რუსული კანონის წინააღმდეგ აქციებზე დაკავებული გიორგი ოკმელაშვილი პენიტენციურ სამსახურს სასამართლოში უჩივის და სადაოდ ხდის თავისუფლების აღკვეთის მოხდის პირობების დამძიმების საკითხს.
საქმეს მოსამართლე ქეთევან ლოთიშვილი განიხილავს.
მოპასუხე კი მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდი და სპეციალური პენიტენციური სამსახურია.
რა არის სადაო საკითხი
აღსანიშნავია, რომ გიორგი ოკმელაშვილს პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის შემდეგ სასჯელის მოხდის მიზნით ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება განესაზღვრა.
მოგვიანებით, ერთი თვის თავზე, შეფასების გუნდმა მას განუსაზღვრა საშიშროების – „მომეტებული“ რისკი. შედეგად, გიორგი ოკმელაშვილი მოათავსეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში – ერთ ოთახში.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ:
3 თებერვალს – გამოცხადდა ოკმელაშვილის განაჩენი;
14 თებერვალს – მას განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებში განთავსება;
ერთ თვეში, 13 მარტს – მე-8 დაწესებულება [გლდანის ციხე] წერს დადებით დახასიათებას ოკმელაშვილზე და აგზავნის რისკის შეფასების გუნდთან.
14 მარტს – მიუხედავად გლდანის ციხის დადებითი დახასიათებისა, შეფასების გუნდმა – საიდუმლო ინფორმაციის საფუძველზე – ოკმელაშვილს მომეტებული რისკი განუსაზღვრა, რის შედეგადაც ის დახურული ტიპის დაწესებულებაში მოათავსეს.
ოკმელაშვილის მხარეს მიაჩნია, რომ რისკის დამძიმება კონკრეტული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოხდა; და რომ ამის რეალური მიზეზი ოკმელაშვილის საპროტესტო აქციებში მონაწილეობაა.
„მიგვაჩნია, რომ გიორგი ოკმელაშვილის მიმართ რისკი დამძიმდა უსაფუძვლოდ. ჩვენთვის გადმოცემულ დოკუმენტებში არ არის განმარტებული იმ ფაქტობრივი გარემოების ან სამართლებრივი საფუძვლის შესახებ, რამაც განაპირობა გიორგი ოკმელაშვილის მიმართ უკვე განსაზღვრული რისკის გადაფასება, დამძიმება…
ერთადერთი გონივრული ვარაუდი გახლავთ ის, რომ გიორგი ოკმელაშვილს რისკი დაუმძიმდა იმის გამო, რომ ის, როგორც ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების აქტიური მონაწილე და ზოგადად ოპოზიუციური პოლიტიკური შეხედულებების მქონე პირი, დაისაჯოს სამაგალითოდ, პოლიტიკური მიზეზების გამო”, – წერს ადვოკატი კობა ბარამია ადმინისტრაციულ სარჩელში.
რას მოითხოვს ოკმელაშვილის მხარე
ადვოკატი კობა ბარამია მოითხოვს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დირექტორის შესაბამისი ბრძანება და მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმი უნდა გაუქმდეს.
მოსარჩელე – ოკმელაშვილის მხარის მოთხოვნით, მოპასუხეს უნდა დაევალოს ახალი გადაწყვეტილებების გამოცემა გიორგი ოკმელაშვილის მიმართ „საშუალო“ ხარისხის რისკისა და მისი ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
რას ამბობს მოპასუხე მხარე
მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ ისინი კანონის მოთხოვნათა დაცვით მოქმედებდნენ და რომ ასევე არ დაურღვევიათ კანონმდებლობით დადგენილი ვადები.
1 – მათი თქმით, პენიტენციური კოდექსის 53-ე მხულის პირველი ნაწილის შესაბამისად „სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნიდან არაუგვიანეს 20 დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რომელი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი”.
აღნიშნულიდან გამომდინარე ისინი ამბობენ, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ 2025 წლის 14 თებერვალს გიორგი ოკმელაშვილს სასჯელის მოსახდელად განესაზღვრა ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება. ამას კი საფუძვლას დაედო 3 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენი.
