თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების მოქალაქეები მოკლე დისტანციის მანძილის გავლას მანქანით ამჯობინებენ, მაშინ როდესაც, ეს შესაძლებელია ფეხით, ველოსიპედით ან ელექტროსკუტერით. თბილისში კერძო ავტომანქანების გადაადგილებების 20% მოდის 1.5 კმ-მდე დისტანციაზე. ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების პარიზის მაჩვენებელი (გადაადგილებების 55%) შესაძლოა ვერ იქნეს მიღწეული, რადგან პარიზში მოსახლეობის სიმჭიდროვე უფრო მაღალია, მაგრამ ფეხით მოსიარულეთა პირობების გაუმჯობესებამ, ველოსიპედის ბილიკების მოწყობამ და მიკრომობილიბის ელექტროსკუტერების ხელშეწყობამ შეიძლება ავტომანქანებზე დამოკიდებულება შეამციროს. ციფრული ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მოქალაქეებისთვის ელექტროსკუტერების გამოყენება ძალიან ადვილი და მოსახერხებელი გახადა.
მსოფლიოს უამრავი ქალაქი აქტიურად ნერგავს ელექტოსკუტერების (თვითგორიალას) გაზიარების ამბიციურ სქემებს. მას შემდეგ, რაც ხალხი საზოგადოებრივ ტრანსპორტს პანდემიის გამო თავს არიდებს, თბილისსა და ბათუმში გამოჩნდა ელექტროსკუტერები. ელექტროსკუტერები აქტიურად იმკვიდრებს თავს, დღითიდღე უფრო პოპულარული ხდება და იმატებს მათი რაოდენობა ქალაქის ქუჩებსა და პარკებში.
პოსტკორონა პერიოდში შეზღუდვების შემსუბუქებამ გამოკვეთა ინდივიდუალური, დაბალემისიური ტრანსპორტის საჭიროება, რომელიც სოციალური დისტანციის საშუალებას იძლევა. ასეთად შეიძლება ჩაითვალოს ელექტროსკუტერი, რადგან ის მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად სახალისო და ეკომეგობრულ საშუალებას წარმოადგენს.
ამჟამად, ელექტროსკუტერების გაზიარების სისტემები უკვე ხელმისაწვდომია 100-ზე მეტ ქალაქში, 20 ქვეყანაში – ჩილედან სამხრეთ კორეამდე და ახალ ზელამდიამდე, თუმცა ევროპა და აშშ ამ მაჩვენებლით მოწინავენი არიან. კვლევების თანახმად, 2024 წლამდე 4,6 მლნ ელექტრო სკუტერი იქნება ექსპლუატაციაში.
თუმცა აღსანიშნავია, რომ ელექტროსკუტერების რაოდენობის ზრდასთან ერთად გაიზარდა მათთან დაკავშირებული საგზაო შემთხვევები. ზოგიერთი მათგანი ფატალური შედეგებით დასრულდა. ტროტუარზე ელექტროსკუტერებით გადაადგილება საფრთხეს უქმნის ქვეითებს, ეტლით მოსარგებლეებს, განსაკუთრებით შეზღუდული მხედველობის მქონე პირებს. ელექტროსკუტერების პოპულარიზაცია ხდება, როგორც ავტომობილების მწვანე ალტერნატივა მოკლე მანძილზე გადასაადგილებლად, მაგრამ მოსახლეობა ძირითადად ამჯობინებს ფეხით, ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებას. საფრანგეთის ქალაქებში შეგროვებული მონაცემების თანახმად, ელექტროსკუტერების მომხმარებლების 44% ამბობს, რომ მის ნაცვლად ქვეითად გადაადგილდებოდნენ, 30% – საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მხოლოდ 8% აღნიშნავს, რომ ელექტროსკუტერმა კერძო ავტომობილი, ტაქსი ჩაანაცვლა.
