დუმილის უფლება

ლელა კოდალაშვილი

რაც  აქციები  დაიწყო და უბედურება უბედურებაზე ხდება, ყოველთვის, როცა რომელიმე ცნობილ ფეხბურთელს, მუსიკოსს თუ ასკეტურად მცხოვრებ მწერალს ამუნათებს ხალხის ნაწილი, ჩუმად რატომააო, ხოლო მეორე ნაწილი ამ აზრს ეწინააღმდეგება, იშტვან საბოს ერთი ფილმი მახსენდება, ,,მხარეთა აზრი’’ ჰქვია.

მეორე მსოფლიო ომი ახალი დამთავრებულია. გერმანიის დენაციფიკაცია მიმდინარეობს.  ამერიკელ მაიორს დაავალებენ, გამოიძიოს, რა დამოკიდებულება ჰქონდა ნაცისტურ რეჟიმთან დიდ გერმანელ დირიჟორს,  ვილჰელმ ფურტვენგლერს.

მაიორს  მის მიმართ ერთიორი კომპრომატიც  აქვს, მაგალითად ის, რომ მან  ჰიტლერის დაბადების დღისადმი მიძღვნილ კონცერტს უდირიჟორა, კონცერტის შემდეგ კი  ხელი ჩამოართვა გებელსს, დუმდა, ქვეყნიდან არ გაიქცადაკითხვაზე მისული დირიჟორი ცდილობს, აუხსნას მაიორს, რომ ის პოლიტიკასთან შეხებაში არ ყოფილა, რომ მისი პოლიტიკა მუსიკაა, რომ მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ გერმანელი ხალხისთვის კულტურა შეენარჩუნებინა. რა უნდა მექნა, მე მწამდა მუსიკის, მხოლოდ მუსიკისო, ამბობს.

მაგრამ მაიორი პასუხად საკონცენტრაციო ბანაკებში ნანახ გვამებზე ჰყვება, დირიჟორის ჯოხს კი, როგორც კულტურის  სიმბოლოს,  მის თვალწინ გადაამტვრევს.  განადგურებული ვილჰელმი ამბობს, თქვენ მატერიალურ სამყაროს აშენებთ და ხელში არაფერი შეგრჩებათ, თუ იქ კულტურა  არ იქნებაო. 

ფილმში ყველა ვილჰელმის მხარესაა, თვით რეჟისორიც კი. ბეთჰოვენის მე-5 სიმფონია კი ჟღერს, როგორც პასუხი  ყველაფერზე; როგორც თავისუფლება; როგორც სიმაღლე, რომელსაც ვერ მისწვდება  გაუთლელი მაიორი, თითქმის გროტესკული პერსონაჟი, რომელიც მარტოა დარჩენილი დამწვარი გვამების გროვებთან თავისი ხისტი მორალით, მუსიკის არცოდნით, სულიერებისგან შორს მდგომი, გამაღიზიანებლად პრაგმატული და რაციონალური. ლამის ხელებს გვიტრიალებს ფილმი, ძალადობს ჩვენზე, თითქოს უნდა, როგორმე დაგვაჯეროს, რომ ეს სიმფონიაა მთავარი და არა ხმის ამოღება, გვამები დაიმარხება, დრო ჭრილობებს მოაშუშებს, მუსიკა კი სამუდამოდ დარჩებაო 

არგუმენტი მდუმარეთა სასარგებლოდ: ხელოვანები და სპორტსმენები აპოლიტიკურები არიან, მათი საქმეა, ხალხს ემოციები და ინტელექტუალური საზრდო მისცენ და არა დროშაშემოხვეულებმა ირბინონ. მათი დუმილი ნეიტრალურია და არა რეჟიმის მხარდამჭერი. ხელოვანი დროის მიღმა დგას, ის დამკვირვებელია. 

როცა ადამიანებზე პირდაპირ ქუჩაში ძალადობენვპასუხობთ ჩვენ, – და შენ, როგორც საჯარო პირი, გავლენიანი ადამიანი, ხმას არ იღებ, ეს ნიშნავს, რომ არ თვლი საჭიროდ ჩარევას, რადგან რაც ხდება, პრობლემად არ მიგაჩნია.   ამ ლოგიკით არის კი დუმილი ნეიტრალური? რა თქმა უნდა, არა. დუმილი  სწორედ რომ პოლიტიკური არჩევანია. პოზიციაა, რადგან მოცემულ რეალობას უჭერს უნებლიეთ მხარს.  ავტორიტეტული ადამიანი ყველგან და მით უფრო ჩვენთან, გავლენას ახდენს ხალხის აზროვნებაზე, და როცა პოლიტიკური პატიმრები შიმშილობენ, როცა ხელისუფლების მერამდენე დაუდევრობით  ბავშვები იღუპებიან, მდუმარე ხელოვანი კი ერთი პატარა ღია წერილითაც კი არ მიმართავს მოძალადე მკვლელი სისტემის მეთაურს, ეს უკვე პოზიციაა და არა ინფანტილური სირაქლემას პოზა

ცხადია, მათი ერთი განცხადება, ერთი საჯარო ჟესტი ვერ შეცვლის სისტემას, მაგრამ შეცვლის საზოგადოებრივ განწყობას, დაეჭვებულს თავის არჩევანში გააძლიერებს, მარტოსულს და დარდიანს კი მხარში ამოუდგება. 

