რა ხდება? მოკლედ:
ბელარუსში 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს საპროტესტო აქციები მოჰყვა. მინსკის ცენტრში მოქალაქეებმა 9 აგვისტოს საღამოს მას შემდეგ დაიწყეს, რაც ეგზიტპოლის შედეგები გამოქვეყნდა. ნაციონალური ეგზიტპოლის მიხედვით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ ხმების თითქმის 80% მიიღო. ოპოზიციამ და მისმა მხარდამჭერებმა ლუკაშენკოს არჩევნების შედეგების გაყალბებაში დასდეს ბრალი, ოპოზიციის ლიდერები ამტკიცებენ, რომ მან არჩევნები წააგო და უფლება აღარ აქვს პრეზიდენტი იყოს.
9 აგვისტოს ღამით, ქუჩაში გამოსული მოქალაქეები პოლიციამ ცრემლმდენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით დაშალა. თუმცა, ამის მიუხედავად ბელარუსში აქციები არ შეწყვეტილა. ლუკაშენკოს დავალებით სპეცდანიშნულების რაზმებიც აგრძელებენ აქციების დაშლას, დემონსტრანტების ცემასა და დაკავებას. სხვადასხვა დროს გამართულ აქციაზე ათასობით მოქალაქე დაშავდა და დააპატიმრეს. გარდაცვლილია აქციებში მონაწილე მინიმუმ 4 დემონსტრანტი.
მცირემასშტაბიან აქციებს, მოჰყვა გაფიცვები სახელმწიფო ქარხნებსა და ფაბრიკებში და ფართმასშტაბიანი მსვლელობები ყოველ კვირას – „თავისუფლების მარში“.
აქციის მონაწილეები ალექსანდრ ლუკაშენკოს წასვლას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და განმეორებით არჩევნებს მოითხოვენ.
„ხელისუფლებამ საკუთარ ხალხს ომი გამოუცხადა“, – ასე შეაფასა ნობელიანტმა მწერალმა სვეტლანა ალექსიევიჩმა რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახურთან ინტერვიუში მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები.
აქციების მიუხედავად პრეზიდენტი ლუკაშენკო პოზიციებს არ თმობს, დანებებას არ აპირებენ ოპოზიციის ლიდერებიც, რომლებიც ამბობენ, რომ ბელარუსის თავისუფლებისთვის ბრძოლას ბოლომდე მიიყვანენ. „პუბლიკა“ გთავაზობთ ბელარუსში მიმდინარე პროცესების ძირითად მოვლენებსა და ასპექტებს.
რა უძღოდა წინ პროტესტს?
ბელარუსში სიტუაცია არჩევნებამდეც დაძაბული იყო. ალექსანდრე ლუკაშენკოს პოზიციები ბოლო ხანებში განსაკუთრებით შეირყა, ეკონომიკური დაღმასვლისა და კორონავირუსის პანდემიის უგულებელყოფის მერე, რამაც ვირუსის ქვეყანაში სწრაფად გავრცელება გამოიწვია.
ლუკაშენკოს პოპულარულობის შემცირების პარალელურად წინასაარჩევნო პერიოდიც ოპოზიციისთვის უფრო და უფრო გართულა.
29 მაისს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდებით დააკავეს აქტივისტი და ვიდეობლოგერი სერგეი ციხანოვსკი, რომელიც ადამიანის უფლებების დარღვევებისა და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლით გახდა პოპულარული.
31 მაისს ბელარუსში დააკავეს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიკოლა სტატკევიჩიც, რომელიც 2010 წელს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გაპროტესტების შემდეგ 5 წლის განმავლობაში იყო ციხეში. სტატკევიჩს ნასამართლეობის გამო არჩევნებში მონაწილეობის მიღება ამჯერად არ შეეძლო, მაგრამ ამის მიუხედავად გამოცდილი პოლიტიკოსი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერად რჩებოდა მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
მოგვიანებით, როგორც ციხანოვსკის, ისე სტატკევიჩის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაც დაიწყო ბელარუსში მასობრივი არეულობის ორგანიზების ბრალდებით. ხოლო 18 ივნისს ამჯერად ოპოზიციონერი და ყოფილი ბანკირი ვიქტორ ბაბარიკო დააკავეს. მას თაღლითობასა და ფულის გათეთრებაში დასდეს ბრალი.
