„ეს ჰგავდა ტროიკებს“ - რას ჰყვებიან მუზეუმის ყოფილი თანამშრომლები გასაუბრებაზე

ლიკა ზაკაშვილი

24 მაისს სიმონ ჯანაშიას მუზეუმიდან 22 თანამშრომელი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შესახებ ბრძანებებს ხელს დირექტორის მოადგილე ნიკა ახალბედაშვილი აწერს, რომელიც სამუზეუმო სისტემაში რამდენიმე თვის წინ თეა წულუკიანის მიერ დაინიშნა.

გათავისუფლების წერილებში წერია, რომ გადაწყვეტილება გათავისუფლებაზე რეორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომელთა კომპეტენციის დადგენისა და შერჩევის მიზნით შექმნილმა კომისიამ მიიღო. გათავისუფლებულები ამბობენ, რომ გასაუბრებას არანაირი კავშირი არ ჰქონია კომპეტენციის დადგენასთან. ეს უფრო „დაკითხვა“-„გამოკითხვა“-„დატუქსვას“ ჰგავდა. გათავისუფლების ნამდვილი მოტივი კი მათი კრიტიკული პოზიციები და პროტესტი გახდა, რომლებიც მუზეუმის ახალი ადმინისტრაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგად ჩამოყალიბდა.

თემურ შარიქაძე – არ ვიტრაბახებ, მაგრამ ბევრ მუზეუმში სად რა ნივთი დავდე, დღესაც ვიცი“.

„ზუსტად იმ დღეს, 24 მაისს ბოლნისის მუზეუმში სამეცნიერო მივლინებით ვიყავი. დილით წავედი, ჩამოვედი 3:30-ზე, 4 საათზე კი ბრძანება შემომიტანეს. არავითარი განმარტება არ გაუკეთებიათ. დღემდე ვითხოვ, მომაწოდეთ ინფორმაცია, რომ ვიცოდე, რა დანაშაული მაქვს ჩადენილი, ხელებს ავწევ და ბოდიშს მოგიხდით.

ის, რომ პასუხს არავინ გვაძლევს, ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ადამიანისთვის. ჩვენთვის მუზეუმი ჩვენი ცხოვრებაა. ხმები დადის, რომ თურმე შეიძლება შენობაში აღარ შემოგვიშვან. ჩვენი შექმნილია, ჩვენი ზურგით არის ეს ყველაფერი მოტანილი და იმის უფლება არ გვაქვს, რომ შევიდეთ, ან მონატრებული თანამშრომლები მოვინახულოთ, ან სამეცნიერო საქმისთვის კოლეგებს რჩევა ვკითხოთ. ჩემთვის ეს მიუღებელი და გაუგებარია“.

თემურ შარიქაძე რეგიონული მუზეუმების კოლექციების აღრიცხვა-დაცვის მართვის სექტორს 2014 წლიდან ხელმძღვანელობს და სამუზეუმო სისტემაში მუშაობის 44-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ერთ-ერთია იმ 22 თანამშრომელს შორის, რომელმაც 24 მაისს სიმონ ჯანაშიას მუზეუმიდან გათავისუფლების ბრძანება მიიღო.

გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ხელს მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე და დირექტორატის ერთ-ერთ წევრი, ნიკა ახალბედაშვილი აწერს. სწორედ მისი მონაწილეობით გაიმართა ჯანაშიას მუზეუმის თანამშრომლებთან რეორგანიზაციის ფარგლებში დაგეგმილი გასაუბრებები.

გათავისუფლების შესახებ ბრძანებებში წერია, რომ კომისია თანამშრომელთა კვალიფიკაციის დასადგენად შეიქმნა. თემურ შარიქაძესთან გასაუბრება 3 მაისს გაიმართა. ამბობს, რომ კითხვები მის საქმიანობას ეხებოდა.

