ერთი კვირის წინათ მახათას მთის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს დავით წერედიანი, პოეტი და მთარგმნელი, რომლის შემოქმედების გარეშეც ძნელი წარმოსადგენია თანამედროვე ქართული ლიტერატურის აღმავლობა.
2017 წლის 30 მაისს თბილისის გოეთეს ინსტიტუტმა და DVV International-მა გივი მარგველაშვილის პრემია გერმანულ ქართული ლიტერატურული ურთიერთობების გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის დავით წერედიანს მიანიჭა. ეს ტექსტი პრემიის გადაცემის ოფიციალურ ცერემონიალზე წარმოთქმული სიტყვაა, სადაც მე, როგორც ლაუდაციოს ავტორს, მევალებოდა დავით წერედიანის ღვაწლის წარმოჩენა.
ვფიქრობ, არამხოლოდ იქ დამსწრე საზოგადოებისთვის, არამედ საერთოდ ჩვენი მკითხველისთვისაც საინტერესო იქნება კიდევ ერთხელ გადავავლოთ თვალი იმ უზარმაზარი მნიშვნელობის მემკვიდრეობას, რომელიც დავით წერედიანმა დაგვიტოვა.
დავით წერედიანის თარგმანებმა უამრავი ახალი სახელით, თემით, ლიტერატურული მოტივითა თუ ინტონაციით გაამდიდრა ქართული მწერლობა. მთელი მისი ცხოვრება და მოღვაწეობა ნიმუშია საყვარელი საქმის უანგარო მსახურებისა და ამ მოკრძალებულმა, განდეგილივით მცხოვრებმა ადამიანმა მართლაც განსაკუთრებულად შთამბეჭდავი და გამორჩეული ეპოქა შექმნა ქართული ლიტერატურისა და თარგმანის ისტორიაში.
არსებობს მოსაზრება, რომ პოეზია მხოლოდ პოეტმა უნდა თარგმნოს, რადგან ენის საუკეთესო მცოდნემაც კი ზუსტადაც რომ გადმოიღოს აზრი უცხო ენიდან მშობლიურზე, მაინც მოუხელთებელი დარჩება ის უამრავი ფაქიზი ნიუანსი, რაც სიტყვასა და აზრს პოეზიად აქცევს.
იქნებ, ვინმესთვის ეს მოსაზრება საკამათო იყოს, მაგრამ თარგმანის ისტორიაზე ზერელე თვალის გადავლებაც კი სწორედ ამ თვალსაზრისის სისწორეში გვარწმუნებს. დავიწყოთ იქიდან რომ ის, რაც ერთ კულტურულ და მხატვრულ ტრადიციაში პოეზიად აღიქმება, მეორისათვის, შესაძლოა, არც ისეთი პოეტური ან, პირიქით, მოჭარბებულად ხატოვანი იყოს. სწორედ, ამიტომ საჭიროა პოეტი მთარგმნელი, რომ ზუსტად ჩასწვდეს ორიგინალის არამხოლოდ ზედაპირულ შრეებს, არამედ მის დაფარულ, სიღრმისეულ ნიუანსებს და ეს ყველაფერი თავისი ენის ორგანულ, ბუნებრივ და ძალდაუტანებელ ქარგაში მოაქციოს. ასეთი მთარგმნელები ყველა ენისა და კულტურის წიაღში ცოტანი არიან, მაგრამ სწორედ ამ მცირედთა შემოქმედება დაამჩნევს ხოლმე წარუვალ კვალს ორიგინალური აზრისა და მწერლობის განვითარებას, სწორედ მათი შემოქმედება აღმოჩნდება ხოლმე ის გრუნტის წყალი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში კვებავს და ასაზრდოებს ორიგინალური თუ თარგმნილი ლიტერატურის ნიმუშებს, ხსნის და ავითარებს მშობლიური ენის ახალ-ახალ შესაძლებლობებს და საბოლოოდ, ლიტერატურის სიღრმეების ამოუწურაობაში გვარწმუნებს.
ხშირად ისეც ხდება, რომ ასეთი პოეტი მთარგმნელი უარს ამბობს საკუთარ შემოქმედებაზე და თავის ნიჭს მხოლოდ მის მიერ თარგმნილი ავტორების სრულყოფილად გააზრებასა და გადმოღებას შეალევს. ის თითქოს მთლიანად იკარგება თავისი თარგმნილი ავტორების მორევში და ყველაფერს, რაც საკუთარი ნიჭის გავითარებისათვის უნდა მოეხმარებინა, სწორედ ამ უცხო, მისგან შეიძლება საუკუნეებით დაშორებული პოეტების ათვისებასა და პოპულარიზაციას მიუძღვნის. არის რაღაც მისტიკური ამ შემოქმედებით თვითშეწირვაში, თუმცა თვითონ ასეთი ტიპის პოეტი მთარგმნელისათვის ალბათ, არასოდეს დადგება საკითხი, რას რის საპირწონედ გაიღებს, მისთვის თარგმანიცა და ორიგინალური ლიტერატურაც ერთიანი, განუყოფელი პროცესია და ამ გადასახედიდან საკუთარ თავსა და ადგილს, უფრო სწორად, პოზიციას, თუ საიდან ეხმარება ამ პროცესის გამდიდრებასა და გაღრმავებას, არც ისე დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.