მომდევნო დღეებში გამართულ საპროტესტო გამოსვლებში პოლიციამ კიდევ ათობით აქტივისტი დააკავა.
სერგეი ციხანოვსკი კი ლუკაშენკოსთან ბრძოლაში მისმა ცოლმა სვეტლანა ციხანოუსკაიამ შეცვალა და საპრეზიდენტო არჩევნებში თავიის კანდიდატურის დასარეგისტრირებლად 100 000 მხარდაჭერის მოგროვებაც შესძლო. მისი კანდიდატურა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 19 ივნისს დაარეგისტრირა.
სამაგიეროდ კანდიდატად რეგისტრირება ვერ შეძლო ვიქტორ ბაბარიკომ, ამის გასაპროტესტებლად გამართულ აქციაზე კი პოლიციამ 250-ზე მეტი მოქალაქე დააკავა.
16 ივლისს ბაბარიკოს გუნდი კიდევ ერთ ოპოზიციურ მოძრაობასთან ერთად, რომელსაც ექსდიპლომატი ვალერი ცეპკალო ედგა სათავეში სვეტლანა ციხანოუსკაიას მოძრაობას შეუერთდა ლუკაშენკოსთან ბრძოლაში.
29 ივლისს ბელარუსში ასევე დააკავეს 30-ზე მეტი პირი, რომლებიც ბელარუსის ხელისუფლების მტკიცებით რუსული კერძო სამხედრო ორგანიზაცია „ვაგნერის“ მებრძოლები იყვნენ. მიჩნეულია, რომ „ვაგნერი“ რუსეთის თავდაცვის და უშიშროების ყოფილი თანამშრომლებითაა დაკომპლექტებული და როგორც წესი, კრემლის დაკვეთას ასრულებს სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, სირიასა და ლიბიაში.
ლუკაშენკოს მტკიცებით, რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას და დესტაბილიზაციას გეგმავდა. თუმცა, ასევე დასძენდა, რომ ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევას სხვა ქვეყნებიც ცდილობდნენ, მათ შორის, პოლონეთი.
„ბელარუსის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომი მიმდინარეობს და ყველა მხარისგან უნდა ველოდოთ ბინძურ ხრიკებს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.
საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურაც უფრო და უფრო მაღლა იწევდა. ციხანოვსკის წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებისა და სასამართლოს პარალელურად შვილებთან ერთად ქვეყანა დატოვა ვალერი ცეპკალომ, რომელიც ამბობდა, რომ მის უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრებოდა.
დაკავებების, ზეწოლის, რთული წინასააარჩევნო სიტუაციის მიუხედავად 30 ივლისს სვეტლანა ციხანოუსკაიას მხარდასაჭერ შეკრებაზე ათობით ათასი ადამიანი მივიდა. რაც ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე დიდი ოპოზიციური გამოსვლა იყო.
ბელარუსში წელს პირველად აღარ დაუშვეს საერთაშორისო დამკვირვებლებიც. არჩევნებამდე ორი დღით ადრე ციხანოუსკაიამ განაცხადა, რომ ხელისუფლება არჩევნების მასობრივად გაყალბებისთვის ემზადებოდა.
პროტესტის ოთხი კვირა – მოვლენების ქრონოლოგია
დაძაბულ წინასაარჩევნო პერიოდს, როგორც აღმოჩნდა, არჩევნების შემდეგ კიდევ უფრო რთული დღეები მოჰყვა.
9 აგვისტოს, საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ გამოქვყენებული ნაციონალური ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმების 80% მიიღო, რის გამოც მინსკის ქუჩებში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ლუკაშენკომ რეალურად არჩევნები წააგო, თუმცა შედეგებს აყალბებდა.