„შვიდ, ათ, თხუთმეტ წუთში ყოვლად შეუძლებელია ჩამოთვალო, რა გიკეთებია და ვინმე კმაყოფილი დარჩეს. ნახევარი დღე არავის ეყოფა, რომ ყველაფერი თქვას, რა შედის მის ფუნქციაში, როგორ ასრულებს და რა პრობლემები აქვს. გულდასაწყვეტია ასე ერთბაშად შემოსევა და თქმა, რომ ეროვნული მუზეუმი უნდა დაშალონ. ჩვენი კადრები, ჩვენი არაჩვეულებრივი ექსპონატები მსოფლიოს ნებისმიერ მუზეუმს დაამშვენებს. ისეთი გამოფენები ეწყობოდა უცხოეთში, ხალხი გაოცებული იყო. ეს შემთხვევით არ ხდება, ჩემო ძვირფასებო. ამას უნდა მრავალწლიანი შრომა.

მუზეუმი არაა მხოლოდ შენობა და თანამშრომლები. ეს არის საგანმანათლებლო, მეცნიერული, აღმზრდელობითი და კულტურული დაწესებულება, სადაც კაცი შედის და რომელიმე კუთხის ისტორიით დატვირთული გამოდის. ნებისმიერ ქვეყანაში ტურისტი არ შედის არც გამგებელთან, არც საკრებულოს თავმჯდომარესთან და არც პრეზიდენტთან. ის შედის მუზეუმში“, – ამბობს თემურ შარიქაძე.

„არ ვიტრაბახებ, მაგრამ ბევრ მუზეუმში სად რა ნივთი დავდე, დღესაც შემიძლია დავასახელო – დავრეკო და ვუთხრა, აქ მიდი და ეს ნივთი აიღე. ყოველი ნივთი ამ მუზეუმებში ჩემი ხელის გულზეა ნადები. ფონდის კურატორთან ერთად ვაჯერებდით, ვაფასებდით, ვზომავდით, ვფუთავდით და ვაწყობდით ექსპონატებს. მე მეამაყება, რომ ჩვენ ტაშისთვის, შექებისა და ჯინჯილ-მედლებისთვის არ ვმუშაობთ. ჩვენი მთავარი ჯილდოა, რომ ჩვენ ვართ მუზეუმელები. ეს სიტყვა – მუზეუმელი –  ჩვენი გამარჯვებაა“, – ამბობს თემურ შარიქაძე.

მისი თქმით, მუზეუმიდან გათავისუფლების შემდეგ ის ბრძოლას გააგრძელებს.

„ვერ დავთმობთ და არ დავთმობთ, მაგრამ ბრძოლის ფორმები მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი იქნება. ეს ყველა ოჯახისა და თაობის გასაჭირია და თუ სასწაული მოხდა და დავბრუნდით, თქვენ რომ ენერგიულად აშუქებთ ამ საკითხებს, თქვენი წვლილიც და გამარჯვებაც იქნება“,

ნინო ჯაყელი – „მე არაფერს ხელს არ ვახლებ ჩემს მაგიდაზე. მგონია, ხვალ რომ მივალ იქ, დავჯდები და მუშაობას გავაგრძელებ“

არქეოლოგმა და დოქტორმა ნინო ჯაყელმა გათავისუფლების შესახებ ბრძანება ასევე 24 მაისს ჩაიბარა, იხსენებს, რომ კადრების თანამშრომელმა მოწყენილი ხმით დაურეკა და გადასვლა სთხოვა, იქ კი ბრძანება გადასცეს. მრავალწლიანი გამოცდილების მქონე თანამშრომელი დაბეჯითებით ამბობს, რომ მისი გათავისუფლების მიზეზი კვალიფიკაცია ვერ გახდებოდა, რადგან კომისია, რომელსაც ის გაესაუბრა მის კომპეტენციებს ვერ შეაფასებდა. ამბობს, რომ მუზეუმიდან კრიტიკული აზრის გამო გაათავისუფლეს და თანამოაზრეებთან ერთად მუზეუმისთვის ბოლომდე იბრძოლებს.