ასე რომ არ იყოს, ჩვენ მეოცე საუკუნეში გვეყოლებოდა ძალიან დიდი პოეტი დავით წერედიანი, რომელიც თავისი ორიგინალური არაჩვეულებრივი პოეზიით უსათუოდ დარჩებოდა ქართული ლიტერატურის ისტორიაში, მაგრამ არ გვექნებოდა უამრავი ევროპელი ავტორის, უპირველესად კი, ფრანსუა ვიიონისა თუ იოჰან ვოლფგან გოეთეს კონგენიალური ქართული თარგმანები.
ამიტომ, ვერავინ გეტყვით დაზუსტებით, სად ჩანს უფრო მონუმენტურად თვითონ დავით წერედიანი, თავის ერთი ბეწო, მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვან პოეტურ კრებულში ,,ორიონი“ თუ იმ უამრავ თარგმანში, რომელიც მიუხედავად სოლიდური მოცულობისა არსად ტოვებს ნაჩქარევობის, გულგრილი ან ზერელე დამოკიდებულების შთაბეჭდილებას.
წერედიანისათვის, თუკი თარგმანს ხელს მოჰკიდებს, ერთნაირად მნიშვნელოვანია ყველა ავტორი და ბოლომდე იხარჯება, რომ მაქსიმალურად გახსნას თვითონ ამ ავტორთა შესაძლებლობები. მკითხველს სრული წარმოდგენა შეუქმნას ავტორზე და არა – საკუთარ თავზე, დატკბეს და სხვასაც მოაწონოს ის, რაც გამორჩეულია თავის ენობრივ გარემოში და აქცენტირებულად თარგმნოს სწორედ ის დეტალები, რომლითაც ესა თუ ის ნიმუში გამორჩეული გამხდარა ორიგინალური ლიტერატურისათვის. ამიტომაც თარგმანის პროცესი დავით წერედიანის რანგისა და ყაიდის მთარგმნელებისათვის არასოდეს არის ორიგინალთან ქიშპისა თუ შეჯიბრის პროცესი, თუ მაინცდამაინც ეს არის ავტორთან თანამშრომლობის, თანამოაზროვნეობის, თანაგანცდის უმაღლესი ზნეობრივი და ინტელექტუალური აქტი.
ასეთი აქტისათვის საკმარისი არ არის მხოლოდ დიდი ლიტერატურული განათლება ან შრომისმოყვარეობა, რაც თავისთავად იგულისხმება, მაგრამ ცხადია, მაინც უქმი იქნებოდა, მთავარი რამის – ელვარე შემოქმედებითი ნიჭისა და დიაპაზონის გარეშე. სწორედ ამ ფართო ლიტერატურული დიაპაზონის წყალობით, ახერხებს დავით წერედიანი, გარდაისახოს ყველა იმ ავტორად, რომლის ნაწარმოების ქართულ ენაზე თარგმანსაც დააპირებს. იქცეს ხან ქართველ გოეთედ და ხანაც ქართველ ფრანსუა ვიიონად.
ამ მხრივ, თარგმანის პროცესი, საერთოდაც ძალიან მოგვაგონებს მსახიობის ოსტატობას, უფრო სწორად, სიტუაციას, როცა შენ შენ ხარ, მაგრამ განასახიერებ სხვა, ზოგჯერ, შესაძლოა, შენგან დიამეტრალურად განსხვავებულ მეორე ადამიანს. რაკი თეატრთან პარალელი მოვიშველიეთ, აქვე ბარემ ისიცა ვთქვათ, რომ ე. წ. ამპლუის მსახიობების მსგავსად არსებობენ ,,ამპლუის მთარგმნლებიც“, რომლებიც შესანიშნავად თარგმნიან ერთ ლიტერატურულ ნიმუშსა თუ მწერალს, მაგრამ მერე ყველაფერს, რაც გინდა თარგმნონ, ამ პირველი წარმატებული მცდელობის თარგზე ჭრიან. ამას კი ე. წ, ,,მთარგმნელის ორიგინალური სტილის“ თეორიით ამართლებენ.
