სამხედრო ესკალაცია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
აზერბაიჯანი სომხეთის სასაზღვრო ტერიტორიებისა და ქალაქების მასირებულ საარტილერიო დაბომბვას აწარმოებს. ეს ბევრად მეტია, ვიდრე ცალკე აღებულ სომხეთზე შეტევა და ასეთი რამ მანამდე ალიევს არ გაუკეთებია.
ის ღიად ბომბავს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) ტერიტორიას. შეგახსენებთ, ამ ორგანიზაციის შემადგენლობაში შედიან რუსეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი.
როგორც ნატოში და თავის დროზე ვარშავის პაქტში, აქაც ერთი ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმა ნიშნავს ყველაზე თავდასხმას. ანუ ახლა აზერბაიჯანი რუსეთის გავლენის ზონაში აკეთებს იმავეს, რაც ნატოს შემთხვევაში იქნებოდა, მაგალითად, რუსეთის მხრიდან ლიტვის დაბომბვა.
როდესაც ორგანიზაცია ასეთ თავდასხმას პასუხს ვერ სცემს, ესე იგი, ის მკვდარია. ჩემი ღრმა რწმენით, 2021 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის ულტიმატუმები იმის თაობაზე, რომ ნატოს მასთან უნდა შეეთანხმებინა ახალ წევრთა მიღების საკითხი, ჯარები გაეყვანა 1997 წლის პოზიციებზე და უკრაინას ნატოში არშესასვლელად გამოეცხადებინა ნეიტრალიტეტი, ერთი მხრივ კი იყო უკრაინის წინააღმდეგ მიმართული ქმედება, მაგრამ პროგრამა მაქსიმუმად ეს სითავხედე მიზნად ისახავდა ნატოს დისფუნქციურობის დადასტურებას და მის ჩამოშლას. როგორც შედეგი, ამას მოჰყვებოდა ლიბერალური ინტერნაციონალიზმის საბოლოო მარცხი, საერთაშორისო ურთიერთობებში ნეორეალიზმის გამარჯვება, გავლენათა სფეროების მეცხრამეტე საუკუნეობრივი პრინციპების დაბრუნება და ა.შ.
ამის საპასუხოდ რაც მოხდა, ყველამ ვიცით: დასავლეთი მობილიზდა უკრაინის დასახმარებლად, ხოლო ნატოს აღმოსავლეთი ფლანგი გაივსო ჯარითა და შეიარაღებით. ნატოს დისფუნქციურობა ვერ დადასტურდა. პირიქით, ის გაძლიერდა და რუსეთი დასუსტდა.
ახლა ალიევი იმავე გამოწვევას უგზავნის ОДКБ-ს. აზერბაიჯანის პრეზიდენტი ავტორიტარული მმართველია. ის შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ ყველამ უნდა აღიაროს რომ ის ძალიან ჭკვიანია და კარგად ერკვევა საერთაშორისო პოლიტიკაში. რუსეთი ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში წაბორძიკდა კიევის მისადგომებთან. ახლა ხარკოვში ის დაეცა. სამხედრო რეალობა არის ასეთი: რუსეთს იმდენად შეზღუდული აქვს რესურსები, რომ მან ხარკოვის ოლქისთვის ვერ იომა, წინააღმდეგობა ვერ გასწია. განა შეიძლებოდა, ალიევს ასეთი შესაძლებლობა ხელიდან გაეშვა?! თუ ხარკოვისთვის ვერ იომა რუსეთმა, რანაირად შეუძლია მას ყარაბაღისთვის ან თუნდაც სომხეთისთვის ომი? რუსეთს არ შეუძლია, ყველასთან ერთად იომოს. ამის დასტური იყო ლაჩინის კორიდორის აზერბაიჯანის ხელში იოლად გადასვლა, სულ ორიოდ კვირის წინ.
ამ წარმატებას განვითარება სჭირდება – capitalization on the victory (გამარჯვებაზე შემდგომი წარმატების დაფუძნება), ასე ჰქვია ამ ამბავს სამხედრო ხელოვნებაშიც და პოლიტიკაშიც.