არგუმენტი მდუმარეთა სასარგებლოდ: ისინი არ უჭერენ მხარს რეჟიმს. მათ გულწრფელად სძულთ უსამართლობა, მაგრამ აქტივისტებად რატომ უნდა გადაიქცნენ. რა, ვალდებულნი არიან?

მაგრამ როცა ქვეყანა ჩამოქცევის პირასაა, დუმილი აღარ არის პირადი არჩევანი. ის თავად ხდება ერთერთი აქტორი, რომელიც გავლენას ახდენს მოვლენებზე. დუმილი ამ უსამართლობის გაგრძელების ერთერთი ხელშემწყობია. მათ, ვისაც აქვს პლატფორმა და გავლენა, მაგრამ არ იყენებს მას, უნდა ესმოდეთ: ისინი არჩევანს მაინც აკეთებენარჩევანს, რომ არაფერი გააკეთონ.

არგუმენტი მდუმარეთა სასარგებლოდ: ნიჭიერად დაწერილი წიგნებით  ან კარგად გათამაშებული საფეხბურთო მატჩებითაც შესაძლებელია ქვეყნის, საზოგადოების გადარჩენა. 

ესე იგი, თქვენივე ლოგიკით, კულტურას აქვს ძალა. მაშ რატომ არ ვიყენებთ ამ უნარს მაშინ, როცა  ყველაზე მეტად საჭიროა? და რატომ არ ვიყენებთ იმ ფორმით, რომელიც  ამ ბრძოლას სჭირდება? ერთი მეგობარი მეუბნება კამათისას, თუკი ადამიანი პატიოსნად შრომობს,  მე ეს საკმარისი მგონიაო. ჰო, პატიოსანი მშრომელი ადამიანების ერთობა კი ქვეყანას აძლიერებს, მაგრამ აქ და ამ წუთას სხვა რამეა საჭირო. ეს იგივეა, მე სისხლისგან ვიცლებოდე, ჩემმა თანამემამულემ კი ლექსი მომიძღვნას ან ტორტი გამომიცხოს.

არგუმენტი მდუმარეთა სასარგებლოდ: ის, ვინც დიდ წიგნებს გვიწერს, ვისაც საქართველოს სახელით ბურთები გააქვს, მღერის, ფილმს იღებს  თუ ფეშენ უიკს აწყობს, მისთვისაც, როგორც ვილჰელმ ფურტვენგლერისთვის, ესაა პოლიტიკა, მისი უფლებაა, ასე წარმოადგენდეს ქვეყანას, ასე უყვარდეს, ასე ესმოდეს ეს საკითხი და ვერ თარგმნის ამ სიყვარულს მიტინგის, ფეისბუკ სტატუსის და მარშების ენაზე.

მართლაცდა, განა რამდენ საქმეს უნდა ეყოს ერთი კაცი… – ვპასუხობთ ჩვენ. – მისი უფლებაა, გამოიყენოს დუმილის უფლება. თუმცა მალე სახლი აღარ დარჩება, რომელშიც არ შევარდნენ და  რომელიც არ გაჩხრიკეს რეჟიმის ზონდერებმა, მალე ადამიანი არ დარჩება, ვინც არ დააჯარიმეს, არ სცემეს, არ დაიჭირეს, არ აწამეს. მაგრამ ქართველი ვილჰელმებისთვის ეს მაინც სხვა რეალობაა, სხვა ფრონტია. საკითხი ბანალურობამდე მარტივია: მის სახლში არ შევარდნილან, დედამისის ოპერაციისთვის ნასესხები თანხა არ გაუტაციათ, მისი ცოლისთვის არ უთქვამს პოლიციელს, დაჯდომა თუ გინდა, აგერ, ჩემს ფეხებს შორის დაგსვამო,  პირადად მას არ შესხმია მეგობრის სისხლი სახეში, არ მიუღია ჯარიმის ქვითარი  იმ დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი ბავშვები არ ჩახოცილან თხრილში. აი, პირადად თუ შეეხებიან

ამაზე მეორე ფილმი მახსენდება, ,,ძველი თოფი“, იქაც, როგორც ზემოთ ნახსენებ ფილმში, მეორე მსოფლიო ომის ბოლო ფაზაა. ქირურგი პერსონაჟი მუყაითად აკეთებს ოპერაციებს,  გამოჯანმრთელებაში ეხმარება მტერს თუ მოყვარეს. არ აინტერესებს ომი,  პოლიტიკაქირურგიას ეს არ სჭირდება. თუმცა როცა მის ცოლს და პატარა გოგონას კლავენ, იღებს ძველ თოფს  და სასტიკად უსწორდება მტერსუნებურად ემსგავსება თავისი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცს. უნებურად. 

და ბოლობოლო, განა სხვა სამშობლოსთვის დგას იქ ხალხის ერთი ნაწილი? განა ადამიანების ბეწვზე დაკიდებული სიცოცხლე ერთ შეძახილს არ იმსახურებს? ხომ ხედავთ, თითო თქვენი დუმილის პასუხად თითო ადამიანს ვკარგავთ. ჩვენ ვერ დაგავალდებულებთ, ხმა ამოიღოთ, ცხადია, მაგრამ ველით, გული გვტკივა და ვწუხვართ იმის გამო, რომ ასე ერთგულად იყენებთ დუმილის უფლებას