დიდი აურზაური, ხმაური, ლიტერატურული აჟიოტაჟი, ჟრიამული და ურთიერთსაწინააღმდეგო რეცენზიები მოჰყვა 1958 წელს გამოქვეყნებულ ნაწარმოებს, „მოდერატო კანტაბილეს“, რომელიც მარგერიტ დიურასის კალამს ეკუთვნის.
ზოგი ხმალალესილი კრიტიკოსი აცხადებდა, შეუძლებელია, წიგნი ვუწოდოთ ამასო; ზოგი გულანთებული წერდა, „მოდერატო კანტაბილე“ მადამ დიურასის ყველაზე სრულყოფილი და წარმტაცი ნაწარმოებაო.
„მოდერატო კანტაბილე“ იშვიათი წიგნია! ამ გამორჩეულმა ნაწარმოებმა ახალი გზა იპოვა რომანის თვალუწვდენელ უდაბნოში!“ – წერდნენ კლოდ დელმონი და კლოდ მორიაკი. რეცენზიებით აჭრელდა „ლ’ეურ დე პარი“, „ფიგარო“, „ლიბერასიონი“, „რივაროლი“, „კრიტიკ ლიტერერი“, ,,მერკურ დე ფრანსი“ და სხვა გამოცემები.
დომინიკ ორი პლატონის გამოქვაბულის მითს ადარებდა ამ თხელტანიან ნაშრომს. კლოდ რუას თქმით, „მოდერატო კანტაბილე’’ ბელა ბარტოკისგან ხელმეორედ დაწერილი „მადამ ბოვარია“. „მოდერატო კანტაბილე“ ერთგვარი საცდელი რომანიაო, წერდა რობერ პულე. მადლენ ალენსის რეცენზიის თანახმად, ამ რომანის განსხვავებული სტილი და ენა ნეტარ სიმშვიდეს უკარგავს ადამიანს; აიძულებს, ეჭვის თვალით შეხედოს ყოველივეს და სიღრმისეულად გაიაზროს ყოველი სიტყვა, ყოველი ჟესტი. „მოდერატო კანტაბილე“ ერთგვარი ესეა და არა დასრულებული ნაწარმოები“,_წერს ჟან მისტლერი.
მორის ნადოს თქმით, დიურასი ბრწყინვალედ ფლობს დასკვნის „არგამოტანის“ ხელოვნებას. გაეტან პიკონმა „მერკურ დე ფრანსის“ მრავალი გვერდი დაუთმო დიურასის შემოქმედების განხილვას, და განსაკუთრებით, „მოდერატო კანტაბილეს“ ანალიზს.
რა აქვს ასეთი ამ რომანს, თითქმის ერთნაირად რომ მოაჯადოვა მკითხველებიცა და კრიტიკოსებიც? დიურასის თხელტანიან რომანში, „სკვერში“, რომელიც 1955 წელს გამოიცა, უკვე იგრძნობა ავტორის სწრაფვა განსხვავებული, არატრადიციული სტილისაკენ. „მოდერატო კანტაბილეს“ მთავარ გმირს, ზღვის სანაპიროზე ჩამწკრივებული ქარხნებისა და პორტის დირექტორის მეუღლეს, ანა დებარეს, სული ეხუთება მოსაწყენ, პროვინციულ ქალაქში; თავადაც ვერ მიმხვდარა, რატომ დასცა თავზარი სრულიად უცნობი ქალის კივილმა, სისხლით მოთხვრილი მისი ცხედრის დანახვამ… მონუსხული, თითქოსდა გრძნებით შეკრული, ყოველ ცისმარე დღეს დადის იმ კაფეში, სადაც საზარელი დანაშაული მოხდა; უამრავ შეკითხვას უსვამს შემთხვევით გაცნობილ მამაკაცს. მოჯადოებული, ღვინით თრობის შლეგ სურვილს შეუპყრია; აწამებს გაუნელებელი, დაუცხრომელი წყურვილი, რომლის მოკვლასაც ვერაფერი შესძლებს ამქვეყნად. სანამ ანა დებარე მომაბეზრებელი შეკითხვებით უწყალებს გულს დანაშაულის ადგილზე ნანახ უცნობ კაცს, მისი ჯიუტი შვილი ქუჩაში თამაშობს. ბავშვს არ სურს, დაიმახსოვროს, რომ „მოდერატო“ ნიშნავს ნელს, ,,კანტაბილე’’ კი სასიმღეროს. ქალმა არ იცის, რას დაეძებს იქ, იმ უცხო ადგილას, რა სურს ამ მამაკაცისაგან, რას ელის, რას ითხოვს… სიზმრისეულ ჩვენებებს, ზმანებებსა და აუხდენელ ოცნებებს გამოდევნებული, ეულად დაეხეტება იმ მიყრუებული ქალაქის უსახურ ქუჩებში; შვებას ჰპოვებს მოკლული ქალის სისხლით გაჟღენთილ იმ კაფეში, სადაც შლეგი მწყურვალივით ხარბად ეწაფება გრილ ღვინოს. რა იცის ამ ორმა პერსონაჟმა ერთმანეთის შესახებ? თითქმის არაფერი. ერთი შეხედვით, კაცმა იცის, რომ ქალს ანა ჰქვია, ქარხნების დირექტორის მეუღლეა და ზღვისპირა ბულვარში ცხოვრობს; ქალმა კი იცის, რომ კაცს შოვენს ეძახიან და სწორედ იმ ქარხანაში მუშაობს, რომლის მეპატრონეც მისი ბურჟუა ქმარია. ანა დებარეს ქერა თმა აქვს, შოვენს კი ცისფერი თვალები. ესაა და ეს. დიურასი არაფერს აღწერს მეტად. მკითხველმა მადამ დებარეს შვილის სახელიც კი არ იცის, თუმცაღა, რომანის სიუჟეტის განვითარების კვალდაკვალ, ბევრ რამეს შევიტყობთ ანას შესახებ. შოვენი ულმობლად მიახლის სიმართლეს: „ყოველთვის უხეშად ერეოდნენ თქვენს ცხოვრებაში, უდიერად გეპყრობოდნენ და გაკონტროლებდნენ… მოსვენებას არ გაძლევდნენ…“ ანა დებარე შეკრთება; თითქოს დამნაშავესავით გაიბრძოლებს, მაგრამ მაინც დანებდება ამ გულქვა უცნობის უმოწყალო განაჩენს. მუდამდღე სახლში გამომწყვდეული ქალის ერთადერთი ნუგეშია ქალაქში სეირნობა, პიანინოს გაკვეთილებზე შვილის ტარება, სახლის წინ სეირნობა, უზარმაზარ მესრამდე ბოლთის ცემა… ეს გისოსები კიდევ ერთი ალუზიაა იმისა, რომ მეუღლის სახლი ანას საპყრობილეა; ცოტა ხნით დააღწევს ხოლმე თავს ტყვეობას და მისი კაფეში, ანუ იქ, სადაც ფეხის დადგმა ეკრძალებათ მისთანა ქალებს, ქმრის მორჩილ ცოლებს, თავდადებულ დედებსა და მაღალი წრის ბანოვანებს.