„ეს არის შურისძიება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც მორჩილება არ გამოიჩინეს, მე დავიცავი ჩემი ინსტიტუცია. ეს ჩემი პირადი პრობლემა არაა, ეს არის ჩემი საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრობლემა. პრობლემა ისაა, რომ გეგმაზომიერად ხდება ამ წარმატებული თანამედროვე ინსტიტუციის მოშლა“, – ამბობს ნინო ჯაყელი.

მისი თქმით, ის არაერთ სამეცნიერო პროექტშია ჩართული და შიშობს, რომ მუზეუმიდან გათავისუფლების შემდეგ, როგორც მეცნიერს, მუზეუმის შენობაში აღარ შეუშვებენ. ეს გადაწყვეტილება კი მის სამეცნიერო საქმიანობას შეზღუდავს.

„მე და ჩვენს კოლეგებს გვაქვს სამეცნიერო გრანტი, რომლის პირობებიც უნდა შევასრულოთ. ჩვენ არ ვართ ლიტერატორები, რომლებიც ბიბლიოთეკაში წიგნების კითხვით შემოვიფარგლებით. ჩვენ, არქეოლოგებს თუ მასალასთან წვდომა არ გვექნება, ვერაფერს გავაკეთებთ. ახლა რუსთაველის ფონდის დაფინანსებული პროექტები უკვე პროცესშია, პირველი ტრანში უკვე მივიღეთ, პირველი ხელფასი ავიღეთ, მივლინებაში ვიყავით. ხვალიდან რას იზამენ, არ ვიცი. მე, მაგალითად, ხელს არ ვახლებ არაფერს ჩემს მაგიდაზე. მგონია, ხვალ რომ მივალ, იქ დავჯდები და გავაგრძელებ მუშაობას. როგორც პროექტის თანამშრომელი, აღარ ვთანამშრომლობ მუზეუმთან – კარგი, ეს გავიგე. მაგრამ არ ვიცი, ამის საშუალებას მომცემენ თუ არა“.

 

ანა მგელაძე –  „ამ ადამიანების უკან ის მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნაა, რომელზეც დგას ეროვნული მუზეუმი“

„კითხვების დიდი ნაწილი პირადი ანგარიშსწორება იყო. ნიკა ახალბედაშვილმა რამდენჯერმე დამისვა შეკითხვა, რატომ ვიყავი მის მიმართ აგრესიულად განწყობილი და ვაპირებდი თუ არა ამ ფორმით მასთან პროფესიული ურთიერთობების გაგრძელებას. მთელი ერთი საათი ჩვენ შორის დაკითხვის სტილის კინკლაობა გაიმართა, სადაც მე, ერთი მხრივ, ვუმტკიცებდი მას, რომ ეს არ იყო აგრესიის გამოხატვა. იქ მე ვიყავი განერვიულებული და გაღიზიანებული, მთელი რიგი ობიექტური მიზეზების გამო. ის მთელი ერთი საათის განმავლობაში ცდილობდა, რომ ჩემი ქცევისთვის აგრესია დაერქმია “.

ანა მგელაძე საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელია. 2000 წლიდან დმანისის პრეისტორიული გუნდის წევრი სტუდენტის სტატუსით გახდა. 2007 წლიდან კი მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომელია. ასევე 2009 წლიდან არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ლექტორი და პროფესორი.

ანა მგელაძემაც სხვების მსგავსად გათავისუფლების შესახებ ცნობა 24 მაისს მიიღო. ამბობს, რომ ახალბედაშვილმა კრიტიკისა და პროტესტის გამო დასაჯა და არ აპატია ის, რომ სხვა კოლეგებთან ერთად 13 სამეცნიერო პროექტის შესახებ ახალბედაშვილის გადაწყვეტილება გააპროტესტა.

თებერვალში ნიკა ახალბედაშვილმა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის დირექტორს წერილი მისწერა, სადაც წერდა, რომ მუზეუმი მიზანშეწონილად არ მიიჩნევდა, ფონდიდან მოეთხოვა თანხა იმ სამეცნიერო გრანტებისთვის, რომლებიც თანამშრომლებმა ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მოიგეს. საუბარია 13 სამეცნიერო საგრანტო პროექტზე, რომლებიც იანვარში გამარჯვებულად გამოცხადდა. თებერვალში კი ახალბედაშვილის ხელმოწერით დროებით შეჩერდა პროექტების განსახორციელებლად რუსთაველის ფონდიდან თანხის მიღების პროცესი.

