ფასების ზრდა, ეროვნული ბანკი და პრეზიდენტის ვეტო

პუბლიკა

ავტორი: ეგნატე შამუგია – მკვლევარი

ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდას ინფლაცია ეწოდება. ამ ეკონომიკურ ფენომენს მძიმე სოციალური ტვირთი აქვს. ინფლაციას ფარულ გადასახადს უწოდებენ, რითაც შედარებით ღარიბი უმრავლესობა მდიდარი უმცირესობის სასარგებლოდ იბეგრება. საზოგადოებაში ღარიბი და საშუალო ფენის შემოსავალი უმეტესად ფიქსირებულია და მისი ზრდის ტემპი ფასების ზრდას ჩამორჩება. ასეთ პირობებში საზოგადოების ამ ნაწილის კეთილდღეობა უარესდება, რადგან მოცემული შემოსავლით დღითი დღე უფრო და უფრო ნაკლები პროდუქტის მოხმარება შეუძლიათ.

ღარიბი მოსახლეობის ძირითადი შემოსავალი სოციალური ტრანსფერებია (დახმარება, პენსია), საშუალო და დაბალი კლასის მთავარი ფინანსური წყარო კი – ხელფასი. ასეთი შემოსავლები დროის მოკლე ან საშუალოვადიან პერიოდში ფასების ზრდის პროპორციულად არ იზრდება.

ეკონომიკაში ფასების საერთოდ დონის ცვლილების გაზომვა შეუძლებელია, რადგან საქონელი და მომსახურების რაოდენობა უხვია. აქედან გამომდინარე, როცა ინფლაციაზე ვსაუბრობთ, ვგულისხმობთ მის შეფასებულ მაჩვენებელს – სამომხმარებლო ფასების ინდექსის ცვლილებას. თავად სამომხმარებლო ფასების ინდექსი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 305 დასახელების საქონელსა და მომსახურების ფასების ყოველთვიური დაკვირვებით მიღებული ინდიკატორია, სადაც თითოეული პროდუქტის წილი საშუალო სტატისტიკური ადამიანის მოხმარებაში წონის პროპორციულია.

გრაფიკი:  წლიური ინფლაცია,  ეროვნული ბანკის პრეზიდენტების მიხედვით (%), საქსტატი

საქართველოში ინფლაციის კუთხით მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რადგან ბოლო ორ ათეულში ზედიზედ ექვსი კვარტალი სამომხმარებლო ფასების დონის ზრდის ტემპი ორნიშნაა, ხოლო ჯერ კიდევ 2019 წლის მეორე კვარტლის დასაწყისიდან სამიზნე, 3.0%-იანი ნიშნულს აღემატება.

შენიშვნა:  2020 წლის ბოლოს და 2021 წლის დასაწყისში საქართველოს მთავრობის მიერ კომუნალური სერვისების საფასური მოსახლეობისთვის სუბსიდირებული იყო. ვინაიდან მოსახლეობის ნაწილს არ მოუწია მოხმარებული ენერგიების საფასურის უშუალოდ გადახდა, მეთოდოლოგიიდან გამომდინარე, სამომხმარებლო ფასების ინდექსზე აისახა. კერძოდ, ინფლაციის გაანგარიშებაში არ იქნა ჩათვლილი აღნიშნული მომსახურების ფასების ცვლილება. სამომხმარებლო ფასების რეალური სურათისთვის ამ პერიოდის ტენდენცია ავტორის მიერ ასახულია გრაფიკზე.

მიუხედავად ინფლაციის მაღალი დონისა, პოლიტიკოსები საპარლამენტო ტრიბუნიდან თუ სატელევიზიო ეთერიდან ფასების ზრდის მწვავე პრობლემას ყურადღებას ნაკლებად უთმობდნენ. პოლიტიკოსთა ამგვარი ქცევა მოსახლეობის განწყობაზე მკაფიოდ აისახა. მაგალითად, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საზოგადოებრივი აზრის შესწავლის კვლევებმა აჩვენა, რომ მოსახლეობის მთავარი წუხილი ინფლაციაა, ხოლო ამომრჩეველთა ჯგუფში, სადაც მიიჩნევენ, რომ არცერთი პარტია არ არის მათ ღირებულებებთან ახლოს, ფასების ზრდაზე წუხილი გაცილებით მეტია.