მათგან განსხვავებით, დავით წერედიანი დიდი თვალსაწიერის მთარგმნელია, იმ ბუმბერაზი მსახიობივით, რომელსაც თანაბარი ოსტატობით ხელეწიფება შექმნას დაუვიწყარი სახე თავისი ხელოვნების ყველა დარგსა და მიმართულებაში, ერთნაირად ღრმა და ყოვლისმომცველი იყოს კომედიისა თუ ტრაგედიის ჟანრში, არასოდეს იაროს ერთხელ გათელილი გზით და ეძებოს თვითგამოხატვის მუდამ ახალი და ორიგინალური მეთოდები.
ასეთი მთარგმნელები მთელი ცხოვრება გვერდით მოგყვებიან ადამიანს, ხელს გაშველებენ, ფეხზე გაყენებენ და გასწავლიან უამრავ რამეს, რითი შეიარაღებულიც ცხოვრებისეულ გამოწვევებს უფრო მხნედ და იოლად დაუხვდები, ყოველ შემთხვევაში, ასეთი ადამიანი აღმოჩნდა დავით წერედიანი ბევრის და მათ შორის ჩემი ცხოვრებისთვის.
დაუვიწყარი გახდა მაშინვე, როცა დაახლოებით 6-7 წლის ასაკში მის მიერ თარგმნილი ძმები გრიმების ზღაპრების განსაკუთრებულად მნიშვნელოვან თარგმანს გავეცანი.
მკითხველი საზოგადოებისათვის კარგად არის ცნობილი, რომ ძმები გრიმების ზღაპრები ქართულად ბევრ მთარგმნელს გადმოუღია და მათგან ალბათ, ყველაზე გამორჩეული ამ ზღაპრების პირველი მთარგმნელის დიდი ქართველი მწერლის, ნიკო ლორთქიფანიძის თარგმანები იყო. თავისთავად ფაქტი, რომ ნიკო ლორთქიფანიძემ, მოიცალა გრიმების ზღაპრებისთვის, 12 ზღაპარი თარგმნა და ცალკე წიგნად გამოსცა, ბევრ რამეზე მეტყველებს.
ჩვენს საოჯახო ბიბლიოთეკაში ინახებოდა ეს არაჩვეულებრივი გამოცემა, რომელმაც სიყმაწვილის ასაკში, ალბათ ბევრი ქართველი მოზარდის მსგავსად, მეც გამიღო არამხოლოდ ზღაპრისა და ზღაპრული მხარის, არამედ დიდი გერმანული კულტურისა და ლიტერატურის კარიბჭე და სანდო მეგზურივით შემიძღვა ამ საოცარ სამყაროში.
ნიკო ლორთქიფანიძემვე განსაზღვრა ძმები გრიმების ზღაპართა ქართული თარგმანის სტილისტიკა და შემდგომი დროის მთარგმნელებიც – თითოეული თავისი ნიჭისა და ცოდნის შესაბამისად – მეტნაკლებად ამ განსაზღვრული სტილისტიკის ტყვეობაში აღმოჩნდნენ, მიჰყვნენ ამ გეზს და ხშირ შემთხვევაში მკითხველს ბევრი შესანიშნავი ნიმუშიც შემოგვთავაზეს. მაგრამ სრულიად გამორჩეული იყო და არის ძმები გრიმების ზღაპრების დავით წერედიანისეული თარგმანები.
ცხადია, ბავშვობაში, ვერ ვაცნობიერებდი, რატომ მიმიწევდა გული განსაკუთრებით ორი მთარგმნელის – ნიკო ლორთქიფანიძისა და დავით წერედიანის ნამუშევრისაკენ, რის მიხედვით გამოარჩევდა ბავშვის გონება და ფანტაზია სწორედ ამ ორი მთარგმნელის ნამოღვაწარს და რატომ მოქმედებდა ის ასე ძალუმად ჩემს ფიქრსა და გრძნობაზე.
მსოფლიო ხალხთა ზღაპრების სერიით გამომცემლობა ნაკადულში, 1969 წელს დასტამბული ,,გერმანული ზღაპრების“ ამ სოლიდურ კრებულში წარმოგენილი ნიმუშები დავით წერედიანმა ჯემალ ქარჩხაძესთან ერთად თარგმნა. მოგვიანებით, როცა ქარჩხაძის შემოქმედების მნიშვნელობა გავიაზრე, იმასაც მივხვდი, როგორ თურმე როგორ გაუმართლა განიალურ გერმანელ ძმებს ქართველ მთარგმნელებში ერთი მხირვ ნიკო ლორთქიფანიძე, მეორე მხრივ ჯემალ ქარჩხაძე – ქართული პროზის ორი ნიშანსვეტი და მათ შორის – დავით წერედიანი – დიდებული პოეტი და მთარგმნელი.
