ბერლინის ფილარმონიის ორკესტრს წინანდლის მამულსა და თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე, მაესტრო დანიელ ბარენბოიმის ნაცვლად, დანიელ ჰარდინგი უხელმძღვანელებს. თუმცა პროგრამა უცვლელია – შუბერტი, ბრამსი და ბეთჰოვენი.
მუსიკის მოყვარულებმა უკვე იციან, რომ 1 მაისს წინანდლის მამულში, უფრო ზუსტად, იქ არსებულ ღია საკონცერტო სივრცეში, სადაც ყოველწლიურად იმართება წინანდლის კლასიკური მუსიკის ფესტივალი, ისტორიული მნიშვნელობის კონცერეტი გაიმართება: ბერლინის სიმფონიური ორკესტრი, რომელიც 1882 წლის 1 მაისს დაარსდა, პირველად ჩამოდის საქართველოში და ორ კონცერტს გამართავს.
1991 წლიდან ევროპაკონცერტის (Europakonzert) ტრადიაცია სწორედ ორკეტრის დაარსების დღეს, 1 მაისს, კონცერტის გამართვას უკავშირდება ევროპის რომელიმე ქალაქში. აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპაკონცერტი ევროკავშირის არაწევრ ქვეყანაში გაიმართება. თუმცა წინანდლის ღია საკონცერტო სივრცესა და თბილისის ოპერაში კონცერტის გამართვის მთავარი მიზეზი მსოფლიოში გამოჩენილი ქართველი მევიოლინის, ლიზა ბათიაშვილის სახელს უკავშირდება, რომელიც 2023 წლიდან ბერლინის ფილარმონიის რეზიდენტ–მუსიკოსია.
სწორედ ლიზა ბათიაშვილისა და სახელოვანი მაესტროს, დირიჟორ დანიელ ბარენბოიმის მჭიდრო შემოქმედებითი ურთიერთობის გამო და იმის გამოც, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღო, გადაწყდა, რომ ბერლინის ფილარმონიის ორკესტრი ორ კონცერტს გამართავს – 1 მაისს წინანდალში და 2 მაისს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. პროგრამა ერთი და იგივეა: შუბერტის „ჯადოსნური არფის” უვერტურა, ბრამსის რე–მაჟორული სავიოლინო კონცერტი, რომელსაც ლიზა ბათიაშვილი შეასრულებს და ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონია.
ევროპაკონცერტის ორგანიზატორია სილქ როუდ ჯგუფი, რომლის დამფუძნებელს, გიორგი რამიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მიღება ისტორიული მომენტია: „როგორც ქართველების უდიდესი უმრავლესობა, მეც ვამაყობ, რომ ამ ისტორიული მომენტის მონაწილე ვარ. წილად გვხვდა ვუმასპინძლოთ მუსიკის ნამდვილ ზეიმს მშვიდობისა და ერთიანობისთვის, რაც დღევანდელ სიტუაციაში ასე მნიშვნელოვანია“.
თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ ორივე კონცერტს მაესტრო დანიელ ბარენბოიმი უხელმძღვანელებდა, თუმცა ავადმყოფობის გამო მას დანიელ ჰარდინგი შეცვლის, რომელიც 1975 წელს ოქსფორდში დაიბადა. ბერლინის ფილარმონიის დირექციამ ამ დღეებში გაავრცელა მაესტრო ბარენბოიმის მიმართვა, სადაც მსოფლიოს ერთ–ერთი გამოჩენილი დირიჟორი აღნიშნავს: „ძალიან ვწუხვარ, რომ ჯანმრთელობის მიზეზების გამო უნდა გავაუქმო კონცერტი წინანდალში, თბილისში და ასევე, ბერლინში დაგეგმილი კონცერტები ბერლინის ფილარმონიის ორკესტრთან და ლიზა ბათიაშვილთან ერთად. ჩემს კოლეგას, დანიელ ჰარდინგსა და ლიზა ბათიაშვილს ვუსურვებ წარმატებულ კონცერტებს და ვიმედოვნებ, რომ სხვა დროს შემეძლება პირველად შევხვდე შესანიშნავ ქართველ მსმენელს“.
ლიზა ბათიაშვილსაც დიდი მოლოდინი აქვს, რომ კონცერტები მაღალ დონეზე ჩარტარდება: „ბერლინის ფილარმონიის კონცერტები საქართველოში, უდავოდ განუზომელი ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისათვის. ასეთი გობალური მასშტაბის მუსიკალური ღონიძიება და ამ რანგის უცხოური მუსიკალური ორკესტრები იშვიათია საქართველოში. შეიძლება გავიხსენოთ გასული საუკუნის 60-იან წლებში თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული კლივლენდის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი, რომელიც მხოლოდ უფროს თაობას თუ ახსოვს. ევროპაკონცერტი იქნება ნამდვილად გამორჩეული მოვლენა ჩემს ცხოვრებაში“.
აღსანიშნავია, რომ ევროპაკონცერტის წინანდალში ჩასატარებლად მუშაობა სილქ როუდ ჯგუფმა ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო და საკმაოდ რთული საორგანიზაციო საკითხების გადაჭრის შემდეგ (ეს პანდემიასაც უკავშიდებოდა) კონცერტების დაგეგმა 2024 წელს მაინც მოახერხა. ორკესტრის მასპინძლობას უზრუნველყოფს საქართველოში ერთ–ერთი წამყვანი კომპანია „სილქ ჰოსპიტალითი“, რომელიც ევროპაკონცერტის გენერალური სპონსორია.
კონცერტი პირდაპირი ეთერით და ჩანაწერით გადაიცემა ევროპისა და აზიის 60-ზე მეტ ქვეყანაში, რომელსაც უზრუნველყოფენ ARTE tv, Mezzo tv და Medici.tv