ადრე).

ლიუკმა და ელიზაბეთმა 27 ივლისს გადაწყვიტეს დედის შინ წაყვანა. საავადმყოფოს დირექციამ მხარი დაუჭირა მათ. დები ჩავიდნენ “Crab Mill”-ში, რათა მასთან ერთად გაეტარებინათ უკანასკნელი დღენი. ქალმა ინსულტი გადაიტანა ერთ ღამეს. ყველანი ფხიზლობდნენ, მის საწოლთან ისხდნენ, მღეროდნენ, ლექსებს კითხულობდნენ, მუსიკას უკრავდნენმეორე დღეს, 1994 წლის 29 ივლისს დალია სული საყვარელ სახლში, საყვარელი ადამიანებით გარშემორტყმულმა.

ილმინგტონის ერთერთი ეკლესიის ეზოში მიაბარეს მიწას. დაკრძალვის ცერემონია ძალზე მოკრძალებული და უბრალო იყო.

*

1995 წლის მარტში დოროთის ხსოვნის საღამო გაიმართა ოქსფორდის უნივერსიტეტის წმინდა მარიამ მარადქალწულის სახელობის ტაძარში. ნაგებობა გაივსო მისი მეგობრებით, კოლეგებით, ყოფილი სტუდენტებითა და ახლობლებით. წაიკითხეს ამონარიდები ბიბლიიდან, შექსპირის სონეტებიდან და განსვენებულის ხელით დაწერილი იმ ტექსტიდან, რომელიც მაშინ წაიკითხა, როცა პაგუოშის კონფერენციების პრეზიდენტად აირჩიეს. მაქს პერუცმა გულშიჩამწვდომი სიტყვებით მოიხსენია პიონერი მეცნიერი:

მაგიური საბურვლით იყო შემოსილი ეს პიროვნება. იმ ადამიანთა შორისაც კი არ ჰყავდა მტრები, რომელთა სამეცნიერო თეორიებს აცამტვერებდა და რომელთა პოლიტიკურ შეხედულებებსაც ეწინააღმდეგებოდა. მისი რენტგენული დანადგარები და კამერები აშიშვლებდნენ იმ შინაგან, თანდაყოლილ მშვენიერებას, რომელიც იმალებოდა ნივთიერებათა ხეშეში ზედაპირის მიღმა. დოროთის სითბო, თავაზიანობა, ხალხისადმი მიდგომა და ადამიანებისადმი გამოვლენილი სინაზე სწორედ ასე შემოაძარცვავდა ხოლმე იდუმალების საბურველს სიკეთისა და ლმობიერების იმ მარცვალს, ყველა სულიერში რომ იმალებოდასასწაულს ჰგავდა მისი შემორბენა ლაბორატორიაში. გაზაფხულივით შემოანათებდა ხოლმე. დოროთი დაამახსოვრდებათ დიდ ქიმიკოსად, წმინდანის სადარ, შემწყნარებელ, სათნო ადამიანად, ხალხთა მოყვარულად, მშვიდობის თავგამოდებულ ქომაგად“.

მეცნიერთა თქმით, დოროთიმ ხელით შეასრულა ურთულესი მოლეკულური კალკულაციები და თავი გაართვა ძნელ მათემატიკურ გამოთვლებს იმ ეპოქაში, როცა არ არსებობდა კომპიუტერები და დიფრაქტომეტრები. იმხანად, მრავალწლიანი შრომა იყო საჭირო ამ სამუშაოს შესასრულებლად, თანამედროვე ხანაში კი ყველაფერს თვალის დახამხამებაში გამოთვლის კომპიუტერი.