ახლა რომ ვფიქრობ, ბავშვობაში ყველაზე მეტად ჩემზე ამ ზღაპრებში ჩართული და წერედიანის მიერ ოსტატურად გადმოღებული პოეტური ჩანართები მოქმედებდა. ხალხური შემოქმედების ნებისმიერი ნიმუშის მსგავსად, ეს ლექსებიც გარეგნულად ძალიან მარტივი და უბრალო იყო, მაგრამ ახლა ზუსტად ვიცი, რამხელა ნიჭი და შრომა სჭირდება მთარგმნელს, სწორედ ამ გარეგნული სიმარტივისა და უბრალოების, ამ ჭეშმარიტად ხალხური სილაღის შესანარჩუნებლად.
მოგვიანებით, როცა დავით წერედიანმა ძმები გრიმების ზღაპრები სამ მოზრდილ ტომად გამოსცა, მე უკვე სტუდენტი, ანუ ზღაპრების ასაკიდან კარგა ხნის გამოსული ვიყავი, მაგრამ ამ ზღაპრებს ჩემს უმცროს დისშვილებს ვუკითხავდი და მათთან ერთად ვტკბებოდი მთარგმნელის ხელოვნებით. 1990 წლებში ეს ზღაპრები ზეპირად ჩემმა დისშვილებმა, 2000-იანი წლების დასაწყისში კი უკვე ჩემმა შვილებმა დაისწავლეს და ამრიგად, დავით წერედიანის არაჩვეულებრივმა ნამოღვაწარმა თითქმის სამი თაობა გაგვაერთიანა, ისე, რომ პირადად ჩემთვის მის ნამუშევარს არცერთ ასაკში არ დაუკარგავს ის პირველქმნილი მიმზიდველობა და სიღრმე, რაც დიდ ლიტერატურას თავისთავად უნდა ახასიათებდეს.
ამასობაში კი მე წერედიანის კიდევ ერთმა სიღრმემ ჩამითრია: მისმა ფრანსუა ვიიონმა, რომელიც დღეს სამართლიანად ითვლება ქართული მთარგმნელობითი ხელოვნების ერთ-ერთ გამორჩეულ მწვერვალად. ვიიონიც ქართულად ბევრ გამორჩეულ მთარგმნელს გადმოუღია, მათ შორის, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ისეთ მნიშვნელოვან პოეტს, როგორიც გივი გეგეჭკორი იყო. ფრანგულის შესანიშნავად მცოდნე გივი გეგეჭკორმა არაჩვეულებრივად თარგმნა ფრანგული პოეზიის არაერთი ნიმუში, მათ შორის, ფრანსუა ვიიონიც, მაგრამ ფრანსუა – ეს ყაჩაღი პოეტი, მხოლოდ დავით წერედიანს გაემხილა მთელი თავისი ბრწყინვალებითა და დიდებულებით.
ცხადია, ჩემი მიზანი სრულებითაც არ არის ორი დიდი პოეტის – გეგეჭკორისა და წერედიანის – დატოლება თუ შეჯიბრება. ჩემთვის ამ ორი თარგმანის შედარებით მხოლოდ იმ ჭეშმარიტებაში დარწმუნება შეიძლება კიდევ ერთხელ, რომ ერთი და იგივე ნაწარმოები სხვადასხვა მთარგმნელის ხელში სხვადასხვაგვარი წახნაგითა და დიდებულებით შეიძლება გაბრწყინდეს, ორმა ნამუშევარმა ერთმანეთს ტოლი არაფერში დაუდოს, მაგრამ თვითონ ავტორმა ერთი მათგანი აირჩიოს, ერთს გადმოუშალოს თავისი გულისა და შემოქმედების მთელი სიღრმეები.
გოეთეს ფაუსტამდე სწორედ ამის გამო მიიჩნევდნენ დავით წერედიანს ფრანსუა ვიიონის მთარგმნელად, იმის მიუხედავად, რომ მან ვიიონამდეც და ვიიონის შემდგომაც უამრავი რამ თარგმნა და არცერთი ეს თარგმანი რიგითი, ჩვეულებრივი და საშუალო ნამუშევარი ნამდვილად არ ყოფილა: პირიქით, ყველა განსაკუთრებული და გამორჩეული ნიმუში იყო და ბევრ მათგანს ახალ სიცოცხლეს სწორედ მთარგმნელის ენერგია და უნარი ანიჭებდა.