თავად ამ პრობლემაზე – ფასების ზრდაზე პასუხისმგებელი კონსტიტუციურ ორგანო ეროვნული ბანკია. კერძოდ, ეროვნული ბანკი წარმართავს ქვეყნის მონეტარულ პოლიტიკას, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ამისთვის კი პარლამენტის მიერ ცენტრალი ბანკისთვის ფართო ძალაუფლებაა დელეგირებული. ეროვნული ბანკის ძალაუფლების მასშტაბი იმდენია, რამდენიც ეროვნულ ვალუტას – ლარს ფლობს, რადგან მისი ქმედებები ლარის მსყიდველობით უნარზე აისახება.  მეორე – ფინანსური სექტორის სტაბილურობის ხელშეწყობის ფარგლებში ეროვნული ბანკი კომერციული ბანკების საქმიანობას აკონტროლებს. მათ შორის, იგულისხმება ბანკის მმართველობაში პირდაპირი ჩარევის უფლებამოსილება. ამდენად, ბუნებრივია ხელისუფლების სურვილი – სრულ კონტროლს ფლობდეს ამგვარი ფართო ძალაუფლების მქონე ინსტიტუტზე.

ხელისუფლების მხრიდან ამგვარი სურვილის დემონსტრირება რამდენიმე კვირის წინ საქართველოს პარლამენტში იყო.

მართალია, ბოლო პერიოდში ფასების ორნიშნა ზრდა პოლიტიკური სპექტრის ძირითადი ნაწილისა და ნაციონალური მედიის ყურადღების ცენტრში თითქმის არ ყოფილა, მაგრამ ეროვნული ბანკის მმართველობის ნაწილში საკანონმდებლო ცვლილება და ამ უკანასკნელზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტო ნამდვილად აღმოჩნდა. ეს გასაკვირი არ არის იმ ფონზე, როცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს უფლებამოსილება კვირის ბოლოს უწყდება. ბანკის ახალ პრეზიდენტს კი საბჭოს წევრებიდან ქვეყნის პრეზიდენტი ნიშნავს. ახალი პრეზიდენტის დანიშვნამდე მოვალეობას ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს.

ამჟამინდელი მოწესრიგებით ეროვნულ ბანკს სამი თანაბარ მდგომარეობაზე მყოფი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავს. პარლამენტის მიერ გატარებული ცვლილება კი ახალი, რანგით მაღალი პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის შემოღებას გულისხმობს, რომელიც სალომე ზურაბიშვილის მიერ ეროვნული პრეზიდენტის დანიშვნამდე მოვალეობის შემსრულებელი იქნება. თუმცა პარლამენტის მიერ შეთავაზებულ ამგვარ მოწესრიგებას პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

ვეტო სალომე ზურაბიშვილსა და პარლამენტს შორის ეროვნული ბანკის ირგვლივ უთანხმოების პირველი შემთხვევა არ ყოფილა. პარლამენტმა ზურაბიშვილის მიერ ბანკის საბჭოს წევრად წარდგენილი  ორი კანდიდატი ჩააგდო. სწორედ ამის შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭოში ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეები, ეკატერინე მიქაბაძე და ნიკოლოზ გაგუა აღმოჩნდნენ, მოგვიანებით – თავად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა.

ამ შემთხვევაში პროცედურულ საკითხს დიდი ალბათობით სალომე ზურაბიშვილი მოიგებს, რადგან კანონს ვეტო ბოლო დღეს დაადო და ამით პარლამენტს დასაძლევად, პრაქტიკულად, დრო არ დაუტოვა. ასეთ შემთხვევაში, კობა გვენეტაძის უფლებამოსილების ამოწურვიდან პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას შეუდგება არჩილ მესტვირიშვილი, რომელიც 2009 წლიდან ცენტრალური ბანკის საბჭოს აღმასრულებელი წევრია (ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს). ამდენად, შეიძლება მიმდინარე წლის ბოლომდე, საბჭოს წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტამდე, ეროვნულ ბანკს მოვალეობის შემსრულებლის სახით არჩილ მესტვირიშვილი მართავდეს. ასეთი გამოცდილება კი ადრეული წლებიდან უკვე არსებობს.

მაშინ, როცა 2007 წელს რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგა, 2009 წლამდე ეროვნულ ბანკს მოვალეობის შემსრულებელი დავით ამაღლობელი ხელმძღვანელობდა. გოცირიძის გადადგომის შემდეგ ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ალექსი ალექსიშვილის კანდიდატურა დასახელდა, მაგრამ მაშინდელმა პარლამენტის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ დამოუკიდებლობის ნაკლებობის მოტივით დაიწუნა. ბურჯანაძე ამბობდა, რომ უახლოეს პერიოდში მთავრობის წევრი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოზიციაზე მთავრობისგან დამოუკიდებელი ვერ იქნებოდა.