„წარმოგიდგენიათ, ახალდანიშნული დირექტორი მოდის თავის ინსტიტუციაში ბლოკავს სამეცნიერო პროექტებს. სამეცნიერო საქმიანობას უკრძალავს მეცნიერებს მხოლოდ იმიტომ, რომ ადმინისტრაციულად დაშვებული იყო ელემენტარული ბიუროკრატიული ხარვეზი, რის გამოსწორებასაც რამდენიმე წუთი დასჭირდებოდა, ნება რომ ჰქონოდა.

ამის შემდეგ იწყება ჩვენი ტანჯვა და ფსიქოლოგიური წნეხი. გადის კვირები, ვართ გაურკვევლობაში. ამ დროს მე დავიწყე აქტიურობა, ვწერდი პეტიციებს ფონდის დირექტორისა და მის სახელზე. ასევე მივმართე განათლების სამინისტროს.

გადის 2 თვე, მოახლოვდა კონტრაქტის გაფორმების დრო და პასუხი არ გვქონდა. არავინ გხვდებოდა და კომუნიკაციაც არ იყო. დირექტორატის ერთ-ერთი შეხვედრის შესახებ ჩვენ შემთხვევით გავიგეთ. თებერვლის ბოლო იყო დირექტორატის წევრები იკრიბებოდნენ ჩვენი საქმის განსახილველად. ვისარგებლეთ ამ ინფორმაციით, რომ მისთვის პირადად დამესვა კითხვა – რატომ? რატომ მართმევდა მე ვინმე ნიკა ახალბედაშვილი, იურისტი, 20 წლის კვლევით სამეცნიერო გამოცდილების მქონე ადამიანს უფლებას, ჩამეტარებინა კვლევა. ეს იყო კითხვა, რომელიც მე მას განერვიულებულმა დავუსვი, ცოტა ემოციურად. სწორედ ეს აქტივობა მოინათლა აგრესიად, რაზეც მან პირადად მომთხოვა პასუხი.

და სწორედ რომ ჩემი აქტიურობა გახდა მიზეზი ჩემი გათავისუფლების, ეს მან დაადასტურა ჩემთან გუშინ, როცა შემთხვევით შევხვდი ეროვნული მუზეუმის ეზოში.

მე მას ვკითხე – რა გახდა ჩემი კვალიფიკაციის დაწუნების მიზეზი? ამაზე მან მიპასუხა – აბა რა გეგონათ, არაფერი გაქვს მეცნიერის პროფილის, თქვენ მე იმ დღეს მომიწყვეთ აჯანყება, დებოში და ასეთ ხალხთან არაფერი მესაქმება. სწორედ ამის გამო გაგაგდეთ, რასაც დაამატა – რომ ხვალაც რომ აღმადგინონ, ხელმეორედ გამაგდებდა“, – ამბობს ანა მგელაძე.

ანა მგელაძე კოლეგების მსგავსად შიშობს, რომ მუზეუმიდან გათავისუფლების შემდეგ მას და მის კოლეგებს სამეცნიერო საქმიანობას შეუზღუდავენ და არ მისცენ კვლევისთვის გათხრების ნებართვას.

„ანას გაშვებით, რა თქმა უნდა, არაფერი არ მთავრდება. მაგრამ თქვენ გავიწყდებათ, რომ ამ ადამიანების უკან ის მრავალწლიანი გამოცდილება და ცოდნაა, რომელზეც დგას ეროვნული მუზეუმი. ამ ადამიანმა უბრალოდ კი არ გაგვყარა, არამედ აგვიკრძალა საქმიანობა.