მაგალითად, დაუვიწყარია დავით წერედიანის მიერ თარგმნილი თანამედროვე ფრანგი ბელეტრისტის პასკალ კინიარის მოთხრობა ,,ყოველი დილა ქვეყანაზე“, სადაც მთარგმნელმა თავზე სტილური მრავალფეროვნების ისეთი ფოიერვერკი გადმოგვაფრქვია, რამაც თვით ფრანგული პროზის დიდი ტრადიციებიც კი გაახუნა და უკან მოიიტოვა. ყველგან, მაგრამ სწორედ კინიარის ამ მოთხრობის ქართულ თარგმანში მკაფიოდ ჩანს ერთი შემოქმედებითი თავისებურება, რომელიც უხვად აქვს მიმადლებული წერედიანს. სწორედაც მიმადლებული, რადგან ჩემი აზრით, სამწერლო ხელოვნებაში ყველაფრის სწავლა შეიძლება ამის გარდა. ეს უნარი თანდაყოლილია და თუ ლიტერატორის ნიჭზე ვილაპარაკებთ, ამ ნიჭიერებას უპირველესად სწორედ აღნიშნული უნარის მეტ-ნაკლებობა განსაზღვრავს. ვგულისხმობ სტილის ისეთ შეგრძნებას, როდესაც მწერალმა იცის, უფრო სწორად, უტყუარი გუმანით გრძნობს, როგორ გადავიდეს ერთი ტონალობიდან მეორე ტონალობაში, ერთი თემიდან მეორე თემაზე, ერთი რაკურსიდან მეორე რაკურსზე ისე, რომ ამით არც ტექსტის მთლიანობა არ დაარღვიოს და არც სტილური ქსოვილის უხეშ საკრებელში გამოგვბლანდოს. ამისათვის აბსოლუტური მუსიკალური სმენის მსგავსად აბსოლუტური ლიტერატურული სმენაა საჭირო და ასეთი სმენით გამორჩეული ცოტა ვინმე თუ მეგულება არამხოლოდ ქართულ არამედ მთელს მსოფლიო მწერლობაში.
არადა, დავით წერედიანის სწორედ ეს უნარი გამოვლინდა, უპირველეს ყოვლისა, გოეთეს ფაუსტის ქართულ თარგმანში, რომლის შემდეგაც წერედიანი ქართველი მკითხველისათვის პირველ რიგში გოეთეს მთარგმნელი, ან უფრო სწორად ფრანსუა ვიიონისა და იოჰან ვოლფგან გოეთეს მთარგმნელი გახდა.
ცნობილია, რომ ფაუსტი იოჰან ვოლფგანგ გოეთეს მთავარი ნაწარმოებია, რომელსაც იგი თითქმის მთელი სიცოცხლის განმავლობაში წერდა: პოემის პირველი ნაწილი 1808 წელს, ხოლო მეორე ნაწილი, 1832 წელს გამოქვეყნდა, მაგრამ მთლიანი ნაწარმოების საბოლოო ვარიანტი, რომელზეც გოეთე 60 წლის განმავლობაში მუშაობდა, მხოლოდ ავტორის გარდაცვალების შემდეგ დაიბეჭდა.
თვითონ გოეთეს სიტყვებით, ,,ჩანაფიქრი, რომელიც ღრუბელივით იცვლიდა ფორმას“, საბოლოოდ ურთულესი პოლიფონიური თხზულების სახით მოგვევლინა, რომელშიც ერთმანეთს ელვისებური სისწრაფით ენაცვლება ნაირგვარი პოეტური რიტმი და სალექსო საზომი, ტონი და ნახევარტონი, ძირითადი თემა და ამ ძირითადს დაქვემდებარებული უამრავი გვერდითი მოტივი, რომლებიც პატარ-პატარა ნაკადულებივით მირაკრაკებენ და ოსტატურად ერთიანდებიან ტექსტის დედამდინარის მთავარ კალაპოტში. ყველა ეს ნაკადული, თავისებურად, ერთმანეთისაგან განსხვავებულად ხმიანებს და ეს ქმნის სწორედ გერმანული ტექსტის საოცარ პოლიფონიას, რომლის სხვა ენაზე, უდანაკარგოდ და ზუსტად გადმოტანა წარმოუდგელ და განუხორციელებელ ამოცანად დარჩებოდა, ამ ენას დავით წერედიანი რომ არ ჰყოლოდა.
სრულებითაც არ მინდა ვინმემ ეს სიტყვები მხოლოდ ლაუდაციოს ჟანრულ კანონზომიერებებს მიაწეროს. ცხადია, ლაუდაციო იმისათვის იწერება, რომ ღირსეული შევაქოთ, მაგრამ არის შემთხვევები, როცა თვით ხოტბასაც კი სრულებითაც არ ძალუძს გამოხატოს ქების ობიექტის ნამდვილი ღირსებები.
დავით წერედიანი მაღლა დგას ყოველგვარ ქებაზე, რადგან სწორედ ყოველმხრივ ქებასა და დაფასებას იმსახურებს, თანაც მისი ქებით არც ვინმეს ღვაწლის გაფერმკრთალება მოხერხდება, ასეთი რამ მიზნადაც რომ გქონდეს დასახული, რადგან დავით წერედიანის მონუმენტური ფიგურა თავისთავში კრებს ყველა ღირსებას, რაც ლიტერატურას შეიძლება გააჩნდეს, ამიტომაც მისი ნამუშევრების ფონზე მისი წინამორბედების ნამოღვაწარი კი არ ხუნდება, სრულიად ახალი ელფერით გამოიკვეთება. ასეთი რამ მოხდა გოეთეს ფაუსტის ქართული თარგმანის შემთხვევაშიც.