სწორედ ამ პერიოდს უკავშირდება მთელი რიგი რადიკალური ცვლილებები ეროვნული ბანკის მმართველობაში. თუკი მანამდე ძირითადი უფლებამოსილების ფარგლებში გადაწყვეტილებებს უმაღლესი კოლეგიური ორგანო – საბჭო (ქვეყნის პრეზიდენტის წარდგენით პარლამენტის უმრავლესობის მიერ არჩეული წევრები) იღებდა, 2008 წლის დასაწყისში გატარებული საკანონმდებლო ცვლილებებით, ეს ძალაუფლება ეროვნული ბანკის პრეზიდენტს გადაეცა. ცვლილებებიდან ერთი წლის შემდეგ ბანკის მმართველად გიორგი ქადაგიძე დაინიშნა.

ამრიგად, ეროვნული ბანკის მმართველობა შეიძლება ითქვას, ერთპიროვნული გახდა. ასეთ პირობებში ხელისუფლების მიერ ამ უკანასკნელზე კონტროლისთვის არა მთლიანად საბჭოზე გავლენა, არამდე მხოლოდ პრეზიდენტზეც სავსებით საკმარისი იყო.

ამგვარი მოწესრიგება არც მომდევნო წლებში შეცვლილა და დღემდე მოქმედია. შესაბამისად, კობა გვენეტაძის მმართველობაც ფულად-საკრედიტო და საზედამხედველო პოლიტიკის ინდივიდუალური გადაწყვეტილებების პერიოდია. აქედან გამომდინარე, ბანკის პრეზიდენტის საქმიანობის შეფასება ცენტრალური ბანკის შეფასებასაც გულისხმობს.

კობა გვენეტაძის საქმიანობის მთავრობისგან დამოუკიდებლობისადმი შეიძლება ბევრი კითხვები (ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე, პანდემიის პერიოდის გადაწყვეტილებები, სავალუტო ინტერვენციები) არსებობდეს, მაგრამ უპრიანია მისი მმართველობა ობიექტური ინდიკატორით – ინფლაციის დონით შეფასდეს.

ეროვნული ბანკის და შესაბამისად, მისი მმართველის უპირველესი ფუნქცია ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. თავად ფასების სტაბილურობა კი საშუალოვადიან პერიოდში (როგორც წესი, კვარტალში) ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის ფარგლებში არსებობაა. სამიზნე მაჩვენებელი კი, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის წარდგინებით, პარლამენტის მიერ განსაზღვრული წლიური ინფლაციის ნიშნულია, რომელიც ფასების ზრდის დასაშვებ დონედ მიიჩნევა. ამდენად, ბანკის ხელმძღვანელის საქმიანობა ფასდება იმით, თუ რამდენად ახლოს იყო ინფლაცია სამიზნესთან, რაც აჩვენებს – უზრუნველყოფდა თუ არა ეროვნული ბანკი ფასების სტაბილურობას.

კობა გვენეტაძის მმართველობის პირველ წელს სამიზნე ინფლაცია 5.0%-ით იყო, ხოლო ფაქტობრივი დონე, საშუალოდ, 3.8 პროცენტული პუნქტით ჩამორჩებოდა. მომდევნო წლისთვის მიზნობრივი ინფლაცია 4.0%-მდე შემცირდა, მაგრამ ფაქტობრივი, საშუალოდ, 2.0 პუნქტით აღემატებოდა.  2018 წლიდან კი სამიზნე ინფლაციის დონე 3.0%-ია, ხოლო 2019 წლის დასაწყისამდე სამომხმარებლო ფასების მეტ-ნაკლებად სტაბილური იყო.  სწორედ, 2019 წლის მარტიდან ინფლაციამ 3.0%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა და მზარდი ტრენდი შეიძინა. სამომხმარებლო ფასების წლიური ზრდა 2021 წლის მეორე ნახევრიდან გასული წლის ბოლომდე ორნიშნა იყო, რაც მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით 9.4%-ია. ამდენად, გვენეტაძის მმართველობის პერიოდში უმთავრესი ფუნქცია – ფასების სტაბილურობა უზრუნველყოფილი არ ყოფილა.

ამდენად, ეროვნული ბანკის მომავალი ხელმძღვანელის წინაშე მაღალი ინფლაციის სახით მნიშვნელოვანი გამოწვევაა, თუმცა ხელისუფლების მთავარი ამოცანა ისეთი მმართველის შერჩევაა, რომლის პირობებში ინსტიტუტის სრული კონტროლი იქნება უზრუნველყოფილი და არა ფასების სტაბილურობა.