თუმცა გადაადგილებასთან დაკავშირებული ჩვევები ვარირებს ქვეყნების მიხედვით. მაგალითად, ახალ ზელანდიაში ელექტროსკუტერებით გადაადგილების 21% კერძო ავტომობილით ხორციელდებოდა, ჩიკაგოში – 43%, თუმცა აქ მათი მომხმარებლების 30% ფეხით გადაადგილდებოდა; პორტლანდში ელექტროსკუტერების 36% მანქანით გადაადგილდებოდა, 45% კი – ველოსიპედით ან ფეხით, უფრო ნაკლებად ემისიური ტრანსპორტით. თუმცა აღსანიშნავია, რომ ელექტროსკუტერების გამოყენების შემდეგ მომხმარებელთა 39% ნაკლებად გადაადგილდება ავტომობილით. საქართველოს ქალაქებშიც სკუტერი შეიძლება განვიხილოთ საშუალებად, რომელსაც თავისუფლად შეუძლია მოკლე მანძილზე მგზავრობისას ჩაანაცვლოს ავტომობილი. აღნიშნულის მისაღწევად, აუცილებელია ის ფინანსურად უფრო ხელმისაწვდომი და უსაფრთხო გახდეს.
ელექტროსკუტერის გაზიარების კომპანიები დიდ ყურადღებას ამახვილებენ მდგრადობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. ზოგიერთი ნერგავს განახლებადი ენერგიის გამოყენებას სისტემის ოპერირების პროცესში, ჩანაცვლებად ბატარეებს, რომლებიც ამცირებენ სკუტერების გადაადგილების საჭიროებას მათ დასამუხტად, იყენებენ ელექტროძრავზე მომუშავე მანქანებს და სკუტერების გამძლეობას აუმჯობესებენ უკეთესი დიზაინის საშუალებით.
მაგალითისთვის კომპანია Bird, რომლის ორი ათასამდე სკუტერიც საქართველოში უკვე ოპერირებს, აცხადებს, რომ მისი უახლესი ელექტროსკუტერის მოდელები ორ წლამდე ძლებს. მაშინ, როცა პირველი მოდელები დაახლოებით სამ ან ოთხთვიანი გამძლეობით ხასიათდებოდა. ცოტა ხნის წინ, კომპანია Lime-მ პირობა დადო, რომ 2030 წლისთვის მისი ავტოპარკის 100% ელექტროძრავზე მომუშავე იქნება. პირობის შესრულება კი პარიზით დაიწყო, სადაც სისტემის სამუშაოდ მხოლოდ ეკომეგობრული ტრანსპორტი გამოიყენება. ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისის მთავარი გამოწვევა არის მისი ხელმისაწვდომობა მოქალაქეების ფართო სეგმენტისთვის.
სტარტაპი Voi ამტკიცებს, რომ მისი მომსახურება უკვე სრულად თავისუფალია ემისიებისგან, რაც მიღწეულია ისეთი ზომების საშუალებით, როგორიცაა ჩანაცვლებადი ბატარეები, სკუტერის გამძლე დიზაინი და ავტოპარკის ელექტროძრავზე მომუშავე ტრანსპორტით შევსება. იგივე მიდგომა აქვს კომპანია Tier-საც – ავსტრიაში, შვეიცარიაში, შვედეთსა და საფრანგეთში კომპანია მთლიანად ელექტრო ტრანსპორტით მუშაობს.
მდგრადობისადმი და გარემოსადმი მეგობრული ასეთი აშკარა მიდრეკილება უდავოდ მიმზიდველია მთავრობებისთვის განსაკუთრებით კორონავირუსის პირობებში, როდესაც ისინი ცდილობენ სატრანსპორტო საჭიროებების დაკმაყოფილებას სოციალური დისტანციის დაცვითა და დამაბიძურებელი ავტომობილებისგან თავის არიდებით.
პოსტკოვიდ პერიოდში იზრდება ელექტროსკუტერების გაყიდვები ფინეთში, ირლანდიასა და დიდ ბრიტანეთში, მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ორი ქვეყნის ქუჩებში მათი გამოყენება ჯერ კიდევ არალეგალურია. დიდი ბრიტანეთი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც ელექტროსკუტერებს პოსტკოვიდ სატრანსპორტო სტრატეგიის ნაწილად აქცევს. ასე მოხდა ავტრალიაში, კოლუმბიაში, ბოგოტამ შეამსუბუქა ელექტროსკუტერებთან დაკავშირებული რეგულაციები სერვისის პროვაიდერებისთვის. ბუენოს აირესი მხარს უჭერს მოკლე მანძილზე გადაადგილებისას ველოსიპედისა და სკუტერების გამოყენებას, რომლებიც ფუნდამენტურ როლს თამაშობენ მოსახლეობის გადაადგილების პროცესში. რომი პირველ ელექტოსკუტერებს მაისში შეეგება. ერთ-ერთი მერის განცხადებით, პანდემიით გამოწვეული ცვლილებების შემდეგ, მმართველმა რგოლებმა მობილობის ახალი საშუალებები უნდა წაახალისონ.
