ფემინისტი დიასახლისი ► ფემინსტრიმი

პუბლიკა

თამთა თათარაშვილის პოდკასტი: 

ამ პოდკასტს საშინაო და ზრუნვის შრომას ვუძღვნი. საკითხებს, რომლებიც ფემინისტურ დღის წესრიგში ერთ-ერთი ნაკლებად განხილული და წინააღმდეგობრივია. პრობლემის ზუსტი არტიკულირებაც კი დღემდე სირთულეს წარმოადგენს, რადგან ოჯახურ ყოველდღიურობაში საშინაო შრომის პროცესი და ემოციური კავშირები მათთან, ვისზეც ვზრუნავთ იმდენადაა ერთმანეთში გადაჯაჭვული და ერთმანეთით განპირობებული, რომ მათი განცალკევებით განხილვა პრობლემურია და ასეც სახელდება „საშინაო, ზრუნვის და ემოციური შრომა“. თუმცა, ასევე, არსებობს, მაგალითად, ინსტიტუციებში – საავადმყოფოებში, ბაგა-ბაღებში და ა.შ. ზრუნვის შრომა, ან ანაზღაურებადი საშინაო შრომა, რომელიც ზრუნვის ემოციური დატვირთვისგან, შესაძლოა, ზოგჯერ თავისუფალი იყოს. მათ მე აქ არ შევეხები. ამჯერად ოჯახის საზღვრებით შემოვიფარგლები და იმ არაანაზღაურებად შრომაზე ვილაპარაკებ, რომელიც ძირითადად ქალებს მიეწერებათ ხოლმე მოვალეობად. ქვემოთ მოტანილი ტექსტი არის ერთგვარი, ფრაგმენტული აღწერა ჩემი, როგორც ფემინისტი ქალის დიასახლისობის გამოცდილებისა. იმ წინააღმდეგობებისა, რომლებსაც ამ ორი პირობის – ფემინიზმისა და დიასახლისობის – ერთ დროსა და სივრცეში თანაარსებობა წარმოშობს.

ფრაგმენტი I

ეს ტექსტი 5 წლის ბავშვთან ერთად, სხვა ზრდასრულის გარეშე, ორკვირიან თვითიზოლაციაში დაიწერა. „ფემინისტი დედის დღიურების“ პროექტის წამოწყების შემდეგ უკვე მერამდენედ აღმოვჩნდი იმ პირობებში, რომლებზეც, ერთი მხრივ, მინდა ვწერო, მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ ეს პირობები, ანუ დიასახლისი დედის მოვალეობები, საწერად ძალიან ცოტა დროს მიტოვებს. მცირეწლოვან ბავშვთან იზოლირება გარდა რუტინული ზრუნვის სამუშაოს შესრულებისა, გულისხმობს ასევე გამუდმებულ ემოციურ დატვირთვას, როცა გარესამყაროსგან მოწყვეტით გამოწვეული სტრესი საკუთარი თავის გარდა მეორე, პატარა ადამიანის მაგივრადაც უნდა მართო, რადგან მას საკუთარი რესურსი საამისოდ არ გააჩნია და მთლიანად ზრდასრულზეა დამოკიდებული.

ბავშვის გაჩენის შემდეგ ზრუნვის შრომაში შესასრულებელი ამოცანები პრიორიტეტულობის მიხედვით ლაგდება, მაგალითად, პირველ რიგში, ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებაა და მხოლოდ ამის შემდეგ – ზრუნვა-განვითარების მოთხოვნილებებზე, ანუ, თუ ბავშვი მშიერი ან გამოუძინებელია, ის ვერ შეძლებს ფაზლის მშვიდად აწყობას. ჩემთვის დიდხანს გადაუჭრელი საკითხი იყო საკუთარ თავზე ზრუნვის ადგილი ამ პრიორიტეტებს შორის. ჩვენს კულტურაში დედის მხრიდან საკუთარ თავზე ზრუნვის მიუღებლობა ჩემს აღქმაზეც მოქმედებდა. დიდხანს თვითზრუნვის ერთადერთი ფორმა მხოლოდ გამოძინების მცდელობები იყო „დაიძინე სანამ ბავშვს სძინავს“ მოწოდების თანახმად (თუმცა, ეს ტექნიკა ყოველთვის არ ამართლებდა, რადგან სანამ ბავშვს ეძინა ათასი სხვა რუტინული სამუშაო იყო მოსასწრები, რომელთა გადამისამართება არავისთან შემეძლო). დროთა განმავლობაში, აღმოჩნდა რომ ჩემი ფსიქიკური და ემოციური რესურსიც ამოწურვადი ყოფილა და მათზე ზრუნვას, ხანდახან, პრიორიტეტთა თანმიმდევრობის გადაწყობა-გადალაგება სჭირდება და ახლა, ხუთწლიანი გამოცდილების შემდეგ, არის  ჩვენს ცხოვრებაში დღეები, როცა ყველაზე პრიორიტეტული ჩემს თავზე ზრუნვაა. ასეთ დროს ზოგიერთ გადაუდებელ საზრუნავს ქმარი და შვილი შეძლებისდაგვარად ინაწილებენ, დანარჩენს კი უბრალოდ დროებით ვივიწყებთ.

