„ლუი არაგონის მუზა“; „დიადი პოეტის შთაგონების წყარო“; „ჩინებული მგოსნის ერთადერთი სიყვარული“; „სახელოვანი კაცის ცხოვრების თანამგზავრი“; „მისი მშვენიერი თვალები უძირო ოკეანედ ეჩვენებოდა შემოქმედს“; „მატისმა უკვდავჰყო მისი მზერა!“ – აი, ასეთი „საპატიო“ ეპითეტებით ამკობდნენ ხოლმე ელზა ტრიოლეს – გამოჩენილ მწერალს, მთარგმნელსა და საზოგადო მოღვაწეს, რომელმაც უთუოდ დიდი კვალი დატოვა როგორც მსოფლიო ლიტერატურისა და მხატვრული თარგმანის ისტორიაში, ასევე საზოგადოებრივ ასპარეზზე.
მუზის „ტიტული“ თითქოსდა პატივს მიაგებს, მაგრამ, სინამდვილეში, აკნინებს, მთლიანად ართმევს ინტელექტუალურ დამოუკიდებლობასა და შემოქმედებით ავტონომიას. მისი ცხოვრების ამბავი ნათლად გვიჩვენებს, რაოდენ დიდი ბრძოლის გადატანა მოუხდა არა მხოლოდ ელზას, არამედ თითქმის ყველა ხელოვან ქალს იმისათვის, რათა ამოეკვეთა საკუთარი ნიშა ინტელექტუალურ სამყაროში, გამოსულიყო პოეტი თუ მწერალი კაცის, ცხოვრების მეგზურის ჩრდილიდან, თვითმყოფ, თვითკმარ ლიტერატურულ ფიგურად მიეჩნიათ, სერიოზულად აღექვათ, საკადრისად დაეფასებინათ მისი შემოქმედება და ღვაწლი.
ხშირად მოიხსენიებდნენ ისე, როგორც არაგონის ცოლს, თუმცაღა, თავად ლუისთვის არასოდეს უწოდებიათ ტრიოლეს ქმარი, არ გაუსვამთ ხაზი მისი ოჯახური მდგომარეობისთვის. ეს ლიტერატურული და ბიოგრაფიული მკრეხელობა, ელზას შემოქმედების დაჩრდილვა ბანალური პატრიარქალური სტრატეგიაა.
„ელზა ტრიოლე დიდი მწერალია. როგორც მუზა, საკრალიზებულია, მაგრამ სწორედ ესაა მისი წყევლა!“ – აღნიშნავს მწერალი, საფრანგეთის აკადემიის წევრი, გონკურის პრემიისა და „ Lettre Ulysses Award“-ის ლაურეატი, ერიკ ორსენა და ხუმრობით დასძენს: „წაიკითხეთ მისი ნებისმიერი რომანი, რომელსაც აირჩევთ. თუ არ მოგეწონებათ, გპირდებით, ფულს გადაგიხდით და აგინაზღაურებთ დაკარგულ დროს!“
მწერალი გრეგორი ლე ფლოში წერს, რომ მუზის წოდებამ უსულო საგნის „რანგში“ გადაიყვანა კალმოსანი ქალი. „შეიძლება, ითქვას, რომ ლიტერატურის თეორეტიკოსიცაა“, –დასძენს ფლოში.
ტრიოლე–არაგონის სახლ–მუზეუმის დირექტორი, გიიომ რუბო–კაში, წერს: „ელზას ორმაგი ტკივილისა და ტანჯვის ატანა მოუხდა: იყო მწერალი და მთარგმნელი ქალი მეოცე საუკუნის შუა ხანებში. შესაბამისად, ვერ ამჩნევდნენ. გარდა ამისა, არაგონის სახელი და დიდება ჩრდილავდა. ეს დიდი უსამართლობაა“.
მთავარი ისაა, რომ თავად არაგონს არასოდეს უცდია ელზას დაკნინება. დიდ მწერლად მიიჩნევდა და ქედს იხრიდა მისი ტალანტის წინაშე. პოეტი კაცი ტრიოლეს ტექსტების ანთოლოგიის შესავალში წერს: „ქალად ყოფნა ჯერ კიდევ არაა მისატევებელი“.
*
ელა იურიევნა კაგანი 1896 წლის 12 სექტემბერს (გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, 24 სექტემბერს) დაიბადა მოსკოვში, ებრაელების ოჯახში. მისი მშობლები გამოჩენილი ინტელექტუალები იყვნენ, რუსეთის იმდროინდელ ელიტაში ტრიალებდნენ და დიდძალი სიმდიდრით გამოირჩეოდნენ. პატარა ელას არაფერი მოჰკლებია არც ბავშვობაში და არც ყმაწვილქალობაში. დედამისი, ელენა იურიევნა ბერმანი, ბრწყინვალე ტალანტით დაჯილდოებული, სახელმოხვეჭილი პიანისტი გახლდათ. მამამისი, იური ალექსანდროვიჩ კაგანი (პროფესიით ვექილი), ინტელექტუალური საკუთრებისა და საავტორო უფლებების დასაცავად იღწვოდა; ხელშეკრულებათა შედგენაში ეხმარებოდა ხელოვნების მუშაკებს, მწერლებს, მთარგმნელებს, მსახიობებს; აქტიურად იყო ჩართული საგამომცემლო საქმიანობაში. 1913 წელს იურისკონსულტად დანიშნეს ავსტრიის საელჩოში. პაწია ელას ჰყავდა ხუთი წლით უფროსი და, სახელად ლილია (ლილი). მართალია, ნუსხავდა და აღაფრთოვანებდა მის გვერდით ყოფნა, თუმცაღა, ეჭვიანობდა კიდეც მასზე. ფიქრობდა, რომ უფროს ქალიშვილს უფრო დიდი ადგილი ეჭირა დედ–მამის გულში. ბავშვობის მოგონებები ისე დაილექა მის მეხსიერებაში, რუსულ ენაზე დაწერა რომანი, „ტყის მარწყვი“ (როცა სულ პატარა იყო, „ზემლიანიკა“ შეარქვეს და ხშირად ეძახდნენ ამ კნინობით–ალერსობით მეტსახელს). ამ ნაწარმოების ავტორი აშკარად განმსჭვალული იყო შეგრძნებით, რომ მშობლებსა და გარშემომყოფებს არ უყვარდათ ისე, როგორც საჭირო იყო. ყმაწვილქალი მხურვალედ ეწაფებოდა ცოდნას; სწავლობდა ფორტეპიანოს დაკვრას დები გნესინების სახელობის მუსიკის აკადემიაში; მშობლების წყალობით ეუფლებოდა გერმანულს (ორივენი თავისუფლად ლაპარაკობდნენ ამ ენაზე) და ფრანგულს. სკოლის დამთავრებისას ოქროს მედალი მიანიჭეს. ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩააბარა და დიპლომიც მოიპოვა 1918 წლის ივნისში. სწავლის წარჩინებით დასრულების შემდეგ, ევროპაში იმოგზაურა დასა და დედასთან ერთად. ამ უკანასკნელთა ცხოვრებაში ძალზე დიდი ადგილი ეჭირა ხელოვნებას, ლიტერატურას, მუსიკასა და პოლიტიკურ იდეოლოგიას.
„დედაჩემი შეერია იმ გულანთებულ ბრბოს, ტროტუარზე რომ შემდგარიყო… დიდი კორტეჟი მიაცილებდა ბოლშევიკი ნიკოლაი ბაუმანის კუბოს… მუშები და საუნივერსიტეტო უნიფორმებში გამოწყობილი სტუდენტები ნელა მიაბიჯებდნენ და მღეროდნენ: „საბედისწერო ბრძოლის მსხვერპლო, ბრძოლის ველზე დაეცით!“ აი, ასეთი დღე იყო!“ – იხსენებს მწერალი.