მინსკის პარალელურად 9 აგვისტოს ღამით საპროტესტო გამოსვლები თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიწყო. თუმცა, მოგვიანებით, რამდენიმე ქალაქში პოლიციამ აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. სამართალდამცველებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება განსაკუთრებით მწვავე იყო მინსკში. სპეცრაზმმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაშავდა ასობით მოქალაქე, ათასობით დემონსტრანტი კი დააკავეს.
10 აგვისტოს დილით გამოქვეყნდა არჩევნების შედეგებიც, რომელმაც ეგზიტპოლის მონაცემები გაიმეორა. ლუკაშენკომ ოფიცილაურად ხმების 80% მიიღო, მისმა მთავარმა ოპონენტმა სვეტლანა ციხანოუსკაიამ კი მხოლოდ 10%-მდე. მაშინ, როცა ოპოზიცია და მისი მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ ხმების უმრავლესობა რეალურად ციხანოუსკაიამ მიიღო.
9 აგვისტოს ღამით საპროტესტო გამოსვლების ძალადობრივად დაშლის მიუხედავად, მოქალაქეთა საპროტესტო გამოსვლები გაგრძელდა.
10 აგვისტოს ათასობით ადამიანი ისევ შეიკრიბა არჩევნების შედეგების გაყალბებისა და პოლიციის ძალადობის გასაპროტესტებლად. მიტინგი სამართალდამცველებმა ისევ ძალის გამოყენებით დაშალეს, ბელარუსის შს მინისტრის განცხადებით, დააკავეს 2 000-მდე მოქალაქე. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ერთ-ერთი დემონსტრანტი დაიღუპა.
11 აგვისტოს ევროკავშირმა ბელარუსში ჩატარებული არჩევნები გააკრიტიკა და დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება მოითხოვა. განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი ევროკავშირთან ერთად არჩევნები გააკრიტიკეს დასავლეთის არაერთ ქვეყანაში.
ამავდროულად, როგორც თავად ციხანოუსკაიას შტაბში განაცხადეს, ოპოზიციონერ კანდიდატს ბელარუსის იძულებით დატოვება და ლიეტუვისთვის თავის შეფარება მოუხდა. ბელარუსში კი მოქალაქეებსა და სამართალდამცველებს შორის შეტაკებები გაგრძელდა. გავრცელდა არაერთი კადრი, რომელშიც მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ პოლიციის ძალადობა ჩანს.
ძალადობის გასაპროტესტებლად მინსკში თეთრებში გამოწყობილმა ქალებმა, რომელთაც ხელში ვარდები ეჭირათ, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციაზე შეკრებილებმა პოლიციას ძალის გამოყენების შეწყვეტისკენ მოუწოდეს. თუმცა, იმავე დღეს ცნობილი გახდა, რომ ბელარუსში პოლიციასთან დაპირისპირებას კიდევ ერთი მოქალაქე ემსხვერპლა. ასეულობით ადამიანის დაკავება კი გაგრძელდა.
14 აგვისტოს ხელისუფლება 2 000-მდე მოქალაქე გაათავისუფლა, გათავისუფლების შემდეგ მოქალაქეები ჰყვებოდნენ, რომ დაკავების შემდეგ სცემდნენ და არაადამიანურად ეპყრობოდნენ.
16 აგვისტოს ბელარუსში მასშტაბური საპროტესტო მსვლელობა – „თავისუფლების მარში“ გაიმართა, რომელზეც მას შემდეგ ყოველ კვირა დღეს იკრიბიება ათი ათასობით მოქალაქე.
მომდევნო დღეებში დაიწყო მასობრივი გაფიცვები, ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრად მისულ ლუკაშენკოს კი იქ დასაქმებულები დახვდნენ შეძახილებით – „წადი“, ლუკაშენკომ კი უპასუხა, რომ ამ აქციების გამო პოსტს არ დატოვებს სანამ ცოცხალია.
20 აგვისტოს ოპოზიციის ლიდერებმა საბჭო ჩამოაყალიბეს, რომელმაც ლუკაშენკოს გადაყენება და შემდეგ არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება უნდა უზრუნველყოს, თუმცა ბელარუსის ხელისუფლება საბჭოს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო და მისი რამდენიმე წევრი დააკავა.