ყველასთან ომი არ შეუძლია დასავლეთსაც. რუსული გაზის დაკარგვის საფრთხის წინაშე მდგარი დასავლეთი ყველა კუბამეტრ გაზს უფრთხილდება. ურსულა ფონ დერ ლაიენი იმყოფებოდა ბაქოში და მან ალიევი ევროპისთვის გაზმომარაგების გაორმაგებაზე დაითანხმა. ისიც სიხარულით დასთანხმდა. იქვე იკითხებოდა, რომ ალიევის ეს სიხარული ნიშნავდა დასავლეთის სიჩუმის ყიდვას. თან რუსულ გაზზე უარის თქმა და თან სომხეთის დასაცავად აზერბაიჯანთან ურთიერთობების არევა შეუთავსებელია ევროპულ თბილ ზამთართან. შესაბამისად, ასე იშვა 2020 წლის შემდეგ აზერბაიჯანისთვის მეორე მომენტუმი – რუსეთსა და ევროპას მთავარ გამოწვევად ერთმანეთი ჰყავთ და მათ სომხეთის დასაცავად შეზღუდული აქვთ რესურსები.
მოვლენათა განვითარების სცენარები
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ წერტილოვან დარტყმებს ახორციელებენ სომხური პოზიციების წინააღმდეგ, ოპერაცია არის ლოკალური და არა მასშტაბური, ანუ ომი არ იქნებაო. ეს განცხადება გაკეთდა რუსეთისა და ОДКБ-ს რეაქციის მოლოდინში.
აქ არის რამდენიმე ცვლადი:
1. რა რეაქციას გამოავლენს რუსეთი? მას რეგიონში ჰყავს მაქსიმუმ 7 ათასამდე სამხედრო (5000 გიუმრის ბაზაზე, 2000 ყარაბაღში). ესეც იმ შემთხვევაში, თუ ეს ხალხი ან მათი ნაწილი უკრაინაში უკვე არ გადაისროლა. თუნდაც 7000 რუსი ჯარისკაცი არ არის აზერბაიჯანისთვის დაუძლეველი ბარიერი, სამხედრო თვალსაზრისით, მაგრამ, თუ ისინი ომში ჩაერთნენ, მათ წინააღმდეგ ტყვიის სროლა ალიევისთვის იქნება რუბიკონის გადალახვა. თუ რუსეთი, როგორც იმპერია, უკრაინასთან ომში გადარჩა, ის აზერბაიჯანთან იომებს – თუნდაც წლების შემდეგ.
2. რუსეთის მკაცრი თუ რბილი პასუხი მნიშვნელოვანწილად დამოკიდებული იქნება ОДКБ-ს სხვა წევრი სახელმწიფოების რეაქციაზე – მზად არიან ისინი, სომხეთის დასაცავად ჯარები გაგზავნონ? აქ საქმე ის არის, რომ შესაძლოა, ამ ქვეყნებმა (ბელარუსმა, ყაზახეთმა, ტაჯიკეთმა, ყირგიზეთმა, უზბეკეთმა) ეს საკითხი დაინახონ არა სომხეთის, არამედ რუსეთის იმპერიული გავლენის დაცვად. უკრაინასთან ომის მსვლელობისას ყველა ზემოთ ჩამოთვლილმა სახელმწიფომ ამა თუ იმ ფორმით დაადასტურა, რომ მათ არ სურთ რუსეთისთვის ომი. უფრო მეტიც, რამდენიმე მათგანმა მკვეთრად ანტირუსული განწყობა და რუსეთის შიშიც დააფიქსირა. ამ მხრივ, ყველაზე მკაფიო იყო ყაზახეთი. ეს გარემოება რუსეთს კიდევ უფრო მეტად უბიძგებს, რამე იღონოს, რადგან ჩამოეშლება ОДКБ-ც და გავლენის სფეროებიც;
3. აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერის რა დონის მზადყოფნას აჩვენებს თურქეთი? რას მოილაპარაკებს ერდოღანი პუტინთან? როგორც 2020 წელს, სამწუხაროდ, დასავლეთი ახლაც მთლიანად ამოვარდნილია პროცესებიდან. ირანს არ სურს რეგიონში აზერბაიჯანის მომეტებული გაძლიერება, მაგრამ არ მგონია, რამე ხელშესახები მოიმოქმედოს, გარდა იმისა, რომ რუსეთს დერეფანს გაუხსნის სომხეთის დასახმარებლად, თუ რუსეთმა შეძლო სომხეთის დახმარება.