მე ვარ თავისუფალი უნივერსიტეტის ლექტორი, შემიძლია, წავიდე და უნივერსიტეტის სახელით მოვითხოვო უფლება, ნებართვა, რომ გავაგრძელო ჩემი სამეცნიერო საქმიანობა. ჩემი სამეცნიერო საქმიანობა ველზე მუშაობაა. მაგრამ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ნიკოლოზ აზნაურაშვილია, სწორედ ის გასცემს ნებართვას, გავთხარო თუ არა მე. ის ამ ნებართვას მე არ მომცემს. ისევე როგორც არ მისცემს და არ აძლევს ნებართვას როგორც უკვე გაგდებულ, ასევე იმ კოლეგებს, რომლებიც ჯერ ისევ მუზეუმის თანამშრომლები არიან. ამის მაგალითსაც დაგისახელებთ, თქვენთვის ალბათ ცნობილია და ქვეყანა ამაყობს ჩვენი 8000-წლოვანი ღვინის ისტორიით. ჩემი კოლეგა მინდია ჯალაბაძე ერთი თვეა ველზეა კანადელ კოლეგებთან ერთად და მათ დღემდე არ მიუღიათ გათხრების უფლება. ზის და ელოდება, როდის გაიღებს წყალობას აზნაურაშვილი“, – ამბობს ანა მგელაძე.

მაია პატარიძე – „ჩვენ ჩვენს საგანძურს და ეროვნულ მუზეუმს ვერავის დავუტოვებთ დასანგრევად“

„საერთოდ არ უთქვამთ, რომ კვალიფიკაციის დამდგენი კომისია იყო. მათ თქვეს რომ შეხვედრა გაცნობითი ხასიათის უნდა ყოფილიყო. არ უთქვამთ, რომ კომისია ადგენდა ჩვენს კომპეტენციას, იმიტომ, რომ ლოგიკურად გაჩნდებოდა მოთხოვნა, რომ კომისიაში ყოფილიყო ადამიანი, რომელიც შემამოწმებდა მე, როგორც ნუმიზმატს. მე ვარ ნუმიზმატი 20-წლიანი გამოცდილებითი“, – იხსენებს მაია პატარიძე გასაუბრების დღეს და ამბობს, რომ გასაუბრებას ესწრებოდა ნიკა ახალბედაშვილი და მისთვის უცნობი 2 ქალი.

მისი თქმით, გასაუბრების დასაწყისში მას სამუშაო გამოცდილების შესახებ უსვამდნენ კითხვებს.

„აბსოლუტური სიჩუმე. ეს ქალბატონები ზოგჯერ მოღიმარი სახით და თავის დაკვრით მანიშნებდნენ, რომ ყველაფერი გასაგები იყო. ბოლოს სიჩუმე დაარღვია ახალბედაშვილმა, რომელსაც მთელი გასაუბრების პროცესში ტელეფონიდან არ მოუცილებია თვალი, მუდმივად რაღაცას ეძებდა. უცებ დაიწყო კითხვების დასმა. თავიდან დამისვა ვითომ საქმიანი კითხვა. მერე მკითხა – ეს თავდასხმა რა იყოო, ვერ გავიგე-მეთქი? ჩავეკითხე. ჩემზე და ნინო ჭიპაშვილზე თავდასხმაო. მე ვკითხე მაქვს თუ არა საშუალება, რომ გითხრათ, რატომ დაგესხით თავს. გისმენთო – მითხრა. ამის შემდეგ მოვუყევი, რომ ჩვენ მუზეუმში ვმუშაობთ მათ შორის იმიტომ, რომ ჩვენ აქ გვაქვს აკადემიური თავისუფლება, სადაც შეგვიძლია განვახორციელოთ პროექტები. ვუთხარი, რუსთაველის ფონდის პროექტის დაწერა რამხელა წვალებაა, ერთი წელი ელოდები, რა პასუხი იქნება, შემდეგ არის გამარჯვების სიხარული, რომ შენმა პროექტმა გაიმარჯვა. მერე კი მოდის ვიღაც, ვინც აიღებს პროექტს და ნაგავში აგდებს. მე მგონი თავდასხმა თქვენი მხრიდან უფრო იყო-მეთქი. ეს იყო მეცნიერის გამწარება “, – ამბობს მაია პატარიძე.