ელას უფროსი და, ლილი, შეუერთდა რევოლუციური იდეებით აღსავსე ადამიანებს. სწორედ მათ რიგებში გაიცნო გამოჩენილი რუსი მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი და სცენარისტი, ოსიპ ბრიკი, რომელმაც ხელი სთხოვა კიდეც. მათი ბინა მალევე იქცა ფუტურისტი მწერლების, პოეტებისა და ფორმალისტების თავშეყრის ადგილად. სწორედ ამ წყვილმა შეიყვანა ახალგაზრდა ელა ბრწყინვალე წრეში; გააცნო უამრავი მეგობარი. ამ გამორჩეულ ადამიანებს შორის იყვნენ: ბორის პასტერნაკი, ვიქტორ შკლოვსკი, რომან იაკობსონი… ამ უკანასკნელს, რომელიც სახელმოხვეჭილი ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე გახლდათ, გულში ჩაუვარდა ელა, მაგრამ რაკი ვერ ეღირსა საპასუხო სიყვარულს, მეგობრის ტიტულს დასჯერდა და სიცოცხლის ბოლომდე მის მოკავშირედ დარჩა. არასოდეს გასჩენია ბზარი მათს ურთიერთობას. ქალიშვილი ელა 1911 წელს შეხვდა თავის პირველ, დიდ სიყვარულს, ბრწყინვალე რუს პოეტს, ვლადიმირ მაიაკოვსკის. ხშირად ესწრებოდა მისი ლექსების კითხვის საღამოებს. ეს კაცი რუსული ფუტურისტული პოეზიის ერთ–ერთი შუქურა გახდა.
როცა რუსეთი 1917 წლის რევოლუციის ქარ–ცეცხლში გაეხვია, მთელი თაობა მიხვდა, რომ სწორედ ეს იყო ის, რაც ეწადათ; ის, რაც შეესაბამებოდა მათს მისწრაფებებს, პრინციპებსა და მიზნებს. ელაც აენთო ენთუზიაზმით და 1917 წლის 8 მარტს მისწერა მაიაკოვსკის: „ახლა წარმოუდგენლად მინდა ამ ბრძოლაში ჩაბმა. დილიდან შუაღამემდე უსაქმოდ დავეხეტები ქუჩაში და ქვაფენილს ვთელავ!“
დიდი უბედურება დაატყდა თავს ოჯახს: გარდაიცვალა ელასა და ლილის მამა, იური კაგანი. მარტო დარჩენილ დედასა და ქალიშვილებს ძალიან უჭირდათ თავის გატანა; გამუდმებით ეჩეხებოდნენ ფინანსურ პრობლემებს. 1917 წელს გაიცნო ფრანგი ოფიცერი, ანდრე ტრიოლე, რომელიც მოსკოვში იყო მივლენილი იმხანად. კაცმა აურაცხელი სიმდიდრე და ქონება მიიღო მემკვიდრეობით (მის ოჯახს ფაიფურის ქარხანა ჰქონდა ლიმოჟში). ელას სიღატაკისა და უპოვრობის მორევიდან თავის დახსნის შანსი მიეცა, განეშორა მშობლიურ რუსეთს და საფრანგეთისაკენ აიღო გეზი. პეტროგრადიდან გაემგზავრა გემით (დედასთან ერთად). ხანგრძლივი ტანჯვა–წვალების შემდეგ, 1919 წელს, როგორც იქნა, ჩააღწია პარიზში და დაქორწინდა ანდრეზე. სწორედ მაშინ შეიცვალა სახელი და დაირქვა ელზა. საფრანგეთის პოლინეზიაში, ტაიტიზე გაემგზავრნენ თაფლობის–თვის გასატარებლად, თუმცა, ისე მოიხიბლნენ ეგზოტიკური გარემოთი, საოცარი კლიმატით, ოკეანითა და კუნძულის მშვენიერებით, მთელი ერთი წელი დაჰყვეს იქ. ქალი იზიარებდა რევოლუციურ იდეებს; მიიჩნევდა, რომ ცარისტული რეჟიმი უნდა დამხობილიყო და დიდი ცვლილებების, გარდაქმნების, ძვრების დრო დამდგარიყო. ზარავდა სამოქალაქო ომზე, გაჭირვებაზე, შიმშილზე, სიღარიბეზე, ხელმოკლეობასა და ცხოვრების პირობების გაუარესებაზე ფიქრი; ნოსტალგია სტანჯავდა; ენატრებოდა მოსკოვის ლიტერატურული წრეები, ძვირფასი ადამიანები, მწერლები, კომპოზიტორები, მოქანდაკენი, ფერმწერნი… კუნძულიდან დაბრუნების შემდეგ, წყვილი პარიზში დასახლდა, თუმცა, დიდხანს არ გასტანა ბედნიერებამ. ელზა მთელი არსებით გრძნობდა, რაოდენ უბედური და მარტოსული იყო. ვერ ეგუებოდა მოღალატე, თავქარიან ქმარს. ახალი სამყარო რადიკალურად განსხვავდებოდა ძველისაგან. სული ეხუთებოდა იმ პროვინციულ, ბურჟუაზიულ გარემოსა და კარჩაკეტილობაში. ხვდებოდა, ქალი ისევ და ისევ იყო ტრადიციული როლების ტყვე: უნდა ყოფილიყო დიასახლისი, უსულო საგანი, ნივთი, დეკორაცია, სამშვენისი. ქალისადმი ამგვარი უსამართლო დამოკიდებულება უებრო ოსტატობით ასახა რომანში, რომელსაც ასეთი სათაური შეურჩია: „საღამო მშვიდობისა, ტერეზ“. მათი ორწლიანი თანაცხოვრება გაყრით დასრულდა – 1921 წელს წყვილი ოფიციალურად განქორწინდა.
მომავალმა მწერალმა ხეტიალს მიჰყო ხელი. ფიქრობდა, რომ „მომთაბარეობის“ ხანა დაუდგა. ჯერ ლონდონში გაემგზავრა, რადგან დედამისი იქ მუშაობდა საბჭოურ დაწესებულებაში, „არკოსში“. ელზა ერთი ლონდონელი არქიტექტორის ბიუროში მოეწყო, თუმცა მალევე მოჰბეზრდა სამსახური და მიაშურა ბერლინს, სადაც მრავალი რუსი ინტელექტუალი ცხოვრობდა. იმ ქალაქში კვლავ შეხვდა ვიქტორ შკლოვსკის. კაცი ტრფობის ალში გაეხვია. რაკი შეამჩნია, რომ ქალი ძალზე დათრგუნული, გულგატეხილი და დაღვრემილი იყო, ურჩია, წერა დაიწყეთო. უგონოდ გამიჯნურებულს სურდა, რჩეულს როგორმე დაეღწია თავი დეპრესიისაგან. გამოაქვეყნა თავისი და ელზას მიმოწერა, რომელსაც დაარქვა „წერილები, რომლებიც არ მეტყველებს სიყვარულზე, ანუ მესამე ელოიზი“. ეს ეპისტოლარული კრებული წაიკითხა რუსული სოციალისტური რეალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელმა, მაქსიმ გორკიმ, და განსაკუთრებით მოეწონა ელზას ბარათები. ამიტომაც, გულმხურვალედ სთხოვა შკლოვსკის, გამაცანით ქალბატონი ტრიოლეო. ლინგვისტმა აუსრულა სურვილი მეგობარს. პირველივე შეხვედრისას შეაგულიანა გორკიმ ახალგაზრდა ქალი და ურჩია, წერას მიუძღვენით ცხოვრებაო.
1924 წელს დაბრუნდა საფრანგეთში. ბინა დაიდო მონპარნასზე, შამპან–პრემიერის ქუჩაზე აღმართულ სასტუმროში (იმ შენობის შესასვლელს დღესაც ამშვენებს მემორიალური დაფა). მაშინ იქ ცხოვრობდნენ გამოჩენილი კალმოსნები, მხატვრები, სიურრეალისტი მწერლები, ხელოვანები… მათ შორის იყვნენ: მარსელ დიუშამი, ფრანსის პიკაბია, მან რეი, ფერნან ლეჟე… ისინი ახალი მიმდინარეობების ავანგარდში იდგნენ.
ქალმა გადაწყვიტა, ბედი ეცადა ლიტერატურაში. რუსულ ენაზე დაწერა და ლენინგრადში გამოსცა (1925 წელს) სადებიუტო რომანი, „კუნძულ ტაიტიზე“, რომელიც შემდგომში თავადვე თარგმნა ფრანგულად. ამ წიგნის ერთ–ერთ მთავარ ღირსებად მიიჩნევა სიღრმისეული, ყოვლისმომცველი რეფლექსია მწერლობის არსისა და რაობის შესახებ. დამწყებმა შემოქმედმა აღწერა ტაიტელების ზნე–ჩვეულებანი, სქესობრივი თავისუფლება და კოლონიზაციის საზარელი შედეგები.