ქროუფუთჰოჯკინმა წარმატების მწვერვალები დაიპყრო მაშინ, როცა სხვებმა მარცხი იწვნიეს და ხელი აიღეს რთული მოლეკულების კვლევაზე. მიჰყვა თავის ალღოს, შეუმცდარ ინსტინქტს და საოცარი სიზუსტით დაალაგა ატომები სამგანზომილებიან სივრცულ მოდელებში. აჯობა იმ მეცნიერთ, რომელთაც გაუჭირდათ პენიცილინის კვლევა, სამგანზომილებიანი გამოთვლების ჩატარება და ელექტრონთა სიმკვრივის განაწილების რუკების სწორად განმარტება. ორგანზომილებიანი რუკების მეშვეობითაც კი მიაღწია მიზანს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კრისტალთა ელექტრონების სიმკვრივის განაწილების რუკები ეწინააღმდეგებოდა ერთმანეთს და შეუძლებელი იყო მხოლოდ ერთი, საბოლოო დასკვნის გამოტანაერთ სიბრტყეზე გადაიტანა სოდიუმისა და რუბიდიუმის სტრუქტურების პროექციები და ერთი მასშტაბის რუკები დახაზა, ერთმანეთზე დაალაგა და როტაციის წყალობით მიაგნო პასუხს.

ჯეკ დიუნიცი აღნიშნავს: „დოროთი მართლაც უტყუარი ალღოთი იყო დაჯილდოებულიშეეძლო ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემების აღმოჩენა ამ დარგში. ჰქონდა დიდი გამბედაობა, რათა შესჭიდებოდა ამ პრობლემებს მაშინაც კი, როცა თითქმის შეუძლებელი ჩანდა მათი გადაჭრა. გამოირჩეოდა შეუპოვრობით და განაგრძობდა ბრძოლას, სხვები კი ნებდებოდნენბოძებული ჰქონდა უნარი, შესაძლებლობები და მდიდარი წარმოსახვაროგორც კი გამოიკვეთებოდა რებუსის ნაწილები, დასძლევდა სირთულეს. აი, სწორედ ამ მრავალი მიზეზის გამოა მისი წვლილი განსაკუთრებული“.

ოქსფორდის უნივერსიტეტში შევიტანე საბუთებიქიმიის შესწავლა მინდოდა. მამაჩემს დავპირდი, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარებ, თუკი ოქსფორდში არ მიმიღებენმეთქიდოროთი ძალიან შეშფოთდაახალგაზრდა ვიყავიჩემდა საბედნიეროდ, მიმიღო. შევძელი ქიმიის შესწავლა. მრავალი წელი გავიდა მას შემდეგ. კარგი მეგობრები გავხდით. დიდ სიამოვნებას მგვრიდა მის ლაბორატორიაში მუშაობამასწავლა ქიმიასაკუთარი მაგალითით მასწავლა, რომ არასოდეს არ უნდა მივცემოდი სასოწარკვეთას, არ მოვყოლოდი წუწუნს. მასწავლა, როგორ ახერხებდა კვლევითი პროგრამის მართვას ძალზე მწირი დაფინანსებით. მასწავლა, როგორ უნდა შემეწყო ხელი მეცნიერ ქალთათვის, როგორ უნდა შემეტანა წვლილი მათს წინსვლაში. მაშინ ისეთი ხანა იდგა, ქალები კარგავდნენ სტიპენდიებსა და კვლევით გრანტებს, თუკი დაქორწინდებოდნენ, რადგან დამფინანსებელი სააგენტოები აცხადებდნენ, რომ ისინიოჯახურ ცხოვრებასმიჰყოფდნენ ხელს და არ გააგრძელებდნენ შრომას. დოროთი პეტიციებს წერდა, თხოვნით მიმართავდა დაწესებულებებს და შუამდგომლობდა იმ ქალებს, რომელთაც ასეთი რამ გადახდათ თავსკომისიის წევრებს მიუთითებდა, ორი სტუდენტი თავს ვერ გაიტანს ერთი სტუდენტისთვის გამოყოფილი სტიპენდიითო. ყოველი ახალი შემთხვევისას საჭირო ხდებოდა ასეთი პეტიციების წერა და შუამდგომლობა, მაგრამ არ ეპუებოდა დაბრკოლებებს!“ – იხსენებს ჯენი გლასკერი და დასძენს, რომ „Girl Guides scouting organization“-ის (ასე ეწოდება მოძრაობას, რომელიც იბრძოდა გოგონათა და ქალთა როლის გაძლიერებისა და თანასწორობისათვის, რადგან სკაუტების ასოციაციაში, თავდაპირველად, მხოლოდ და მხოლოდ ვაჟები იყვნენ გაწევრიანებულნი) პრინციპები ძალზე მნიშვნელოვანი იყო ამ ქალისათვის (განსაკუთრებით, საერთაშორისო თანამშრომლობის პრინციპი). „Girl Guide“-ის სულისკვეთების გამოძახილი იყო ისიც, რომ ჩინელ კრისტალოგრაფებს დაეხმარა ინსულინის პროექტის დამტკიცებაში. ეს მოხდა მაშინ, როცა ამერიკის შეერთებული შტატები არც კი აღიარებდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.