ფრაგმენტი II

როდესაც საქსოვად ვჯდები, ეს ჩემი დროა. სახლში ყველაზე მოხერხებულ ადგილს ვარჩევ, ფეხებს მოვიკეცავ და ყაისნაღის ჩხირს ვიღებ ხელში.

ზაფხულია, ძალიან ცხელა და საქსოვად ყველაზე თხელი ძაფი მაქვს შერჩეული. ქსოვის პროცესში საკუთარ თითებს ვაკვირდები, რომლებშიც გაჭირვებით ვახერხებ თხელი ძაფის მოხელთებას, ვუყურებ როგორ მისრიალებს ძაფი თითებს შორის და ვფიქრობ, ეს თითები ოდნავ უფრო სქელი, ან უფრო თხელი, ოდნავ უფრო ნაზი ან უფრო უხეში რომ ყოფილიყო,  როგორ შეძლებდა მათი პატრონი ამ თხელი ძაფის მოხელთებას, წამოწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად რა ძალისხმევის გაღება მოუწევდა, რა მოძრაობების შესრულება, რამდენი მოთმინება?  ვფიქრობ იმაზე, თუ ჩვენ მიერ შესრულებული საქმე, შრომის პროცესი, როგორ განსაზღვრავს და აყალიბებს ჩვენს სხეულებს.

ვფიქრობ, რეპროდუქციული ფუნქციასა და  ჰეტერონორმატიული სილამაზის, სექსუალობის სტანდარტებთან ერთად ქალის სხეულს მძიმე, რუტინული საშინაო და ზრუნვის შრომაც აყალიბებს. თუმცა, სხეულის ფიზიკურ მახასიათებლებთან ერთად, ქალის ფსიქიკა, მისი ცხოვრების წესი, ბოლოს და ბოლოს, მისი იდენტობა იგება ამ საქმიანობის გარშემო და შედეგად ვიღებთ ადამიანს, რომელსაც მაგალითად, ღამით მშვიდად ძილი და მოსვენება არ შეუძლია, თუკი ნიჟარაში ჭუჭყიანი ჭურჭელი დარჩა გასარეცხი, იგი მზადაა დაივიწყოს მთელი დღის დაღლილობა, ფიზიკური ტკივილი, ძილის სურვილი, წამოდგეს საწოლიდან და მორჩილად შეუდგეს რეცხვას. სისუფთავის, სიკოხტავისკენ მიდრეკილება ქალურობის აუცილებელი ატრიბუტია.

ჩვენს თვითშეფასებას მუდმივ შინაგან ცენზორად სდევს ბავშვობასა თუ ყმაწვილქალობაში დასწავლილი შეგონებანი იმაზე, რომ თუკი კარგი დიასახლისები არ ვიქნებით, „არცერთ ოჯახში არ შეგვესვლება“, რომ ჩვენი საცხოვრებლის უცხო თვალისთვის რეპრეზენტირება ნებისმიერ წუთს უნდა შეგვეძლოს, „ვაითუ ერთხელაც სასწრაფოს გამოძახება დაგჭირდეს, ბინძურ სახლში გინდა ექიმები შემოიყვანო?“ და არაა საკმარისი მხოლოდ სისუფთავე, ისიც მნიშვნელოვანია რა ფორმით მიიღწევა ის, კარგმა დიასახლისმა უნდა იცოდეს სარეცხის სწორად გაფენის, ტანსაცმლის სწორად დაუთოვების, სუფრის სწორად გაშლის და ა.შ. წესებიც. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ დაბადებამდე გვაქვს განსაზღვურლი სხვაზე ზრუნვის მოვალეობა – „პირველი შვილი გოგო ჯობია, იმიტომ რომ დედას სახლში მიეხმარება, უმცროს და-ძმას მოუვლის, სიბერეში მშობლებს მიხედავს“.

ფრაგმენტი III

კაცის ხისტი სხეული სასაცილოდ და საბრალობლად გვეჩვენება, როცა ის ცდილობს იმ საქმეს გაუმკლავდეს, რასაც ტრადიციულად ქალები ასრულებენ ხოლმე. ჩვენ გული სითბოთი და სიბრალულით გვევსება მათ მოუქნელ მცდელობებზე და, როგორც პატარა ბავშვებთან, მზად ვართ წამოვდგეთ, ყველა ჩვენი სხვა საქმე თუ ინტერესი გვერდით გადავდოთ და შევეშველოთ. ხელიდან ჩამოვართვათ ნახევრად გარეცხილი თეფში, ცხელი უთო თუ მოუხერხებლად დაჭერილი, აფართხალებული ბავშვი. გავათავისუფლოთ ამ შეუფერებელი ტვირთისგან, მისი მამაკაცური თავმოყვარეობა გადავარჩინოთ, ხელი შევაშველოთ და დავაბრუნოთ იმ შემაღლებულ პიდესტალზე, საიდანაც ჰორიზონტი უფრო ფართეა და მათ მზერას სარეცხის გორები ვერ დაჩრდილავს, მათ ყურს ბავშვის ტირილი ვერ მისწვდება და შესაბამისად, ვერ მოსწყვეტს მის ყურადღებას უფრო მნიშვნელოვან საქმეებს.

როგორ ვადგენთ, რომელი საქმეა მნიშნელოვანი? მახსოვს, მშობიარობის შემდეგ ჩვილი ბავშვის გამუდმებულ საჭიროებებზე მიჯაჭვული, მოვწყდი ყველა იმ საქმესა თუ მიზანს, რაც მანამდე მამოძრავებდა და ვერაფრით ვუმკლავდებოდი საკუთარი უსარგებლობის აკვიატებულ გრძნობას. ჩემი სხეულიდან გადმოსული რძე, რომლითაც ბავშვი იკვებებოდა, ის ძალისხმევა, რომელსაც ყოველ ღამეს გამოფხიზლებაზე ვხარჯავდი და ყოველ დილას კი რუტინის თავიდან დასაწყებად, არ იყო საკმარისი უსარგებლობის გრძნობასთან გასამკლავებლად. ჩემ მიერ ბავშვთან გატარებული დროის ეკვივალენტ ღირებულებას ვეძებდი. ჩემს ცნობიერებაში ბავშვის კვებისა თუ მასზე ზრუნვის პროცესი, ავტომატიზირებულ, ბიოლოგიურ აქტად იყო მონიშნული. ამ აქტს ფასი და ღირებულება არ გააჩნდა. ეს იყო ის, რასაც ყველა ქალი ყოველთვის აკეთებდა ჩემამდეც და ჩემ მერეც ზედმეტი ხაზგასმის გარეშე. თითქოს, ცოცხალი და ჯანმრთელი ჩვილიც კი ჩემს ხელებში არ იყო საკმარისი დასტური ჩემგან გაღებული ძალისხმევისა.

საკუთარი თვითშეფასების გადასარჩენად მხოლოდ ის გზა დავინახე, რომ ყოველ საღამოს ხმამაღლა ჩამომეთვალა ყველაფერი, რაც დღის განმავლობაში გავაკეთე და ყველა შედეგი რაც ამ ქმედებებმა მოიტანა. ნახევარი საათი ბავშვს ვკებავდი – შედეგად ბავშვი მაძღარი და ჯანმრთელია, შემდეგი ნახევარი საათი ჭურჭელს ვრეცხავდი – შედეგად მორიგი სადილის დროს უკვე გვექნება სუფთა თეფშები, ატირებული ბავშვი ხელში მეჭირა და ვუმღეროდი – შედეგად ჩვენს შორის მიჯაჭვულობა განმტკიცდა, ბავშვი დამშვიდდა და განვითარდა. ამგვარმა ჩამონათვალებმა მე ჩემი დახარჯული დროის ღირებულება დამანახა, ჩემს ქმარს – საშინაო შრომის ფასი. რამდენიმე თვის შემდეგ ფემინისტურ ლიტერატურასაც მივუბრუნდი, რომ მენახა რას წერდნენ ფემინისტი ავტორები დედობაზე და ასე დაიბადა „ფემინისტი დედის დღიურების“ იდეაც.

ამ პროექტზე მუშაობის პროცესში, გარდა იმისა, რომ ჩემი ცნობიერება შეიცვალა და გაფართოვდა ქალთა მიერ გაწეული ზრუნვის შრომის შესახებ, ჩემმა ფსიქიკამ და თვითშეფასებამაც დაისვენა. ჩემთვის ფემინისტური ბრძოლის ახალი პერსპექტივა გაჩნდა – კულტურული სტერეოტიპების პარალელურად, პოლიტეკონომიკური სისტემის კრიტიკაც, სადაც „მარჩენალისა“ და „მომვლელის“ (ნენსი ფრეიზერის ტერმინებით რომ ვთქვათ) შრომა გენდერულადაა მარკირებული, ამ უკანასკნელს ტრადიციულად ქალები ასრულებენ, ხშირად პირველთან კომბინაციაშიც, თუმცა, ეკონომიკური სისტემა მხოლოდ „მარჩენალის“ დღის რეჟიმზეა აწყობილი, რომელთაც სახლში მოსავლელი, საზრუნავი სუბიექტები (ოჯახის წევრები, ბავშვები, მოხუცები) არ ელოდებიან[1].

ჩემ მიერ ზემოთ, ირონიულად აღწერილი სენტიმენტები ჩვენი კაცი პარტნიორების მიმართ, როდესაც ისინი ასრულებენ ტრადიციულად ქალურად მიჩნეულ საქმეს, მეც გამაჩნდა და სხვა ბევრი ქალისგანაც მომისმენია. ამ სენტიმენტების გადასალახადაც ძალისხმევა დამჭირდა. გავიაზრე, რომ კაცმა შესაძლოა ესა თუ ის ამოცანა არ შეასრულოს ზედმიწევნით ისე, როგორც ამას მე შევასრულებდი მის ადგილას, მაგრამ მას სჭირდება შანსი, საშუალება, რომ საშინაო და ზრუნვის შრომის ჩვევა გამოიმუშაოს პრაქტიკაში. ზრუნვის შრომაში კაცების ჩვენს თანასწორად ჩაბმა პოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. სარა რუდიკის სიტყვებით რომ ვთქვათ: „როცა ქალი და მამაკაცი ერთად ცხოვრობენ ბავშვ(ებ)თან, არამხოლოდ სამართლიანობა, არამედ მორალიც მოითხოვს, რომ მათ თანაბრად გადაინაწილონ  ბავშვზე ზრუნვის ტვირთი. ჩამოვაშოროთ ბავშვზე ზრუნვას ან ვაპატიოთ მამაკაცებს არ მონაწილეობა, ნიშნავს მათ წახალისებას განასხვაონ საჯარო ქმედებები კერძო გრძნობებისგან, მშობლობის პრივილეგია კი – მისი საზრუნავისგან.“[2]

როცა მამაკაცები არ არიან მომვლელები, ისინი დომინირებენ ყველა სხვა საჯარო და კერძო სფეროში. ეს აყალიბებს ბავშვის ადრეულ გაგებას ძალაუფლებაზე და ამგვარად, ხდება მჩაგვრელსა და ჩაგრულს შორის ურთიერთობის ფორმების ინსტიტუციონალიზება ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ საერთაშორისო ასპარეზზე. ოჯახურ დონეზე გენდერული სურათის რადიკალური ცვლილება სოციალური ცნობიერების რევოლუციონირებასაც მოახდენს.


 

[1] ეკონომიკურ სისტემიდან საშინაო და ზრუნვის შრომის ამორთვის და მისი ამ სისტემაში დაბრუნების შესაძლებლობების შესახებ შემდგომ საკითხავად იხილეთ 1, 2, 4 და 9 თავები ნენსი ფრეიზერის წიგნში „ფემინიზმის თავგადასავალი: სახელმწიფოს მიერ მართული კაპიტალიზმიდან ნეოლიბერალურ კრიზისამდე“. 2017. სილვია ფედერიჩის მანიფესტი „ანაზღაურება საშინაო შრომისათვის“ და ჩანაწერი დისკუსიისა „შინ შრომა და ზრუნვის შრომა“

[2] რუდიკი,რუდიკი, სარა, დედობრივი აზროვნება (თავი 6); წინგში „დედობის თეორია: ძირითადი საკითხავი“. რედ.: ო’რაილი ანდრეა. [O’Reilly, Andrea, Maternal Theory: Essential Readings. Toronto: Demeter Press, 2007.]

პროექტს „ფემინსტრიმი” ქალთა ფონდი საქართველოში და ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი წარმოგიდგენთ.