ამ გამოცემიდან ერთი წლის შემდეგ, მოსკოვში დაბეჭდა „ტყის მარწყვი“. მასში ოსტატურად ჩააქსოვა ბავშვობის მოგონებანი. ტექსტის შედგენისას დიდად დაეხმარა ის დღიური, ყმაწვილქალობაში რომ წერდა. ნაწარმოების პირველ ნაწილში მოსკოვში ვითარდება მოქმედება. მთხრობელი ამოგზაურებს მკითხველს თოვლით დაფარულ, თვალწარმტაც ქუჩებში, სადაც ეტლები და მარხილები დაჰქრიან; მთავარი გმირის ოჯახურ სამყაროსა და იმ ლამაზ, დიდ სახლში, სადაც დღემუდამ კრთის სანთელთა ალი და ნავთის ლამპები ანათებს. დამწყები მწერალი ქმნის წარუშლელ, დაუვიწყარ სურათებს. გოგონას, მეტსახელად ტყის მარწყვს, ეგზისტენციალური კრიზისის ხანა უდგას; აუტანელ ძრწოლას ჰგვრის სიკვდილზე შიში. „განა შესაძლებელია, ადამიანმა იცხოვროს, იტანჯოს, ეწამოს, ევნოს და ბედნიერებას ეზიაროს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რათა მოკვდეს?“ – ეკითხება საკუთარ თავს. რომანის მეორე ნაწილში ჩანს, რომ მთავარი გმირი პარიზში მიემგზავრება. ულმობელი სინამდვილე იქაც ფრთებს შეუკვეცს. მოჯამაგირედ მოეწყობა ერთ ბურჟუაზიულ ოჯახში, სიყვარულის პოვნასაც ეცდება, მაგრამ ხელი მოეცარება, იმედი გაუცრუვდება და მიყოლებით დაენგრევა ოცნების კოშკები. გაწბილებული გოგონა კვლავ ბრუნდება მშობლიურ მოსკოვში, მაგრამ ისიც კი არ იცის, დაიმკვიდრებს თუ არა ადგილს ამხანაგთა შორის, რადგან ყველაფერი შეიცვალა.
მაიაკოვსკიმ იცოდა, რა ძლიერ ენატრებოდა ქალს რუსეთი. ამიტომაც, დიდად დაეხმარა საბჭოთა კავშირის ვიზის მოპოვებაში. გახარებულმა ელზამ მოსკოვს მიაშურა და მთელი ერთი წელი დაჰყო იქ.
1928 წელს სწორედ იმ ქალაქში გამოაქვეყნა „კამუფლაჟი“, რომელშიც განიხილა ის მწვავე საკითხები, იმ ეპოქაში მოღვაწე მწერლები იშვიათად რომ ახსენებდნენ: აბორტი, პროსტიტუცია, ქალთა შრომა, უუფლებობა, ქალის იდენტობა, მისი როლი საზოგადოებაში, მისი მომავალი…
სახელმოხვეჭილმა კალმოსანმა 1928 წლის 6 ნოემბერს, მონპარნასზე, ცნობილ პარიზულ კაფეში, „La Coupole“-ში, გაიცნო ფრანგი მწერალი, პოეტი და ჟურნალისტი, ლუი არაგონი, რომელიც სიურრეალიზმისა და დადაიზმის ერთ–ერთი მთავარი ფიგურა, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის გულანთებული მხარდამჭერი გახლდათ და სოციალისტური რეალიზმისადმი იჩენდა დიდ ინტერესს. მაშინ ძალზე ხშირად იყრიდნენ თავს „La Coupole“-ში ფრანგული (და არა მხოლოდ ფრანგული) ინტელექტუალური ცხოვრების ბურჯნი, ბოჰემური ყოფის მოყვარული არტისტები… ელზამ საბოლოოდ მოიკიდა ფეხი ფრანგულ საზოგადოებაში და შეაღწია ლიტერატურულ სამყაროში. როგორც თვითონ იხსენებს, ლუის გაცნობა მოიწადინა, რადგან წაიკითხა მისი ნაწარმოები, „პარიზელი გლეხი“ და განაცვიფრა მისი საუცხოო პროზის პოეტურობამ. არაგონი ხშირად უწოდებდა თავის მუზას. მალევე იქცა მისი ცხოვრების მეგზურად. ჰგავდა იმ საოცნებო, იდეალურ კაცს, რომელზეც საღამოობით ელაპარაკებოდა ბავშვობის მეგობარს, სახელად ნადიუშას, როცა რუსეთში ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. იმხანად ხშირად წერდა დღიურში: „კაცი, რომლის გვერდით მუშაობაც შესაძლებელი იქნება… ჰო, ერთად უნდა ვიშრომოთ. საოცარი იქნება!“
შრომა ძალზე მნიშვნელოვანი იყო მისთვის, რადგან მიიჩნევდა, რომ ეკონომიკური დამოუკიდებლობა ქალის ემანსიპაციის საწინდარია. მოსწონდა ჩეხოვის გმირი ქალები, სწორედ მუშაობის წყალობით რომ ეზიარებოდნენ თავისუფლებას. ქალის შრომის საკითხი უცვლელ ლეიტმოტივად გასდევს ტრიოლეს შემოქმედებას. მისი აზრით, საფრანგეთი დიდად ჩამორჩებოდა რუსეთს, რადგან, როგორც თვითონ წერს, საბჭოთა კავშირში ქალებმა მოიპოვეს არჩევნებში ხმის მიცემის, განათლების მიღების, განქორწინების, უფასო აბორტის უფლება. ავტორი პარალელს ავლებს და აღნიშნავს, რომ მიზოგინიაა გაბატონებული საფრანგეთში. მისი თქმით, თვით სიურრეალისტებიც კი, ძალზე მაღალი წარმოდგენა რომ აქვთ სიყვარულზე, ქალს არ მიიჩნევენ თანასწორად, კვლავ მითების საბურველში ხვევენ… ყოველივე ეს ძალზე რელევანტურია, რამეთუ თვით ტრიოლეს თავდაუზოგავად ბრძოლა მოუხდა იმისათვის, რათა პატივი ეცათ მისთვის, როგორც თავისუფალი ქალისა და დამოუკიდებელი ავტორისათვის.
მწერალმა ძლიერ განიცადა ოდინდელი სიყვარულისა და ერთგული მეგობრის, მაიაკოვსკის, ტრაგიკული აღსასრული. გამოხდა ხანი და ლუისთან ერთად წავიდა მოსკოვში ლილის მოსანახულებლად. რევოლუციონერ მწერალთა საერთაშორისო კონგრესს დაესწრნენ ხარკოვში.
ოცდაათიან წლებში ტრიოლე ყელსაბამებსა და სხვადასხვა სამკაულს ამზადებდა ფრანგული „Haute couture“-ისთვის და სტატიებს წერდა რუსული ჟურნალ–გაზეთებისათვის, რათა თავი გაეტანა. ამ შემოსავალს ემატებოდა მთარგმნელის ჰონორარიც: რუსულად თარგმნიდა ფრანგ მწერლებს. თავის მშობლიურ ენაზე „აამეტყველა“ ლუი–ფერდინან სელინი, ანდრე ჟიდი, ლუი არაგონი და სხვა ავტორები. არაერთი რუსი კალმოსნის ნაწარმოები თარგმნა ფრანგულად. ამ მწერალთა და პოეტთა შორის არიან: ანტონ ჩეხოვი, მაიაკოვსკი, გოგოლი, მარინა ცვეტაევა… თანამშრომლობდა ყოველდღიურ გამოცემასთან, „Ce soir“-თან, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ თვით არაგონი და მწერალი, ესეისტი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, პოეტი და კომუნისტური პარტიის წევრი, ჟან–რიშარ ბლოკი. რუსულად დაწერა და „Красная новь“-ში დაბეჭდა რომანი „ყელსაბამები“. 1932 წლის სექტემბერში გაემგზავრა ურალში, მერე კი მოსკოვს მიაშურა და 1933 წლის მარტამდე დარჩა იქ. დიდი წვლილი შეიტანა რუსული პოეზიის ანთოლოგიის ფრანგულად თარგმნისა და გამოცემის საქმეში. დიდად დაამწუხრა მაქსიმ გორკის გარდაცვალებამ, გენერალი პრიმაკოვის სიკვდილით დასჯამ… ეს რევოლუციონერი ელზას დის, ლილის, ახლო მეგობარი გახლდათ.
