#გააძლიერე, შემოწირე თუნდაც 1 ლარით – „საფარმა“ მუმივმოქმედი დონაციის სისტემა შექმნა, რომლის მიზანიც ორგანიზაციის ბენეფიციარებისთვის, უფასო იურიდიული დახმარების გარდა, სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შემოწირულების შეგროვებაა. პლატფორმის საშუალებით მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ, გააძლიერონ ძალადობაგმოვლილი ქალები, ბავშვები, ქვიარ თემის წევრები თუ სხვა ადამიანები. დონაცია გულისხმობს მათთვის როგორც ფინანსურ დახმარებას, ასევე, არამატერიალური გზით, ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზიარებას.
იაკობი ნინოწმინდის თავშესაფრიდან
„მე ვარ იაკობი, 19 წლის, ზესტაფონიდან. ჯერ კიდევ ჩვილობიდანვე გავხდი ზესტაფონის ბავშვთა სახლის ბინადარი. ყველაფერი კარგად იყო მანამ, სანამ 12 წლიდან არ გადავედი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში, სადაც განვიცდიდი ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას“, – ჰყვება იაკობი ვიდეოში, რომელიც #გააძლიერე კამპანიის პირველი საჯარო ისტორიაა.
იაკობი ზესტაფონში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა, მაგრამ უსახსრობის გამო მთელი ბავშვობის გატარება ბავშვთა სახლებში მოუწია. მეცხრე კლასის დასრულების შემდეგ ოჯახში დაბრუნდა. სტაბილური სამსახური და შემოსავალი არ აქვს, მაგრამ აქვს საყვარელი საქმე – ტანსაცმლის დიზაინი, კერვა, ქარგვა და ქსოვა.
„ცუდ დღეებს მავიწყებს, როცა ამას ვაკეთებ“, – ამბობს იაკობი. მას სურს ეს საქმე პროფესიად იქციოს, კოლეჯში ჩააბაროს, ტანსაცმლის დიზაინის კურსი გაიაროს და შემდეგ დასაქმდეს. იაკობს ამისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება. „საფარის“ დონაციის პლატფორმაზე იაკობის ისტორიის გვერდით უკვე არის ღილაკი „გააძლიერე“, სადაც იაკობის დახმარების მსურველებს შემოწირულების გაკეთება შეუძლიათ.
როგორც „საფარში“ ამბობენ, იაკობის მსგავსი ისტორია პანსიონების ათობით ყოფილ და მოქმედ აღსაზრდელს აქვს, მაგრამ ბევრი მათგანი ამ გამოცდილებებზე საჯაროდ ლაპარაკს ერიდება. იაკობის გაძლიერებისა და მხარდაჭერის შემდეგ, შემოწირულებები პანსიონის სხვა აღსაზრდელებს მოხმარდება.
როგორ გაჩნდა იდეა და რა გამოცდილება ჰქონდა „საფარს“
ადამიანებს, რომლებიც „საფარს“ დახმარებისთვის მიმართავენ, კონკრეტული პრობლემის გარდა, ხშირად სხვადასხვა საბაზისო საჭიროება აქვთ. როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, სამართლებრივი დახმარება, რაც მათი მთავარი სერვისია, არ არის საკმარისი, რომ ძალადობის მსხვერპლმა ქალებმა და ბავშვებმა ცხოვრების სრულფასოვნად გაგრძელება შეძლონ.
„საფარის“ რედაქტორი შორენა გაბუნია გვიყვება, რომ ორგანიზაციის წინაშე ყოველთვის დგებოდა ეს საკითხი, რით შეეძლოთ დამატებით დახმარებოდნენ ბენეფიციარებს, რადგან ხედავდნენ, რომ ხშირად მათთან მისულ ძალადობაგმოვლილ ქალებს არ ჰქონდათ თავშესაფარი, უსახსრობის გამო არ შეეძლოთ მიეხედათ ჯანმრთელობისთვის, ასევე, არ ჰქონდათ პირველადი მოხმარების საგნები, საკვები და ცხოვრებისთვის აუცილებელი სხვა საშუალებები.
„ყოფილა შემთხვევები, როდესაც პირადად მოგვიტანია სახლიდან ნივთები, ტანსაცმელი თუ სხვა რამ, მაგრამ ძალიან ფრაგმენტული იყო ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი. ამიტომ სულ გვქონდა მცდელობა რაღაც უფრო ეფექტური მექანიზმი მოგვეფიქრებინა“, – ამბობს შორენა გაბუნია.
დონაციის პირველი პრეცედენტი იყო, როდესაც „საფარმა“ პანდემიის დროს დაიწყო საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეგროვება და ბენეფიციარებისთვის დარიგება. ეს დახმარება მოიცავდა ისეთი ადამიანების მხარდაჭერას, რომლებიც არ იყვნენ ფორმალურ სექტორში დასაქმებულები და სახელმწიფო პროგრამების მიღმა დარჩნენ.
„მაშინ ოპერატიულად მოვიფიქრეთ, გაგვეკეთებინა შემოწირულებების მობილიზება. საკვები და პირველადი მოხმარების ჰიგიენური საშუალებები ვიყიდეთ და დავიწყეთ დარიგება სხვადასხვა ჯგუფისთვის – ტრანსგენდერი ქალების, ეთნიკური უმცირესობის ქალებისთვის და ა.შ. მაგალითად, მარნეულის ჩაკეტვის დროს ძალიან გაუჭირდათ მცირეშემოსავლიან ქალებს, ამიტომ დავეხმარეთ მარნეულელ ქალებს, ასევე, იორმუღალოელ ქალებს. ეს ნიშანი იყო ჩვენთვის, რომ კიდევ მეტის გაკეთება შეიძლებოდა, რომ ეს მხარდაჭერა სისტემური და ეფექტური ყოფილიყო“, – გვეუბნება შორენა გაბუნია.