ნახევრად ნათქვამ, ნაწყვეტ–ნაწყვეტ ფრაზებში გამოსჭვივის ანას მღელვარება და მოსაწყენი, ბურჟუაზიული სინამდვილისგან გაქცევის სურვილი. ქმართან ერთად ერთ ჭერქვეშ ცხოვრება ნამდვილი ტანჯვა–წამება, სასჯელი და წყევლაა მისთვის. ნაწარმოებში საერთოდ არ ჩანს ის კაცი. მხოლოდ შოვენი ახსენებს, თუმცა, ისე, რომ მის სახელსაც კი არ წარმოთქვამს. ანას, ამ მარტოსულ და ეულ ქალს, არ უყვარს ცხოვრების მეგზური; მხოლოდ ზიზღს გრძნობს მისდამი. ყოველდღე თვრება ღვინით – ამ საამური, თავბრუდამხვევი ნექტარით და ცოტა ხნით ივიწყებს დედისა და ცოლის ტრადიციულ მოვალეობებს; თავისუფლდება იმ მარწუხებისაგან, ჯოჯოხეთურად რომ აწამებს; მონობის უღლისაგან თავის დახსნას ესწრაფვის; თავის მკერდზე მიბნეულ მაგნოლიასავით ჭკნება სახლი–საპყრობილის მეორე სართულზე, თავის ოთახ–საკანში… ერთადერთი თავშესაქცევი სანახაობა და ნუგეში დარჩენია ამქვეყნად – თვალმოუშორებლად უცქერს ქარხანაში მიმავალ მუშებსა და იმ შეყვარებულ წყვილებს, თავდავიწყებით რომ ეკვრიან გულში ერთმანეთს. თავადაც ოცნებობს სიყვარულზე; სიყვარულზეც და სიკვდილზეც; მასაც სურს, იმ უცნობი ქალივით მოკლას უცნობმა მამაკაცმა. ანა და შოვენი გასაოცრად ემსგავსებიან მოკლულ ქალსა და მკვლელს; თითქოს აღსრულდა მათში განსხეულების მისტერია. განსვენებული გათხოვილი იყო, სამი შვილი ჰყავდა და ლოთობდა. ანაც გათხოვილია, ერთი შვილი ჰყავს და ძალიან, ძალიან ბევრს სვამს; ხვდება, გალოთების გზას ადგას; ვერა და ვერ უმკლავდება ამ მწველ სურვილს. მათი ამბავი გამაოგნებელი სიზუსტითა და სიცხადით აირეკლავს უცნობი ქალისა და მკვლელის სიყვარულის ამბავს, რომლის მარტოოდენ წარმოსახვაც ძალუძთ ანასა და შოვენს; თითქოს საოცრად ერწყმის ერთმანეთს ეს ორი ამბავი და შეუძლებელი ხდება მათი ერთმანეთისაგან გარჩევა. ანა დებარე დაჟინებით სთხოვს შოვენს, დაუსრულებლად ესაუბროს იმ მკვლელობაზე… სიკვდილს დაეძებს ყველასაგან შერისხული და შეჩვენებული იმ ქალივით, მთელი ქალაქი აბუჩად რომ იგდებდა, ქირდავდა და დაუნანებლად ესროდა ჩასაქოლ ქვას.
კაფეში, ანუ დანაშაულის ადგილას, ერთმანეთს ენაცვლება ავადმყოფური თრთოლა, შვებისგან მოგვრილი ღიმილი, გულშემზარავი გრიმასა, ნერვული სიცილი… ბოლო აღარ უჩანს ღვინით პირთამდე სავსე ჭიქებს, ანა დებარეს შეკითხვებსა და მამაკაცის ორჭოფულ პასუხებს. ყოველდღე გაისმის ქარხნის საყვირის თავზარდამცემი ხმა, რომელიც ანასა და შოვენის გარდაუვალ განშორებას მოასწავებს. ცა და მიწასავით განსხვავდებიან ერთურთისაგან ყველაფრით: წარმომავლობით, სოციალური სტატუსით, ეკონომიკური მდგომარეობით… სხვადასხვა ფენას ეკუთვნიან. ანა მდიდარი ბურჟუას ცოლია, თავზე საყრელად აქვს ფული და ფუფუნებაში ცხოვრობს, შოვენი კი სწორედ იმ გაქსუებული ბურჟუაზიისაგან ექსპლუატირებული, ხელმოკლე მუაა. ანას ვნებამ გადალახა წოდებრივი სხვაობის უხილავი, მაგრამ მყარი კედელი და თავი გაუყადრა „მდაბიოს“. როლები იცვლება: გაბატონებული კლასის წარმომადგენელი ფსიქოლოგიურად, ემოციურად დამოკიდებული ხდება ჩაგრულ პროლეტარზე.