იტალიის მთავრობის კოვიდ-19-ის სამუშაო ჯგუფი პარტნიორობს ელექტროსკუტერების კომპანია Helbiz-თან, რომელიც სოციალური დისტანციით მობილობას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ აუცილებელია პარადიგმის შეცვლა და სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს მოქალაქეების კარგად ყოფნა და მობილობის ისეთი ალტერნატივების შეთავაზება, რომლებიც შესაძლებლობას მისცემს მათ, გადაადგილდნენ ტრანსპორტით მდგრადობის ელემენტის დათმობის გარეშე. მთავრობა ქალაქის მცხოვრებლებს სთავაზობს სუბსიდიებს ელექტროსკუტერების შესაძენად. აღნიშნული მიდგომის დანერგვა შეიძლება საქართველოშიც.
კვლევების თანახმად, თუ სატრანსპორტო საშუალება არ არის ინკლუზიური, მაშინ ის არ არის ბოლომდე მდგრადი. ჩიკაგოში ელექტოსკუტერების მომხმარებელთა 65% მამრობითი სქესის იყო, 72% – თეთრკანიანი, 79% – 25-44 წლისა. პარიზში, ლიონსა და მარსელში მომხმარებელთა 66% მამაკაცი იყო. როგორც აშშ-ში, ისე საფრანგეთში მომხმარებელთა უმრავლესობა მაღალი შემოსავლის მქონე პირები არიან.
ელექტროსკუტერებთან დაკავშირებული სხვა პრობლემების სხვა მიზეზებად შეიძლება ჩაითვალოს – სკუტერის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა, ღირებულება და სმარტფონის მოთხოვნა. ქალაქებმა უნდა გასცენ ნებართვა ელეტროსკუტერების ოპერატორებისთვის, რათა ისინი განთავსდეს ისეთ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნაკლებად ხელმისაწვდომი, მოსახლეობა კი – ნაკლებად შემოსავლიანია. ზოგიერთი კომპანია, მათ შორის Lime ცდილობს ისეთი დასახლებების იდენტიფიცირებას, რომლებიც ისარგებლებენ იაფიანი ტრანსპორტით. საუბარი ძირითადად ისეთ ტერიტორიებს ეხება, რომელთაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ ფარავს. აშშ-ში არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომლებიც მოქალაქეებს სთავაზობს ფასდაკლების ბილეთებს, რომლებიც ნაწილობრივ მთავრობის მიერ ფინანსდება და საშუალებას აძლევს მოქალაქეებს, სმარტფონების გარეშე ისარგებლონ ელექტროსკუტერებით. საქართველოშიც მთავრობის მიერ ბიზნესთან ჩართულობით აუცილებლად უნდა მოხდეს თანადაფინანსების სხვადასხვა ფორმების შემუშავება.
მართვის კუთხით ელექტროსკუტერი უფრო ინკლუზიურია, ვიდრე ველოსიპედი, რადგან არ მოითხოვს პედალირებას, ძალისხმევას. ველინგტონში ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, ელექტროსკუტერებით გადაადგილდება მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანი: მსგავსი მომხმარებლების 13%-მა განაცხადა, რომ მათი გადაადგილების ძირითადი ნაწილი სწორედ ელექტროსკუტერებით ხორციელდება, და მათმა 91%-მა მხარი დაუჭირა ელექტროსკუტერების სქემის გაგრძლებას.
