ერთი ლარი ყველასთვის | როცა ცოტა ბევრს ნიშნავს

პუბლიკა

„ჯგუფის წევრების ნახევარმა, ან მეოთხედმა მაინც, ყოველთვიურად 1 ლარი რომ ჩარიცხოს, ეს იმას ნიშნავს, რომ  ყოველთვე 2 ან 3 ოჯახის საარსებო მინიმუმით უზრუნველყოფას შევძლებთ“, – გვეუბნება ანა კალომლეწავი, რომელიც რამდენიმე თვეა  Facebook-ჯგუფისა და გვერდის საშუალებით ადამიანების დახმარებას ცდილობს.

„ერთი ლარი ყველასთვის“, როგორც იდეა 

ანა 24 წლისაა, სტუდენტი. ამბავი იმით დაიწყო, რომ სოციალურ ქსელში მცირეწლოვანი ბავშვის სამკურნალოდ საკმარისი თანხა ვერ გროვდებოდა. ბავშვს საქართველოში მძიმე დიაგნოზი დაუსვეს და ის აუცილებლად თურქეთში უნდა წაეყვანათ. ანამ გადაწყვიტა „1 ლარის“ კამპანია წამოეწყო. რადგან ბევრი მეგობარი ჰყავდა, ფიქრობდა, რომ ეს იმუშავებდა. ყველას სთხოვდა, 1 ლარი გაეღოთ კარგი საქმისთვის. ასე სპონტანურად შეიქმნა ჯგუფიც. მალე ქვეყანაში კარანტინი დაიწყო და 1 ლარის კამპანია კიდევ უფრო საჭირო გახდა. ანა ჰყვება, რომ ბავშვი ახლა კარგად არის. აღმოჩნდა, რომ მას საქართველოში არასწორი დიაგნოზი დაუსვეს.

ჯგუფი „1 ლარი ყველასთვის“ 4 000-მდე წევრს ითვლის. ანა ამბობს, რომ ეს ბევრი არაა, მაგრამ გვერდზეც აქვეყნებს და არეკლამებს ინფორმაციას, რომელსაც უკეთესი  შედეგი აქვს. კარანტინის დროს ჯგუფს ძალიან ბევრი მიმართავდა დახმარების თხოვნით. როგორც ანა ამბობს, შეტყობინებები, ძირითადად, სამსახურის დაკარგვას შეეხებოდა.

„სწორედ მაშინ უმეტესად მოთხოვნა იყო საკვებზე, უფრო ბავშვებისთვის ითხოვდნენ საკვებს. ამიტომ, რა თანხაც გროვდებოდა, ძირითადად, 200-300 ლარი, ასეთ ოჯახებს ვეხმარებოდით, საკვები და ტანსაცმელი მიგვქონდა. ბევრი თანხა ვერ გროვდებოდა, რადგან იმ პერიოდში ყველას გაუჭირდა, შესაბამისად, დახმარების მსურველიც ბევრი აღარ იყო“, – ამბობს ანა.

ის მიიჩნევს, რომ სინამდვილეში იმაზე მეტის გაკეთებაა შესაძლებელი თითოეული ადამიანის მიერ გაღებული ერთი ლარით, ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ხშირად შეიძლება ვინმეს ერიდება ერთი ლარის გადარიცხვა, ამიტომ ანა მოუწოდებს ჯგუფის წევრებს ხოლმე და ასწავლის, როგორ უნდა დააყენონ 1 ლარის ავტომატური გადარიცხვა.

„პოსტებს რომ ვაკვირდები, რამდენმა ადამიანმა ნახა, ეს რომ აისახებოდეს 1 ლარის გადმორიცხვაში, ძალიან კარგ შედეგს მივიღებდით და მეტსაც შევძლებდით”, – ამბობს ანა.

ანა კალომლეწავი გვიყვება, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ისეთი აქციებისა და ღონისძიებების დაგეგმვა, რაც ბავშვების, მოზარდების განათლებისა და ინფორმირებულობისთვისაა. სწორედ ამიტომ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მცხოვრებ ბავშვებს სთხოვა, ჩამოეწერათ წიგნები, რომლებიც სურდათ, რომ ჰქონოდათ. ზოგმა ასტრიდ ლინდგრენის წიგნები მოითხოვა, ზოგმა „ჰარი პოტერი“, ზოგმა კიდევ ნოდარ დუმბაძის მოთხრობები – საბოლოოდ, კი ყველას სურვილის შესრულება შეძლო. შეგროვებული თანხით საკანცელარიო ნივთების, სანიშნეებისა და სხვა წვრილმანების ყიდვაც მოხერხდა.