ავტორი არ ყოვნდება „ზედაპირზე“ და გვიჩვენებს პერსონაჟების ერთგვარ „ქვესაუბარს“. ნახევრად ნათქვამი სიტყვებით, „ნაკლული“, დაუსრულებელი ჟესტებით მიგვანიშნებს ვნებათა სიმძაფრეზე, აუხდენელ სურვილებსა და ანას გულში ჩაკლულ ოცნებებზე. თითქოს ყოველივე გარინდებულა რაღაც ავბედითის მოლოდინში; თითქოს წარმოუდგენელი უბედურება სულ მალე დაატყდება თავს ქალაქს და ყოველივეს მოსრავს. შოვენსა და ანას შორის იფეთქებს ვნება; სულ უფრო და უფრო ძლიერდება, ცხოველდება, მაგრამ მაინც გადაულახავი უფსკრული აშორებთ. ქალი ურთიერსაწინააღმდეგო მისწრაფებებს შორის იხლიჩება; ვალდებულია, იყოს მოსიყვარულე, მზრუნველი დედა, მაგრამ სულ სხვა რამ სურს გულის სიღრმეში. უცნობი ქალის კივილი ეხმიანება, საკვირველად ეხამება მის სევდას, შინაგან, გაუმხელელ გლოვასა და მწუხარებას. მუსიკის ჰანგები კიდევ უფრო უმწვავებს მარტოობისა და მიუსაფრობის ისედაც მტკივნეულ შეგრძნებას. მოდერატო კანტაბილეს ჰანგები დაანახებს თვალისმომჭრელ სიმართლეს, სიკვდილის გარდაუვლობას, ამ საბედისწერო სიყვარულისა და დამღუპველი ვნების ფატალურობას. მორჩილი ცოლი აჯანყებამდე მიჰყავს ფარულ სურვილებს; მრისხანებამდე, ამბოხამდე; იმ ღალატამდე, რომელიც არასოდეს ჩაუდენია. ანა არად აგდებს მჩაგვრელ ადათ–წესებს, მკაცრ აღზრდას, რომელიც, როგორც ავტორი ამბობს, თავისუფლებისაკენ ლტოლვას უხშობს ქალებს, სამარადისო დაღს ასვამს. ტრადიციული, პატრიარქალური, ბურჟუაზიული საზოგადოება მოითხოვს, ანა იყოს მუდამ მშვიდი, თვინიერი, თავმდაბალი და სპეტაკი. მოკლული უცნობი ქალი ეწინააღმდეგებოდა დამკვიდრებულ წესრიგს, წყობილებასა და ქალის შემბოჭველ ადათებს; უარყო გათხოვილი ქალისა და დედის როლი, გაიჩინა საყვარელი, ხელი მიჰყო სმას, ქუჩებში ხეტიალს და ა.შ.. მისი უეცარი კივილი ამსხვრევს პატრიარქალურ ბორკილებს და თავდაყირა აყენებს იერარქიას. მისი სიკვდილისწინა გოდება სულით ხორცამდე შესძრავს ანა დებარეს, საღათას ძილიდან გამოაფხიზლებს. ქალის განწირული გმინვა ახსენებს ანას, როგორ დაიკივლა მშობიარობისას. სიმბოლურად დაუკავშირა ერთმანეთს სიკვდილი და სიცოცხლე. დედობას ბედნიერება და სიხარული არ მოუტანია მისთვის. ,,ეს ბავშვი მტანჯავს… ცხოვრებას მიმწარებს… სასიცოცხლო ძალას მაცლის“,_ეუბნება მასწავლებელს. უცნობ მამაკაცსაც უმხელს გულში სათუთად შენახულ კიდევ ერთ საიდუმლოს: ,,ალბათ, უმჯობესია, დედები და შვილები შორს იყვნენ ერთმანეთისაგან… ზოგჯერ მაინც… ჰო… ერთიმეორეს უნდა დაშორდნენ… უნდა დაშორდნენ… ვერაფრით ვერ ვეგუები ამ ბავშვს!“
შვილი მუდამ თან ახლავს. სანამ ქალი მამაკაცს ესაუბრება კაფეში, ბავშვი ქუჩაში ელოდება… ანა წუთითაც კი ვერ თავისუფლდება დედობის მარწუხებისაგან. შვილი დაბრკოლებაა მისთვის; მძიმე უღელი. სწორედ ის ექაჩება შინისაკენ; მონობის კირთებით დამძიმებულს, ღონივრად მიათრევს იმ ბნელი სატუსაღოსაკენ; უფლებას არ აძლევს, დაუსრულებლად ესაუბროს უცხო კაცს, გული გადაუშალოს, შეუხებლად მოიკლას შლეგი ვნება, დაიოკოს პირუტყვული ჟინი და გახელებით ეძებოს ნაირფერი თავგადასავლები ამ რუხ სამყაროში. ბავშვი გამუდმებით ახსენებს, რომ ცოლი და დედაა; რომ ვალდებულია, დაბრუნდეს შინ და იზრუნოს ქმარზე. ანა დებარე ოჯახის შემარცხვენელ, მოღალატე ქალად იქცა პატრიარქალური საზოგადოების თვალში; მისი გული აენთო არარადმქცევი, გამანადგურებელი, დამღუპველი, ყოვლისმშთანთქმელი, საბედისწერო გრძნობით. გარდაუვალია შოვენისა და ანას ხანმოკლე სიყვარულის ამბის ტრაგიკული ფინალი. ეს ქალიც ისე მიექანება საბოლოო განადგურებისა და მოშთობისაკენ, როგორც მის მკერდზე დაფენილი მაგნოლია და მის სახლ–საპყრობილეში გაჩაღებულ წვეულებაზე მორთმეული ორაგული და იხვი.
