ონკოლოგიური პაციენტებისთვის ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელობა არაერთი საერთაშორისო კვლევით არის დადასტურებული. ზრუნვის ამ სერვისებს მკურნალობის ეფექტიანობისა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.
საქართველოში კი, მიუხედავად იმისა, რომ ფსიქოლოგიური მხარდაჭერისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელობა კიბოს კონტროლის სტრატეგიის მიზნების ჩამონათვალია, ეს სერვისი ონკოპაციენტებისთვის ჯერ ისევ ფრაგმენტული და ხელმიუწვდომელია.
ძუძუს კიბოს მკურნალობის შემდგომ პერიოდში ქალთა წინაშე მდგარი ფსიქოსოციალური მდგომარეობის შეფასება, ზრუნვის სერვისების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული გამოწვევების გამოვლენა და რეკომენდაციების საფუძველზე საუკეთესო პრაქტიკის პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობაა კვლევის მიზანი, რომელიც საქართველოს უნივერსიტეტისა და „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ კვლევითი გუნდის მიერ, „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის“ მხარდაჭერით ჩატარდა.
გამოკითხული 360 ქალი და კვლევის მთავარი მიგნებები
კვლევაში 360 ქალი მონაწილეობდა. მიზანი მონაწილეთა სკრინინგული გამოკვლევა და მათი ფსიქოლოგიური საჭიროების შეფასება იყო. კვლევაში მონაწილე 180 ქალს გავლილი ჰქონდა ორგანიზაციის „გამარჯვებულ ქალთა კლუბის“ მიერ ჩატარებული პოსტოპერაციული ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ტრენინგი, 180 ქალი კი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შეარჩიეს და მათ ტრენინგი გავლილი არ ჰქონდათ.
კვლევის ავტორები ტრენინგ გავლილ ჯგუფთან მიმართებით იყენებ ტერმინს – „ძირითადი ჯგუფი“, მეორე ჯგუფს კი „საკონტროლოს“ უწოდებენ.
ძირითადი და საკონტროლო ჯგუფების გამოკითხვის შედეგები შედარდა დემოგრაფიული და სოციალური ეკონომიკური მახასიათებლების გათვალისწინებით: ასაკი; შრომითი საქმიანობა; ოჯახური მდგომარეობა; განათლება; საცხოვრებელი რეგიონი; საცხოვრებელი სტატუსი.
ქალაქი, სოფელი და განათლების დონე – რა განსხვავებაა ხელმისაწვდომობისა და ცნობიერების კუთხით?
-
დაავადებების შესახებ ქალაქად მცხოვრები მოსახლეობა მეტად არის ინფორმირებული სოფლად მცხოვრებ რესპონდენტებთან შედარებით.
-
ორივე ჯგუფში ფიქრობენ, რომ დაავადების დროული დიაგნოსტირება, კვალიფიციური ექიმი და დროული მკურნალობა მკურნალობის ეფექტიანობის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორია. ასევე ორივე ჯგუფი მკურნალობის ეფექტიანობის ფაქტორად ფინანსურ შესაძლებლობას მიიჩნევს.
-
ორივე ჯგუფში პროფილაქტიკური გამოკვლევების მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალაქად მცხოვრებ რესპონდენტებში (48,7%), ვიდრე სოფლად მცხოვრებში (39%). საგულისხმოა, რომ პროფილაქტიკური ღონისძიებების საჭიროებაზე ინფორმაციის წყაროა, ძირითადად, მეგობრები და ოჯახის წევრები და არა სამედიცინო პერსონალი.
-
ორივე ჯგუფის რესპონდენტების 38% აღნიშნავს, რომ დაავადების პირველი ნიშნების გამოვლენიდან არ მიუმართავთ ექიმისათვის 3 თვიდან 5 წლამდე პერიოდის განმავლობაში.
-
ორივე ჯგუფში ექიმთან დროული მიმართვის მაჩვენებელი უფრო მაღალია ქალაქად მცხოვრებ რესპონდენტებში (74%), ვიდრე სოფლად მცხოვრებში (26%) და მისი მნიშვნელობა შეესაბამება განათლების დონეს – რაც უფრო მაღალია განათლების დონე, მით უფრო მაღალია დროული მიმართვიანობის მაჩვენებელი (54% ორივე ჯგუფის უმაღლესი განათლების მქონე რესპონდენტებში).
-
კვლევაში მონაწილე ორივე ჯგუფის რესპონდენტები ექიმთან მიმართვის დაყოვნების მიზეზად უპირატესად ასახელებენ სიმპტომების უგულებელყოფას, ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და შიშს.
-
მკურნალობის პროცესში ფსიქოლოგის მხარდაჭერის აუცილებლობაზე გამოკითხულთა ორივე ჯგუფი მიუთითებს. მკურნალობის პერიოდში მხარდაჭერას ორივე ჯგუფის პაციენტები იღებენ მეუღლის, შვილების, მეგობრების, მეზობლებისა და ექიმის მხრიდან.
-
ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას რესპონდენტების დიდი უმრავლესობა ასახელებს როგორც აუცილებელ პირობას მკურნალობის კურსის დასრულების შემდგომ. ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის საჭიროებას მკურნალობის დასრულების შემდგომ აღნიშნავს ძირითადი ჯგუფის რესპონდენტთა 93%, რაც საკონტროლო ჯგუფის შედეგებზე 30%-ით მეტია.
