პროექტს „ფემინსტრიმი“ წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი საქართველოში, ფონდ „ღია საზოგადოების“ მხარდაჭერით. პროექტის მედიაპარტნიორია Publika.ge.
ავტორი: თამარ კორკოტაშვილი
მიმტანად მუშაობის მთავარი ხიბლი უამრავ ადამიანთან კომუნიკაცია, სტუმრის ფულადი საჩუქარი (ე.წ. ჩაი) და მოქნილი სამუშაო გრაფიკია. თუმცა, ამ სარგებლის მიღმა, საკმაოდ დამღლელი, საპასუხისმგებლო და პრობლემური საქმიანობა დგას. მითუმეტეს მაშინ, როდესაც თვიდან თვემდე გადარჩენისთვის ვიბრძვით.
ამ პოდკასტში იმ სირთულეებზე ვისაუბრებ, რომლის გადალახვაც მიმტან ქალებს გვიწევს; მოგიყვებით სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევაზე; კიდევ ერთხელ გადავავლებ თვალს ჩვენს შრომით გარემოსა და უფლებებს; გაგიზიარებთ პირად გამოცდილებას. ასე რომ, ბევრი სათქმელი მაქვს, გთხოვთ, კომფორტულად მოკალათდეთ.
მე თამარ კორკოტაშვილი ვარ, თქვენ უსმენთ პოდკასტს, “რა გზას გადის მიმტანი ქალი სამზარეულოდან თქვენამდე. ეს „ფემინსტრიმია”.
მიმტანის პროფესია საქართველოში
ჩვენთან მიმტანის საქმიანობას რამდენიმე ძირითადი მიზეზით იწყებენ. ზოგიერთ შემთხვევაში არჩევანს მომსახურების სფეროს სიყვარული, სარესტორნო ბიზნესის ინტერესი და კარიერული წინსვლის მოტივი განაპირობებს. უფრო ხშირად კი, მიმტანად მუშაობა სწავლასთან შეთავსების შესაძლებლობას, შემოსავლის დამატებით წყაროსა და მძიმე სოციო-ეკონომიკური პირობებისგან თავის დაღწევის სურვილს უკავშირდება. გარემოში, სადაც თვიდან თვემდე გადარჩენის საკითხი აქტუალურია და მთავარი გამოწვევა საარსებო მინიმუმის გამომუშავებისთვის ბრძოლაა, მიმტანის საქმიანობის ბენეფიტი – სტუმრის ფულადი საჩუქარი, ნამდვილი საგანძური ხდება.
წლების წინ, როდესაც სამუშაო დღის ბოლოს ჩაის სახით 100 ლარი შემიგროვდა, თავი უმდიდრესი და უბედნიერესი ადამიანი მეგონა. მაშინ თბილისში, ერთერთ ამერიკულ ბარში ვმუშაობდი. უცხოელი სტუმრებისგან ნაჩუქარი ჩაი ყოველდღიური მცირედი პირადი აუცილებლობების დასაკმაყოფილებლად საკმარისი იყო. ხელფასით კი ოჯახისთვის საკვებ პროდუქტებს ვიძენდი და კომუნალურ გადასახადებს ვფარავდი. 4 სულიან ოჯახში ერთადერთი დასაქმებული ვიყავი.
მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ვმუშაობდი სხვადასხვა სფეროში, სხვადასხვა პოზიციებზე. მულტიმედია რეპორტიორით დაწყებული, ოფისის მენეჯერით დამთავრებული. მერე პანდემია დაიწყო. მას ცვლილებები და ფინანსური კრიზისი მოყვა. უმუშევრობის რამდენიმეთვიანი პერიოდის შემდეგ ისევ მომსახურების სფეროს დავუბრუნდი. მიმტანი ვიყავი.