ორგანიზაციაში კარგად ხვდებოდნენ, რომ მხოლოდ შიდა რესურსით ვერ გასწვდებოდნენ ამდენი ადამიანის საჭიროებებს. მხარდაჭერა უნდა ყოფილიყო სტაბილური და ყველას ჩართულობით. სწორედ ამიტომ დიდი ხნის ფიქრის შემდეგ დონაციის პლატფორმის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია.
როგორ მუშაობს დონაციის სისტემა
„საფარის“ ახალ ვებგვერდზე ჩაშენებულია დონაციის პლატფორმა – გააძლიერე. სწორედ ამ გვერდზე გადასვლის შემდეგ მოქალაქეს ექნება საშუალება, შემოწირულება გააკეთოს სასურველი მიმართულებით – #გააძლიერე მსხვერპლი, #გააძლიერე საფარი, #გააძლიერე მოხალისეობით.
პლატფორმაზე გამოქვეყნდება იმ ბენეფიციარების ისტორიები, რომლებსაც სხვადასხვა ტიპის დახმარება სჭირდებათ. გარდა ფულადი დონაციისა, გაძლიერება შეიძლება მოიცავდეს მათთვის უფასოდ სხვადასხვა სერვისის გაწევას.
მაგალითად, როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, ჰქონიათ გამოცდილება, როცა ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი ბენეფიციარები რეპეტიტორებს მოხალისეობრივად მოუმზადებიათ ეროვნული გამოცდებისთვის, სტომატოლოგს უფასოდ ჩაუტარებია პროცედურა მათი ბენეფიციარისთვის და ა.შ.
„ბევრ ბენეფიციართან გვაქვს შეხება. შესაბამისად, ბევრ სხვადასხვა საჭიროებას ვაწყდებით ხოლმე, რომლებსაც ვერ ვუკმაყოფილებთ ვერც ჩვენ, რადგან ორგანიზაციას არ აქვს ამის რესურსი, არც სისტემა არ არის ისე აწყობილი, რომ ჩვენი სოცმუშაკები ახერხებდნენ მათთვის დახმარებას პოვნას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ უფრო სისტემური და სტრუქტურირებული სახე მიგვეცა ამისთვის. პლატფორმა თვითონ არის ორიენტირებული იმაზე, რომ მოქალაქეებმა გააძლიერონ ბენეფიციარები და სახელიც შესაბამისი აქვს. პლატფორმა შესაძლებლობას იძლევა, რომ რამდენიმე ტიპის დონაციაში ჩაერთონ ადამიანები“, – გვეუბნება „საფარის“ ციფრული მარკეტინგის მენეჯერი ნათ ნათენაძე.
პირველი ტიპის დონაცია – #გააძლიერე მსხვერპლი – იძლევა საშუალებას კონკრეტული ბენეფიციარის ისტორიის გაცნობის შემდეგ ამ ადამიანის და მისი მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანების გაძლიერებისა. მაგალითად, იქნება ეს რომელიმე პანსიონატის ყოფილი ბენეფიციარი, ძალადობის მსხვერპლი ქალი თუ ბავშვები და ა.შ. თითოეული ისტორიის გვერდით გამოჩნდება ფანჯარა, სადაც მსურველს ელექტრონულად სასურველი რაოდენობის შემოწირულობის გაკეთება შეუძლია.
მეორე ტიპის დონაციაა – #გააძლიერე საფარი. როგორც ნათ ნათენაძე გვიყვება, ამ ტიპის დონაციით მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ გააძლიერონ უშუალოდ ორგანიზაცია.
მესამე ტიპის დონაცია კი არის #გააძლიერე მოხალისეობით, რომელიც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს ვინც ეთანხმება და მოსწონს „საფარის“ საქმიანობა, მოხალისეობრივად კონკრეტული პროფესიული უნარებითა და ცოდნით, ასევე კომპეტენციით გააძლიეროს ორგანიზაცია. როგორც ნათ ნათენაძე ჰყვება, ამის გამოცდილებაც ძალიან დიდი აქვს „საფარს“, იქნება ეს გრაფიკული დიზაინერების, რეჟისორების, მემონტაჟეების, ვებდეველოპერების თუ სხვადასხვა ტიპის მასწავლებლების მხარდაჭერა, რომლებიც უფასოდ ასწავლიან ბენეფიციარებს. ამ კატეგორიაში შეუძლია მოქალაქეს ატვირთოს მოკლე რეზიუმე და მიუთითოს რაში შეუძლია დაეხმაროს ორგანიზაციას.
რაც შეეხება დონაციის ტიპებს შესაძლებელი იქნება, როგორც ერთჯერადი ჩარიცხვა ასევე ყოველთვიური ჩამოჭრა ანგარიშიდან. გადარიცხვა კი შეძლებელი იქნება როგორც საქართველოდან, ასევე სხვა ქვეყნებიდან.
როგორც „საფარში“ ამბობენ, დონაციის განმახორციელებელ ადამიანს შეუძლია, თვალი ადევნოს თავისი შემოწირულობის მიზნობრიობასა და შედეგებს. ამისთვის მას შესაძლებლობა ექნება, დაემატოს ორგანიზაციის მხარდამჭერებისა და მეგობრების Facebook-ჯგუფში, სადაც გაზიარდება ყველა ინფორმაცია.
პლატფორმა #გააძლიერე უკვე ხელმისაწვდომია და მოქალაქეებს შეუძლიათ, გაეცნონ მითითებულ ბმულზე: https://sapari.ge/