ემიგრანტი ქალების შრომა ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

„ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ვიდეობლოგების სერიას ქალთა შრომით უფლებებზე. პროექტს ქალთა ფონდი საქართველოში ფონდ „ღია საზოგადოების“ ფინანსური მხარდაჭერით ამზადებს.

ავტორი: მეკო ჩაჩავა

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, საქართველოს ჩართულობა გლობალურ მიგრაციულ პროცესებში საგრძნობლად გაიზარდა. ამას აჩვენებს როგორც ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, ასევე პირადი გამოცდილებებიც. ჩვენ ყველას გვყავს ოჯახის წევრი, მეგობარი, ახლობელი და ნაცნობი, ვინც ემიგრაციაში სხვადასხვა მიზნით იმყოფება.

მიგრაციის გამომწვევი მიზეზები კომპლექსურია და უკავშირდება როგორც ეკონომიკურ, სოციალურ, პოლიტიკურ ფაქტორებს, ისე ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს.

ფემინსტრიმის ვიდეობლოგებში გესაუბრებით ქალთა შრომითი მიგრაციის შედეგებზე, უფრო კონკრეტულად კი, თუ როგორ აისახება შრომითი მიგრაცია ქართველი ემიგრანტი ქალების ცხოვრებაზე. საუბარს ცოტა შორიდან დავიწყებ და სანამ კონკრეტულ ისტორებზე და გამოცდილებებზე ვისაუბრებთ, პირველი ვიდეობლოგი იქნება ერთგავრი შესავალი – აკადემიური შესავალი, სადაც ძალიან მოკლედ მიმოვიხილავთ ქალთა შრომით მიგრაციასთან დაკავშირებულ ზოგად საკითხებს.

პოსტსაბჭოთა საქართველოში შრომითი მიგრაციის ტალღის საწყის ეტაპზე საგრძნობლად მაღალი იყო მამაკაცების მიგრაცია, 2010 წლიდან კი, საქართველოში ჩატარებული კვლევები აქტიურად მიუთითებენ მიგრაციის ფემინიზაციის ტენდენციაზე, რომელიც წარმოაჩენს ქალებს, როგორც დამოუკიდებელ აქტორებს მიგრაციის პროცესში.

შრომითი მიგრაციის არარეგულარული ხასიათის გამო, ემიგრაციის შესახებ ზუსტი სტატისტიკური მონაცემები არ არსებობს. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2019 წლის მონაცემებით, 40 წლამდე ასაკის ემიგრანტებში მამაკაცები სჭარბობენ ქალებს, ხოლო 50 წლისა და უფროსი ასაკის ემიგრანტი ქალების რაოდენობა აღემატება შესაბამისი ასაკის ემიგრანტი მამაკაცების რაოდენობას.

საყურადღებოა, რომ ეს მონაცემები ემთხვევა საქართველოში ქალების ეკონომიკურად არააქტიურობის დინამიკას. მაგალითად, 2018 წლის მონაცემებით, 55 წლის შემდეგ, ქალებში ეკონომიკური აქტიურობის დონე საგრძნობლად მცირდება, რაც გულისხმობს იმას, რომ ადგილობრივ ბაზარზე მათი დასაქმება რთულია და ისინი შემოსავლის წყაროს საზღვრებს გარეთ ეძებენ.

შრომით მიგრაციაზე და, განსაკუთრებით, მის ფემინიზაციაზე საუბრისას, მნიშვნელოვანია დავინახოთ, რომ ეს სცდება პოსტსაბჭოთა საქართველოს კონტექსტს, და არ არის მხოლოდ 90-იანი წლების შედეგი, არამედ მიმდინარე პროცესია, სადაც გაღარიბების მაღალი რისკის და, პარალელურად, მდიდარ ქვეყნებში იაფ მუშახელზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, ჩვენ, ყველანი პოტენციური ემიგრანტები ვართ

XX საუკუნის 80-იან წლებამდე, საერთაშორისო შრომით მიგრაციაში ქალის როლი ძირითადად უხილავი ან ეკონომიკური თვალსაზრისით უმნიშვნელოდ იყო შეფასებული. ქალი ძირითადად წარმოჩენილი იყო, როგორც დამოკიდებული პირი – მიგრანტი კაცის ცოლი, დედა ან შვილი. ეს მიდგომა იცვლება 80-იანი წლების ბოლოდან, როდესაც ემიგრაციაში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება და ემიგრაციის შემდგომი გამოცდილება დაუკავშირდა ოჯახში, დასაქმების ბაზარსა და კულტურაში არსებულ გენდერულ უთანასწორობას.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (2017) მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 164 მილიონი ადამიანი არის შრომით ემიგრაციაში, საიდანაც 68 მილიონი არის ქალი. მიგრაციულ ნაკადებში ემიგრანტი ქალების გაზრდილი რაოდენობა, სხვადასხვა ფაქტორით არის გამოწვეული, მათ შორის, მდიდარ ქვეყნებში მიმდინარე დემოგრაფიული დაბერებით, ზრუნვის შრომის კრიზისით და შინამოსამსახურეობის სერვისებზე გაზრდილი მოთხოვნით. შესაბამისად, სტატისტიკაც აჩვენებს, რომ ქალი ემიგრანტების დიდი ნაწილი სწორედ, შინამოსამსახურეობის სერვისებში არის დასაქმებული. ამ პროცესს „შრომითი მიგრაციის ფემინიზაცია“ ეწოდება, რომელიც არა მარტო ემიგრანტი ქალების სტატისტიკურად გაზრდილ რაოდენობას ასახავს, არამედ მათ მიგრაციის პროცესში დამოუკიდებელ სუბიექტებად წარმოაჩენს.