ცნობილია, რომ იოჰან ვოლფგან გოეთეს ფაუსტი წერედიანამდე ქართულად სამჯერ ითარგმნა და გამოიცა: პირველად – 1908 წელს პეტრე მირიანაშვილის მიერ თარგმნილი სრული ტექსტი, მეორედ დავით ონიაშვილის თარგმანი – 1927 წელს დაბეჭდა „სახელგამმა“ და 1962 წელს ხელახლა გამოსცა ,,საბჭოთა საქართველომ“, რომელსაც ახლდა ცნობილი გერმანისტების დავით ლაშქარაძისა და ოთარ ჯინორიას წინასიტყვაობა და კომენტარები და მესამე – 1987 წელს, გამომცემლობა „მერანში“ დასტამბული გიორგი ჯორჯანელის თარგმნილი ნაწარმოების პირველი ნაწილი, რომელსაც ირაკლი ფარჯიანის არაჩვეულებრივი ილუსტრაციები ამშვენებდა.
სამივე ეს თარგმანი მართლაც საეტაპო იყო იმდროინდელი ქართული კულტურული ცხოვრებისათვის და ცხადია, უაღრესად მნიშვნელოვანია ყოველგვარი მცდელობა, რაც იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ქართულად ამეტყველებისათვის იყო გამიზნული, მაგრამ თუკი შეგვიძლია ნაწარმოების ორეულზე ლაპარაკი, ალბათ მაინც მხოლოდ დავით წერედიანის თარგმანის შემთხვევაში.
საერთოდ, თარგმანს ხშირად ადარებენ ხოლმე გადმობრუნებულ ხალიჩასა თუ ხალიჩის შიდაპირს, რომლის მიხედვითაც მხოლოდ ძალზე მკრთალი წარმოდგენა თუ გვექმნება ხალიჩის გარე პირზე. მაგრამ თუ ამ მოარულ გამონათქვამს, დავით წერედიანის თარგმანზე განვავრცობთ, მაშინ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ეს ისეთი ოსტატური ნაქსოვია, სადაც ქსოვილის ჰაეროვნებისა და სიფაქიზის გამო, შიდაპირიდანაც სავსებით მკაფიოდ ჩანს ამ ფერადოვანი და უმდიდრესი ხალიჩის გარე პირი.
წერედიანის თარგმანში ქართული პროსოდიის უმდიდრესი შესაძლებლობები თითქმის ბოლომდეა ათვისებული და გამოყენებული. ტექსტში ერთმანეთს ენაცვლება უარავი საზომი: რეფლექსიური ინტონაციის კლასიკური ათმარცვლიანით დაწყებული სრულიად ნოვატორული დაქტილური პოლიმეტრიით დამთავრებული, რომელშიც ქართული პროსოდიისათვის უჩვეულოდ პირველი სტრიქონი ცამეტმარცვლიანია, მეორე შვიდი, მესამე თერთმეტი და ასე შემდეგ, შედეგად კი ვიღებთ ქართულისათვის უცხო და უნიკალურ რიტმულ სქემას, რომელიც ყურს მაინც არ გვჭრის, რადგანაც დიდი ოსტატობითაა ჩაწერილი რიტმებისა და ინტონაციების თავბრუდამხვევ კალეიდოსკოპში.
საგანგებო აღნიშვნის ღირსია ის სიფაქიზე თუ ოსტატობა, რომლითაც თითოეული ეს რიტმი და საზომი ერთმანეთს ენაცვლება, უფრო სწორად კი, ერთმანეთში გადადის. სწორედ ეს არის დავით წერედიანის პოეტური ხელოვნების უმთავრესი საიდუმლოც – ისე გადაწნას ერთურთს განსხვავებული ინტონაციები, რომ არცერთ მონაკვეთში ნაძალადევობის განცდა არ დაგიტოვოს, პირიქით, ბუნებრივად, თავის ადგილას ააჟღეროს ყველა ეს საკრავი და ლიტერატურული ნაწარმოები სიმფონიური მუსიკის შედევრს ან კლასიკურ ოპერას დაამსგავსოს.
როდესაც თარგმანის სიზუსტეზე ლაპარაკობენ, ალბათ, სწორედ ასეთი ინტონაციური სიზუსტეა ხოლმე მნიშვნელოვანი, რასაც ხშირად უგულებელყოფენ ან მეორე ადგილას აყენებენ აზრობრივ სიზუსტესთან შედარებით. თუმცა აზრი მხატვრულ ლიტერატურაში მხოლოდ მაშინ ფასობს, როდესაც მასში ესა თუ ის ემოცია ამა თუ იმ აქცენტის მეშვეობით არის ხაზგასმული. სხვა შემთხვევაში, ის ნეიტრალური, ერთგვარად სტერილური რჩება და კარგავს სისხარტეს, რაც ასეთი აუცილებელია მხატვრული სიტყვიერებისათვის.