მისი თქმით, რეპრესიები მასშტაბურია და ძალიან ღელავს, რომ მის კოლეგებს, რომლებსაც სამეცნიერო საქმისთვის მუზეუმის ინფრასტრუქტურაზე წვდომა და სხვადასხვა საქმისთვის მოქმედი ადმინისტრაციის ნებართვა სჭირდებათ, ხელი შეეშლებათ საქმიანობაში, რადგან, სავარაუდოდ, მოქმედი ადმინისტრაცია გეგმავს, რომ ისინი მუზეუმის შენობაში აღარ შეუშვას.

„ჩვენ ბევრი პლატფორმა გვაქვს და არაფერს დავთმობთ. ჩვენ ჩვენს საგანძურს და ეროვნულ მუზეუმს – რომელიც ყველაზე წარმატებული დაწესებულებაა, რაც კი ამ 20 წლის განმავლობაში შექმნილა, რომელმაც ისეთი სტანდარტები დააწესა, რომლითაც ტოლს არ ვუდებთ მსოფლიო მასშტაბის არცერთ მუზეუმს – ვერავის დავუტოვებთ დასანგრევად“, – ამბობს პატარიძე.

გიორგი ფარცხალაძე: „ჩვენთან იყო აბსოლუტური თავისუფლება. რეპრესიები იმის გამო, რომ ვიღაც არ ეთანხმება მუზეუმის ხელმძღვანელობას, წარმოუდგენელი იყო.“

„კვალიფიკაციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია კომისიას. იქ არ იყვნენ დარგის სპეციალისტები. ეს ჰგავდა ტროიკებს, საბჭოთა კავშირის დროს ტროიკებს დასახვრეტ გუნდებს ეძახდნენ. ეს ადამიანები მოვიდნენ იმისთვის, რომ სამსახურიდან ხალხის გაშვება გაეფორმებინათ “.

გიორგი ფარცხალაძე 17 წელია, სამუზეუმო სისტემაში მუშაობს. ამბობს, რომ გასაუბრებაზე კვალიფიკაციასთან და გამოცდილებასთან დაკავშირებით მხოლოდ ფორმალური კითხვები დაუსვეს, დანარჩენი კითხვები კი სოციალურ ქსელებში მის პოსტებს ეხებოდა.

„იქ საუბარი კვალიფიკაციაზე და გაკეთებულ საქმეებზე და ადამიანის რეალურ შესაძლებლობებზე არ ყოფილა. ფორმალურად დამისვეს კითხვა, რას ვაკეთებდი. ამ კითხვას მოკლედ ვუპასუხე, რადგან 17 წლის განმავლობაში იმდენი რამ გავაკეთე, ამის ჩამოთვლას გვერდები დასჭირდებოდა. მერე დაიწყო ნეგატიური დაკითხვა. აი, რატომ დაწერეთ ფეისბუქზე ეს, რატომ დაწერეთ ის.

მე ვუთხარი, რომ გავაკრიტიკე საკადრო პოლიტიკა, რადგან სამსახურიდან ხალხი გაუშვით, საუკეთესო მეცნიერები, ვინც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ ქართულ კულტურას და მათ ადგილას დანიშნეთ არაკომპეტენტური ხალხი.

მითხრეს, რომ ეს იყო საჭირო და ნიკა ახალბედაშვილი მოჰყვა სრულ დემაგოგიას.

სოციალურ ქსელში ჩემს პოსტებთან დაკავშირებით კითხვებს სვამდა ნიკა ახალბედაშვილი არის ფუნქციონერი, რომელიც მგონი მუზეუმში ცხოვრებაში პირველად მაშინ მოვიდა, როცა დირექტორად დანიშნეს. ის მუზეუმში გადმოიყვანეს იუსტიციიდან. მანამდე არავითარი შეხება მუზეუმთან არ ჰქონია და ახორციელებს წულუკიანის დავალებებს მუზეუმის დანგრევასთან და ხალხის გაშვებასთან დაკავშირებით”.