მიზანდასახულობა იყო ის, რაც ყოველთვის გამოარჩევდა. მუდამ ყველაზე მაღალ მწვერვალებს უმიზნებდა. ერთმანეთის მიყოლებით იპყრობდა თვალმიუწვდენელ სიმაღლეებს. დაბეჯითებით იმეორებდა, გადაიჭრება პრობლემაო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, მრავალწლიანი ლოდინი მოუწევდა. პიონერი გამოდგა იმ თვალსაზრისით, რომ დანერგა მაკრომოლეკულური სტრუქტურის გაშიფრვის არაერთი მეთოდი, რომელიც თანამედროვე ეპოქაში მოღვაწე მეცნიერებს ბუნებრივ მოცემულობადაც კი ეჩვენებათ. თვალისმომჭრელი ტრიუმფით დააბოლოვა ყველა წამოწყება და სრულიად დამსახურებულად დაიდგა დაფნის გვირგვინი. შეუძლებლის კეთება მოსწონდა. სწორედ ამის წყალობით შეძლო ეპოქალურ აღმოჩენებამდე მისვლა, არა ერთი, არამედ მრავალი ბრწყინვალე გამარჯვების მოპოვება. მისი ყოველი მომდევნო პროექტი წინაზე რთული ჩანდა; ყოველი მომდევნო მოლეკულა წინაზე ბევრად დიდი და ძნელად გასაშიფრი იყო; ყოველი ახალი აღმოჩენის შემდეგ, ძირფესვიანად გარდაქმნიდა კრისტალოგრაფიას, როგორც დარგს. მისი დაუცხრომელი ჟინის, ურყევი შემართებისა და ცხოველი წარმოსახვის დამსახურებაა ახალი მეთოდების გამოგონება. წარმოუდგენლად გააფართოვა კრისტალოგრაფიის ტექნიკური შესაძლებლობანი; იმაზე ბევრად შორს გადასწია ამ განშტოებისსაზღვრები“, ვიდრე სხვებს წარმოედგინათ. მეცნიერთა უმეტესობას სრულიად შეუძლებელი ეგონა ამგვარი განვითარება. დოროთიმ გარდაქმნა კრისტალოგრაფია, რომელიც შავ მაგიად და ალქიმიად ესახებოდათ იმ ხანაში; აქცია შეუცვლელ იარაღად. განსაზღვრა კრისტალოგრაფიის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი: დაამტკიცა, რომ მოლეკულური სტრუქტურის ნათელყოფა იქნებოდა ბიოლოგიური ფუნქციის ახსნის საწინდარი. ხელი შეუწყო ორგანული ქიმიის სრულ ტრანსფორმაციას და გაათავისუფლა სტრუქტურის განსაზღვრის მძიმე, მონოტონური და დამღლელი შრომისაგან.