დიურასს ძალუძს, სრულიად ჩვეულებრივი ამბავი აქციოს იმ დაუვიწყარ, მტკივნეულ მოვლენად, სამარადისოდ რომ დააჩნდება ადამიანის სულსა და გულს. რომანის მოქმედება სულ რაღაც ერთ კვირას მოიცავს, მაგრამ მკითხველი ვერასოდეს დაივიწყებს ამ შვიდ–რვა დღეს; ვერასოდეს დაივიწყებს ანასა და მამაკაცის დიალოგებს, სიყვარულისა და სიკვდილის დამნაცრავ წადილს, კაფეს მეპარტონისა და ქარხნის მუშების გამქირდავ მზერას, უსახელო ბავშვს, სასოწარკვეთილ, დაქანცულ მასწავლებელს, მათრობელა ღვინოს, რადიოს თავაწყვეტილ ჰანგებს, ზღვის ლურჯ ტალღებში ჩამავალ მეწამულ მზეს, კაფეს კედლებზე წითლად აელვარებულ სხივებს, შოვენის ღვინით დაცვარულ ტუჩებს, საათის ისრების განუწყვეტელ სრბოლას, საყვირის ხმას, კაფესაკენ მიმავალი კლიენტების ნაბიჯების ხმას, კაფედან ზღვისპირა ბულვარამდე ყოველ საღამოს გავლილ გზას, შოვენის ბავშვურად სუფთა, კრიალა თვალებს, ანა დებარეს საწყალობელ გმინვას, მაგნოლიის მძაფრ სურნელებას, მთვარის მკრთალი შუქით განათებულ პლაჟზე ეულად გაშოტილი მამაკაცის ხატებას, მის გაპობილ ბაგეს, გისოსებში გამომწყვდეული ტუსაღის უზარმაზარი სახლი–საპყრობილის გაჩახჩახებულ ფანჯრებს, ქალის კაბაზე დაფენილ ერთადერთ მაგნოლიას, ბურჟუაზიულ, ბრწყინვალე წვეულებას (რომელიც ანა დებარეს დაკრძალვას უფრო ჰგავს, ვიდრე ზეიმს), აუხდენელ ნატვრას, მიუწვდომელ იდეალს, ერთადერთ შეხებას, ერთადერთ კოცნას, ხელებისა და ტუჩების სასიკვდილო რიტუალს, სამარადჟამო განშორებას.
ოდენ სიკვდილია ანა დებარესა და შოვენის სიყვარულის ხვედრი, რადგან ეს გრძნობა მკვლელობის (სიკვდილის) ნაყოფი იყო; სიკვდილისაგან იშვა, დაღვრილი სისხლი და სისხლისფერი ღვინო გახდა ამ შლეგი, მოუთოკავი, აულაგმავი, მწველი ვნების საწინდარი. ანასა და შოვენის გამოთხოვება სამგლოვიარო ელფერს იძენს. „სასიკვდილო პოზაში გაშეშებული მათი ხელები“,_წერს ავტორი.