1938 წელს პირველად დაწერა რომანი („საღამო მშვიდობისა, ტერეზ“) ფრანგულ ენაზე. ავტორი მიგვაქროლებს პარიზული ცხოვრების, დედაქალაქის ულმობელი სინამდვილის მორევისაკენ, თუმცაღა, წარმოსახვით, ფანტასმაგორიულ სამყაროსაც გადაგვიშლის თვალწინ. პარიზი არის შეუცნობელი მხეცი, მონსტრი, რომელიც ადამიანებმა შექმნეს, გამოძერწეს საუკუნეთა მანძილზე. ეს ურჩხული სრულიად უგრძნობია; სულ არ ადარდებს ის დრამა, მის წიაღში რომ ვითარდება.
ნაწარმოები განმსჭვალულია ამ იდეებითა და სულისკვეთებით: ბედნიერება მიუწვდომელია; უბრალოდ, არ არსებობს; ადამიანურ ყოფას მხოლოდ და მხოლოდ იმაზე ფიქრი ხდის ასატანს, რომ შეგვიძლია, თვითმკვლელობის წყალობით გავექცეთ სიცოცხლეს; სრულიად მარტო ვართ ამ სამყაროში; ყველა ჩვენგანს ელის მარტოოდენ სიბერე, მიუსაფრობა, ძრწოლა, თავზარდაცემა და სიკვდილის შიში…
ტერეზის პერსონაჟი მრავალსახოვანი, ენიგმატური და მოუხელთებელია. მკითხველი იმაშიც კი არაა დარწმუნებული, რომ არსებობს. რომანში შემოყვანილი მთხრობელი სრულიად შემთხვევით მოჰკრავს ყურს, როგორ წარმოთქვამენ რადიოში ამ ფრაზას: „საღამო მშვიდობისა, ტერეზ“. ცდილობს, წარმოისახოს ის უცნობი. დაეძებს ყველგან: კაფეებში, ბარებში, საცეკვაო მოედნებზე, მეჯლისებზე, მეტროში… როგორც კი შესანიშნავ ქალს მოჰკრავს თვალს, ჰგონია, მიაკვლია ტერეზს. მუსიკის მოსმენისას აკვირდება საკუთარ ნაკვთებს და, ბოლოს და ბოლოს, ხედავს ტერეზის სახეს.
ეს ქალი წმინდა წყლის ალეგორიაა. ჯერ კიდევ არ არსებობს, მაგრამ მალე იშვება და სრულად გამოავლენს თავის შესაძლებლობებს. წიგნში არის ღრმა რეფლექსია ქალთა საკითხის თაობაზე. „ქალია სამყაროს მომავალი. ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ მისი ძალა, მაგრამ განა ადამიანმა ყოველთვის იცოდა, რა იყო ელექტრობა? ქალის ძალა კვლავ შეაზანზარებს მთებს!“ – წერს ტრიოლე. შემოქმედს კვერს უკრავს არაგონი და აღნიშნავს: „ქალია მამაკაცის მომავალი“.
გარდა ამისა, ზემოხსენებულ ნაშრომში თავს იჩენს მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი: ფაშიზმის გაძლიერება, პარიზში მომხდარი აფეთქებები, ტერორის ტალღა, 1934 წლის მანიფესტაციები, ანტისემიტიზმი…
ამ გამოცემას მოჰყვა შემდეგი ნაწარმოებები: „უსაზღვრო სინანული“, „ანრი კასტელა“, „ადამიანის სვე–ბედი“, „მშვენიერი ბაყალი“, „მთვარის შუქი“, „ივეტი“, „ვინ არის ეს უცხო, რომელსაც აქაური ფესვები არა აქვს, ანუ ბარონესა მელანის მითი“. ეს უკანასკნელი არის ფილოსოფიური ესე–ნოველა, არალეგალურად რომ გავრცელდა საფრანგეთში (სწორედ მაშინ აეკრძალათ ებრაელებს შემოქმედებითი საქმიანობა). ავტორმა ამ ნამუშევარში გასცა პასუხი ალბერ კამიუს „სიზიფეს მითში“ დასმულ იმ მწვავე შეკითხვებს, მოსვენებას რომ უკარგავდა ეგზისტენციალისტ მოაზროვნეებს. თავად კამიუმ შეასხა ხოტბა ტრიოლეს და გასაოცარი წარმატება უწოდა მის წიგნს. კამიუ სვამდა ამ შეკითხვას: „ნუთუ ღირს სიცოცხლე? ხომ არ აჯობებს, ადამიანმა თავი მოიკლას, რათა დასრულდეს ეს აბსურდი? განა ამაო და განწირული არაა მისი ბრძოლა უსასრულობის წინააღმდეგ?“ როგორც თავად ფილოსოფოსი აღნიშნავს, ელზამ სიღრმისეულად, ბრწყინვალედ განიხილა ეს ეგზისტენციალისტური საკითხები.
„ჩემი ცხოვრების ჟამთასვლა მაშინ შეწყდება, როცა სიბერის ზღურბლს გადავაბიჯებ… დაქანცულობა, მოწყენილობა, ნაღველი და კაეშანი იქნება ჩემი ხვედრი!“ – წერს შემოქმედი.
ნაწარმოების მთავარი გმირი, ბარონესა მელანი, საკუთარი დაკრძალვის დღეს აღსდგება მკვდრეთით და „უკუღმა“ იწყებს ცხოვრებას: ჯერ განიცდის აგონიას, სულთმობრძავის ტანჯვას, მერე – სნეულებას, დაცემას, მერე სასწაულებრივად განიკურნება, იგემებს სიყვარულს, იხილავს ომს, საკუთარ ქორწილს, ახალგაზრდობას, ყმაწვილქალობას, ბავშვობას… ესაა გამოწვევა, ჟამთასვლისთვის ნასროლი ხელთათმანი. შემოქმედი მარადიული ახალგაზრდობის მითის, სიბერისა და გარდაუვალი აღსასრულის შიშისგან გათავისუფლების წყალობით ამარცხებს სიკვდილს, იმარჯვებს არარაზე. მითი არის ერთადერთი რამ, რაც იმარჯვებს დროზე, მოხუცებულობასა და იავარქმნაზე. მელანის მტკიცეს სწამს, რომ რაკი შედეგი იწვნია, მიზეზიც უნდა შეიცნოს. ყველაზე მშვენიერია არარაში სრულიად გაუცნობიერებლად შებიჯება, დედის წიაღში დავანება, მარადიული დაბრუნების მითის გაცოცხლება.
ელზას დიდი საფრთხე დაემუქრა მეორე მსოფლიო ომის გაჩაღებისა და საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ, რადგან ებრაელი იყო. წყვილი დრომის დეპარტამენტში გაიხიზნა. ტრიოლეს ლიონშიც მოუხდა გამგზავრება ყალბი დოკუმენტების ხელში ჩასაგდებად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერ გადარჩებოდა. ის და ლუი შეიფარა პოეტმა ტავერნიემ. გამოხდა ხანი და სენ–დონას კომუნაში გაიქცნენ. იქ დარჩნენ საფრანგეთის სრულ გათავისუფლებამდე. იატაკქვეშეთში ცხოვრობდნენ, მაგრამ, როგორღაც, მაინც ახერხებდნენ ლიონში, პარიზსა და ვალანსში მოგზაურობას.
ვინმე ლეიტენანტ ჰაინცის ხელით დაწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ: „გესტაპოს ვთხოვ, დაუყოვნებლივ დააკავოს ებრაელი ელზა კაგანი, ტრიოლეს რომ უწოდებენ და საყვარელია ერთი კაცისა, გვარად არაგონისა, რომელიც აგრეთვე ებრაელია“.