მისი დამსახურება იყო ისიც, რომ ორგანული ქიმიის მრავალი თვალსაჩინო სპეციალისტი ალაპარაკდა ორგანული ქიმიის გასაჭირსა და იდენტობის კრიზისზე. შემდგომში გაიაზრეს, რომ ჰოჯკინის ნაშრომებმა, სინამდვილეში, მძიმე ტვირთი მოაშორა მათ. როცა დაიწყო მისი სამეცნიერო კარიერა, ქიმიკოსები ქედმაღლურად ეუბნებოდნენ კრისტალოგრაფებს: „ცხადია, თქვენ მხოლოდ იმას გვეუბნებით, რაც ჩვენ უკვე ვიცით“. მისი აღზევების ხანაში კი კრისტალოგრაფია იქცა არა მხოლოდ მნიშვნელოვან, არამედ იმ ერთადერთ დარგად, ორგანული მოლეკულების სამგანზომილებიანი სტრუქტურის გაშიფრვა რომ შეეძლო. დოროთი იქცა კრისტალოგრაფიის ერთგვარ პერსონიფიკაციად. გარდა ამისა, რაკი დაამტკიცა, რომ რთული ქიმიური სტრუქტურების განსაზღვრა შესაძლებელი იყო კრისტალოგრაფიული ანალიზის მეშვეობით, სამუდამოდ შეცვალა ანალიზური ქიმია, ქიმიური დეგრადაციისა და სინთეზის მეთოდები. ის ახალგაზრდები, მსოფლიოს ოთხივე კუთხიდან რომ მიდიოდნენ მის ლაბორატორიაში, წარმატებული მეცნიერები გახდნენ; დააარსეს კვლევითი ცენტრები, მიაღწიეს წარმატებას. ენით აღუწერელია დოროთის გავლენა და სამეცნიერო მემკვიდრეობა.

მისი ჰუმანიზმი არ სცნობდა საზღვრებს, ეროვნებას, კანის ფერს, სქესსა და წარმომავლობას. მის ხსოვნას პატივს მიაგებენ ბუფალოდან პეკინამდე, ბუქარესტიდან ბანგალორამდე, ინდოეთიდან აფრიკამდე, ვიეტნამიდან საფრანგეთამდესტრუქტურული ბიოლოგიისა და მოლეკულური ბიოფიზიკის გამოჩენილი წარმომადგენლის, ლორდი ფილიპსის, თქმით, დოროთი იყო არა მხოლოდ მეცნიერთა მეცნიერი, არამედ კრისტალოგრაფთა კრისტალოგრაფი.

მიუხედავად ყველაფრისა, ბუმბულივით მსუბუქი იყო ეს დიდება მისთვის. მრავალი მეცნიერისაგან განსხვავებით, არასოდეს უცდია თავის გამოჩენა. საკუთარ პოპულარობაზე ზრუნვა არ იყო მისი მისწრაფება. ასეთი ბუნება ჰქონდა. უცნაურია ისიც, რომ ესოდენ წარჩინებულ მეცნიერს წიგნიც კი არ დაუწერია თავისი ცხოვრების შესახებ. ისიც კი არ უთხოვია, კარგად აღჭურვილი, დიდი ლაბორატორიის ხელმძღვანელად დაენიშნათ. არც კი ჰქონდა ამის იმედი. მრავალი საპატიო ჯილდოსა და პრემიის მიუხედავად, მოითხოვდა, ყველაზე ახალგაზრდა მკვლევარსაც კიშენობითმიემართა მისთვის. მთელი ცხოვრების განმავლობაში იყო განმსჭვალული ადამიანთა სიყვარულით. როცა ნობელის პრემია მოიპოვა, ხელი გაუმართა მესამე რიგის ქვეყნების მეცნიერებს, დაუფინანსა პროექტები, დაუფარა მგზავრობის ხარჯები

მეცნიერებას ხშირად წარმოაჩენენ ერთგვარ ნაკრძალად, სადაც საქმიანობენ გულცივი, ამბიციური, დაუნდობელი, ულმობელი მეტოქენი, რომლებიც მზად არიან, ყელი გამოღადრონ ერთმანეთს, რათა ხელში ჩაიგდონ დაფნის გვირგვინი. დოროთის ცხოვრება და მოღვაწეობა სწორედ საპირისპიროს ამტკიცებს.

როცა ქალს ჰკითხეს, რას ნიშნავდა მეცნიერება მისთვის, ასეთი პასუხი გასცა: „სამუდამოდ შემიპყრო ქიმიამ და კრისტალებმა. ცხოვრების ბოლომდე ვერ დავაღწევ თავს ამ ტყვეობას“.

აი, ასეთია მისი ცხოვრებამოლეკულებში გამომწყვდეულდატუსაღებული; საოცრად ნეტარი, საამური ტყვეობით დამშვენებული; აი, ასეთია კრისტალთა პრიზმის მიღმა დანახული სამყარო.