აღსანიშნავია, რომ ემიგრაციაში წასვლით ქალები პირველ რიგში სახელმწიფოს უფუნქციობით გამოწვეულ კრიზისს გაუმკლავდენენ. ამასთანავე კი, მათ ბიძგი მისცეს ბევრ მნიშვნელოვან დისკუსიას გენდერული თანასწორობის გარშემო. მათ შორის აღსანიშნავია, საშინაო შრომის ეკონომიკური და სოციალური ღირებულება, ოჯახში გენდერული როლების გადანაწილება და ქალთა გაძლიერება.

ემიგრაციაში წასვლით ქალებმა გაარღვიეს, მათ გარშემო მანამდე არსებული პატრიარქალური წრე, ხშირ შემთხვევაში პირდაპირ დიასხლისობიდან მოირგეს ოჯახის მარჩენლის როლები და, ამასთანავე, საშინაო შრომის გარეთ გატანით, შეძლეს ანაზღაურების მიღება იმ საქმეში, რასაც მანამდე თავიანთი ოჯახის წევრებისთვის აუნაზღაურებლად ასრულებდნენ.

მიგრაციის შედეგებზე საუბრისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ პროცესში ჩართულია როგორც გამგზავნი, ასევე მიმღები სახელმწიფოს ინდივიდები. ამ ჯაჭვის მთავარი რგოლი კი ემიგრანტი ქალია, რომელიც სამშობლოში მყოფი ოჯახისთვის ძირითადი ფინანსური გარანტია, მასპინძელი ოჯახისთვის კი – ზრუნვის მთავარი მიმწოდებელი. ეს ურთიერთდამოკიდებულება აჩვენებს, რომ საერთაშორისო შრომითი მიგრაციის მთლიანი პროცესი გენდერის საკითხების ირგვლივ ტრიალებს, რომელსაც კლასობრივი, რასობრივი და ეთნიკური განზომილებები აქვს და თავად ქალებს შორის არსებულ იერარქიულობას ააშკარავებს, რაც ორ მნიშვნელოვან ასპექტში შეიძლება იყოს შეჯამებული:

პირველი: პრივილეგირებული ქალები მდიდარი ქვეყნებიდან მხოლოდ იმის წყალობით ახერხებენ მუშაობას, რომ შიდა სამეურნეო საქმის შესასრულებლად დაქირავებული ჰყავთ ნაკლებად პრივილეგირებული ქალები შედარებით ღარიბი ქვეყნებიდან. ეს ურთიერთდამოკიდებულება განსაზღვრულია, როგორც რეპროდუქციული შრომის საერთაშორისო განაწილება.

და მეორე:  ქალთა შრომითმა მიგრაციამ შექმნა „ზრუნვის გლობალური ჯაჭვი“, რომლის მიხედვითაც, ემიგრანტი ქალები სამშობლოში ტოვებენ თავიანთ მზრუნველობით პასუხისმგებლობებს და ემიგრაციაში სხვისი ოჯახების შვილებსა თუ  მოხუცებზე ზრუნვით საქმდებიან. შესაბამისად, აღნიშნული ზრუნვის ჯაჭვის სათავეში არიან შეძლებული ოჯახები მდიდარი ქვეყნებიდან, რომლებსაც ზრუნვის „ყიდვის“ პრივილეგია აქვთ. შედეგად კი, ღარიბი ქვეყნებიდან ხდება ზრუნვის გადინება, რაც ამ ქვეყნებში იწვევს ზრუნვის დეფიციტს, რომელიც ფიზიკურთან ერთად, რა თქმა უნდა, ემოციურ ზრუნვასაც მოიცავს.

ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა დისკუსიები ქალთა გაძლიერებაზე, როგორც მიგრაციის შედეგსა და ფემინიზაციის კვლევის ახალ მიმართულებაზე. თუმცა, ემიგრანტი ქალების შრომა ძირითადად ეკონომიკური დამოუკიდებლობის და ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოში არის მოქცეული, რომელიც ყურადღებას ამახვილებს ემიგრანტის შემოსავალზე და ფულადი გზავნილების მნიშვნელობაზე და შეზღუდულად წარმოაჩენს თავად ემიგრანტ ქალს, როგორც სოციალურ აქტორს, რომელსაც აქვს ღრმად გამჯდარი ნორმები, როლები და შესაბამისი პასუხისმგებლობები.

„ფემინსტრიმის“ მომდევნო ვიდეობლოგებში, კონკრეტული ისტორიებისა და გამოცდილებების მიხედვით, ვისაუბრებთ ქართველი ემიგრანტი ქალის არა მხოლოდ ეკონომიკურ როლზე, არამედ აღვწერთ იმ მრავალშრიანი შრომის მიზეზებსა და შედეგებს, რომელსაც ისინი ანაზღაურებადი ზრუნვის შრომის სახით სამშობლოს მიღმა, ახლობელი ადამიანებისგან შორს ასრულებენ.