2 – პენიტენციური კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად „მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრის მიზნით წარუდგინოს სათანადო ინფორმაცია”.
მოცემულ შემთხვევაში მე-8 დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა 13 მარტს მიმართა მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის უფროსს რისკის დადგენის მიზნით. ასევე, რისკების შეფასების გუნდს გადაუგზავნა მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემები გიორგი ოკმელაშვილზე.
მოპასუხე მხარე აღნიშნავს, რომ აღნიშნული შეტყობინების შემდგომ გუნდმა გადაწყვეტილება მიიღო და მსჯავრდებულ გიორგი ოკმელაშვილს დაუდგინა მომეტებული რისკი.
„რისკების შეფასების გუნდმა საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმით მიიღო მონაცემების პირველადი დამუშავების შედეგად შეკრებილი ინფორმაცია მსჯავრდებულ გიორგი ოკმელაშვილთან მიმართებით და გაითვალისწინა მიღებული საიდუმლო ინფორმაციის შინაარსიც”, – აცხადებს მოპასუხე მხარე.

რა წერია საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერში
სხდომის ოქმი და შეფასების გუნდის მიერ მიღებული ინფორმაციას სახელმწიფო საიდუმლოებას წარმოადგენს, შესაბამისად მისი გაცნობა შესაძლებელია კანონმდებლობით დადგენილი წესით. მოცემულ შემთხვევაში კი დაშიფრულია საიდუმლო ინფორმაციის შინაარსი.

მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდის 14 მარტის საიდუმლო ინფორმაციის შემცველი სხდომის ოქმის ამონაწერიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულ გიორგი ოკმელაშვილს აქვს პროგრამებში მონაწილეობის, სწავლის და მუშაობის სურვილი, მაგრამ არ აქვს შესაძლებლობა. არ არის კრიმინალური სუბკულტურის მატარებელი. არ არის კონფლიქტური სხვა მსჯავრდებულებთან. იაზრებს ჩადენილ დანაშაულს. პატივისცემას იჩენს ადმინისტრაციის თანამშრომლების მიმართ. არის მოტივირებული ცვლილებებისაკენ. საკუთარ აზრს გამოხატავს მშვიდად. არის გაწონასწორებული. არის კომუნიკაბელური და თავაზიანი.
მიღებული საიდუმლო ინფორმაციიდან გამომდინარე კი – მსჯავრდებულ გიორგი ოკმელაშვილის ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსება, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებულთა დიდი რაოდენობა, საფრთხის შემცველი იქნება, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების, ასევე პენიტენციური სისტემის გამართული ფუნქიონირებისათვის.
შედეგად, მსჯავრდებულის საშიშროების რისკების შეფასების გუნდმა მსჯავრდებულ გიორგი ოკმელაშვილს განუსაზღვრა საშიშროების მომეტებული რისკი.
„ამიტომ დასჭირდათ საიდუმლო ინფორმაციაზე მითითება”
ადვოკატ კობა ბარამიას შეფასებით, ორივე საფუძველი არის ჰიპოთეტური. მისი თქმით, შემფასებელ გუნდს არ დაუსაბუთებია თუ რატომ შეიძლება უქმნიდეს გიორგი ოკმელაშვილი საფრთხეს დაწესებულების უსაფრთხოებასა და მით უფრო პენიტენციური სისტემის გამართულ ფუნქციონირებას.
„ცხადია, პენიტენციური სამსახური ბოროტად იყენებს უფლებას და უარგუმენტოდ ცდილობს მსჯავრდებულის დახურული ტიპის დაწესებულებაში გამომწყვდევას. ის გარემოება, რომ თითქოს, პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, გაამჟღავნოს ოპერატიული ინფორმაცია, არის იმის მცდელობა, რომ დაიფაროს პირის უსაფუძვლოდ მკაცრი რეჟიმის დაწესებულებაში მოთავსების ფაქტი. სწორედ, ამიტომ დასჭირდათ საიდუმლო ინფორმაციაზე მითითება.
…არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გიორგი ოკმელაშვილს 2025 წლის 14 თებერვალს რისკი განუსაზღვრეს მის მიმართ დამდგარი განაჩენის შესაბამისად, კვალიფიკაციის პროპორციულად, რა დროსაც ყურადღება არ მიაქციეს მსჯავრდებულის „სახელსა და გვარს“. მოგვიანებით კი გაიაზრეს, რომ საქმე ეხებოდა ე.წ. „რუსული კანონის“ საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე დაკავებულ პირს, რომელიც მკაცრად უნდა დასჯილიყო. როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ბრძანება მიღებულ იქნა გიორგი ოკმელაშვილის დაკავებიდან (15.05.2024), ე.ი. გიორგი ოკმელაშვილის სახელმწიფოს ეფექტურ კონტროლში/მეთვალყურეობაში გადასვლიდან, 9 თვის თავზე (14.02.2025).
რთულად წარმოსადგენია თუ რა შეიცვალა ან რა შეიძლება შეცვლილიყო 2025 წლის 14 თებერვლიდან 2025 წლის 14 მარტამდე ისეთი, რამაც სრულად გადააფასა 2024 წლის 15 მაისიდან (დაკავების დღიდან) 2025 წლის 14 თებერვლამდე სახელმწიფოს მიერ გიორგი ოკმელაშვილის მიმართ დაკვირვების პირველი შედეგი…”, – წერს ბარამია ადმინისტრაციულ სარჩელში.
ოკმელაშვილის მხარე ამბობს, რომ გამოიყენა ყველანაირი სახის ღონისძიება, რათა საშუალებას მისცემოდა, გასცნობოდა საიდუმლოდ მიჩნეულ ინფორმაციას, თუმცა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამის შესაძლებლობა არ მისცა.
ამის გამო, 25 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე მხარემ სასამართლოს წინაშე დააყენა შუამდგომლობა და მოითხოვა სასამართლოს მიეცა შესაძლებლობა მათთვის, გაეცნონ სახელმწიფო საიდუმლოებად მიჩნეული ინფორმაციას.
ოკმელაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ იმის გამო, რომ მათ აღნიშნული ინფორმაციის შინაარსი არ იციან, მოსარჩელე მხარე არგუმენტირებულად ვერ იცავს საკუთარ ინტერესებს და ვერ წარმოადგენს საპრიწონე მტკიცებულებებს/არგუმენტებს, ვინაიდან უცნობია მიღებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი საფუძველი.
მოსამართლე ქეთევან ლოთიშვილმა ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
იუსტიციის მინისტრის ბრძანების შესაბამისად, არსებობს მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის 4 სახე – დაბალი, საშუალო, მომეტებული და მაღალი.
დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
საშუალო რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მომეტებული რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
რა სხვაობაა ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის დაწესებულებას შორის:
„ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში, როგორც წესი, საღამოს 8 ან 9 საათიდან (გააჩნია დაწესებულებას) დილამდე პატიმრები არიან საკანში ჩაკეტილები, ხოლო დღის განმავლობაში არიან თავისუფალ რეჟიმში – მათ შეუძლიათ გავიდნენ ეზოში, დაკავდნენ იმ აქტივობებით, რის შესაძლებლობასაც იძლევა პენიტენციური დაწესებულება, ერთმანეთს ეწვიონ საკანში და ა.შ.
რაც შეეხება დახურული ტიპის დაწესებულებას, ეს მოიაზრებს პატიმრის განთავსებას საკანში, დღეში მხოლოდ ერთსაათიანი გასეირნების უფლებით“, – განმარტავს ადვოკატი.
გიორგი ოკმელაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა 3 თებერვალს მიუსაჯეს. ის მაისში პოლიციელზე თავდასხმის მუხლით დააკავეს – სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის საფუძველზე.
ბრალდების მხარის პოზიციით, მან აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს სახეში იდაყვი ჩაარტყა და დაზიანებები მიაყენა.
ოკმელაშვილი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლო ოკმელაშვილის საქმის განხილვას 11 აპრილს იწყებს.