მკვლევარი ჯუდით კოფმანი სამეცნიერო სტატიაში, „მუსიკა და რომანის სიუჟეტი მარგერიტ დიურასის ,,მოდერატო კანტაბილეში“, აღნიშნავს: „ფინალის სამგლოვიარო იერი მოგვაგონებს რომანის დასაწყისში აღწერილ მკვლელობას“. მკვლელმა აკოცა მოკლულ ქალს. ანა დებარემაც უძღვნა გამოსათხოვარი, უკანასკნელი ამბორი უცნობ კაცს. „თქვენი სიკვდილი მინდა“,_ეუბნება შოვენი, ანა კი ასეთ პასუხს აძლევს: „უკვე მკვდარი ვარ. აღსრულდა თქვენი სურვილი“. ისინი საბოლოოდ განსხეულდნენ მკვლელსა და მსხვერპლ ქალში.
მიუხედავად ყველაფრისა, მკითხველმა არ იცის, რა ბედი ელის ანა დებარეს: კვლავ დაბრუნდება სულისშემხუთავ სახლ–საპყრობილეში, მოკვდება, თუ მედეასავით მოკლავს შვილს, ან ქმარს. მომავალი არა აქვს მარტოსულობისა და სიკვდილისათვის განწირული ანასა და შოვენის ახალშობილ სიყვარულს. ქალი მოსაწყენ ყოველდღიურობაში ჩაფლულა; ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავს; ნელა, მდოვრედ მიედინება მისი უღიმღამო, უფერული, უსიხარულო ცხოვრება, რომელიც თავისი მონოტონურობით საოცრად ჰგავდა მოდერატო კანტაბილეს წყნარ ჰანგებს. ოდესღაც ეს ზანტი, უნიათო ჟღერადობა, ეს მდოვრე მოდერატო იყო ანა დებარეს ცხოვრების რიტმი, უწყვეტ რეფრენად რომ გასდევდა მის ყოველდღიურობას, მაგრამ უცნობი ქალის თავზარდამცემმა კივილმა უეცრად გაწყვიტა ამ ბანალურობის, ტრივიალურობისა და უღიმღამობის ჯაჭვი, სამუდამოდ შეცვალა მისი ყოფა… ანა შვილის გარეშე მივიდა ბოლო, გამოსამშვიდობებელ შეხვედრაზე. ცხოვრებაში პირველად (და, ალბათ, უკანასკნელად) გაბედა კაფეში ფეხის დადგმა იმ ბავშვის გარეშე, რომელიც ასე საშინლად აწამებდა; თავის დღეში პირველად დაივიწყა დედისა და გათხოვილი ქალის მოვალეობები, მაგრამ არავინ უწყის, უწერია, თუ არა თავისუფლება. კვლავ შეხვდებიან თუ არა ანა და შოვენი? ალბათ, ქალი ვეღარასოდეს გამოაღწევს საპყრობილიდან, რადგან აუკრძალეს პიანინოს გაკვეთილებზე შვილის წაყვანა. იქნებ ყველაფერი შეიცვალოს და დაამსხვრიოს მონობის ბორკილი? იქნებ ჩაიდინოს ის, რასაც არავინ ელის მისგან? იქნებ როცა უკანასკნელად გადააბიჯებს იმ კაფეს ზღურბლს და ქუჩაში გავა, ვეღარც კი მიაღწიოს სახლ–დილეგამდე? იქნებ მოკვდეს კიდეც, სანამ ზღვისპირა ბულვარს მიუახლოვდება? იქნებ არც კი აპირებს შინ დაბრუნებას და იმ უცნობი ქალივით განუზრახავს გალოთება და ქუჩა–ქუჩა ხეტიალი? ქალი კარისაკენ იბრუნებს პირს, თითქოს ზღვის ტალღებში ჩამავალი მზისაკენ გაეშურება და გაეხვევა მის მეწამულ ნათელში, რომელიც იმ დღის დასასრულს (იქნებ ანას სიცოცხლის დასასრულსაც?) მოასწავებს. ის უცნობი ქალიც ხომ სწორედ მზის ჩასვლისას გამოესალმა წუთისოფელს? იქნებ ისიც მნათობთან ერთად ჩაესვენოს ლურჯად მოლივლივე ზღვაში? მკითხველმა არაფერი იცის. არაფერი. არც პერსონაჟებმა. თავად ავტორმაც კი.