„გაფუჭებული საჭმელი გავაპროტესტეთ, მათ კი სამსახურიდან გაგვიშვეს“

ბასტი მგალობლიშვილი

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ ქვეკონტრაქტორმა კომპანია „შუქრუთი +-მა“ ორი თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა – საბაგირო გზის მკვებავის მემანქანე ნოდარ ტეფნაძე და სატვირთო საბაგირო გზის სამთო ოსტატი თორნიკე ნოზაძე. როგორც ისინი ამბობენ, გათავისუფლების რეალური მიზეზი არასათანადო შრომის პირობებზე გამოთქმული პროტესტი იყო.

„საკვები პროდუქტი იყო გაფუჭებული. მაწონი იყო ამჟავებული და ლორწოვანი, პურს კი ობის მსგავსი თეთრი ლაქები ჰქონდა. აბაზანაში სრული ანტისანიტარიაა, მე პირადად ავიკიდე კანის დაავადება, რომელსაც 10 დღე ვმკურნალობდი. სხვა სმენაში მომუშავე ბიჭმა სოკო აიკიდა“, – ამბობს ნოდარ ტეფნაძე.

მისივე თქმით, გათავისუფლების მიზეზი 4 ნოემბერს უვარგის საკვებზე, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების უგულვებელყოფაზე გამოთქმული პროტესტი გახდა. ნოდარ ტეფნაძე არ გამორიცხავს, რომ დათხოვნის კიდევ ერთი მიზეზი პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციაც იყო, რადგან თავად პარტია „ლელოს“ აქტივისტია.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის ერთ-ერთმა მეწილემ, ნოდარ მიქაბერიძემ „ქართულ ოცნებას“ 2019-20 წლებში ჯამში 110 ათასი ლარი, ხოლო 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში  სალომე ზურაბიშვილს 60 ათასი ლარი შესწირა.

ტეფნაძის თქმით, სამუშაო ადგილზე უკმაყოფილების გამოხატვის შემდეგ კომპანიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელი მალხაზ ბიწაძე დაუკავშირდა და უთხრა, „ამ პრობლემებზე რომ ყვირი, ვინ მოგცა შენ მაგის უფლება, თუ არ გინდა მუშაობა, წადი სახლში, ჩემი დანიშნული ხარ მანდ და არ გრცხვენიაო?!“, – როგორც ტეფნაძე იხსენებს, მალხაზ ბიწაძემ მას მოუწოდა, პრობლემების შესახებ წერილობით ეცნობებინა, თუმცა მანამდე დამსაქმებლისგან „სასტიკი საყვედური“ მიიღო შრომის შინაგანაწესის დარღვევის გამო.

პრეტენზიების შესახებ წერილის გაგზავნის შემდეგ „შუქრუთის +-ის“ თანამშრომელს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ აცნობეს. როგორც თავად ამბობს, მისთვის მიზეზი არ განუმარტავთ. ტეფნაძემ „პუბლიკას“ გათავისულფების ბრძანებაც მიაწოდა. ბრძანების მიხედვით, გადაწყვეტილების საფუძველია შრომის კოდექსის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც „დამსაქმებელს უფლება აქვს, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში ნებისმიერ დროს დადოს დასაქმებულთან ვადიანი ან უვადო შრომითი ხელშეკრულება ან შეწყვიტოს მასთან გამოსაცდელი ვადით დადებული შრომითი ხელშეკრულება“.

„სამსახურიდან ჩემი გათავისუფლების ოფიციალური დოკუმენტი არ აქვთ, რადგან არავითარი დარღვევა სამსახურში მე პირადად არ მქონია და ამაზე პასუხისმგებელი ვარ, არაფერი არ დამიშავებია, კეთილსინდისიერად შესრულებული სამუშაოს გარდა, რაზეც გვითხრა თვითონ მალხაზ ბიწაძემ, რომ რატომ იყვირეთ ამ პრობლემებზე, რატომ ამოიღეთ ხმაო. ეს არის დისკრიმინაცია და თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა. და პრობლემებს ასე აგვარებენ – ვინც ხმას ამოიღებს იმაზე, თუ რა ჯოჯოხეთიც იქ ხდება, სამსახურიდან უშვებენ. ადამიანებს ემუქრებიან, რომ ისინი დარჩებიან ლუკმაპურის გარეშე. ჩვენ ამას არ შევეგუეთ, არც შევეგუებით“, – ამბობს ტეფნაძე.

ნოდარ ტეფნაძე და თორნიკე ნოზაძე სამუშაო ადგილზე აღდგენასა და პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. მათივე თქმით, საქმის კურსშია სახალხო დამცველის აპარატი და არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

„ჩვენ არ დავნებდებით, არ დავუხრით თავს უსამართლობას. იმიტომ, რომ ჩვენ არაფრის გამო გაგვათავისუფლეს, კომპანიას მოვთხოვეთ ის, რისი ვალდებულებაც ჰქონდა. ამას კანონი ავალდებულებს ყველა საწარმოს, რომ დაიცვას თანამშრომლების უფლებები, შრომის უსაფრთხოება, სანიტარული ნორმები და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი არის დარღვეული“, – ამბობს ნოდარ ტეფნაძე.