ორივე ჩაეწერა საფრანგეთის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ რიგებში. მათი მიზანი იყო ვიშის რეჟიმის დამხობა და საფრანგეთის გათავისუფლება დამპყრობელთაგან. მათი ბანაკები განლაგებული იყო სამხრეთის თავისუფალ ზონაში. ის, არაგონი და სხვა თანამოაზრეები ხშირად ხვდებოდნენ ერთმანეთს დახურულ კარს მიღმა. მწერალი ქალი დადიოდა ლიონსა და დრომის დეპარტამენტში, ესწრებოდა სხვადასხვა ღონისძიებას, შეკრებას, სხდომას, თათბირს… დიდი წვლილი შეიტანა ისეთი გაზეთების დაბეჭდვასა და გავრცელებაში, როგორებიც იყო: „იარაღასხმული დრომი“ და „ვარსკვლავები“. პარალელურად წერდა მოთხრობებსა და რომანებს. საყოველთაო აღიარება და პოპულარობა მოუტანა წიგნმა, სახელწოდებით „თეთრი ცხენი“, რომელიც 543 გვერდისგან შედგება. გონკურის პრემიაზეც წარადგინეს 1943 წელს. ნაწარმოებში ჩანს, რომ ბოჰემური მხურვალებით სავსე პარიზში ერთმანეთს ხვდებიან ადამიანები, იკვეთება მათი გზები, ერთმანეთს უკავშირებენ ბედს, მაგრამ მაინც ვერ ახერხებენ ბედნიერების მოპოვებას. მათი ოცნებების კოშკები დასანგრევადაა განწირული, ამაოა ყოველგვარი ქმედება, მაგრამ, მიუხედავად ამისა, სიყვარულია ის ერთადერთი იდეალი და ჭეშმარიტი მამოძრავებელი ძალა, აზრს რომ აძლევს იმ მტანჯველ წინააღმდეგობებს, რომელთა შორისაც იხლიჩება აბსურდული ყოფისთვის განწირული ადამიანი. „თეთრ ცხენში“ წამოჭრილი საკითხები ტრიოლეს მთელი შემოქმედებისთვისაა ნიშანდობლივი: ცალკეული ინდივიდის სვე–ბედისა და კაცობრიობის ხვედრის, მთელი ისტორიის გადაკვეთა, ამ გადაკვეთით გამოწვეული წინააღმდეგობა და დაპირისპირება, მწერლის ანგაჟირება…
ალბერ კამიუ დიდ შეფასებას აძლევდა ამ ნაწარმოებს. ფილოსოფოსი წერს: „როცა ამ წიგნს დავხურავთ და განვეშორებით მასში აღწერილ სამყაროს, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩება, თითქოს განუწყვეტელი ფოიერვერკი და განმაცვიფრებელი ხელგაშლილობა ვიხილეთ – გვეგონება, რომ ვიღაცამ საკვირველი წყალობა გამოიჩინა და გულუხვად გვიბოძა დიდძალი ძღვენი“.
მწერალი იასმინა ხადრა (მუჰამედ მულესეჰული) წერს: „ელზა ტრიოლეს „თეთრი ცხენი“ არის ამბავი იმ კაცისა, ყველას რომ ჩაუვარდა გულში, მაგრამ თავად არ შესწევდა სიყვარულის უნარი“.
1943 წლის ოქტომბერში, გამომცემლობა „მინუიმ“, ლორან დანიელის ფსევდონიმით გამოსცა ელზას მოთხრობა, „ავინიონელი საყვარლები“. აი, ამგვარად მიაგო პატივი ავტორმა ლორან და დანიელ კაზანოვებს, რომლებიც თავდაუზოგავად იღწვოდნენ საფრანგეთის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ რიგებში. დანიელი შეეწირა კიდეც ვიშის რეჟიმთან ბრძოლას – ფაშისტებმა დაატყვევეს და აუშვიცის საკონცენტრაციო ბანაკში გამოასალმეს წუთისოფელს. „ავინიონელი საყვარლები“ და კიდევ სამი ნოველა შეიტანა კრებულში, „Le premier accroc coûte deux cents francs“, რომელიც არალეგალურად გავრცელდა ქვეყანაში (ავტორის ებრაული წარმომავლობის გამო). სწორედ ამ წიგნის წყალობით მოიპოვა გონკურის პრემია 1945 წელს. აი, ასე გახდა ელზა ტრიოლე პირველი მწერალი ქალი, საფრანგეთის ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო რომ გადასცეს.
მთავარი გმირი, ჟიულიეტ ნოელი, ახალგაზრდა ქალია. მისი სამყარო შეაზანზარა ომმა და ფრთები შეუკვეცა მის სიყვარულს, ოცნებებს. იატაკქვეშეთიდან იბრძვის და იღწვის სამშობლოს გასათავისუფლებლად. იგია სახე იმ ქალებისა, გადამწყვეტი როლი რომ შეასრულეს საფრანგეთის „წინააღმდეგობის მოძრაობაში“.
„ალექსის სლავსკის პირადი ცხოვრება“ მოგვითხრობს იმ მხატვრის ბობოქარი ყოფის შესახებ, თავდადებით რომ ემსახურება თავის საქმეს. სიკვდილის წარმოდგენაც კი ვერ აშინებს. მხოლოდ მხატვრობაზე ფიქრი უვსებს ცრემლით თვალებს. რას ნიშნავდა ომი, ოკუპაცია და კაპიტულაცია მისთვის? არც არაფერს. ეს იყო ჩვეულებრივი ვითარება, რომელიც ხელს უშლიდა ხატვაში. შთანთქმული იყო ფერწერის სამყაროში და ვერც კი ამჩნევდა ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს. ცხოვრებას მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ჰქონდა ფასი მის თვალში, რომ ხატვა შეეძლო.
ამ დაჯილდოებას მოჰყვა მიზოგინებისა და სექსისტების გავეშება. ქალთმოძულენი არნახული გააფთრებით დაესხნენ თავს ელზას. გაშმაგებით მოჰყვნენ გესლის ნთხევასა და ყაყანს, ქალბატონს არ დაუმსახურებია ასეთი წარმატება, კომიტეტის წევრებმა იმიტომ მიანიჭეს ეს პრემია, რომ უნდოდათ, როგორმე გადაეხადათ ხარკი წინააღმდეგობის მოძრაობისთვისო.
არად ჩააგდეს მათი ყბედობა. კრიტიკოსებმა და მწერლებმა კალმები იშიშვლეს ტრიოლეს დასაცავად და დაასაბუთეს, რატომ და რისთვის გადასცეს ის ჯილდო. პრიზი დაიმსახურა ელვარე ტალანტის, ლიტერატურული ოსტატობის, მხატვრული სიტყვის ვირტუოზობის წყალობით და არა იმიტომ, რომ „წინააღმდეგობის მოძრაობის“ წევრი იყო. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ამ მწერლის შემოქმედებამ გაუძლო დროის გამოცდას და ადგილი დაიმკვიდრა ლიტერატურის ოქროს ფონდში, მაგრამ, სამაგიეროდ, აღარავის ახსოვს იმ უბადრუკი მწერლუკანების, უგერგილო მჯღაბნელების, შესაბრალისი, უნდილი მთხაპნელებისა და ფურცლის ამაოდ წამხდენების სახელები, გნიასითა და ბალღამის ნთხევით რომ შეხვდნენ დიდი კალმოსნის წარმატებას.
„მადამ ელზა ტრიოლეს შესანიშნავი ნიჭი აქვს ბოძებული – წერის ნიჭი. გულუხვად აქვს მიმადლებული გამოგონების უნარი. ეს სიუხვე არა და არ ილევა გვერდიდან გვერდამდე!“ – აღნიშნა ფრანგმა კრიტიკოსმა, პოეტმა და მწერალმა, როჟე ლანმა, როცა ელზას გონკურის პრემია გადასცეს.