ხოლო 27 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინსკში სპეცრაზზმა 20-მდე ჟურნალისტი დააკავა. ადგილობრივი მედიის Belsat-ის ცნობით დაკავებულები იყვნენ Belsat-ის, TUT. BY-ის, Reuters-ის, რადიო თავისუფლების, Associated Press-ის და Tass.ru-ს ჟურნალისტები. 29 აგვისტოს კი საერთაშორისო გამოცემების 17 ჟურნალისტს გაუუქმეს სამუშაო აკრედიტაცია.
30 აგვისტოს, „თავისუფლების მარშის“ დაწყებამდე მინსკის ცენტრში სპეცრაზმმი გამოჩნდა და აქციის დაწყებიდან მალევე, მისი ძალის გამოყენებით დაშლა დაიწყო. ბელარუსებს სამართალდამცველებისგან ძალის გამოყენების მიუხედავად პროტესტი არ შეუწყვეტიათ.
1 სექტემბერს ამჯერად სტუდენტებმა მოაწყეს საპროტესტო მსვლელობა, მაგრამ სპეცრაზმმა აქცია ისევ ძალის გამოყენებით დაშალა.
დასავლეთისა და რუსეთის რეაქცია
ბელარუსში ჩატარებულ არჩევნებს და მას მოყოლილ აქციებს მალევე მოჰყვა საერთაშორისო გამოხმაურება. 9 აგვისტოს გამართული აქციის ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ იმავე დღეს ლუკაშენკოს ძალადობისგან თავის აცილებისა და დემოკრატიის სტანდარტების დაცვისკენ მოუწოდეს პოლონეთისა და ლიეტუვის პრეზიდენტებმა ერთობლივ განცხადებაში.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა კი განაცხადა, რომ ევროკომისია ბელარუსთან ურთიერთობას გადახადევდა საპრეზიდენტო არჩევნების არასამართლიან გარემოში ჩატარებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის გამო.
მას შემდეგ დასავლეთის მხრიდან ლუკაშენკოსადმი კრიტიკა არ შერბილებულა. 14 აგვისტოს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ბელარუსს არჩევნების არათავისუფალ გარემოში ჩატარებისა და დემონსტრანტების მიმართ ძალადობისთვის სანქციები უნდა დაუწესდეს.
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სანქციები ასევე იმ კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ უნდა დაწესდეს, ვინც მშვიდობიანი დემონსტრატების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღო.
ბელარუსში მიმდინარე პროცესებზე განცხადება გამოქვეყნა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიც. აშშ ღრმა შეშფოთებას გამოთქვამდა ბელარუსში 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების გამო, რომელიც „არ იყო თავისუფალი და სამართლიანი“.
დასავლეთის კრიტიკის საპასაუხოდ ალექსანდრე ლუკაშენკოს მხარდაჭერა აღუთქვა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. რომელთანაც ბელარუსის პრეზიდენტმა 15 აგვისტოს სატელეფონო საუბარი გამართა.
„ორივე მხარეს სჯერა, რომ ქვეყანაში წარმოქმნილი ყველა პრობლემა მალე მოგვარდება. ეს პრობლემები დესტრუქციულმა ძალებმა არ უნდა გამოიყენონ, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ ორ ქვეყანას შორის ურთიერთდახმარებაზე დაფუძნებულ თანამშრომლობასა და კავშირს,“- აღნიშნავდა კრემლი თავის განცხადებაში.
კრემლის განცხადებით, პუტინმა ლუკაშენკოს ისიც უთხრა, რომ რუსეთი საჭიროების შემთხვევაში მზად არის, ბელარუსს დაეხმაროს „კოლექტიური სამხედრო ხელშეკრულების“ ფარგლებში. ამავე განცხადებაში კრემლი აღნიშნავდა, რომ ბელარუსი „გარედან“ ზეწოლას განიცდის, თუმცა დაკონკრეტებული არ არის, ვისგან.
„ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“
„ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ – ასე მოიხსეიებენ ხოლმე ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელიც ბელარუსს 26 წელია მართავს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სულ რაღაც 3 წელში, 1994 წელს ლუკაშენკომ საპრეზიდენტო არჩევნები მოიგო და მას შემდეგ ქვეყნის შეუცვლელი ლიდერია.
როგორც The New York Times წერს, პირველი არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებულადაა მიჩნეული. თუმცა, ლუკაშენკოს ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოველი მომდევნო არჩევნების მიმართ საერთაშორისო საზოგადოების მხირდან კრიტიკა იზრდებოდა.
კომუნისტური სისტემის დაშლის მიუხედავად ლუკაშენკო ეცადა, საბჭოთა ელემენტები ქვეყანაში შეენარჩუნებინა. მაგალითად, წარმოების დიდი ნაწილი სახელმწიფოს კონტროლქვეშ დარჩა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კი ისევ „კაგებე“ ჰქვია.
როგორც BBC წერს, ლუკაშენკო თავის წარმოჩენას ძლიერ პერსონად ცდილობს, მკვეთრად გამოხატული ნაციონალიზმით, რომელიც თავის ქვეყანას იცავს როგორც დასავლეთისგან, ისე რუსეთისგან და ბელარუსის სტაბილურობის გარანტია. ამის გათვალისწინებით, ლუკაშენკო ქვეყანაში აქამდე საკმაოდ ძლიერი მხარდაჭერით სარგებლობდა, მაგრამ მისი მმართველობა არც პოპულარულობის ზენიტში იყო თავისუფალი და დემოკრატიული.
„დიახ, ჩვენ გავაყალბეთ არჩევნები“, – თქვა ალექსანდრე ლუკაშენკომ 2006 წელს, მას შემდეგ რაც პრეზიდენტი ახალი ვადით გახდა. BBC-ის მიხედვით, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არჩევნებში რეალურად 93.5% მიიღო, რაც მისი აზრით, ზედმეტად მაღალი იყო და ამიტომ შედეგების გამოქვეყნებისას, მისი ხმების რაოდენობა 86%-მდე შეამცირეს.
ხალხის პროტესტი კი სიღარიბის, კორუფციისა და დაბალი ხელფასების გამო წლიდან წლამდე იზრდებოდა, კორონავირუსის პარნედმიამ კი საბოლოოდ შეარყია ძლიერი პრეზიდენტის იმიჯი.
The New York Times-თან ყოფილი დიპლომატი, შემდეგ ლუკაშენკოს მიერ დაპატიმრებული და ამჟამად დევნილობაში მყოფი ანდრეი სანიკოვი ჰყვება, რომ ბელარუსის პრეზიდენტმა კორონავირუსის პანდემია არასერიოზულად მიიღო. სხვადასხვა ზომის გატარების ნაცვლად, ის ხალხს ვირუსთან საბრძოლველად საუნის მიღებისა და არყის სმისკენ მოუწოდებდა. ასეთი დამოკიდებულების შემდეგ ბევრ მის მომხრესაც შეეპარა ლუკაშენკოში ეჭვი. ბელარუსში ვირუსი ფართოდ გავრცელდა და ლუკაშენკოს მცდელობამაც ალტერნატიული რეალობა შეექმნა, შედეგი ვერ გამოიღო. პანდემიის პარალელურად კიდევ უფრო გამძაფრდა ეკონომიკური კრიზისიც, რომელსაც რუსეთისგან ნავთობისა და გაზის ფასდაკლებით მიღების შეჩერებაც მოჰყვა.
„ის ორი ათეული წელი აყალბებდა არჩევნებს, მაგრამ წლევანდელი სიტუაცია განსხვავებული აღმოჩნდა“, – ამბობს სანიკოვი The New York Times-თან. ყოფილი დიპლომატი დასძენს, რომ არჩევნები, როგორც წესი მასკარდივით იყო, იმის დასტურად, რომ ლუკაშენკო იქ ყველას უყვარს, გავრცელებული ფრაზით – „ძროხებიც კი მიიჩნევენ თავიანთ ლიდერად“. წელს კი მისი რეპუტაცია ისე შელახული იყო, ამ მასკარადმა კომიკურობაც დაკარგა.