ერთ დღეს, სამსახურში მიმავალს სოციალურ ქსელში შეტყობინება დამხვდა. გარკვეული მიზეზების გამო, სამწუხაროდ, ერთმანეთს უნდა დავემშვიდობოთო. თვენახევარი იყო გასული, რაც თბილისში, პურის მოედანზე არსებულ რესტორანში მიმიღეს. ჩვენ შორის არსებული სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, სამსახურიდან გაშვების თაობაზე მინიმუმ, 2 კვირით ადრე უნდა გავეფრთხილებინე. ამიტომ, პირველი რეაქცია ტოტალური იმედგაცრუება იყო, მეგონა რაღაც მომეჩვენა და რეკვა დავიწყე, ხან მენეჯერთან, ხან მფლობელთან. ვერცერთს დავუკავშირდი. გადავწყვიტე, პირდაპირ მივსულიყავი. ადგილზე მფლობელი გამომეგება და ძალიან ცივი, მკაცრი ტონით მითხრა, გათავისუფლებული ხარო. იქნებ განმიმარტოთ მეთქი, ვთხოვე – შეცდომა დაუშვი და ასეთ შეცდომას არავის ვპატიობთო. როცა ვცადე ამეხსნა, რომ გაფრთხილების ან შენიშვნის გარეშე ჩემი გაშვების უფლება არ ჰქონდათ, რესტორნის მფლობელმა ამაყად გამომიცხადა: ჩვენ ხელშეკრულება არ გვქონია, ამიტომ არანაირი ვალდებულება არ მაქვს შენ წინაშე. არაფერი შეიცლება, კარგად იყავიო.
ჩემი შეცდომა კი ის იყო რომ წინა სამუშაო დღეს, სტუმარს ერთი კერძის ნაცვლად მეორე მივართვი. როდესაც ეს ცხადი გახდა, კერძი მაშინვე სამზარეულოში დავაბრუნე და ყველაფერი მარტივად მოვაგვარე – მიმტანმა ყოველთვის იცის, როგორ მოიქცეს ასეთ სიტუაციებში, სტუმარი რომ კმაყოფილი დარჩეს. იმ კერძის ღირებულება კი, რომელიც ჩემი შეცდომის გამო დამზადდა, თავად დავფარე. თანხის ნაწილი მაშინვე, დანარჩენი კი მეორე დღეს სრულად გადავიხადე. თუმცა, ჩემი დამსაქმებლისთვის ეს ერთი შემთხვევა საკმარისი აღმოჩნდა, ყოველგვარი გაფრთხილებისა და ახსნა-განმარტების გარეშე, სამსახურიდან დავეთხოვე.
ამ ამბავს გაგრძელებაც აქვს და აუცილებლად გაგიზიარებთ. იქამდე კი უნდა აღვნიშნო, რომ მომსახურების სფეროში არსებული პრობლემების საილუსტრაციოდ, ამაზე კარგ მაგალითს ვერც კი ვინატრებდი. ძირითადი პრობლემები, რომლებიც კომპლექსურ მუშაობას და შესაბამისი ინსტიტუციების ჩართულობას საჭიროებს, დასაქმებულების შრომითი უფლებების მუდმივ უგულვებელყოფას უკავშირდება. გამოსავალი, შესაძლოა, ასეთი იყოს: ვიცოდეთ რას გულისხმობს მიმტანის საქმიანობა, დავიცვათ საკუთარი შრომითი უფლებები, არ დავივიწყოთ სოლიდარობისა და ერთიანობის მნიშვნელობა.
მიმტანის პროფესიული ცოდნა, მოვალეობები და გამოწვევები
ზედმეტი საქმის კეთებისგან თავდაცვის მთავარი საშუალება იმის გარკვევაა, თუ რა გვევალება. საფუძვლიანი ცოდნა და შესაბამისი საბუთი ყოველთვის კარგი იარაღია კარიერული წინსვლისთვის. მიმტანის კვალიფიკაციის მიღება სხვადასხვა პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაშია შესაძლებელი. მიმტანის საქმიანობის სფეროს მომსახურების სფერო წარმოადგენს. თავად საქმიანობა “სარესტორნო მომსახურების” ან “სარესტორნო სერვისისა და სერვირების” პროგრამების ფარგლებში ისწავლება. 2020 წლის 1 მაისის მონაცემებით, საქართველოში 66 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებაა. კოლეჯებთან დაკავშირებით სანდო ინფორმაციის მოძიების საშუალებას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებ გვერდი იძლევა.