ამის შემდეგ დაბეჭდა „ან–მარი, ანუ არავის ვუყვარვარ“. კალმოსანი აღნიშნავს: „ეს წიგნი განსაკუთრებით მწვავე პოლიტიკურ ვითარებაში დაიწერა. თავს ჩამოგვექცა ნდობის, რწმენის, იმედისა და მეგობრობის სამყარო. ყოველ ნაბიჯზე ვეჩეხებოდი სიძულვილს, ქვასავით მაგარს, კლდესავით სალს, ზმანებებით, ფანტაზიებით, ლეგენდებით, სიბრიყვითა და მავნებლობით ნასაზრდოებს…“
მაიაკოვსკის სუიციდით გამოწვეული მწუხარება და კაეშანი აშკარად იგრძნობა ამ ნაწარმოების თითოეული გვერდის კითხვისას. მთავარი გმირი, ჯენი ბორგეზი, ცხადია, არ იყო მაიაკოვსკი, თუმცაღა, რუსი პოეტის დარად, მსხვერპლი აღმოჩნდა საკუთარი დიდებისა. კომუნისტური იდეოლოგია ჰქონდა და მეგობრებსაც მოუწოდებდა „გაწითლებისაკენ“. ხშირად უმეორებდნენ, პოლიტიკა არაა ქალის საქმეო. გაასპიტებული ფრანგები თავს დაესხნენ, რადგან ჯენიმ ჟანა დ’არკის როლის შესრულება მოიწადინა. „ვიღაც წითელი, ბოლშევიკი ქალი არ უნდა შეეხოს ფრანგების სიწმინდეს!“ – გაიძახოდა ბრბო.
თითქოს ჯიბრში ჩაუდგა ბედისწერა ჯენის: შეიტყო, რომ მკერდის კიბო სჭირდა, მაგრამ უარი თქვა ექიმთან წასვლასა და მკურნალობაზე, რადგან, უბრალოდ, არ სურდა, სიმსივნე ჰქონოდა. გულარხეინი ფატალურობით უარყო სნეულება. როცა მისი სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდა, ტყვია დაიხალა მკერდში. მის მაგიდაზე იდო გამოსათხოვარი ბარათი, რომელშიც ასეთი სიტყვები ეწერა: „არავის არავინ არ უყვარს. არ შემიძლია ამის ატანა“.
ეს ნაწარმოები ადამიანის წარმავალი დიდებისა და დაუსრულებელი ეგზისტენციალური ტანჯვისთვის მიძღვნილი საგალობელია.
ამ წიგნს მოჰყვა მეორე ნაწილი: „ან–მარი: იარაღასხმული აჩრდილები“. ამ პუბლიკაციამ დიდი ლიტერატურული სკანდალი გამოიწვია საფრანგეთში. ავტორი იხსენებს: „ამ რომანში მოვუთხრობდი მკითხველს მაშინდელ ყოველდღიურ ყოფაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ გამარჯვება არასოდესაა არც საბოლოო და არც სამუდამო“.
1945 წელს, გენერალმა ჟან დე ლატრ დე ტასინიმ, რომელიც ორივე მსოფლიო ომის ვეტერანი გახლდათ, ელზა და არაგონი მიიწვია გერმანიაში. მწერლებმა საკუთარი თვალით იხილეს ომისგან განადგურებული, ნანგრევებად ქცეული ქვეყანა.
მწერალი 1946 წელს დაესწრო ნიურნბერგის პროცესს და იხილა, როგორ გაასამართლეს კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულის ჩამდენნი. ამ სანახაობამ წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა მასზე და „Les Lettres françaises“-ში გამოქვეყნებულ რეპორტაჟში აღწერა ყოველივე ის, რაც განიცადა. „მოსამართლეთა ვალსი“ უწოდა ამ ტექსტს. 1947 წლის 11 მარტს შეამკეს მედლით და ამგვარად დაუფასეს საფრანგეთის „წინააღმდეგობის მოძრაობის“ განვითარებაში შეტანილი წვლილი. ამ ჯილდოს გადასცემდნენ იმ ადამიანებს, რომელთაც გამოიჩინეს შესანიშნავი სიმამაცე, სიმტკიცე და იბრძოლეს ფრანგი ხალხის მტრებისა და მტრების თანამზრახველთა წინააღმდეგ.
ქალმა მოიწადინა კავშირის განმტკიცება საბჭოთა კავშირსა და საფრანგეთს შორის. მთელი გულით სურდა, ფრანგებს უკეთ გაეცნოთ რუსული კულტურა თარგმანების, ფილმების, სტატიების წყალობით. ხელი შეუწყო იმ ფილმის გადაღებას, რომელსაც ასეთი სახელწოდება შეურჩია რეჟისორმა: „Нормандия — Неман“.
ომის პერიოდმა შთაგონებით აღავსო და დააწერინა რომანი, „ნანგრევების ინსპექტორი“, რომელიც მის ერთ–ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევა. წიგნი 1948 წელს დაიბეჭდა.
რაკი „მწერალთა ეროვნული კომიტეტის“ წევრი იყო, მიზნად დაისახა მოსახლეობის წიგნიერების დონის ამაღლება და წიგნებით ვაჭრობის წახალისება. ორმოცდაათიან წლებში აქტიურად ჩაერთო იმ ღონისძიებაში, საფრანგეთის კომუნისტური პარტიის ორგანიზებით რომ ჩატარდა და „წიგნების ბრძოლა“ უწოდეს. ტრიოლე და არაგონი ხშირად მოგზაურობდნენ სოციალისტურ ქვეყნებში. ქალი გმობდა სტალინისტური რეჟიმის სისასტიკესა და დაუნდობლობას, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თავს არიდებდა საბჭოთა კავშირის საჯაროდ გაკრიტიკებასა და განცხადებით გამოსვლას. სამწუხაროდ, მის უფროს დას, ლილის, შეეხო ანტისემიტიზმის შხამიანი საცეცი. მწერალმა ტოტალიტარიზმისა და მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ გაილაშქრა 1957 წელს გამოცემულ თავის რომანში, „მონუმენტში“, რომელსაც ლუი არაგონმა მრავალჯერ უწოდა შედევრი.
როცა ატომური იარაღის გამოყენების საფრთხე დაემუქრა მთელ მსოფლიოს და ცივი ომი გაჩაღდა, კალამი აიღო, ფურცელს გაანდო ფიქრები და მკითხველს უსახსოვრა ნამუშევარი, „ალისფერი ცხენი“.
ეს რომანი გამოვიდა იმ ეპოქაში, როცა ომგადატანილ სამყაროში ყველა ესწრაფვოდა მშვიდობას. სათაური ავისმომასწავებლად ჟღერს. აპოკალიფსის მეორე მხედარი, რომელიც ცეცხლოვან, ალისფერ ცხენს მოაჯდება, დედამიწიდან განდევნის მშვიდობას და ადამიანებს აიძულებს, დახოცონ ერთმანეთი. ამ ცხენოსანს უჭირავს მახვილი – ომის სიმბოლო. სიუჟეტის ამ ალეგორიულ მნიშვნელობას კიდევ უფრო ამძაფრებს ერთი ფაქტი: იმდროინდელ საფრანგეთში „ალქაჯებზე ნადირობაა“ გაჩაღებული. ამ რომანში ელზა ხმამაღლა, მოურიდებლად აცხადებს, რომ ისიც ერთ–ერთი ალქაჯია. წიგნში შემდეგი ობერტონები სჭარბობს: სიკვდილის შიში და სიბერეზე ფიქრისაგან მოგვრილი ძრწოლა, რომელიც თვით სიკვდილის შიშზე ბევრად უფრო ძლიერი და გაუსაძლისია. ამ აპოკალიფსურ გარემოში აღმოჩენილი პერსონაჟები პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით კარგავენ ადამიანის სახეს; ამსხვრევენ სარკეებს, რათა ვერ დაინახონ საკუთარი უსახურობა, შემზარავი სიგონჯე, შემაძრწუნებელი სიმახინჯე… ბოლოს და ბოლოს, რადიოთი აცხადებენ, რომ მშვიდობა დამყარდა, თუმცა, უკვე გვიანაა. მეხი ეცემა თვითმფრინავს… მომაკვდავი ელზა (სიმბოლურია ისიც, რომ მთავარი გმირი ავტორის სეხნიაა) ხედავს, როგორ იკვეთება მოელვარე მზის ფონზე ალისფერ ცხენზე წამოჭიმული აპოკალიფსის მხედარი, რომელიც აქნევს ცეცხლოვან მახვილს. გაიმარჯვა. აი, ამ ფრაზით მთავრდება უკანასკნელი თავი: „მშვიდობით, ლუი!“
ამის შემდეგ დაწერა რომანი, „უცნობთა პაემანი“, და კიდევ ერთი პრესტიჟული ლიტერატურული ჯილდო, „Prix de la Fraternité“, დაიმსახურა.