„ლუკაშენკოს ახალი არაფერი გაუკეთებია, წელს უბრალოდ ხალხმა დაინახა ის განსხვავებული კუთხით“, – ამბობს The New York Times-თან ბელარუსის საკითხების სპეციალისტი მარინა რახლია.
უფრო მეტიც, ბელარუსის მოსახლეობის ნაწილი და დასავლეთის ქვეყნები ლუკაშენკოს არჩევნების არასამართლიან გარემოში ჩატარებისთვის წლებია აკრიტიკებენ, მაგრამ წელს ბელარუსის პრეზიდენტს კრიტიკით შეხვდნენ რუსეთშიც. პუტნის მხარდაჭერის მიუხედავად, სახელმწიფო დუმის მაღალწონიანმა დეპუტატმა კონსტანტინ ზატულინმაც კი, რომელიც დასავლეთის მიმართ რადიკალურია ხოლმე, არჩევნებზე თქვა, რომ ტოტალურად იყო გაყალბებული, ლუკაშენკო კი ყოველგვარ ზღვარს გადასცდა, გონებაარეულია და არ თმობს ძალაუფლებას.
„თუმცა, ლუკაშენკო ჯერ კიდევ აკონტროლბს მსხვილ, მის ერთგულ და წარმოუდგენლად ძალადობრივ ძალოვან სტრუქტურებს. სამართალდამცველებისგან არნახული ძალადობის მომსწრეები გავხდით. მათ შორის რეზინის ტყვიების მთელი ტალღები, ძირს დაგდებული მშვიდობიანი დემონსტრანტების ცემა, ათასობით მოქალაქის დაპატრიმება. პოლონეთის სასაზღვრო ქალაქ ბრესტში სპეცდანიშნულების რაზმებმა ხალხს ნამდვილი ტყვიებიც კი ესროლეს“, – წერს The New York Times.
ასე რომ, ძალადობრივი მეთოდების გამოყენებით, ლუკაშენკომ შეიძლება ამ პროცესებს გაუძლოს და პრეზიდენტის პოსტი გარკვეული ხნით შეინარჩუნოს. თუმცა, როგორც The New York Times წერს, ბელარუსის პრეზიდენტმა პოპულარული და დაუმარცხებელი ლიდერის იმიჯი დაკარგა.
ვინ არის სვეტლანა ციხანოუსკაია?
სამაგიეროდ, დღითიდღე იმატებს ოპოზიციის ლდიერის სვეტლანა ციხანოუსკაიას პოპულარობა.
ციხანოუსკაიამ პატარაობა ბელარუსის სამხრეთით მდებარე პატარა ქალაქში მიკაშევიჩში გაატარა, მაგრამ 12 წლის იყო, როცა ირლანდიაში მოხვდა. ჩერნობილში მომხდარმა აფეთქებამ უკრაინასთან ერთად ბელარუსსაც დაამჩნია კვალი და 90-იან წლებში საქველმოქმედო ორგანიზაციებმა ათასობით ბავშვი ჩაიყვანეს ირლანდიაში. სვეტამ, როგორც მაშინ ეძახდნენ, ინგლისური კარგად იცოდა და ბავშვებს თარჯიმნობას უწევდა.
ციხანოუსკაია ირლანდიაში ცხოვრობდა და ბელარუსში დაბრუნების შემდეგაც ხშირად სტუმრობდა ქვეყანას, სადაც ჰენრი და მარიან დინების ოჯახმა შვილივით მიიღო. ბელარუსში დაბრუნების შემდეგ კი პედაგოგიური უნივერსიტეტი დაამთავრა და დაქორწინდა, მაგრამ შვილების გაჩენის შემდეგ მასწავლებლის კარიერის მიტოვება მოუწია.