თუმცა არსებობს წიგნის მკითხველთა ერთი განსაკუთრებული ჯიში, რომელიც პარალელურად უცხო ენის ცოდნასაც აქტიურად იჩემებს. ასეთები რატომღაც გადაწყვეტენ ხოლმე თარგმანის დედანთან შედარებას და იმგვარ პრობლემებზე, რაც თარგმანის თეორიის, როგორც ლინგვისტიკის დარგის, ფუნდამენტურ საკითხებს წარმოადგენს და, სხვათა შორის, ერთიანი აზრი მათზე მკვლევარ-მეცნიერთა შორისაც არ არსებობს, თავის ეჭვშეუვალ და კატეგორიულ მოსაზრებებს გვასმენინებენ.
ვაი მთარგმნელის ბრალი, თუ სადმე სიტყვა-სიტყვით არ გაიმეორა დედნისეული სინტაქსური კონსტრუქცია, ანდა, ვთქვათ, საკუთარი ენის (ამ შემთხვევაში – ქართულის) ბუნების შესაბამისად გამოტოვა ორიგინალში არსებული რომელიმე ნაცვალსახელი.
საუბარია თუნდაც იმ ტიპის წინადადებებზე, სადაც ქართულში, მაგალითად, ყველა პირი თვითონ ზმნა-შემასმენელშივეა გამოხატული, ანალიზური წყობის ენებისათვის კი ასეთი რამ შეუძლებელია, თუკი წინადადებას ნაცვალსახელები არ ჩაერთვის.
და ასე ჰგონიათ თარგმანი: ,,მან მას ირონიულად გადახედა“ ანდა: ,,მიუგო მან მას, რომ იგი…“
ცხადია, ნებისმიერი კარგი მთარგმნელისა და მით უმეტეს, გენიოსი მთარგმნელის მსგავსი მიდგომით შეფასება არასერიოზული და ღიმილის მომგვრელია.
წერედიანთან ასეთ რამეს ვერსად წააწყდებით, თუ პერსონაჟის მეტყველებამ საგანგებო ღვარჭნილობა და ჩახლართულობა არ მოითხოვა. ეს კი სრულებით სხვა საკითხია და უკავშირდება ლიტერატურული ტექსტის სტილისტიკის იმ უფაქიზეს აღქმას, სადაც ყველა სიტუაციიდან გამომდინარე ამ ვითარებისათვის შესაბამისი ენობრივი პლასტები გვაქვს გააქტიურებული.
სხვათა შორის, თვითონ დავით წერედიანისაგან მახსოვს პირად საუბარში დასმული ასეთი ირონიული შეკითხვა: ,,არ მესმის, რითია ცუდი ქართული, ვთქვათ, ფრაზა: ,,ცნობა ეძლევა მასზედ, რომ“…
რასაკვირველია, წერედიანს მაშინ ძალიან კარგად გავუგე, ნათქვამის გამჭვირვალე ქვეტექსტი გულისხმობდა იმას, რომ ეს ერთი შეხედვით მოუხეშავი ფრაზა ქართული საკანცელარიო მეტყველების მოუცილებელ თუ აუცილებელ ელემენტს რომ წარმოადგენდა გარკვეულ ისტორიულ ეპოქასა და პერიპეტიებში, ზუსტად გადმოსცემს არამხოლოდ აზრს, არამედ ამ ისტორიული ეპოქის ერთგვარ საკანცელარიო ლინგვისტურ განწყობას, რაც შეიძლებოდა ადამიანს დაუფლებოდა მხოლოდ კონკრეტული საბუთის კითხვისას, განსაზღვრულ ეპოქასა და სიტუაციაში.
წამოჭრილ პრობლემასვე უკავშირდება პერსონაჟის მეტყველების თავისებურებების მხატვრული ასახვა ლიტერატურულ ტექსტში. სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, შეუძლებელია განსხვავებული სოციალური წრისა თუ განათლების პერსონაჟებმა ერთი და იმავე ენით იმეტყველონ.
ძალზე საინტერესოა, რომ დავით წერედიანის ,,ფაუსტის“ ქართულ თარგმანში პერსონაჟთა მეტყველება, სხვა უამრავ საშუალებასთან ერთად, უპირველესად, სალექსო პროსოდიის თავისებურებების უზუსტესი არჩევანით არის აქცენტირებული და თუკი დოქტორი შედარებით მძიმე, ცხრამარცვლიანი საზომით მეტყველებს, ხალხური ან ქალაქური მეტყველებისათვის მთარგმნელს შედარებით დემოკრატიული, ქართული ხალხური ლექსის ძირითად საზომებთან მიახლოებული ლექსითი მეტრიკა აქვს შერჩეული.