„ერთი ლარი ყველასთვის“, როგორც ორგანიზაცია 

„ძალიან ბევრი დეტალი აღმოჩნდა გზადაგზა, რომელიც უნდა მცოდნოდა, მე კიდევ სპონტანურად დავიწყე ჯგუფის გაკეთება. ცოტა სხვანაირად უნდა გამეკეთებინა, როგორც ჩანს, ამიტომ ვერ გავედი უფრო დიდ მასშტაბზე, თან დავიწყე მარტო, რაც დიდი შეცდომაა, არავის არ ვურჩევ. ჯობია, რომ ჯერ თანამოაზრეები იპოვონ და ჯგუფურად გააკეთონ ეს ყველაფერი, ჯგუფური ძალა ჩადონ”, – ამბობს ანა. თუმცა, მიუხედავად ამისა, „1 ლარი ყველასთვის “ უკვე ორგანიზაციაა. ორგანიზაციის წესდებაში კი მთავარი აქცენტი საგანმანათლებლო დატვირთვის პროექტებზეა. ანა სწორედ ამ მიმართულებით აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

„ორგანიზაციის დაფუძნება კი უფრო იმიტომ გადავწყვიტე, რომ სანდო იქნებოდა, რადგან ოფიციალურ ანგარიშზე რიცხავენ და არა ჩემს პირად ანგარიშზე. უფრო მარტივია, რომ თუ ვინმეს მოუნდება, ზუსტად ვაჩვენო რამდენი ჩაირიცხა, რაში გაიხარჯა თანხა, ამონაწერები და ა.შ. გადავწყვიტე იმ მიზნითაც, რომ დონორების მოძიება უფრო გამმარტივებოდა. თან როდესაც ვგეგმავ,  საგანმანათლებლო პროექტებიც გავაკეთო, მოლოდინი მაქვს, რომ ამას მხოლოდ ჯგუფის შემოწირულობით ვერ გავაკეთებ და შესაბამისად, დამჭირდება დახმარება“, – ამბობს ანა.

როგორც ის გვიყვება, უკვე დაგეგმილი ჰქონდა და გარკვეული თანხაც მობილიზებული იყო, რომ აბიტურიენტებისთვის, რომლებიც  სოციალურად დაუცველი არიან და ნაკლებად მიუწვდებათ ხელი საგანმანათლებლო რესურსებზე, მოსამზადებელი ტრენინგი ჩაეტარებინა – რა უნდა იცოდნენ, რისთვის უნდა იყვნენ მზად, როგორ უნდა აირჩიონ პროფესია, რა უფლებები აქვთ და ა.შ. თუმცა პანდემიის გამო გადადება მოუწია.

„რასაც დავაკვირდი და გამოცდილება მივიღე, ოჯახებს, რომლებსაც დავეხმარეთ ერთჯერადად, რეალურად მართლა ერთჯერადია ეს დახმარება. პრობლემა არ მოუგვარდათ. იმ პროდუქტის დამთავრების შემდეგ ისევ არ აქვთ სხვა გზა და სხვა საშუალება. ამიტომაც უფრო დავფიქრდი საგანმანათლებლო პროექტებზე, რომ ბავშვებს/მოზარდებს განათლება, ინფორმაცია, შესაძლებლობები მივცეთ, რომ არ აღმოჩნდნენ მსგავს სიტუაციაში”, – ამბობს ანა კალომლეწავი.

ის იხსენებს, როდესაც სკოლის მოსწავლე იყო, რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის მოტივაცია, ახალი ინფორმაცია, კარგი მაგალითი და ურთიერთობა. ამიტომ ცდილობს ახლა ეს სხვებისთვის გააკეთოს.

„რატომ ვაკეთებ? – თავიდან ეს ემპათიის გრძნობა იყო, ახლა უბრალოდ ვეღარ ვხვდები, რატომ არ უნდა გავაკეთო. შემიძლია და უნდა გავაკეთო”, – ამბობს ანა.