როგორც The New York Times-თან ირლანდიაში სვეტლანას მეურვე მარიან დინი ჰყვება, მისი უფროსი შვილი სმენის პრობლემებით დაიბადა და სვეტლანამ მთელი თავისი ყურადღება მასზე გადაიტანა. ციხანოუსკაიას პრესმდივანი კი დასძენს, რომ შვილის ჯანმრთელობისთვის ყოველდღიურმა ბრძოლამ და შეუპოვრობამ მის პოლიტიკურ თვისებებზეც იქონია გავლენა. „მას მკვეთრად ჩამოყალიბებული ღირებულებითი სისტემა ჰქონდა და ასეთად დარჩა“, – დასძენს ანა კრასულინა, ციხანოუსკაიას პრესმდივანი.
თუმცა, სვეტლანა ციხანოუსკაიას პოლიტიკურ ასპარეზზე გამოჩენა მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა. ის პოლიტიკური ფიგურა არასდროს ყოფილა და ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ პოლიტიკური კარიერის დაწყებას არც აპირებდა. ციხანოუსკაია, რომელმაც ოჯახის გამო პროფესიულ კარიერაზე უარი თქვა, ძირითადად, მის ქმარს ეხმარებოდა ლუკაშენკოს წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ 2020 წელს ყველაფერი შეიცვალა.
წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად ბელარუსის ხელისუფლებამ ოპოზიციის დევნა დაიწყო, დაკავებებისა და ქვეყნიდან გაძევებების სერიის შემდეგ, რომელშიც ციხანოუსკაიას ქმარი სერგეი ციხანოვსკიც აღმოჩნდა, სვეტლანა დილემის წინაშე აღმოჩნდა, თავად აეღო თუ არა ლიდერის როლი ლუკაშენკოს წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლაში.
ანა კრასულინას თქმით, ციხანოვსკაია იძულები გახდა შეცვალა მისი ქმარი პოლიტიკურ ველზე. „ძალიან საინტერესო მომენტი იყო, რომ ხალხმა მაშინვე დაიწყო მის ირგვლივ შემოკრება“, – დასძენს კრასულინა, რომლის თქმითაც, მალევე ციხანოუსკაია სიახლის და ცვლილებების სიმბოლოდ იქცა.
როგორც The New York Times წერს, პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ სვეტლანა ციხანოუსკაიას ოპოზიციის წამყვან ფიგურად არ მოიაზრებდნენ, ლუკაშენკო კი მას საფრთხედ საერთოდ არ აღიქვამდა. თუმცა, ამავდროულად ციხანოუსკაიას პირდაპირობამ და გულწრფელობამ, პოზიტიურმა იმიჯმა და მისმა უნარმა შეეკრა ერთმანეთთან დაპირისპირებული პარტიები, ოპოზიციის ლიდერის როლი მოუტანა.
მარიან დინი ამერიკულ გამოცემასთან ამბობს, რომ ლუკაშენკო შეცდა, როცა ციხანოუსკაია სათანადოდ ვერ შეაფასა. არ აფასებდა მაშინაც კი, როცა ოპოზიციის ლიდერად მოვლენილმა ახალგაზრდა ქალმა მხარდამჭერები შემოიკრიბა და მრვალათასიანი მსვლელობა გამართა.
„პატარა სულელი გოგო“ – ასე ამბობდა ლუკაშენკო. „დიახ, ამ პატარა სულელ გოგოს ახლა შეუძლია ათი ათასობით მოქალაქე გამოიყვანოს, მისადმი მხარდაჭერა კი სულ უფრო იზრდება და საოცარი ხდება“, – ამბობს მარიან დინი The New York Times-თან.
სვეტლანა ციხანოუსკაია ახლა ლიეტუვაშია, საპროტესტო აქციების დაწყების შემდეგ ქვეყნის იძულებით დატოვება მასაც მოუხდა. ციხანოუსკაია ვიდეომიმართვებით ამხნევებს ხალხს და მოუწოდებს გააგრძელონ პროტესტი. ბელარუსშიც აქციები უკვე 4 კვირაა გრძელდება და ქვეყანა კვირას კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი „თავისუფლების მარშისთვის“ ემზადება, რათა „ევროპის უკანასკნელ დიქტატორს“ კიდევ ერთხელ შეახსენოს, რომ მისი წასვლის დროა.