ევროპის დღის აღსანიშნავად, 6 მაისს თბილისში მასშტაბური ღონისძიება გაიმართება

პუბლიკა

პანდემიით გამოწვეული მცირე პაუზის შემდეგ, წელს, ევროპის დღე თბილისში კვლავ მასშტაბური ღონისძიებით აღინიშნება. ამ თარიღის აღსანიშნავად, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ყველას საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ (აკაკი წერეთლის გამზ. 118) იწვევს. აქ საინტერესო სივრცეს ნებისმიერი ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანი იპოვის, ვისთვისაც ევროპული ღირებულებები მნიშვნელოვანია და საქართველოში ევროკავშირის საქმიანობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება სურს. 

ეს იქნება უნიკალური ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა ასაკისა და ინტერესის მქონე ადამიანებს გააერთიანებს, მათ შორის,  ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, სტარტაპების წარმომადგენლებს, ფერმერებს, სამოქალაქო აქტივისტებს… სცენა დაეთმობათ საზოგადოებისთვის ცნობილ და საყვარელ სახეებს, რომლებიც აუდიტორიას თავიანთ ევროპულ გამოცდილებას გაუზიარებენ.

 

თუკი ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ მეტი გაინტერესებთ და თითოეული ქვეყნის კულტურასა და ტრადიციებზე მეტის გაგება გსურთ,  მე-5 პავილიონში ტრადიციული „ევროპული სოფელი“ დაგხვდებათ. აქ ევროკავშირის წევრი ქვეყნების განსხვავებული ტრადიციების შესახებ ამავე ქვეყნების დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები მოგიყვებიან. 

უკვე 30 წელზე მეტია, ევროკავშირი საქართველოში არაერთ პროგრამასა და პროექტს აფინანსებს. ევროპის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე ამ პროექტების საქმიანობის შესახებ უფრო მეტი ინფორმაციის მიღება იქნება შესაძლებელი (მე-11 პავილიონი). აქ პირადად შეხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც ევროკავშირის პროექტებზე მუშაობენ და არაერთ ინოვაციურ იდეასაც გაეცნობით.

„ექსპო ჯორჯიას“ გარე სივრცე აგრობაზარს დაეთმობა, სახელწოდებით „უნიკალური ქართული გემო“. აქ იმ ფერმერებისა და მეწარმეების პროდუქციას წარმოადგენენ, რომლებმაც ევროკავშირის მხარდაჭერა მიიღეს და დაფინანსებისა თუ ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამოყენებით, საკუთარი საქმიანობის მეტად განვითარება შეძლეს. გაიმართება დაგემოვნებაც. 

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის! 6 მაისს „ექსპო ჯორჯია“ იქცევა სივრცედ, სადაც მოსული სტუმრები საკუთარ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გართობას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების შესახებ მეტის გაგებას და დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღებას შეძლებენ. მოეწყობა საბავშვო ზონაც – აქ პატარებს სხვადასხვა ტიპის საინტერესო თამაში, სახატავი სივრცე, თოჯინების თეატრი და უამრავი სხვა აქტივობა დახვდებათ. 

ცხადია, სივრცე დაეთმობათ ახალგაზრდებსაც. ენთუზიაზმით სავსე სპიკერები, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და სტუდენტები ახალგაზრდულ სცენაზე „საქართველო და ევროპა“ ერთმანეთს ინოვაციურ იდეებს და მნიშვნელოვან გამოცდილებებს გაუზიარებენ (მე-6 პავილიონი). აქ ისეთ საკითხებზე იმსჯელებენ, როგორებიცაა გარემოსდაცვითი აქტივიზმი და თანამედროვე ტექნოლოგიები. აქვე შესაძლოა, ახალგაზრდა ევროპელი ელჩებსა და ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკის შორის გამართულ დისკუსიასაც დაესწროთ. 

ევროპის დღე 2023-ის კულმინაცია კი ახალი ფორმატის ამბის თხრობის ღონისძიება „ჩემი ევროპა“ იქნება (მე-3 პავილიონი). აქ აუდიტორიას შესაძლებლობა ექნება მათთვის ცნობილი ადამიანების ინსპირაციული გამოსვლები მოისმინონ, რომლებიც მათ ევროპასთან დაკავშირებულ საკუთარ პერსონალურ ისტორიებს გაუზიარებენ. სასაუბრო თემები მრავალფეროვანი იქნება და იმ ევროპულ ღირებულებებსა და შესაძლებლობებს მოიცავს, რომლებსაც თანამედროვე ევროპა გვთავაზობს. მხოლოდ ამბის თხრობის ღონისძიებაზე დასასწრებად, წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულოა. 

ევროპის დღე საქართველოში უკვე მრავალი წელია აღინიშნება. გამორჩეულ, დასამახსოვრებელ და საინტერესო აქტივობებით დატვირთულ ღონისძიებას, რომლის ფორმატი მუდმივად იცვლება, ყოველწლიურად ათასობით მოქალაქე სტუმრობს. 

ევროპის დღის შესახებ: 

ევროპის დღე, რომელიც ყოველწლიურად, 9 მაისს აღინიშნება, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რობერტ შუმანის 1950 წლის დეკლარაციის პატივსაცემად დაწესდა. სწორედ 1950 წლის 9 მაისს წარადგინა შუმანმა იდეა ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შესახებ, რომელიც ევროპის ქვეყნებს შორის ნახშირისა და ფოლადის მარაგების გაზიარებას ითვალისწინებდა და ევროპაში ომს წარმოუდგენელს ხდიდა. ამ იდეამ საფუძველი ჩაუყარა თანამედროვე ევროპის კავშირს. შედეგად, უკვე 73 წელია, რეალობადქცეული იდეა, რომელსაც დღეს ევროკავშირი ჰქვია, ვითარდება, წარმატებით მუშაობს, მშვიდობასა და კეთილდღეობას ემსახურება და 27 ქვეყანის მასშტაბით, 447 მილიონამდე ადამიანს აერთიანებს.

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ:

ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობა მშვიდობის, თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის საერთო ღირებულებებს ეფუძნება. დღეს, ევროკავშირი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია, რომელიც ქვეყანაში მაღალი სტანდარტებისა და ხარისხის დანერგვას უწყობს ხელს. ევროკავშირმა ხელი შეუწყო ქვეყნის საჯარო სექტორის მუშაობის სისტემურ გაუმჯობესებას. სწორედ მათი მხარდაჭერის შედეგად, ახალგაზრდებს აქვთ შესაძლებლობა იცხოვრონ და ისწავლონ ევროპაში, იქ მიღებული ცოდნის გამოყენებით კი, შემდგომში, საქართველო უფრო უსაფრთხო და წარმატებული გახადონ.  

ევროკავშირი და საქართველო ერთად მუშაობენ სუფთა გარემოსა და მდგრადი ცხოვრების წესისთვის. საქართველოსა და ევროკავშირის მოქალაქეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა ხელს უწყობს ადამიანების ციფრულ და ფიზიკურ დაკავშირებას, უნარების გაუმჯობესებას და ცხოვრებას უფრო მრავალფეროვანს ხდის. უვიზო შეთანხმებით ევროპის ქვეყნებში თავისუფლად მოგზაურობის შესაძლებლობამ კი მილიონზე მეტ ქართველს მოუტანა სარგებელი. 

გაიგეთ მეტი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის შესახებ: www.euingeorgia.eu