მიმტანის სამუშაო გარემო სასადილოები, დასალევი ადგილები, კაფე-ბარები, კლუბები თუ სხვადასხვა ხალხმრავალი დაწესებულებებია, სადაც სტუმრებს საკვებითა და სასმლით უმასპინძლდებიან. მიმტანის პროფესიული სტანდარტი ცოდნისა და უნარების ვრცელ ჩამონათვალს იტევს. ამიტომ, აქ მხოლოდ მოვალეობების ზოგადი აღწერით შემოვიფარგლები: სამუშაოს ორგანიზება, სტუმრის მიღება/განთავსება, სტუმრისგან შეკვეთის აღება და მირთმევა, საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა, სტუმართან ანგარიშსწორება, პრობლემურ სიტუაციებში მოქმედება და პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა. მიმტანმა ზედმიწევნით კარგად უნდა იცოდეს: ქცევის წესები, მაგიდის გაწყობის წესები, ერკვეოდეს კერძებსა და სასმელებში, იყოს მოწესრიგებული, დეტალებზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და მოხერხებული. ის მუდმივად უნდა ზრუნავდეს, ისევ დაბრუნდეს სტუმარი.
ასეთი საპასუხიმგებლო საქმის კარგად შესრულებას ღირსეული სამუშაო გარემო სჭირდება რაც, ჩვენს რეალობაში ფუფუნებას წამოადგენს. ხშირია შრომითი ხელშეკრულების არარსებობის; ხელოვნურად გაზრდილი ფუნქცია-მოვალეობების; ზეგანაკვეთური შრომის; სამუშაო ადგილზე შევიწროების შემთხვევები.
სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება
ერთერთ რესტორანში მუშაობისას, იძულებული გავხდი მეცრუა, თითქოს ქორწინებაში ვიმყოფები. ეს დამეხმარა, სტუმართან ზღვარი გამევლო მაგრამ დამეცვა ეტიკეტი, რომელიც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას კეთილგანწყობასა და სტუმართმოყვარეობას მავალდებულებდა. მიმტანი გოგოების მიმართ ასეთი დამოკიდებულება თავისთავად საპასუხისმგებლო საქმეს და სტრესულ გარემოს კიდევ უფრო ართულებს – ყველაზე დატვირთულ სამუშაო საათებშიც კი, ქალი ვერასდროს ივიწყებს “თავდაჭერის” იმ ტექნიკებს, რომლებიც მას არასასიამოვნო ინცინდენტებისგან დაიცავს.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მიხედვით, სექსუალური შევიწროება სექსუალური ხასიათის ნებისმიერი არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქცევაა. ამავე კანონით, მსგავსი ქცევა “მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას ან მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას”.
სექსუალური შევიწროება ირიბი დისკრიმინაციის მდგომარეობად სახელდება. საქართველოში, ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია. კანონი ყველა დაწესებულებას, სავარაუდო დისკრიმინაციის ნებისმიერ ფაქტზე სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ავალდებულებს. რაც შეეხება დისკრიმინაციის აღმოფხვრასა და თანასწორობაზე ზედამხედველობას, ეს საქმე საქართველოს სახალხო დამცველს ეკისრება.
თუ თქვენ, თავს დისკრიმინაციის მსხვერპლად მიიჩნევთ, უფლება გაქვთ სახალხო დამცველს მიმართოთ, მიუთითოთ ფაქტები, რომლებიც დისკრიმინაციული ქმედების განხორციელების საფუძველს იძლევა და შესაბამისი მასალები წარადგინოთ.
დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონი სარჩელის სასამართლოში შეტანისა და მორალური თუ მატერიალური ზარალის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებასაც აღიარებს. სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვის წესი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით განისაზღვრება. მსგავს შემთხვევებში, რა თქმა უნდა, სასურველია, შესაბამისი პროფესიონალების ჩართულობა, რათა ბრძოლა შედეგიანი აღმოჩნდეს.
დასაქმებულების შრომითი უფლებები და თავდაცვის მექანიზმები
ამ ნაწილში შემდეგ საკითხებზე გავამახვილებ ყურადღებას: ხელშკრულების არარსებობა; ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურების წესი; სამსახურიდან გათავისუფლება და კოლექტიური შრომითი ურთიერთობა.