აქვე საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ერთი, ჩემი აზრით, უაღრესად მნიშვნელოვანი რამ, წეღან, როცა ,,ფაუსტის“ ქართული თარგმანის ტრადიციას შევეხეთ, ვთქვით, რომ სამივე ამ წინა თარგმანმა გარკვეული კვალი დააჩნია მთელ თაობებს და ბევრი ფრაზა ამ თარგმანებიდან ისეთი საყოველთაო გახდა, რომ მირიანაშვილის ვერსიიდან ჯერ ონიაშვილის ვარიანტში, ხოლო ონიაშვილის ვარიანტიდან ჯორჯანელის თარგმანში თითქოსდა ძალზე ორგანულად და ბუნებრივად გადავიდა. მაგალითად, ,,შეჩერდი, წამო! შენ ისეთი მშვენიერი ხარ!“ ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ ხსნებულ ფრაზას სხვაგვარად ვერაფრით ვერ გადმოიტანდი და, როგორც ხშირად უყვართ ხოლმე თქმა, – ,,ასე დაწერდა მას გოეთე, ქართველი რომ ყოფილიყო“. დავით წერედიანმა აღნიშნული ფრაზის სხრულიად ახლებური, ჩემი აზრით, ქართულისათვის ბევრად უფრო ბუნებრივი, მოქნილი და პოეტური ვარიანტი შემოგვთავაზა: ,,შეყოვნდი, წამო! ხარ მშვენიერი!“ პირველი სიტყვის ბგერწერა ,,შეყოვნდი“ ქართულში ბარბაცის, ბორძიკის, ამოყირავების პირას დგომის შთაბეჭდილებას ტოვებს, ხოლო ფრაზის სისხარტე საერთოდ დროის სისწრაფისა თუ ჟამის მსხლტომი ბუნების უხანობას გვაგრძნობინებს.
მე საგანგებოდ არ მომიხმია ციტატები წერედიანის თარგმანიდან, რადგან ასე რომ მოვქცეულიყავი, მაშინ მთელი თარგმანის პატიოსნად პირწმინდად გადაწერა მომიწევდა: აქ თითოეული პასაჟი შედევრია, თითოეული მხატვრული ხერხი ორიგინალური მიგნება და საერთოდ, ნამუშევარი კი არის ქართული ენის დღესასწაული, რადგან ამ წიგნის ყდებში ორი თანასწორი ენა და კულტურა – ქართული და გერმანული, გერმანული და ქართული – ერთმანეთს ძმებივით თუ მიჯნურებივით ეხვევიან.
თარგმანის მხოლოდ პირველ ნაწილზე მუშაობისათვის წერედიანს თითქმის 30 წელიწადი დასჭირდა. წიგნი რამდენიმე წლის წინათ დაისტამბა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობაში და გამოცემისთანავე დიდ ლიტერატურულ მოვლენად იქცა. მიიღო ლიტერატურული პრემია ,,საბა“ წლის საუკეთესო თარგმანისათვის და რაც მთავარია, დაიმსახურა მკითხველის ისეთი დიდი სიყვარული და ინტერესი, რომ წერედიანი და ,,ფაუსტი“ ქართველის წარმოდგენაში ერთ მთლიანობად იქცა.
ამასობაში პოემის მეორე ნაწილიც დასრულებულია და მალე ყველას მასთან შეხვედრის ახალი სიხარულიც გველის.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ამქვეყნად ყოველი ჯილდო და აღიარება პირობითია, მაგრამ მაინც ძალიან სასიხარულოა, როცა დიდი მნიშვნელობის პრემია ღირსეული ადამიანის კუთვნილება ხდება. მიხარია, რომ გივი მარგველაშვილის პრემიამ ერთმანეთს წელს ორი ბუმბერაზი შეახვედრა, ქართული კულტურის ორი უმნიშვნელოვანესი ბურჯი, რომელთაგან ერთი გივი მარგველაშვილი საერთოდ გერმანულ ენასა და სააზროვნო სივრცეს წარმოადგენს, ხოლო მეორე – დავით წერედიანი – მთელი თავისი ცხოვრება აქტიურად ირჯება ამ კულტურის ქართულ ნიადაგზე, ქართულ ენაზე ათვისებისათვის.
მჯერა, სანამ იქნება გერმანელი ერი, მანამდე იარსებებს გოეთეს ფაუსტი. უფრო ზუსტად, სანამ იარსებებს გოეთეს ფაუსტი, მანამდე იქნება გერმანელი ერი, და ასევე: სანამ იარსებებს საქართველო, მნიშვნელობას არ დაკარგავს წერედიანის ქართული ,,ფაუსტიც“.