გიორგი ფარცხალაძის თქმით, ახალბედაშვილს საუბარი ჰქონდა პოსტზე, სადაც მან ხელოვნების მუზეუმიდან ხალხის გათავისუფლება გააკრიტიკა.

„მე ვიცნობ ამ ადამიანებს, ერთად გაგვიკეთებია ბევრი კარგი საქმე. კრიტიკული პოზიციების გამო გამათავისუფლეს. მე საკმაოდ ბევრ რამეს ვაკეთებდი და საკმაოდ წარმატებით. მე ვიყავი ალექსანდრე ქართველის გამოფენის კურატორი, რომელიც 2015 წელს ეროვნულ მუზეუმში მოეწყო. შევაგროვე ძალიან დიდი მასალა და იყო წარმატებული გამოფენა. მე ვიყავი ქუვეითში ეროვნული მუზეუმის არქიტექტურული მისიის ხელმძღვანელი, სადაც დავასკანერეთ ორი ისტორიული ძეგლი და შევიმუშავეთ მათი სრული დოკუმენტაცია. მე მაქვს აზომილი ეროვნული მუზეუმის ყველა შენობა, გაკეთებული მაქვს ბევრი მასალა გამოფენებისთვის, პუბლიკაციებისთვის. ორი სიტყვით ვერც ვიტყვი. მაგრამ ამაზე საუბარი საერთოდ არ ყოფილა“, – ამბობს ფარცხალაძე.

მისი თქმით, მუზეუმის დირექტორის გადაწყვეტილებების კრიტიკის გამო რეპრესიები მუზეუმში არასოდეს ყოფილა. აქამდეც ყოველთვის იყვნენ ადამიანები, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ გენერალური დირექტორის რაღაც გადაწყვეტილებებს, თუმცა ამის გამო კრიტიკა აბსოლუტურად ნორმალური და მიღებული იყო.

„მათი მიზანია სრული ნიველირება კულტურის დაწესებულების, ანუ ყოველგვარი, პროტესტის გამომთქმელი ადამიანებისგან გათავისუფლება. ვინც კი ხმას ამოიღებს, ის უნდა მოიპოს – ეს არის მათი მენტალიტეტი. კრიტიკას ვერ იტანენ და გეუბნებიან, რომ, თუ ვინმე რამეს გააკრიტიკებს ის განადგურებული იქნება. ასეთი მდგომარეობა მუზეუმში არასოდეს ყოფილა. ჩვენ გვყავდა ბევრი თანამშრომელი, რომლებიც არ ეთანხმებოდნენ გენერალური დირექტორის რაღაც გადაწყვეტილებებს, ამას ღიად აკრიტიკებდნენ და კამათობდნენ. ეს იყო აბსოლუტურად ნორმალური და მიღებული. ჩვენთან იყო აბსოლუტური თავისუფლება. რეპრესიები იმის გამო, რომ ვიღაც არ ეთანხმება მუზეუმის ხელმძღვანელობას, წარმოუდგენელი იყო.

მუზეუმში ყოველთვის იყო ტრადიცია, რომ არ იყო მწვავე კამათები პოლიტიკურ ნიადაგზე. ყველაფერზე ვსაუბრობდით და ვკამათობდით, მაგრამ ეს ყოველთვის იყო ერთმანეთის მიმართ კეთილგანწყობის ფონზე და არ სცდებოდა კოლეგიალურობის ფარგლებს. ეს არავის უშლიდა ხელს მუშაობასა და ერთმანეთთან ურთიერთობაში. იმხელა პასუხისმგებლობაა, როცა მუშაობ ფონდებთან, შედიხარ იქ და ხედავ 4000 წლის საქართველოს ისტორიას, ამის ფონზე „ნაცები-ქოცები“ ისეთი უმნიშვნელო რამეა, რომ უბრალოდ ცუდ ტონად ითვლებოდა, ამაზე ლაპარაკი“, – ამბობს გიორგი ფირცხალაძე.