ხელშეკრულების არარსებობა: როგორც უკვე აღვნიშნე, მიმტანების შრომითი უფლებების დარღვევის ერთერთი ყველაზე გავრცელებული პრაქტიკა ხელშეკრულების არარსებობაა. საქართველოს შრომის კოდექსი ზეპირი ფორმით დადებულ ხელშეკრულებას აღიარებს. შრომითი ურთიერთობა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულების ფაქტობრივად დაწყების მომენტიდან წარმოიშობა. ასევე, კოდექსი გვეუბნება: “თუ შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა 1 თვეს აღემატება, აუცილებელია შრომითი ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადება”. შრომითი ხელშეკრულება ისეთ მნიშვნლოვან საკითხებს არეგულირებს, როგორიცაა მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, სამუშაო დრო და დასვენების დრო, თანამდებობა, შვებულება, ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი და ა.შ.
ზეგანაკვეთური სამუშაო და მისი ანაზღაურების წესი: ზეგანაკვეთურ შრომას, შრომის კოდექსი განმარტავს როგორც დასაქმებულის მიერ დროის იმ მონაკვეთში შესრულებულ სამუშაოს, რომლის ხანგრძლივობა ნორმირებულ სამუშაო დროს აღემატება. ნორმირებულ სამუშაო დროდ დღეში 8 და კვირაში მაქს. 40 საათია მიჩნეული. ზეგანაკვეთური სამუშაო კი, გაზრდილი ტარიფით ნაზღაურდება. პირობითად, თუ თქვენ საათში 5 ლარს გამოიმუშავებთ, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულებაში დამსაქმებელმა საათში 5 ლარზე მეტი უნდა გადაგიხადოთ. ეს ტარიფი ორმხრივი შეთანმხმების საფუძველზე განისაზღვრება. ასევე, შესაძლებელია ზეგანაკვეთური სამუშაოს სანაცვლოდ, დამატებითი დასვენების დრო მოითხოვოთ. ესეც ორმხრივი შეთანმხებით რეგულირდება. შრომის კოდექსი დამსაქმებელს ავალდებულებს, ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების შესახებ, დასაქმებულის 1 კვირით ადრე ინფორმირებას.
სამსახურიდან გათავისუფლება: პოდკასტი სწორედ ამ ამბით დავიწყე, როგორ დამითხოვეს ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე. ჩემი დამსაქმებელი ვალდებული იყო 1 თვით ადრე (30 კალენდარული დღე) წერილობითი ფორმით გავეფრთხილებინე. ამ შემთხვევაში მას 1 თვის კომპენსაციის გადახდა მოუწევდა. მაგრამ ვინაიდან არანაირი წინასწარი გაფრთხილება არ მიმიღია, კანონით, დამსაქმებლის მხრიდან 2 თვის შრომის ანაზღაურება მეკუთვნოდა. სამწუხაროდ, არანაირი კომპენსაცია არ მინახავს. უფრო მეტიც, ჩემს თხოვნაზე, ორი კვირა მაინც მოეცათ ვიდრე ახალ სამსახურს მოვძებნიდი, რესტორნის მეპატრონემ ცივი უარით გამომისტუმრა.
კოლექტიური შრომითი ურთიერთობა/გაერთიანების თავისუფლება: საკუთარი ემპირიული გამოცდილება მკარნახობს რომ საქმის სიყვარული თუ კანონების მეტ-ნაკლები ცოდნა საკმარისი არ არის. დამსაქმებელი მაქსიმალურად ცდილობს მისთვის მომგებიანი პოზიცია შეინარჩუნოს და უსამართლო პირობები შექმნას. ხშირად მქონია განცდა, თითქოს შრომითი უფლებებისთვის ბრძოლა ჩემი ინდივიდუალური ბრძოლა იყო. სამსახურის დაკარგვის, უფროსების მიმართ შიშის თუ სხვადასხვა სუბიექტურ-ობიექტური მიზეზებით, ჩემი თანამშრომლები უპირატესობას ჩუმად ყოფნას ანიჭებდნენ. ასეთ დროს, დამატებითი ბერკეტი, შესაძლოა, კოლექტიური შრომის სამართალი აღმოჩნდეს. ის დამსაქმებელსა და დასაქმებულების გაერთიანებას შორის ურთიერთობას აწესრიგებს. შრომის კოდექსი აღიარებს: 1.დასაქმებულის უფლებას, თავად შექმნას გაერთიანება ან გახდეს უკვე არსებულის წევრი; 2 დასაქმებულების გაერთიანების უფლებას, შეიმუშაოს საკუთარი წესდება და რეგლამენტი, შექმნას მართვის ორგანოები, აირჩიოს წარმომადგენლები და წარმართოს თავისი საქმიანობა; 3 დასაქმებულების გაერთიანებების უფლებას, შეუერთდნენ საერთაშორისო გაერთიანებებს.