1957 წელს გადადგა „მწერალთა ეროვნული კომიტეტის“ თავმჯდომარის პოსტიდან. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო რომანების იმ ციკლის გამოცემა, „ნეილონის ხანა“ რომ უწოდეს და სრულიად სამართლიანად შერაცხეს მისი შემოქმედების მწვერვალად. წიგნების ამ სერიის პირველი ნაწილია „ვარდები ნისიად“.
ავტორი უმოწყალოდ ამათრახებს მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ხანის „სამომხმარებლო საზოგადოებას“, ველურ კაპიტალიზმს, ადამიანთა უსაზღვრო სიხარბეს; გვიჩვენებს კაპიტალისტურ ოცნებებს აყოლილ გმირთა გარდაუვალ დაცემას. მთავარი პერსონაჟი დაფეხვილ ქოხში, საშინელ სიღატაკეში გაზრდილი მარტინა პეინეა. გამოედევნა ოცნებას, მაგრამ შთანთქა კაპიტალიზმის მონსტრმა; შთანთქა და მოინელა. ის ვირთაგვები, მარტინას რომ დაესივნენ რომანის ფინალში და ცოცხლად შეჭამეს, სწორედ კაპიტალისტური ბაზრის გაუმაძღრობისა და ულმობლობის ალეგორიაა. თანამედროვე კომფორტი თავის მსახურად აქცევს სწორედ იმას, ვისაც უნდა ემსახუროს. მწერალი თანაუგრძნობს მარტინას, მიიჩევს გარემოს, ბედუკუღმართობის, სოციუმის, ეკონომიკური წყობის მსხვერპლად. „გამვლელო, გევედრები, ვარდები მიმოაბნიე ჩემს საფლავზე!“ – აი, ასეთია უკანასკნელი თავის სათაური. ეს წარწერა ამშვენებდა ყველასთვის უცნობი, ღარიბი კაცის საფლავს რომის იმპერიაში.
ელზამ სამოციან წლებში დიდი შრომა გასწია იმისათვის, რათა ფრანგულ ენაზე ეთარგმნათ და დაებეჭდათ ალექსანდრ სოლჟენიცინის წიგნი, „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“. მაიაკოვსკის ბიოგრაფიის აღმაშფოთებელმა დამახინჯებამ ისე შთააგონა, ზედიზედ დაწერა ორი რომანი: „Le Grand Jamais“ და „Écoutez-voir“.
ელზას შესანიშნავი წინასიტყვაობა ამშვენებს ფრანგი მწერლის, მუსიკოსის, ქორეოგრაფისა და მხატვრის, დომინიკ ტრონის, სადებიუტო რომანს, „სტერეოფონიებს“.
1966 წელს, ბელგიელმა რეჟისორმა, სცენარისტმა, ფოტოგრაფმა, არტისტმა და ფრანგული „ახალი ტალღის“ ერთ–ერთმა ფუძემდებელმა, ანიეს ვარდამ, მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი („Elsa la rose“) გადაიღო. ნამუშევარი მთლიანად ეძღვნება ლუისა და ტრიოლეს სიყვარულის ამბავს.
1969 წელს, ვრცელი სტატია გამოაქვეყნა რუსი ფიზიკოსის, დისიდენტის, ნობელის პრემიის ლაურეატის, ანდრეი სახაროვის, დასაცავად.
მხცოვანმა კალმოსანმა დაწერა კიდევ ორი წიგნი: „სიტყვებად გარდასახვა“ და „ბულბული ალიონზე წყვეტს გალობას“. ამ უკანასკნელის სიუჟეტი ასეთია: ბავშვობის მეგობრები, რომელთა გზებიც გაიყარა, ხანგრძლივი განშორების შემდეგ იკრიბებიან ერთ–ერთი მათგანის სახლში. ოდესღაც ყველანი ტკბებოდნენ ბობოქარი, არტისტული ცხოვრებით. ეს გამორჩეული წვეულებაა, რადგან წყვდიადი სუფევს. ეკრძალებათ შუქის ანთება და ერთმანეთის სახის დანახვა. ყველა მათგანის სახეზე აღბეჭდილა დაღლილობა; ყველას ემჩნევა ჟამთასვლის დამღა, დროის შეუჩერებელი ქროლისაგან დატოვებული იარები… ღამის სიმრუმე ნიღაბივით ფარავს მათს ნაკვთებს. მთელ რომანს უწყვეტ ჰანგად გასდევს ბულბულის გალობა – სასტუმრო ოთახის ფანჯარა ბაღს გადაჰყურებს. სიკვდილის პირას მისული ადამიანები იმ წვეულებაზე იხსენებენ საკუთარ წარსულს, მალავენ ყოველივე იმას, რაც გაანადგურა და მოსპო ხანმა უნდომ. თითქმის იშლება ზღვარი სიზმარსა და ცხადს, წარმოსახვასა და რეალობას, ფანტაზიასა და სინამდვილეს შორის. ეს ღამეა ინტროსპექციის, შინაგან სამყაროში მოგზაურობის, ეგზისტენციალური კითხვების დასმის საწინდარი. ისინი იქცევიან ტრაგიკული პიესის მოქმედ გმირებად, ღამეული პაემნის მონაწილეებად. შემოაბიჯებს ალიონი. მიწყდება ბულბულის გალობა. ის ღამეც კვდება გმირებთან ერთად, თითქოსდა დღის ნათელისაგან განგმირული.
ბულბულის გალობასთან ერთად მიწყდა თვით ელზას ხმაც. ეს მისი უკანასკნელი რომანი აღმოჩნდა. მწერალი (ისევე, როგორც მისი ბოლო რომანის პერსონაჟი ქალი) გულის დაავადების გამწვავების გამო გარდაიცვალა. 1970 წლის 16 ივნისს აღესრულა იმ ადგილ–მამულში, მან და არაგონმა რომ შეიძინეს. „Moulin de Villeneuve“ იქცა მის სამარადისო განსასვენებლად. იმ სახლის ერთ–ერთი ოთახის კედელზე გაკრულ კალენდარზე დღესაც მონიშნულია 1970 წლის 16 ივნისი – არაგონმა სიმბოლურად შეწყვიტა დღეთა ათვლა საყვარელი ქალის გარდაცვალების შემდეგ. მისი ეს გადაწყვეტილება გვაგონებს ლუისა და ელზას ახლო მეგობრის, ცნობილი პოეტის, პოლ ელუარის, იმ ლექსს, სატრფოს გარდაცვალების შემდეგ რომ დაწერა და „სიყვარულის უკანასკნელი პოემები“ უწოდა:
,,1946 წლის 28 ნოემბერია,
ჩვენ ვერ დავბერდებით ერთად…
აი, კიდევ ერთი ზედმეტი დღე…
დროის ოკეანემ ნაპირები გადმოხეთქა…
ჩემი სიყვარულის უკანასკნელმა ანარეკლმა
ყველაფერი იღონა იმისათვის, რათა
გაეფანტა ღამის წყვდიადი,
ზვირთივით რომ მშთანთქავს…“
ხმაგაბზარულმა არაგონმა, რომელსაც ეჭირა სულთმობრძავი ქალის ხელი, ამოიგმინა: „გულმა უმტყუნა. მთელი ერთი წელი იავადმყოფა. მიუხედავად ამისა, 1970 წლის 15 ივნისს, ჯერ კიდევ ერთად ვსეირნობდით ბაღში“…
თვით ლუი 12 წლის შემდეგ აღესრულა. ისინი გვერდიგვერდ განისვენებენ ექვს ჰექტარზე გადაჭიმული იმ ბაღის შუაგულში, რომელიც გარს აკრავს ძველთაძველ წისქვილს და მათს ლამაზ სახლს. ელზას სიტყვებია ამოტვიფრული მათი საფლავის ქვაზე.
*
ტრიოლეს ხსოვნის პატივსაცემად უწოდეს მისი სახელი ურიცხვი ქალაქის მრავალ ქუჩას, ხეივანს, მოედანს, სკვერს, პარკს, ბულვარს, სკოლას, ბაგა–ბაღს, კოლეჯს, ლიცეუმს, მედიათეკას, ბიბლიოთეკას… 2021 წლის 14 ივნისს, საფრანგეთის ფოსტამ გამოუშვა საფოსტო მარკა, რომელზეც ის იყო გამოსახული.
