„ელექტრა“ და სხვა საკონცერტო თავისებურებანი

დავით ბუხრიკიძე

პანდემიის მიუხედავად,  ზალცბურგის საოპერო ფესტივალი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს

ზუსტად 100 წლის წინ, 1920 წლის აგვისტოში, რიჰარდ შტრაუსის საოპერო პრემიერით „ელექტრა“ (ლიბრეტო – ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი, რეჟისორი – მაქს რაინჰარდტი) ზალცბურგის მუსიკალური ფესტივალი გაიხსნა. დროთა განმავლობაში ის მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ და მნიშვნელოვან არტმოვლენად იქცა, რომლის საპატიო ლოჟებშიც თავის დროზე ჰიტლერი, ჩაპლინი და ვილი ბრანდტი ისხდნენ.

100 წლის იუბილეს აღსანიშნავად წელს ორგანიზატორები დიდი მონდომებით ემზადებოდნენ, თუმცა, პამდემიის გამო, გეგმები რადიკალურად შეიცვალა. ფესტივალის ყველაზე მნიშვნელოვანი პრემიერები: მოცარტის „დონ ჯოვანი” (რეჟისორი რომეო კასტელუჩი) და მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“ (დირიჟორი – თეოდორ კურენტზისი), მომდევნო წლისთვის გადაიდო.

„ელექტრა“ (ლიბრეტო – ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი, რეჟისორი – კშიშტოფ ვარლიკოვსკი

ზალცბურგის ფესტივალი განახლებული ფორმატით 2020 წელს სწორედ „ელექტრათი“ გაიხსნა. მისი ნახვა აგვისტოს პირველ დღეებში მუსიკის მოყვარულებს ლაივსტრიმის რეჟიმში შეეძლოთ. სახელოვანი რეჟისორის, კშიშტოფ ვარლიკოვსკის შთამბეჭდავმა, ტექნოლოგიურმა, ირონიულმა და ცხადად ავანგარდულმა წარმოდგენამ მთლიანად გადაფარა წამყვანი პარტიების ხალგაზრდა შემსრულებლების ვოკალურ-არტისტული მონაცემები, თუმცა ლიტველი სოპრანო აუშრინე სტუნდიტიე (ელექტრა) და უკვე გამოცდილი ასმიკ გრიგორიანი (რომელიც ქრიზოთემისის პარტიას ასრულებს და რომელმაც 2018 წელს ზალცბურგის ფესტივალზე სალომეს  პარტია იმღერა) ურიგოდ მაინც არ ირჯებოდნენ.

ბრწყინვალე სცენოგრაფია, ფერები და კოსტიუმები, რომელსაც ვარლიკოვსკის მუდმივი თანამოაზრე და მეგობარი, მალგოჟატა შჩესნიაკი ქმნის, საშუალებას აძლევს მაყურებელს, ელექტრას მითი – მკვლელობის, რისხვის, სიძულვილის, შურისძიების ფაქტები, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და „მინის ოფისების“ ფონზე გაიაზროს.

ამ ოპერის მითოლოგიური წარსული ცხადია, მუსიკის მოყვარულებს დიდ მომღერლებსა და პოპულარულ დირიჟორებს გაახსენებს. ამ ფონზე კი „ელექტრას“ დირიჟორი ფრანც ველზერ-მესტი არც ისე  შთამბეჭდავად გამოიყურებოდა. არანაკლებ ინტერესს იწვევს ფესტივალის მეორე პრემიერაც, 18 და 23 აგვისტოს: მოცარტის „Cosi fan tutte“ (რეჟისორი – კრისტოფ ლოი, დირიჟორი – ჯოანა მალვიცი). მთავარ პარტიებს შეასრულებენ: ელზა დრაისგი, მარიანა კრებასა, ლეა დეზანდრი, ბოგდან ვოლკოვი. ორივე სპექტაკლში მონაწილეობას მიიღებს ვენის ფილარმონიული ორკესტრი.

 

ფესტივალის პროგრამაშია დრამატული სპექტაკლებიც: ჰუგო ფონ ჰოფმანსტალის ცნობილი პიესა Jedermann (რომლის რეჟისორია  მილო რაუ) და ნობელიანტი ავსტრიელი მწერლის, პეტერ ჰანდკეს ახალი პიესა „ზდენეკ ადამეცი“. ორივე წარმოდგენა მსოფლიო პრემიერის  ფარგლებშია დაგეგმილი.

„ელექტრა“ (ლიბრეტო – ჰუგო ფონ ჰოფმანსტალი, რეჟისორი – კშიშტოფ ვარლიკოვსკი

რაც შეეხება საკონცერტო პროგრამას, ის გაცილებით ვრცელია. დაგეგმილია ცნობილი  მომღერლების – ჩეჩილია ბარტოლის, სონია იონჩევას, ელინა გარანჩას, ანა ნეტრებკოს, ხუან დიეგო ფლორესის, იულია ლეჟნევას კონცერტები. ბეთჰოვენის სონატების ციკლს შეასრულებს ცნობილი პიანისტი იგორ ლევიტი. გარდა ამისა, ფესტივალის მთავარ სცენაზე გამოვლენ მარტა არგერიხი, ევგენი კისინი, დანიელ ტრიფონოვი, არკადი ვოლოდოსი, გრიგორი სოკოლოვი…

საიუბილეო სეზონის აღსანიშნავად ფესტივალის დირექციამ ძალ-ღონე არ დაიშურა, რომ თითქმის ყველა ცნობილი დირიჟორი მიეწვია. მათ შორის არიან: რიკარდო მუტი, ინგო მეცმახერი, კირილ პეტრენკო, დანიელ ბარენბოიმი, გუსტავო დუდამელი, კენტ ნაგანო და სხვები. საერთო ჯამში ზალცბურგში ორი ათეული კონცერტი გაიმართება.

ფესტივალი ცხადია, ითვალისწინებს კოროვირუსით გამოწვეულ რეკომენდაციებს და, შესაბამისად, მკაცრ ზომებსაც მიმართავს. მაყურებლისთვის ნიღბის ტარება და ჰიგიენური პროცედურების დაცვა სავალდებულო იქნება, ისევე, როგორც ბილეთების წინასწარ დაჯავშნა და მათი იდენტიფიკაცია.