სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის, „მოთვინიერების“ აკრძალვამ კინოს სახლში, ცენზურის გამქრალი მითი რეალობაში დააბრუნა.
ვიდრე ქართული კინოაკადემია „მოახერხებდა“ და 2022 წლის აპრილში პოსტსაბჭოთა ვნებათაღელვაში ჩაკარგულ–დაგირავებულ კინოს სახლში, სალომე ჯაშის „მოთვინიერებას“ აკრძალავდა, მანამდე ფილმის ირგვლივ საინტერესო მოვლენები მოხდა.
2021 წლის შემოდგომაზე, დასავლეთ საქართველოს ქალაქებში – ბათუმში, ოზურგეთში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ამბროლაურში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ძალისხმევით მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ სალომე ჯაშის ამ ფილმს დასწრებოდნენ. ჩვენების შემდეგ კი რეჟისორს შეხვედროდნენ და დისკუსია გაემართათ მასში წამოჭრილ საკითხებზე, რეგიონის ეკოლოგიური თუ სოციალური პრობლემების გათვალისწინებით.
მიუხედავად გარკვეული წინააღმდეგობებისა, ფილმის ჩვენება რეგიონებში მაინც გაიმართა და არც მათ განხილვაში შეუშლია ვინმეს ხელი. ძალიან უცნაურია, როცა „მოთვინიერების“ წარმატებული საფესტივალო ცხოვრების შემდეგ (ფილმის მსოფლიო პრემიერა ფილმმსანდესის პრესტიჟულ საერთაშორისო კინოფესტივალზე, 2021 წელს გაიმართა, ხოლო შემდგოში მრავალ პრესტიჟულ კინოფესტივალზე უჩვენეს), კინოს სახლში გამართულ ჩვენებას ამდენი ვნებათაღელვა და აურზაური მოჰყვა.
„საქართველოს კინოაკადემია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურად მოტივირებულ ღონისძიებებს და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიმართოს მხოლოდ ორი საპრემიერო ჩვენება და კინოაკადემიის ლურჯი კინოდარბაზი არ იქნას გამოყენებული პოლიტიკურ ტრიბუნად“ – განაცხადა ჩვენების დღეს კინოაკადემიის დირექტორმა, მინდია ესაძემ. მაშინ, როცა ფილმში პოლიტიკურ შემადგენელზე საერთოდ არაფერი მიანიშნებს და ის უფრო ქვეყნის სოციალურ თუ ეკოლოგიურ მეტაფორად წარმოადგენს.
ფაქტობრივად, კინოაკადემიის ეს იმპროვიზებული და ვფიქრობ, უაზრო გადაწყვეტილება, ეწინააღმდეგება თავად აკადემიის წესდებას და კანონს კულტურის შესახებ. რადგან დაუშვებელია, კინოაკადემია როგორც შემოქმედებითი გაერთიანება (რომელიც კინემატოგრაფისტების ინტერესებს უნდა იცავდეს) თავად იყოს ჩვენების წინააღმდეგი. მითუმეტეს, როდესაც მისი დირექტორი პირდაპირ და დაუფარავად მიუთითებს „პოლიტიკურ მოტივზე“.
არაა გამორიცხული, აკადემიის ამგვარი თვითნებობა მხოლოდ კერძო ინიციატივით არ იყოს განპირობებული და მას ზურგს კულტურის მინისტრის „აჩრდილიც“ უმაგრებს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კინოცენტრის ყოფილი ხელმძვანელის, გაგა ჩხეიძის დაჩქარებული წესით გათავისუფლებაც (აუდიტის საბოლოო დასკვნის გარეშე), სწორედ მისი დირექტორობის დროს სალომე ჯაშის ფილმის წარმატებულ ჩვენებასა და პიარს უკავშირდება. როგორც საქართველოს რეგიონებში, ისე საერთაშორისო ფესტივალებზე.
შესაძლოა, ბიძინაზე უფრო მორწმუნე ბიძინისტებმა თავად გადაწყვიტეს, რომ ფილმში „მოცურავე ხეების“ შთამბეჭდავი დოკუმენტური კადრები სახიფათო სიგნალებს შეიცავს და ჩრდილში მდგომი ოლიგარქის რეპუტაცია დასაცავია. რაც არ უნდა იყოს, ლიდერი ყოველთვის მართალია! ამდენად, წინმსწრებად მოიფიქრეს ის, რაც ხელოვნების შემთხვევაში ყველაზე უარესია –აკრძალვა. არადა, აკრძალვა ყველა შემთხვევაში უფრო მეტ ინტერესს აღაძრავს. ამ ელემენტარული სოციოლოგიური ცოდნის გარეშეც ცხადია, რომ ფილმის აკრძალვის შემდეგ განუზომლად ბევრმა ადამიანმა მიიღო ინფორმაცია, ვიდრე რამდენიმე სეანსის ჩვენების შემთხვევაში მოხდებოდა.
სალომე ჯაშის დოკუმენტური და მრავალგანზომილებიანი თხრობის სტილი ითავსებს როგორც ძირითადი, ანუ პირველი პლანის, ისე მეორადი, „პერიფერიული ხატების“ მშვიდ, მაგრამ აუცილებელ ერთობლიობას. რეჟისორი არ ცდილობს ადამიანის დისჰარმონიული ქცევა ბუნების მიმართ ცალმხრივად ახნას ან დაინახოს. ცდილობს მიზეზ–შედეგობრივ კავშირში დაგვანახოს ბუნებისა და ადამიანების იერთობა და ტრანსფორმაცია. ალბათ,ამ თვალსაზრისითაც იყო მნიშვნელოვანი ფილმის რეგიონებში ჩვენება.
„მოთვინიერება“ ზუსტად აირეკლავს დასავლეთ საქართელოს რეგიონების ეკოლოგიურ თუ ეკონომიკურ პრობლემებს. ასწლოვანი ხეების მოგზაურობა, რომლებსაც დასავლეთის სხვადასხვა სოფლებში მიწიდან თხრიან და ზღვით გადაქვთ „ვიღაცის“ ფანტაზიით შეთხზულ დენდროლოგიურ პარკში, სინამდვილეში კაპიტალის ნებაყოფლობით „მსხვერპლად“ ქცეული ადამიანების, უხილავად ხილული ოლიგარქისა და ეკოლოგიური დრამის დრამატული გაგრძელებაა.
p.s. სალომე ჯაშის ფილმი „მოთვინიერება“ ნომინირებული იყო 2021 წელს ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზე დეკემბერში და ეს ნომინაცია ქართული კინოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი წარმატება ბოლო წლებში.