სიკვდილი რიცხვებში
- მიმდინარე წლის იანვარი, თებერვალი, მარტი: დაიღუპა 94 ადამიანი, დაშავდა – 1613.
- 2020 წელი: დაიღუპა 450 ადამიანი; დაშავდა – 6640.
- 2019 წელი: დაიღუპა 481 ადამიანი; დაშავდა – 7921.
ეს სტატისტიკა რაიმე სტიქიურ კატაკლიზმებს ანდაც ომებს არ უკავშირდება. ასობით ადამიანი კვდება და ათასობით შავდება საქართველოს გზებზე. ავტოსაგზაო შემთხვევებისას.
სწორედ ამ განსაკუთრებული რაოდენობის ტრაგედიებთან სურთ დაპირისპირება ლევან იოსელიანსა და ალეკო ელისაშვილს, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებს. მათ ამ მიზნით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი შეიმუშავეს.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა მნიშვნელოვან ნაწილს სწორედ ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დროს მანქანის მართვა იწვევს. დეპუტატები ასევე მიიჩნევენ, რომ დღეს მოქმედი სანქციები არ კმარა საგზაო შემთხვევების პრევენციისთვის.
რა იყო და რით იცვლება
პროექტის მიხედვით, კანონში 10-მდე ცვლილება შედის. ჩვენ მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანს გამოვყოფთ:
დღეს მანქანის სიმთვრალის დროს ტარება ან შემოწმებისათვის თავის არიდება იწვევს მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას.
კანონპროექტით, განსაზღვრულია მართვის უფლების 1 წლით შეჩერება.
დღეს მოპედის სიმთვრალის დროს ტარება ან შემოწმებისათვის თავის არიდება იწვევს 150 ლარის ჯარიმას.
კანონპროექტით, დარღვევა გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარით.
დღეს მართვისუფლებაჩამორთმეული მძღოლის მიერ მანქანის მართვა სიმთვრალის დროს, ისჯება 700 ლარით და მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდით.
კანონპროექტი გულისხმობს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარით, ადმინისტრაციულ პატიმრობას – 5 დღიდან 15 დღემდე და მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას.
დღეს მართვის უფლების შეჩერების პერიოდში, სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენის შემდეგ, თუ მძღოლი კვლავ დაჯდება საჭესთან მთვრალი, ან შემოწმებას თავს აარიდებს, დაჯარიმდება 1000 ლარით და მოწმობის შეჩერების ვადა გაეზრდება 2 წლით.
კანონპროექტით დაჯარიმდება 3000 ლარით, შეეფარდება ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღის ვადით და გაეზრდება მართვის უფლების შეჩერების ვადა 1 წლით.
არგუმენტები
დეპუტატ ლევან იოსელიანის აზრით, მთავარი ცვლილება ჯარიმის გაზრდაზე მეტად ადმინისტრაციული პატიმრობის ცნების შემოტანაა. ის გვეუბნება, რომ ყველა იმ ქვეყანაში, სადაც შემთხვევათა რაოდენობა მკვეთრად შემცირდა, სწორედ პატიმრობის კომპონენტია მკაცრად გათვალისწინებული.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტს მრავალპარტიული მხარდაჭერა აქვს, რაც გუშინ პირველი მოსმენის დროს სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლის გამოსვლაში იკითხებოდა.
როგორც იოსელიანი ფიქრობს, ეს საზოგადოებრივმა განწყობებმა გამოიწვია. ის გვიყვება, რომ იდეამ გაჟღერებისთანავე სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა, სადაც ათასობით ინტერნეტმომხმარებელი სანქციების კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვდა. ამიტომაც როგორც მმართველ, ისე სხვა ოპოზიციურ პარტიებს უარყოფის არგუმენტი არ გააჩნდათ.
„პრობლემის მასშტაბი იმდენად დიდია, პრაქტიკულად, ყველა ოჯახს შეეხო ეს ტრაგედიები“, – ამბობს დეპუტატი.