სამედიცინო პერსონალის გამოკითხვის შედეგები:
კვლევის ფარგლებში ასევე გამოიკითხა სამედიცინო პერსონალი. გამოკითხულ სამედიცინო პერსონალს შორის 40%-მდე არიან ოჯახის ექიმები. ვიწრო პროფილის ექიმები (მამოლოგი, გინეკოლოგი, რადიოლოგი, ქირურგი, ქიმიოთერაპევტი) სხვადასხვა %-ული გადანაწილებით არიან წარმოდგენილნი. მათ უმეტესობას 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილება აქვს.
-
გამოკითხულ რესპონდენტთა 60%-ზე მეტი არ ფლობს ინფორმაციას ონკოპაციენტების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის მიზნით საქართველოში მოქმედი სერვისების შესახებ.
-
ექიმები, ისევე, როგორც პაციენტები, ონკოლოგიური დაავადების მართვის პროცესში უმთავრეს გამოწვევად ასახელებენ ფინანსურ ხელმისაწვდომობასა და ფსიქოლოგიურ პრობლემებს. გამოკითხულ ექიმთა 97% აღნიშნავს, რომ მკურნალობის შემდგომი პერიოდის ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ხელმისაწვდომობა არის ერთმნიშვნელოვნად საჭირო.
-
ფსიქოსოციალური მომსახურების ფრაგმენტულობის მიზეზად ექიმების მესამედი ისევ ფინანსურ ხელმისაწვდომობას ასახელებს. აქვე, მიზეზთა შორის არის შესაბამისი კადრების ნაკლებობა და ინფორმირებულობის დაბალი დონე.
საქართველოში არსებული ვითარება და კვლევის ავტორთა რეკომენდაციები
საქართველოში კიბოს კონტროლის ეროვნულ სტრატეგიაში ნათქვამია, რომ ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა და ონკოლოგიური პაციენტების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ამ მხრივ სერვისები დღემდე უზრუნველყოფილი არ არის.
კვლევის შემაჯამებელ ნაწილში ვკითხულობთ, რომ შედეგებიდან ერთმნიშვნელოვნად გამოიკვეთა ონკოპაციენტებისათვის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მნიშვნელობა. ეს სერვისი საქართველოში ფრაგმენტულია და, ძირითადად, დონორების მხარდაჭერით ან კერძო ინიციატივებისას მიეწოდებათ პაციენტებს. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერს პროფესიული კადრების ნაკლებობა წარმოადგენს.
„გამოიკვეთა პროფილაქტიკური კვლევების მნიშვნელობის მიმართ ქცევითი დამოკიდებულების სიმწირე ონკოპაციენტებში. აღნიშნული სერვისის შესახებ დაბალია ინფორმირებულობა სამედიცინო პერსონალში, განსაკუთრებით პირველადი ჯანდაცვის რგოლში“. – ვკითხულობთ კვლევაში.
ონკოპაციენტებისათვის ფსიქოლოგიური თანადგომისა და რეაბილიტაციის სერვისების ხელმისაწვდომობის უმთავრეს ბარიერს წარმოადგენს ფინანსური რესურსი.
კვლევის ავტორთა რეკომენდაციაა, რომ კიბოს კონტროლის ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში ჩამოყალიბდეს უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანიც იქნება ონკოლოგიური პაციენტის ფსიქოსოციალური მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის მოდელის შექმნა.
„მოდელის ფარგლებში განისაზღვროს ფსიქოლოგიური თანადგომისა და რეაბილიტაციის სერვისების ფინანსური უზრუნველყოფის მოცულობა და აქტორები.
შემუშავდეს კლინიკურ პრაქტიკაში გამოსაყენებელი საიმედო, ვალიდური და ეფექტური პროტოკოლი, რათა ყველა ონკოპაციენტმა მიიღოს ფსიქოლოგიური თანადგომისა და მკურნალობის შემდგომი პერიოდის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მომსახურება, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად.
ფსიქოლოგიური თანადგომისა და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის მიწოდებისას გათვალისწინებულ იქნეს პაციენტის მკურნალობასთან დაკავშირებული ეფექტური კომუნიკაციისა და კოორდინაციის მიდგომები.
გაძლიერდეს პირველადი ჯანდაცვის რგოლის წარმომადგენლების ჩართულობა ჯანმრთელობის ხელშეწყობის უწყვეტი განათლების პროგრამებში“.
სარძევე ჯირკვლის კიბო ქალებში – სტატისტიკა
2019 წლის მონაცემებით, სარძევე ჯირკვლის კიბოს 1629 ახალი შემთხვევა იყო საქართველოში. ინციდენტობის მაჩვენებელი 100000 ქალზე – 84.4. სიკვდილიანობა კი – 38,2.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ მომზადებული ცნობარის მიხედვით, 2015-2019 წლებში სარძევე ჯირკვლის კიბოს ინციდენტობა კლების ტენდენციით ხასიათდება. რეგისტრირებული შემთხვევების მიხედვით, ბოლო 5 წლის განმავლობაში 20%-ით შემცირდა, თუმცა 23%-ით არის გაზრდილი იმავე პერიოდში სარძევე ჯირკვლის კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობა.