აუნაზღაურდებათ თუ არა თბილისის მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამის“ ფარგლებში ჩართულ ბავშვებს პანდემიის გამო გაცდენილი სეანსები?
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული შეზღუდვების გამო, მერიის ამ პროგრამაში ჩართულმა დაწესებულებებმა მუშაობა შეწყვიტეს. 500-მდე თერაპევტი და პროგრამაში ჩართული სხვა სპეციალისტები ანაზღაურების გარეშე რჩებოდნენ, რადგან მერია პროგრამაში ჩართულ ცენტრებს დაფინანსებას ცენტრის ბენეფიციარებისთვის გაწეული სერვისის მიხედვით ურიცხავს.
16 მარტს თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრებს მარტის ხელფასი შეუნარჩუნდებოდა და თანხა გაიცემოდა იმ პირობით, რომ კორონავირუსის გავრცელების საფრთხით განპირობებული შეზღუდვების დასრულების შემდეგ პედაგოგ-მასწავლებლებს უნდა აენაზღაურებინათ ყველა გაცდენილი საათი.
უკვე აპრილიდან მერიის პროგრამაში ჩართულმა ცენტრებმა თერაპია დისტანციურად დაიწყეს.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსის, გელა ჩივიაშვილის თქმით, 1230 მშობლიდან 95% დასთანხმდა ონლაინთერაპიას. დაახლოებით 30-მდე მშობელმა კი უარი თქვა დისტანციურ თერაპიაზე.
მშობლები, რომლებმაც უარი თქვეს ონლაინთერაპიაზე, მოითხოვენ, ბავშვებს გაცდენილი თვეების თერაპიის საათები აუნაზღაურდეთ.
მარი კორკოტაძე ერთ-ერთი ასეთი მშობელია, რომელმაც უარი თქვა დისტანციურ თერაპიაზე.
მისი თქმით, პანდემიის გამო, ცენტრები საშიშროების წინაშე იდგნენ და იმისათვის, რომ თერაპევტები ხელფასის გარეშე არ დარჩენილიყვნენ, თანახმა იყო, მერიას ავანსის სახით ჩაერიცხა მათთვის თანხა იმ პირობით, რომ გაცდენილი საათები მომავალში აღდგებოდა. შემდეგ კი ცენტრები გადავიდნენ ონლაინსწავლებაზე, რასაც ის არ დასთანხმდა.
„მე თავიდანვე უარი ვთქვი ონლაინჩართვაზე, რადგან ეს ჩემი შვილისთვის იქნებოდა დიდი ტანჯვა, ანუ ძალით უნდა დამესვა. ვიცოდი, რომ ამას მოჰყვებოდა მისგან ძალიან დიდი პროტესტი და რატომ უნდა გამომეწვია ეს ყველაფერი, როცა ჩემი შვილი ძალიან კომფორტულად არის, არანაირი სირთულე არ აქვს სახლში ჯდომისგან, თუმცა ასე არ არიან სხვა ბავშვები. ამიტომ ვთქვი უარი. მე უკვე იმდენი ხანია ვიცი აუტიზმის შესახებ, ამ ყველაფერთან ერთად 9 წელია ვცხოვრობ, რომ კონსულტირება სპეციალისტებისგან არ მჭირდებოდა, რადგან ყველაზე კარგად მე ვიცნობ ჩემს შვილს, იმ თერაპევტზე კარგადაც კი. ამიტომ აზრს ვერ ვხედავდი ონლაინჩართვაზე“, – თქვა მარი კორკოტაძემ.
თუმცა, მისი თქმით, საბოლოოდ აღმოჩნდა ისე, რომ ბავშვი 4 თვის განმავლობაში დარჩა თერპიის გარეშე.
„4 თვე დაკარგა ჩემმა შვილმა. როგორც მერიამ განაცხადა, იმ პირობით ჩაურიცხა ცენტრებს თანხა, რომ მერე აღადგენდნენ და ახლა მერიას ვთხოვ მე პასუხს, როგორც აიღეთ ეს პირობა ამ ცენტრებიდან, ისე მოსთხოვონ ახლა მათ ამ გაცდენილი საათების ანაზღაურება.
მე როგორც გავარკვიე, ცენტრები მუშაობენ იმაზე, რომ ეს გაცდენილი საათები აღადგინონ, მაგრამ, რატომღაც, ჩემი შვილის ცენტრის უფროსი არის წინააღმდეგი, არც კი განიხილავს, რომ 1 თვის თერაპია მაინც აუღდგინოს ჩემს შვილს. ეს არის „ბავშვის განვითარების ინსტიტუტი“, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებობს“, – თქვა კორკოტაძემ.
მისი თქმით, მერიაში განუცხადეს, რომ შეუძლია, მიმართოს სხვა დაწესებულებებს, რომლებიც ჩართულნი არიან მერიის პროგრამაში და ბავშვისთვის გამოყოფილ თანხას ეს დაწესებულებები მიიღებენ.
მარი კორკოტაძემ მიმართა სხვა დაწესებულებებსაც, თუმცა, მისი თქმით, ყველა ცენტრმა უარი განაცხადა გაცდენილი საათების ანაზღაურებაზე.
მარი კორკოტაძე აცხადებს, რომ ონლაინ თერაპიას 40-მდე ბავშვი არ ესწრებოდა, თანაც, მნიშვნელოვანია, რომ იმ ცენტრში ანაზღაურდეს გაცდენილი საათები, სადაც აქამდეც დადიოდა, რადგან თერაპევტები შეთანხმებულად მუშაობენ ბავშვთან.
„დაახლოებით 40 ბავშვზეა საუბარი, რომელთაც ონლაინ არ მიუღიათ ეს სერვისი. წამოიდგინეთ, 1300 ბავშვიდან 40 ბავშვთან არის აღსადგენი 4 თვის თერაპიის საათები. როგორ არ არის იმის რესურსი, რომ ამ 40 ბავშვთან მოხდეს აღდგენა? დაუჯერებელია. ცენტრების ნაწილს აღდგენები აქვთ. ჩემი ცენტრი კი ამბობს, რომ, უბრალოდ, ფიზიკურად ვერ მოასწრებენ ამდენის ჩატარებას. ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაცდენილი საათების აღდგენა მოხდეს იმ ცენტრში, სადაც ჩემი შვილი დადიოდა“. – ამბობს მარი კორკოტაძე.
მისი თქმით, თუ სხვა გზა არ დარჩება და ცენტრები ვერ გამოძებნიან რესურს გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად, ის ბავშვს წაიყვანს სხვა ცენტრში ან სხვა კერძო თერაპევტთან, რომლებიც არ არიან მერიის პროგრამაში ჩართულნი. ამისთვის კი საჭიროა, რომ მერიისგან თერაპიისთვის გამოყოფილი თანხა ბავშვს დაუბრუნდეს.
„დარჩა ერთადერთი გზა – მერიამ ან ეს თანხა ჩაურიცხოს ბავშვებს საპენსიო ანგარიშზე, ან მე წავიყვან „პირველ ნაბიჯში“ თუ სხვაგან, ადგეს და პირდაპირ იმ კონკრეტულ ცენტრს ჩაურიცხოს. ეს უნდა იყოს გამოსავალი. მე ძალიან მინდა, რომ ეს ფული არ დაიკარგოს. ეს ჩემი შვილის ფულია. მისი თერაპიისთვის გამოყოფილი და მინდა, რომ ზუსტად მიიღოს ბავშვმა. რაც ამდენი ხნის განმავლობაში არ მიუღია. საკმაოდ დიდი წყვეტა აქვს“. – ამბობს კორკოტაძე.
რას ამბობენ ცენტრების წარმომადგენლები?
„ბავშვის განვითარების ინსტიტუტის“ ხელმძღვანელი ნინო ცინცაძე აცხადებს, რომ მის ცენტრში 112 ბავშვიდან დაახლოებით 20 ბავშვის მშობელი არ დასთანხმდა ონლაინთერაპიას.
„პირველ რიგში ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ „ვერ მიიღეს“ – არ არის სწორი ფორმულირება. მათ არ მიიღეს ეს სერვისი მშობლების სურვილის გამო და არა იმიტომ, რომ ეს იყო შეუძლებელი. ეს არის პრინციპული განსხვავება“, – ამბობს ნინო ცინცაძე.
მისივე თქმით, თავიდანვე განუცხადეს მერიასა და მშობლებს, რომ გაცდენილი საათების ანაზღაურება შეუძლებელი იქნებოდა.
„ამის შესახებ ინფორმაცია გავუზიარეთ მშობლებს, მათ შორის, პირადად მარი კორკოტაძეს, რომ იმის გაკეთებას, რაც იქნებოდა რთული და შეუძლებელი, უბრალოდ, ვერ დავპირდებოდით. წარმოიდგინეთ, მთელი დღეა დატვირთული თერაპევტი და მერე, როცა აღდგენა დაიწყებოდა, ერთი ამდენით კიდევ უნდა დატვირთულიყო. ამდენი დრო და სივრცე კი უბრალოდ არ არსებობს“. – ამბობს ცინცაძე.
მისი თქმით, დისტანციურ თერაპიაზე უარი მშობლებს იმის გამო არ უთქვამთ, რომ მათ შვილებს უფრო მეტი სირთულეები ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც დასთანხმდა ონლაინთერაპიას.
„ეს იყო თანამშრომლობის არსურვილი, მარტივად რომ ვთქვა. თავიდანვე გავაფრთხილეთ და ახლა იმათ რომ აღვუდგინოთ, ვინც პრინციპული უარი თქვა, რაღაცნაირად უსამართლობა იქნება იმ მშობლების მიმართ, ვინც ჩაერთო. ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ამ ტიპის აღდგენაზე არ ვიყავით თანახმა “, – ამბობს ნინო ცინცაძეს.
მისივე თქმით, ცენტრმა თანხა მიიღო ჩატარებული ონლაინსესიების რაოდენობის მიხედვით.
„სამწუხაროდ, ასე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენ ჩარიცხული გვაქვს ეს თანხა. ჩარიცხვა მოხდა შემდეგნაირად, მარტის თვის ჩარიცხვა მოხდა მთლიანად. ჩვენ მაშინ მივწერეთ მერიას, რომ ჩვენს თანამშრომლებს ავანსად არ ჩავურიცხავდით ამ თანხას, არამედ ონლაინთერაპიის დროს გაწეული შრომის მიხედვით“. – ამბობს ცინცაძე.
„მენტალური ჯანმრთელობის ცენტრის“ დირექტორი მაია გაბუნია აცხადებს, რომ მის ცენტრში ყველა მშობელი დასთანხმდა ონლაინსწავლებას.
„ჩვენს ცენტრებში არც ერთ მშობელს ამაზე უარი არ უთქვამს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის მშობლით გაშუალებული თერაპია. მშობელი უნდა იყოს ჩართული. თუ მშობელი უარს ამბობს, ვერ გააკეთებ ვერაფერს. ჩვენთან ასეთი პრობლემა არ დამდგარა. ზოგიერთ ცენტრში მშობლების ნაწილმა უარი თქვა. მე მესმის ამ მშობლებისაც. მე ვიცი მათი მდგომარეობა, მძიმეა, მუდმივად ყურადღება უნდა ბავშვს. მუდმივად რაღაც პრობლემაა, რასაც ყურადღება უნდა მიაქციონ. ეს ერთი საათი, როდესაც თერაპიაზე მოჰყავდათ ამ ცენტრებში, მათთვის იყო ამოსუნთქვა, ახლა აღმოჩნდა ისე, რომ ეს ერთი საათიც არ აქვთ“, – თქვა გაბუნიამ.
გაბუნიას თქმით, მათმა ცენტრმა მარტში გაცდენილი საათები აღადგინა და შესაბამისად ონლაინ განაგრძობს აპრილის თვის საათების აღდგენას. ის ფიქრობს, რომ სხვა ცენტრის ბავშვს ვერ მოემსახურებიან, რადგან თავადაც აღსადგენი აქვთ აპრილის სეანსები, რისი დრო და რესურსიც ფიზიკურად აღარ რჩებათ.
მერიის პოზიცია
თბილისის მერიის ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გელა ჩივიაშვილი ამბობს, რომ მერიას შეუძლია, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ბავშვებისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც ვერ გამოიყენეს ონლაინთერაპიის გამო, გადაამისამართონ სხვა პროგრამაში ჩართულ სხვა ცენტრში, სადაც ისინი შეძლებენ გაცდენილი სეანსების ანაზღაურებას.
ჩივიაშვილი აღნიშნავს, რომ ცენტრების არგუმენტები მისთვის არარელევანტურია და, სავარაუდოდ, გაუგებრობა მშობლებსა და ცენტრებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობითაა გამოწვეული.
„რაც შეეხება დაწესებულებების მხრიდან იმის თქმას, რომ ვერ აანაზღაურებენ გაცდენილ საათებს, აქაც ცოტა არ მგონია, რომ მასე იყოს საქმე. იმიტომ, რომ ჩვენ ვადა არ შეგვიზღუდავს ამ მიმართულებით. შესაბამისად, წლის ბოლომდე რომ თვეში პლუს 5 სეანსი ჩატარდეს ან პლუს 4 სეანსი, შესაძლებელი იქნება გაცდენილი საათების ანაზღაურება. ის, რომ ბავშვს დამატებით 5 სეანსს ვერ ჩაუტარებენ, არარელევანტურია. აქ მგონია, რომ კომუნიკაციის ნაკლებობის პრობლემაა მშობლებსა და დაწესებულებას შორის“.
გელა ჩივიაშვილი აღნიშნავს, რომ თანხის სხვა დაწესებულებაში გადამისამართება, რომელიც არ არის ჩართული მერიის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამაში“, ერთჯერადი დახმარების სახით შესაძლებელია.
„იმისათვის, რომ დაწესებულება მოხვდეს მერიის ამ პროგრამაში, ძალიან მკაცრი კრიტერიუმებია. სხვა კერძო დაწესებულება, რომელიც პროგრამაში არ მონაწილეობს, არ შემიძლია, დაგიდასტუროთ, რამდენად ხარისხობრივია. პროგრამაში მონაწილე ცენტრებში გადამოწმებულია მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, სპეციალისტების კვალიფიკაცია, რაც შესაბამისი სერტიფიკატებით არის დადასტურებული. სხვა დაწესებულებაში გადამისამართება, რომელიც არ მონაწილეობს პროგრამაში, შესაძლებელია ერთადერთ შემთხვევაში – ერთჯერადი დახმარების სახით, ოღონდ, სხვა პროგრამიდან, თუმცა უფრო მისაღები იქნებოდა, რომ ეს ყოფილიყო აუტისტური სპექტრის მქონე დაწესებულებებში, ვიდრე სადღაც გარე დაწესებულებაში, რომლის ხარისხის შემოწმებასაც მერია ვერ ახერხებს“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.
თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გელა ჩივიაშვილი ამბობს, რომ, ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე, მერია მზადაა, მედიატორის როლი შეასრულოს მშობლებსა და ცენტრებს შორის, გაცდენილი საათების ასანაზღაურებლად.