საქართველოში მიმტანების პროფესიული კავშირი არ არსებობს. თუმცა, არც თუ ისე ცოტა გაერთიანებაა, რომლებიც დასაქმებულებს მხარდაჭერას უცხადებენ. შეკითხვაზე, თუ რა რჩევებს მისცემდა მიმტანებს, ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროს პროფკავშირის (სოლიდარობის ქსელი) იურისტი, დავით ომსარაშვილი მპასუხობს რომ პირველ რიგში, არსებულ სიტუაციას არ უნდა შევეგუოთ. არ აღვიქვათ ჩვეულებრივ მოვლენად სამსახურში ჩაგვრა, შურაცხყოფა და აუნაზღაურებელი ზეგანაკვეთური შრომა. ამის გამო არც სამსახური უნდა დავტოვოთ. მისი თქმით, ჩაგვრის წინააღდმეგ გამოსავალი ბრძოლაა.
„სადაც უნდა წახვიდეთ, შეიძლება ნებისმიერ ადგილას იგივე დაგხვდეთ. ამიტომ, უნდა იბრძოლოთ იქ, სადაც ხართ. ღირსეული შრომის პირობები არის ის, რაც გეკუთვნით. დავაფასოთ ჩვენი თავი და ჩვენი შრომა; ვიცოდეთ ჩვენი შრომითი უფლებები; გავერთიანდეთ ძლიერ და დამოუკიდებელ პროფესიულ კავშირებში ან თავად შევქმნათ ის. ვიყოთ ერთმანეთისადმი სოლიდარულები. ერთობა არის დასაქმებულების ყველაზე ძლიერი იარაღი. მომსახურების სფეროში დასაქმებულების დაქსაქსვას, სოლიდარობის არარსებობას, კარგად იყენებენ ის დამსაქმებლები, რომლებსაც ხალხის ჩაგვრა სურთ; გვახსოვდეს, ვერავინ დაიცავს ჩვენს უფლებებს, ჩვენ გარეშე; ჩვენს შრომით უფლებებზე ზრუნვა და ფიქრი დავიწყოთ დასაქმებამდე” – ამბობს დავით ომსარაშვილი.
სოლიდარობა და საკუთარი უფლებების ცოდნა რომ დასაქმებულების სამუშაო გარემოს უკეთესობისკენ ცვლის, ფაქტია. ამაზე შრომითი უფლებებისთვის ბრძოლის რთული, მაგრამ გამარჯვებებით სავსე ისტორიაც მეტყველებს. ინდივიდუალური ბრძოლა ნაკლებად ეფექტიანია. შრომის კოდექსი არსებობს და საკმაოდ დაიხვეწა კიდეც. საერთაშორისო სტანდარტები და მათთვის საქართველოს შესაბამისობის ვალდებულებაც სახეზეა. მაგრამ სისტემა მაინც არასწორად მუშაობს.
***
ჩემი განთავისუფლების ამბავს დავუბრუნდები, რომლითაც პოდკასტი დავიწყე. მსგავს სიტუაციაში დამსაქმებელს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებისა და დასაბუთების მოთხოვნის თაობაზე განცხადება ეგზავნება. ასეც მოვიქეცი. პასუხი არ მიმიღია. შესაძლებელია სასამართლოში სარჩელის შეტანა. ყველაფერს თავისი ვადები და წესები აქვს ამიტომ, ასეთ დროს, უმჯობესია იურისტის რეკომენდაციების გათვალისწინება. სასამართლოში ბრძოლა აღარ გამიგრძელებია. მოგვიანებით გავიგე – რესტორანი დაიკეტა. თუმცა, თუ ვინმე მეტყვის რომ ბრძოლა არ უნდა შემეწყვიტა, დავეთანხმები. სისუსტე ფუფუნებაა.