აი, ასეთი ცხოვრება განვლო მწერალმა და მთარგმნელმა ქალმა, რომელსაც „პოეტი კაცის მუზის“ წოდება აკმარეს. ელზა იყო ის შემოქმედი, თავისუფლების ნარეკლიან გზას რომ დაადგა, გზა გაუკვალა სხვა ქალებს, ხელი შეუწყო მათს ემანისპაციას, სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი მსოფლიო ლიტერატურისა და მხატვრული თარგმანის ისტორიაში. სამშობლოდან გადმოხვეწილმა, უცხო ცის ქვეშ აღმოჩენილმა, გაამდიდრა ფრანგული კულტურა, შექმნა უკვდავი ნაწარმოებები, დაწერა დიდებული რომანები, სახელი მოიხვეჭა და საფრანგეთში რუსული კულტურის გავრცელებაც დაისახა მიზნად.
„წერა ადამიანის ყველაზე კეთილშობილური, ამაღლებული მონაპოვარია. რომანი შუამავალია ადამიანსა და სიცოცხლეს შორის“, – წერს ელზა ტრიოლე. ალბათ, ეს ფრაზა საუკეთესოდ შეაჯამებს ამ მწერლის მოღვაწეობას.
მისი შემოქმედება იმ თვალსაზრისითაცაა გამორჩეული, რომ ოსტატურად უხამებდა ერთმანეთს რეალობასა და ფანტაზიას, მიწიერსა და მეტაფიზიკურს, სინამდვილესა და მისტიკას. მის ყველა პერსონაჟს ამოძრავებს დაუცხრომელი სწრაფვა ბედნიერებისაკენ. ეს გაუნელებელი ლტოლვა ძალზე მტკივნეულია და ხშირად, შეუძლებელიც კია ბედნიერების მოპოვება, მაგრამ ავტორი მაინც იმედს გვისახავს, რადგან მტკიცედ სწამს, რომ ბედნიერება აქვეა, ჩვენ გარშემო და საკმარისია ხელის ერთი გაწვდენა, რათა დავეუფლოთ; საკმარისია, თვალი გავახილოთ, გამოვფხიზლდეთ, კოლექტიურად ვიმოქმედოთ და ვიღვაწოთ, რათა გადავასხვაფეროთ ეს სამყარო, უკეთეს ადგილად ვაქციოთ.
ფრანგი პოეტი და კრიტიკოსი, ოლივიე ბარბარანი, აღნიშნავს, რომ ტრიოლეს შემოქმედება ილუზიებისაგან დაცლილი რეალიზმის თვალსაჩინო განსახიერებაა.
მწერლისა და გონკურის პრემიის ლაურეატის, ედმონდ შარლ–რუს თქმით, ადამიანის ენა ვერც კი აღწერს, რარიგ დიდი პატივი დასდო ელზა ტრიოლემ ფრანგულ ლიტერატურას და რაოდენ დიდი სიამაყეა ეს მწერალი არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„პოეტის მუზა და წყევლა ვარ. მშვენიერიც ვარ და ამაზრზენიც. ისე მტენიან ფიქრებითა და გრძნობებით, თითქოს ის თოჯინა ვარ, რომლის სიღრმეშიც ხმოვან ხელსაწყოს ჩაჩურთავენ ხოლმე!“ – აღნიშნავს აღშფოთებული მწერალი და განაგრძობს პატრიარქალური, სექსისტური და მიზოგინიური მითების მსხვრევას: „სიტყვა „ღირსება“ სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს იმის მიხედვით, ქალზე საუბრობენ, თუ კაცზე. პატიოსან კაცს უწოდებენ მას, ვინც არ იპარავს, ხოლო პატიოსან ქალს – მას, ვისაც საყვარელი არა ჰყავს. გალანტური კაცი არის ზრდილი, ქათინაურების თქმის მოყვარული ადამიანი, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – ასიამოვნოს ქალებს; სამაგიეროდ, გალანტური ქალი სულმდაბალია, ხარბი და მხოლოდ ანგარება ამოძრავებს… „ადამიანის ღირსება“ – ამ ფრაზას სხვადასხვა მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ქალისა და მამაკაცისათვის. ადამიანის (განურჩევლად სქესისა) ღირსება არის მისი თავისუფლება, დამოუკიდებლობა, შრომის უფლება, მოქალაქის უფლებები და მოვალეობები… ყველა მოქალაქე უნდა იყოს სწორუფლებიანი, ქალიც და კაციც… სიტყვა „კაცს“ იყენებენ არა მხოლოდ კაცის, არამედ ქალის აღსანიშნავადაც. თითქოს ქალი ადამიანიც კი არაა… ქალის, როგორც ადამიანის, ღირსების დასაცავად, უპირველეს ყოვლისა, საჭიროა, მამაკაცთა თავებს მოვაშოროთ საუკუნეთა განმავლობაში დადებული მტვერი. ვინ იცის, რაოდენ დიდი შინაგანი ძალა და ნებისყოფის სიმტკიცე სჭირდებოდა და ახლაც სჭირდება ქალს იმისათვის, რათა გაილაშქროს ძველთაძველი ზნე–ჩვეულებების წინააღმდეგ?! ეს მკაცრი ადათ–წესები უფროა გამჯდარი ძვალ–რბილში, ვიდრე კანონები! ძალზე ძნელია მათი ამოძირკვა! დაე, მიეცით ქალებს სამუშაოს გაუმჯობესების დრო. გაზარდეთ მშრომელ ქალთა რაოდენობა. შეცვალეთ შრომის პირობები ისე, რომ მძიმე მორალურ მდგომარეობაში არ მოუხდეთ ჯაფა… წინასწარ ნუ მოსცხებენ ჩირქს და ნუ აიგდებენ სასაცილოდ მათს იდეებს, მათს შემოქმედებას. თუ ასე მოხდება, გამოჩნდება კიდევ უფრო მეტი ჟორჟ სანდი, კოლეტი, მარსელინ დებორდ–ვალმორი, მადამ კიური, მარიზ ბასტიე და სხვა… როგორც ჩანს, მამაკაცებს სურთ, ნებისმიერ ფასად უარყონ ის წვლილი, ქალებმა რომ შეიტანეს კულტურის განვითარებაში. განაგრძობენ ამის უარყოფას, რადაც არ უნდა დაუჯდეთ. რატომ უნდა მოიკლონ ეს შენაძენი?! ვინ იცის, რა საუნჯეს გვინახავს ქალთა გენია? ვინ იცის, რისი მოტანა შეუძლია ქალთა მოდგმას მსოფლიოსთვის?… ამ რვა მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, მე სალმით ვეგებები ქალის ღირსებას და ქედს ვიხრი მის წინაშე; ქედს ვიხრი ყველა ქალის წინაშე (დაწყებული ჟანა დ’არკით და დამთავრებული დანიელ კაზანოვათი); იმ ქალთა წინაშე, რელსებზე რომ დაწვნენ სენტ–ეტიენში, სულ სხვა ომისას; იმ გმირი ქალების წინაშე, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად რომ ქცეულან და მათი წყალობით უდგათ პირში სული მათი ოჯახის წევრებს; მათ წინაშე, ოკუპაციისას და ომიანობის ჟამს რომ დაეცნენ; მათ წინაშე, დღეს რომ თავისუფლებისათვის იბრძვიან. სალმითა და პატივით ვეგებები ქალის ღირსებას, რომელიც ზუსტად იმას ნიშნავს, რასაც კაცის, ადამიანის ღირსება“. სახელოვანი ავტორის ეს ტექსტი ფემინისტურ მანიფესტად უნდა მივიჩნიოთ.
დიდმა მწერალმა, ელზა ტრიოლემ, თავისი შემოქმედებით, ცხოვრებით, ლიტერატურული, მთარგმნელობითი და საზოგადოებრივი მოღვაწეობით დაგვიმტკიცა, რომ მუზის „ტიტული“ ძალზე შეურაცხმყოფელი, აღმაშფოთებელი და დამამცირებელია შემოქმედისათვის.