პოლიტიკოსების მხარდამხარ, ევროპის ცნობილი თეატრებიც (ბერლინში, ჰამბურგში, შტუტგარტში, ციურიხში, ვენაში) მოითხოვენ ცნობილი რუსი რეჟისორის, კირილ სერებრენნიკოვის გათავისუფლებას. ისინი აპროტესტებენ სკანდალური სასამართლო პროცესის გადაწვეტილებას, რომელმაც მოსკოვში, 22 ივნისს „მეშვიდე სტუდიის“ წევრებს და კერძოდ, მის ერთ-ერთ დამაარსებელს, რეჟისორ კირილ სერებრენნიკოვს 6-წლიანი პატიმრობა მიუსჯა, ხოლო ჯარიმის სახით, 800 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა.
გერმანიის ხელისუფლებამ ბრალდების მხარეს მოუწოდა „მეშვიდე სტუდიის” გამოძიების საქმეში უზრუნველყოს „ობიექტური, სამართლიანი და გამჭვირვალე გამოძიება, რომელიც შეესაბამება კანონის უზენაესობასა და სტანდარტებს“. ამასობაში ცნობილი ევროპელი რეჟისორები და წამყვანი თეატრების ხელმძღვანელები პროტესტსა და მწუხარებას გამოთქვამენ „მეშვიდე სტუდიის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და სასამართლო პროცესის ტენდენციურობის გამო. გერმანული მედია წერს, რომ „ბრალდების მხარის მოთხოვნამ სერებრენნიკოვისათვის 6-წლიანი ვადის შეფარდების გამო ევროპელი ხელოვანები უბრალოდ, შოკში ჩააგდო”.
მაგალითად, ბერლინის „დოიჩე თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელი, ულრიხ კუნი (სწორედ ამ თეატრში, 2020 წლის მარტში გაიმართა კირილ სერებრნინიკოვის „დეკამერონის“ პრემიერა გერმანელი და რუსი მსახიობების მონაწილეობით) მიიჩნევს, რომ სასამართლო პროცესი იურიდიული პრინციპების აშკარა დარღვევით მიმდინარეობდა: „ბევრი ხელოვანი ევროპაში შეძრწუნებულია პროკურატურის მიერ წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდებით, რომელსაც კირილ სერებრენნინიკოვსა და მისი კოლეგებს უყენებენ.
ეს ყველაფერი ქაოსური, განურჩეველი და სუბიექტური სარჩელის შედეგია. ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ვიცნობთ და ვაფასებთ სერებრენნიკოვის შემოქმედებას და ამ გაუგონარი და ტენდენციური სასამართლო პროცესის შემდეგ უბრალოდ, გვეშინია მისი შემოქმედებითი და ფიზიკური განადგურების. გვინდა, წინააღმდეგობა გავუწიოთ ანგარიშსწორებას, რომელიც სასამართლოს სახელით მოქმედებს“.
ბერლინის „კომიშე ოპერის” სამხატვრო ხელმძღვანელმა და არტდირექტორმა, ბარი კოსკიმ „დოიჩე ველეს” ონლაინგამოცემას განუცხადა: „აღშფოთებული ვარ, რომ ჩვენს მეგობარსა და საყვარელ კოლეგას, კირილ სერებრნინიკოვს, ექვსწლიანი პატიმრობა ემუქრება. ეს არის დიდი საერთაშორისო სკანდალი. ჩვენ, საერთაშორისო თეატრალურმა საზოგადოებამ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავარწმუნოთ რუსეთის ხელისუფლება შეაჩეროს ეს უსამართლო პროცესი”.
ანდრეას ჰომოკიმ (ციურიხის საოპერო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი) არანაკლებ მკაცრი კომენტარი გააკეთა შექმნილი სიტუაციის გამო: „პროკურორის მიერ ასეთი სასტიკი და მკაცრი განაჩენის მოთხოვნა შოკის მომგვრელია. თუ მოსკოვის სასამართლო მხარს უჭერს ბრალდებას, ეს ნიშნავს რომ რუსეთში სასამართლო მკვდარია. ამდენად, ერთადერთ იმედად საკონსტიტუციო სასამართლოს გაადაწყვეტილება რჩება. ქვეყნისთვის, რომელიც სულმუდამ ამაყობდა და დღესაც ამაყობს თავისი ხელოვანებით, ასეთი გადაწყვეტილება საერთაშორისო იზოლაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“.
აღსანიშნავია, რომ რუსეთის თეატრალურმა საზოგადოებამ 22 ივნისამდე, ანუ სასამართლომდე ერთი დღით ადრე, ღია წერილით მიმართა კულტურის მინისტრ ოლგა ლიუბიმოვას, რომელშიც ითხოვდა რუსეთის ფედერაციის კულტურის სამინისტროს ზიანის მიყენების შესახებ სარჩელი უკან გამოეთხოვა. დოკუმენტს ხელი რუსეთის კულტურის დაახლოებით 5 ათასმა წარმომადგენელმა მოაწერა. თუმცა, სასამართლო პროცესის შემდეგაც სამინისტროს წერილზე პასუხი არ გაუცია.
მკითხველს შევახსენებთ, რომ კირილ სერებრენნიკოვი აქტიურად თანამშრომლობს ევროპის ცნობილ თეატრებთან. შტუტგარტის ოპერაში დადგა რიჰარდ შტრაუსის „სალომე“(2015). 2017 წელს „ჰენზელისა და გრეტელის“ დადგმას აპირებდა, მაგრამ დაპატიმრების გამო ვერ შეძლო მისი დასრულება. შინაპატიმრობაში მყოფმა რეჟისორმა დისტანციურად დადგა ვერდის „ნაბუკო“ (2019) ჰამბურგის „შტატსოპერაში“. აღსანიშნავია ბერლინის „კომიშე ოპერისთვის“ განხორციელებული „ლულუ (2013) და „სევილიელი დალაქი“ (2016). 2020 წლის მარტში გაიმართა რეჟისორის ბოლო წარმოდგენა ბერლინის „დოიჩე თეატრში“. ეს იყო „დეკამერონი“ რუსი და გერმანელი მსახიობების მონაწილეობით, რომლის პრემიერასაც რეჟისორი, ცხადია, არ დასწრებია.