ევროკავშირის მხარდაჭერით, „ბიოქიმფარმი“ საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს ზრდის

პუბლიკა

მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში, მილიონობით ადამიანს კვლავაც არ აქვს წვდომა ფაგის პრეპარატებზე. შედეგად, პაციენტები ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ინფექციების მიმართ დაუცველები არიან.

სწორედ გლობალური პრობლემის გადაჭრა დაისახა მიზნად თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე ბიოფარმაცევტულმა კომპანია „ბიოქიმფარმმა“, რომელიც ანტიბიოტიკების ალტერნატიულ საშუალებებს აწარმოებს.

სულ ახლახანს, საწარმოში მოდერნიზაციის პროცესი დასრულდა. 17,5 მილიონი ლარის (€6,000,000) 2-წლიანი საინვესტიციო პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით განხორციელდა. შედეგად, ბაქტერიოფაგების საწარმოს გადაიარაღება და ევროკავშირის GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკის) გაიდლაინების შესაბამისად აღჭურვა მოხერხდა, რაც ევროკავშირში მიღებული სტანდარტია. ამ გზით, კომპანია, უახლოეს თვეებში, GMP სერტიფიცირებაზე განაცხადის გაკეთებას გეგმავს.

„ბიოქიმფარმი“ ფაგების პრეპარატების პირველ ინდუსტრიული მასშტაბის საწარმოა საქართველოში, რომელიც სტერილური (ასეპტიკური) წარმოების გაიდლაინებს სრულად აკმაყოფილებს. მისი განახლების პროცესში, ევროკავშირთან ერთად, EBRD, FAO, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგენტო „აწარმოე საქართველოში“ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მონაწილეობდნენ. 

„ბიოქიმფარმის“ გენერალური მენეჯერი რატი ღოლიჯაშვილი განმარტავს, რომ, ამ პროექტით, კომპანია საწარმოო სიმძლავრეს და საექსპორტო არეალს ზრდის, რის შედეგადაც, ფაგები, მთელ მსოფლიოში, მილიონობით პაციენტისთვის გახდება ხელმისაწვდომი – პრეპარატების ექსპორტი 80 ქვეყანაშია დაგეგმილი. 

„საწარმოს მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურისა და საწარმოო ხაზების მოდერნიზაცია საშუალებას აძლევს კომპანიას, გააფართოვოს წარმოება საერთაშორისოდ აღიარებული წარმოების სტანდარტების შესაბამისად, გახდეს უფრო ეფექტური რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლაში და დაძლიოს ანტიბიოტიკორეზისტენტობის გლობალური საფრთხე”, – აღნიშნავს რატი, რომელიც ცდილობს, ტრადიციების შენარჩუნების პარალელურად, წარმოების პროცესში ინოვაციური მეთოდები შეიტანოს და თანამედროვე ტექნოლოგიები დანერგოს. 

კომპანიამ მხარდაჭერა ევროკავშირის ორი პროგრამის ფარგლებში მიიღო – EU4Business-EBRD Credit Line-ის მეშვეობით მხარდაჭერილი სესხი, რომელიც EBRD-ს პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტის, „პროკრედიტ ბანკის“ მიერ გაიცა, წარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან (GMP – კარგი საწარმოო პრაქტიკა) შესაბამისობაში მოყვანას ისახავდა მიზნად, რაც ევროკავშირისა და სხვა საერთაშორისო ბაზრებზე წვდომისთვის სავალდებულოა. ამასთან, ევროკავშირი დამატებით გადასცემს გრანტს კომპანიას, EU4Business-EBRD საკრედიტო ხაზის ფარგლებში.

FAO-სგან კი კომპანიამ, ENPARD-ის თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის ფარგლებში, €125,000-ს მოცულობის, შესაბამისი გრანტი მიიღო, რომელიც ფაგებზე დაფუძნებული, ბუნებრივი ანტიმიკრობული პრეპარატის – „PowerPhage“-ის წარმოების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვის გარდა, „ბიოქიმფარმი“ სოფლის მეურნეობის სექტორის განვითარებასაც უწყობს ხელს. კერძოდ, ევროკავშირის მხარდაჭერის შედეგად, კომპანია „PowerPhage“-ის წარმოების 300%-ით ზრდას შეძლებს. პრეპარატი საკვები ხორცის წარმოების ინდუსტრიასა და მეფრინველეობის ფერმებში ანტიბიოტიკებს ანაცვლებს.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი მიიჩნევს, რომ ეს წარმატება სხვა კომპანიებისთვისაც სამაგალითო იქნება. „კომპანია ბაზარს სრულიად ახალი პროდუქტებით ამარაგებს, რომლებიც ანტიბიოტიკების ალტერნატივას წარმოადგენს. ეს არის არაჩვეულებრივი მოვლენა და მე ვამაყობ, რომ, კომპანიისთვის დაფინანსების უზრუნველყოფით, ევროკავშირი ამ ამბის ნაწილია. კომპანიას ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. იმედი მაქვს, რომ ეს ძალიან ინოვაციური პროდუქტი ანტიბიოტიკების ალტერნატივა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში გახდება“, – განაცხადა ელჩმა.

„ამ საწარმოს მეშვეობით, საქართველო ტექნოლოგიების რუკაზე, მათ შორის, ბიოტექნოლოგიების რუკაზე, ამაყად იქნება წარმოდგენილი მომავალში“, -ფიქრობს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი. „მოხარულები ვართ, რომ საწარმო წარმატებით ფუნქციონირებს და აგრძელებს იმ ძალიან დიდ ტრადიციებს, რომელიც ქვეყანას ბაქტერიოფაგების წარმოების კუთხით გააჩნია. მეცნიერები ყველაზე უფრო მეტ პერსპექტივას ზუსტად ბაქტერიოფაგებში ხედავენ, იმისთვის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დავიცვათ და მათი სიცოცხლე გადავარჩინოთ“, – განმარტავს მინისტრი. 

„ბიოქიმფარმის“ ახლადმოდერნიზებული საწარმო თბილისში, ისტორიულ ბაქტერიოფაგების ინსტიტუტში მდებარეობს და პირველი საწარმოა სამხრეთ კავკასიაში, რომელიც წამლის თხიერ, სტერილურ ფორმებს აწარმოებს და წარმოების სრულ ციკლს ფარავს, მათ შორის, აქტიური ფარმაცევტული სუბსტანციების (APIs) წარმოებას. საწრმოში ასევე ხორციელდება მედიკამენტების პირველადი და მეორეული შეფუთვა.

ამ ეტაპზე, „ბიოქიმფარმი“ ფაგების ექსპორტს 8 ქვეყანაში ახორციელებს, 60-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს და 2 საერთაშორისო პატენტს ფლობს. თუმცა, თითქმის 100 წლიანი გამოცდილების მქონე საწარმოს წინ კიდევ არაერთი გეგმა და მიზანი აქვს. მთავარი კი, კვლავაც, ანტიბიოტიკების ერთადერთი ხელმისაწვდომი ალტერნატივის შექმნა და მსოფლიოსთვის მიწოდებაა. ასე აგრძელებს განვითარებას კომპანია, რომლის წარმოებული პროდუქტიც, ევროკავშირის მხარდაჭერით, მალე მსოფლიოს 80 ქვეყანაში უნდა გახდეს ხელმისაწვდომი.