არის თუ არა ელექტროსკუტერი გადაადგილების მდგრადი საშუალება? მდგრადი, დაბალემისიური ტრანსპორტის პარტნიორობის გენერალური მდივნის, მარუხა კარდამას აზრით, ამოსავალი წერტილი არის ის, რომ ელექტროსკუტერი შეიძლება იყოს მოხერხებული, მულტიმოდალური სატრანპორტო სისტემის ნაწილი, რომელიც ადამიანებს სთავაზობს ხელმისაწვდომი და მდგრადი მობილობის ალტერნატივებს.
ავტომობილიდან ელექტროსკუტერებზე გადასასვლელად, საჭიროა რომ ისინი საკმარისად იყვნენ წარმოდგენილი და იყოს ფინანსურად ხელმისაწვდომი. მაგალითად, Lime პარტნიორობს უბერთან და გუგლმეფთან – როდესაც ადამიანები გეგმავენ მგზავრობას, ელექტროსკუტერები ავტომობილების ალტერნატივად ჩნდებიან.
აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მისი დაკავშირება და ინტეგრირება საზოგადოებრივ ტრანსპორტთანაც. კვლევები აჩვენებს, რომ საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ადამიანებმა უარი თქვან კერძო ავტომობილებზე, არის გაუმჯობესებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი და მასზე წვდომა. ელექტროსკუტერი შეიძლება გახდეს ავტობუსების გაჩერებებთან მისასვლელი საშუალება, რაც მგზავრობას ინტერმოდალურსა და უფრო სახალისოს ხდის.
ელექტროსკუტერებისა და კლიმატის შესახებ ანგარიშის თანახმად, ელექტროსკუტერებით მოსარგებლეების ინტერესებზე წინ ქალაქებმა უნდა დააყენონ იმ ადამიანების მოთხოვნები, რომლებიც ფეხით, ველოსიპედით ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილდებიან. უკვე ფეხი მოიკიდა მოსაზრებამ, რომ ელექტროსკუტერების დანერგვა ხელს შეუწყობს ველოსიპედის ინფრასტრუქტურის განვითარებას – როდესაც ქუჩებში ათიათასობით ელექტროსკუტერი გამოჩნდება და მათ ტროტუარზე გადაადგილება აეკრძალებათ, დასჭირდებათ დამატებითი სივრცე, რათა ისინი უსაფრთხოდ გადააგილდნენ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ხშირად ადამიანები, რომლებიც ველოსიპედებს არ მიიჩნევენ კომფორტულად, სარგებლობენ ელექტროსკუტერებით, შესაძლოა ბარიერი, ავტომობილის ნაცვლად ალტერნატიული ტრანსპორტის გამოყენებამდე, იმაზე ნაკლებია, ვიდრე ველოსიპედის შემთხვევაში. საქართველოში ელექტროსკუტერები ჯერ კიდევ სიახლეს წარმოადგენს, თუმცა ის ძალიან სწრაფად იკიდებს ფეხს. ფართო გამოყენების, მდგრადობისა და რეგულაციების გამო მათდამი დამოკიდებულება სერიოზული გახდა. ყველაფერს დაემატა სოციალური დისტანციის პირობებში მათი სარგებელი. მაგრამ ელექტროსკუტერები რომ უფრო ინკლუზიური, უსაფრთხო და მდგრადი გახდეს, საჭიროა კერძო კომპანიებისა და მთავრობების ერთობლივი მუშაობა. ელექტროსკუტერები შეიძლება განთავსდეს იმ ადგილებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიწოდება შეუძლებელია ან ძვირი ჯდება.
ელექტროსკუტერი ინოვაციაა, რომელთან დაკავშირებითაც აზრები ორად იყოფა. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ მე-19 საუკუნის ბოლოს ველოსიპედიც „ამორალურ“ სატრანსპორტო საშუალებად ითვლებოდა. ასი წლის შემდეგ ველოსიპედის მორალურობაზე აღარ საუბრობენ. მეტიც – იბრძვიან მისთვის ხელსაყრელი გარემოს შესაქმნელად; ისეთი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, რომელიც წაახალისებს მის გამოყენებას. იმედი ვიქონიოთ, რომ საქართველოში ამდენი დრო არ დაჭირდება ახალ, მიკრო-მობილობის საშუალებების განვითარებას, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს დამაბინძურებელი ავტომობილების დომინირების აღმოსაფხვრელად.