„გირჩი“ პრაქტიკულად ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც სანქციების გამკაცრებას არ ემხრობა. საამისოდ მათ თავიანთი არგუმენტები აქვთ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ვახო მეგრელიშვილის თქმით, ცხადია, მანქანასთან ჯდომის დროს სიმთვრალე კარგი არ არის. თუმცა, სიმთვრალესთან ავარიების სულ რაღაც 5% პროცენტია დაკავშირებული, ანუ 95% შემთხვევაში ადამიანები ავარიას ფხიზლები ჩადიან. ამასთან, „ადამიანს ჯერ დანაშაული არ ჩაუდენია. უდანაშაულოა, ზის საკუთარ მანქანაში. პრევენციულად ვსჯით ადამიანს, რომელსაც შეეძლო დანაშაული არ ჩაედინა“. – გვეუბნება პარლამენტარი.
მეგრელიშვილს კანონპროექტი მხრივაც არ მოსწონს: – „განვიხილოთ ალკოჰოლური თრობის გაზომვის მეთოდები. საქართველოში განსაზღვრულია 0,3 პრომილე, სხვაგან 0,5 პრომილე და ამერიკაში, გარდა იმისა, რომ შენ ქიმიური დიაგნოზი გესმება, ამავდროულად პოლიციელმა უნდა განსაზღვროს რომ შენ ხარ ისეთ მდგომარეობაში, როდესაც მანქანის მართვა არ შეგიძლია. ჩვენი სამართალდამცავი სისტემა ასეთ ტიპის დიფერენციაციისთვის მზად არ არის“.
„15 დღით ადამიანის დაჭერა, რომელიც მთვრალი დაჯდა მანქანასთან არის სრულიად ზედმეტი რეგულაცია. რისკისთვის არაადეკვატური. ასეთ მკაცრ დათქმას არ ვემხრობით, ისედაც ხომ ისჯება დღევანდელი კანონმდებლობით“ – ამბობს დეპუტატი.
„პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დამფუძნებელი, გელა კვაშილავა კი ამბობს, რომ სიმთვრალე საგზაო შემთხვევების დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დარღვევაა და თუ ავარიების, დაშავებისა და სიკვდილიანობის შემცირება გვინდა, სიმთვრალეში მანქანის მართვასთან ბრძოლა ძირითად პრიორიტეტად უნდა იქცეს.
კვაშილავას თქმით, როცა საქმე სიმთვრალეში მართვის გამო პატიმრობას ეხება, განვითარებული ქვეყნების გამოცდილება კიდევ უფრო მკაცრ მიდგომებს მოითხოვს. ასევე, ის ფიქრობს, რომ კანონპროექტის მიზნის მისაღწევად აღსრულების ნაწილიც უნდა გამკაცრდეს, მძღოლებს უნდა ჰქონდეთ განცდა, რომ მათ სიმთვრალეზე ადრე თუ გვიან შეამოწმებენ, ამჟამინდელი აღსრულების მექანიზმი სუსტია და მძღოლები გარისკვას არ უშინდებიან.
მას არასაკმარისად მიაჩნია მართვის უფლების შეჩერების ერთ წლამდე გაზრდა. მისი აზრით, მძღოლს მოწმობის ასაღებად გამოცდის თავიდან ჩაბარება უნდა უწევდეს.
მთლიანობაში, გელა კვაშილავა მიიჩნევს, რომ სანქციების გამკაცრება პრევენციას იწვევს და, სავარაუდოდ, თუ კანონის გამკაცრებასთან ერთად აღსრულებაც გამკაცრდა, ეს ამჟამინდელ ტრაგიკულ სტატისტიკაზე გავლენას იქონიებს.
კანონპროექტს ორმა, ადამიანის უფლებათა და იურიდიულმა კომიტეტმა მხარი უკვე დაუჭირა, პროექტი პირველ მოსმენაზეც გავიდა. სავარაუდოდ, მეორე მოსმენა შემდეგ კვირაში გაიმართება.