ტეფნაძის თქმით, თორნიკე ნოზაძეც მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თქვა, რომ „ჩემს თანამშრომლებს საფრთხეში ვერ ჩავაგდებ, უნდა გავჩეროთ [საბაგირო] გზაო“.

„ელემენტარული დამცავი ქამრებიც კი არ აქვთ, როდესაც 3 მეტრის სიმაღლეზე უწევთ თანამშრომლებს მუშაობა. დანარჩენზე, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე საუბარი ზედმეტია. სანამ პროტესტს არ გამოთქვამ, არავინ არ გაქცევს ყურადღებას და თუ გამოთქვამ, სამსახურიდან გიშვებენ ჩემსავით“, – ამბობს თორნიკე ნოზაძე.

თორნიკე ნოზაძე იმასაც გვიყვება, რომ სამსახურიდან დათხოვნის შემდეგ, კომპანია ცდილობს, მასზეც და თავის ოჯახზეც ზეწოლა მოახდინოს.

„ურეკავენ ჩვენი ოჯახის წევრებს და ეუბნებიან გააჩუმდითო. ქალაქში რომ გავდივართ, დაცვის სამსახურის მთელი ესკორტი დაგვყვება უკან – სად შევდივართ და როგორ შევდივართ, გვაკონტროლებენ, გვისმენენ, ვისთან რას ვიტყვით“, – ამბობს ნოზაძე.

ნოდარ ტეფნაძემ სოციალურ ქსელში ასევე გაავრცელა ვიდეო, რომელზეც, მისი თქმით, ასახულია თანამშრომლებისთვის გათვალისწინებული მოუწესრიგებელი სველი წერტილები და სიცოცხლისთვის საშიში ინფრასტრუქტურა.

ტეფნაძის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს „ჯორჯიან მანგანეზი“ Facebook-ზე განცხადებით გამოეხმაურა. კომპანია აღნიშნავს, რომ „ნოდარ ტეფნაძისა და თორნიკე ნოზაძის მიერ გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და სიმართლეს არ შეესაბამება“. „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ „მსგავსი უპასუხისმგებლო და ცილისმწამებლური ბრალდებები აზიანებს კომპანიის იმიჯსა და რეპუტაციას და ემსახურება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“.

„პუბლიკამ“ დამატებითი კითხვებით მიმართა „ჯორჯიან მანგანეზს“, თუმცა კომპანიაში განგვიცხადეს, რომ ბრალდებებს ქვეკონტრაქტორი „შუქრუთი +-ის“ ნაცვლად ვერ უპასუხებდნენ. „პუბლიკა“ ასევე შეეცადა ბრალდებების საპასუხოდ კომპანიის კადრების განყოფილების ხელმძღვანელ მალხაზ ბიწაძესთან გასაუბრებას, თუმცა მან ინტერვიუზე უარი განაცხადა.

შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, „შუქრუთი +-ის“ მაღარო ბოლო პერიოდში არ შემოწმებულა. ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში კი გვიპასუხეს, რომ შუქრუთის მაღაროზე დოკუმენტური კონტროლი ბოლოს ივლისში განხორციელდა და ჩატარდა პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება.

„განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებების შედეგად, გაიცა ინსპექტირების სერტიფიკატები. აღნიშნული სერტიფიკატი გულისხმობს, რომ ინსპექტირებული ობიექტები შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ტექნიკური უსაფრთხოების მოთხოვნებთან. კანონმდებლობის შესაბამისად, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება მაღაროებზე უნდა განხორციელდეს 6 თვეში ერთხელ“, – აცხადებენ სააგენტოში.

რაც შეეხება „ჯორჯიან მანგანეზს“, რომლის ქვეკონტრაქტორიც „შუქრუთი +-ია“, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განგვიცხადეს, რომ ბოლო 6 თვეში შემოწმდა 3 მაღარო, სადაც დაფიქსირდა 7 არაარსებითი და 33 არსებითი ხარისხის შეუსაბამობა და ობიექტები დაჯარიმდა 6550 ლარით. სააგენტოს ცნობით, კრიტიკული ხარისხის შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა.


 

სტატია მომზადებულია პროექტის – „შრომის უსაფრთხოების სისტემის გამართვა და დაზარალებულთა მხარდაჭერა“ – ფარგლებში. პროექტი მხარდაჭერილია ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ და მას ახორციელებენ ორგანიზაციები – „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი“ (GCRT).

სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები გამოხატავს ავტორის პოზიციას და შესაძლოა, არ ასახავდეს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) შეხედულებებს. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.