რომ შევაჯამოთ, რა არის აზერბაიჯანის პროგრამა მაქსიმუმი და პროგრამა მინიმუმი:
1. თუ რუსეთმა და ОДКБ-მ სრული დისფუნქციურობა და ჩამოშლა აჩვენეს, თურქეთმაც იყოჩაღა, ამ შემთხვევაში აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაცია გაგრძელდება და მალეც დასრულდება. იმ ვითარებაში, როდესაც აზერბაიჯანის ხელშია ლაჩინი და შუშა, ყარაბაღში სომხეთის მხრიდან სერიოზული სამხედრო წინააღმდეგობის შანსი ნულს უტოლდება.
პოლიტიკურად, მაქსიმალისტური სცენარით, აზერბაიჯანი დაიბრუნებს ყარაბაღს და სომხეთს აიძულებს სიუნიქზე (ზანგეზურზე) სატრანსპორტო დერეფნის გახსნას ნახჭევანსა და თურქეთთან დასაკავშირებლად. სამწუხაროდ, ყარაბაღიდან მოხდება 150 ათასი ეთნიკური სომხის ეთნიკური წმენდა, თუმცა ნაკლებსავარაუდოა, შესაძლო ეთნოწმენდამ ხოცვა-ჟლეტის სახე მიიღოს. ალიევს ეს არაფერში არ სჭირდება. ჰუმანიტარული დანაშაული ძალიან დააზიანებს მის პოზიციას.
მაქსიმალისტური სცენარის შემთხვევაშიც აზერბაიჯანი სომხეთის საერთაშორისოდ აღიარებული ტერიტორიის ოკუპაციას არ განახორციელებს. ეს მას არც სჭირდება და ასეთი ქმედება მას წაართმევს მორალურ უპირატესობას, გაიყვანს საერთაშორისო სამართლის სივრციდან და აქცევს დამნაშავედ, რომელსაც ადრე თუ გვიან პასუხი მოეთხოვება. ალიევი ჭკვიანი მოთამაშეა და ამ ირაციონალურ საქციელს არ ჩაიდენს.
2. თუ რუსეთმა და ОДКБ-მ მოახერხეს ალიევის შეყოყმანება, პროგრამა მინიმუმად დარჩება სომხეთის დაშინება, მისთვის თავისი უმწეო მდგომარეობის შეხსენება, რასაც შედეგად ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნების პროცესში დინამიკის გაჩენა უნდა მოჰყვეს. გამორიცხული, ცხადია, არაფერია, მაგრამ, ჩემი აზრით, ფართომასშტაბიანი ომი არ იქნება და მეორე სცენარი გათამაშდება. რუსეთს არ შეუძლია, პირველი სცენარი და მისი გავლენის სფეროების ერთბაშად ჩამოშლა დაუშვას, მაგრამ მას არც აზერბაიჯანის სრული გაჩერება შეუძლია. ამიტომ, მეორე სცენარი ორივე მხარისთვის კომპრომისულია.
კომპრომისის ძიებაში
ალიევი გასაგებია, რას აკეთებს და თავისი მიზნების მისაღწევად ძალიან ჭკვიანურადაც მოქმედებს, მაგრამ რა უნდა ქნას სომხეთმა? ეს ისეთი მგრძნობიარე თემაა, რომ ნებისმიერი შეთავაზება შეიძლება წყენად მიიღონ სომხებმა, მაგრამ მე პოლიტიკოსი არ ვარ, ამიტომ უფრო თავისუფლად შემიძლია საუბარი.
1990-იან წლებში, ყარაბაღის პირველი ომის მოგების შემდეგ, ლევონ ტერ-პეტროსიანი და კარენ დემირჭიანი ხვდებოდნენ, რომ სტატუს-კვო სამუდამოდ ვერ გაგრძელდებოდა და სურდათ, გამარჯვებული პოზიციებიდან მიეღწიათ შეთანხმებისთვის მამა ალიევთან – თავად დაეთმოთ შვიდი რაიონი (ან მისი ნაწილი) და სანაცვლოდ მიეღოთ უსაფრთხოების გარანტიები ან სტატუსი მთიანი ყარაბაღისთვის.
მაშინ სომხეთში ნაციონალიზმმა გაიმარჯვა და 2020 წლამდე არავინ უშვებდა კომპრომისს. სისხლით მოპოვებულს ნებით ვერ დავთმობთო, თანხმდებოდა სომხური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ელიტის აზრი. მისდამი ჩემი პირადი სიმპათიების მიუხედავად, ფაშინიანის პოლიტიკა, რომელიც ერთად დაუპირისპირდა რუსეთსაც და აზერბაიჯანსაც, აშკარა იყო კატასტროფისკენ მიდიოდა. 2020 წელს ეს კატასტროფა დადგა და ის არ იყო ძნელი განსაჭვრეტი.
2020 წელს რუსეთს ნდობა სრულად უნდა დაეკარგა სომხეთში, მაგრამ ეს ნდობა მხოლოდ შეირყა და ის უსაფრთხოების ისევ მთავარ გარანტად ჩანს ერევანში. ფაშინიანი ხვდება რომ სომხეთი დენთის კასრზე ზის. ქვეყანა მთლიანად არის დამოკიდებული რუსეთის წარმატებაზე უკრაინაში და წარმატების შემთხვევაშიც (რაც დიდად მოსალოდნელი არაა) – პუტინის კეთილ ნებაზე. მომდევნო წლებში სომხეთს ყარაბაღზე კონტროლის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება და ისევ იოლად არის განსაჭვრეტი კარზე მომდგარი კატასტროფა – ყარაბაღის დაკარგვა და ეთნიკური წმენდა.
ამჯერად ფაშინიანი სწორად ხედავს მძიმე პერსპექტივას. სომხები ევროპელების, ამერიკელებისა და საქართველოს შუამავლობით ცდილობენ აზერბაიჯანთან საუბარს. ეს ხმამაღლა არავის უთქვამს, მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, ფაშინიანს უნდა ყარაბაღის აზერბაიჯანისთვის დაბრუნება, ავტონომიის გარკვეული ფორმისა და ეთნოწმენდის პრევენციის პირობით. მოცემულ მძიმე რეალობაში, ეს სომხეთისთვის საკითხის ოპტიმალური გადაწყვეტა იქნებოდა. ასე ქვეყანას შეუძლია, აირიდოს ყარაბაღში ეთნოწმენდა და საბოლოოდ ჩამოშორდეს რუსეთის გავლენის სფეროს – დაიწყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
თუმცა ფაშინიანი თავისუფალი არაა თავის ქმედებაში და ის ნაციონალისტური საზოგადოებრივი აზრის ტყვეა. სომხებს აზერბაიჯანისთვის ნებით არაფრის დათმობა არ სურთ, მეტადრე მათი „ძირძველი ისტორიული ტერიტორიის“, როგორც ისინი ხედავენ ყარაბაღს. ჩემი აზრით, პირველ რიგში, სომხური სიჯიუტის დაძლევას ისახავს მიზნად აზერბაიჯანის მიერ სამხედრო ქმედებების უშუალოდ სომხეთის ტერიტორიაზე გადატანა – ერევანში საზოგადოებამ უნდა იგრძნოს, რომ ყარაბაღზე მეტს დაკარგავენ, თუ ნებით არ დათმეს ეს რეგიონი.
სომხეთის ინტელექტუალური წრეების ნაწილში ესმით ეს მოცემულობა, მაგრამ გამოთქვამენ საკმაოდ ლოგიკურ შიშს: ალიევი ავტორიტარია, მასზე გავლენა მხოლოდ თურქეთს აქვს და მეტს არავის. რა გარანტიაა, რომ ის ყარაბაღის გადაცემის შემთხვევაშიც არ მოაწყობს ეთნიკურ წმენდას და უარს არ იტყვის რეგიონისთვის ავტონომიის მიცემაზე? მართალია, ამის გარანტია არ არის და ვერ იქნება, მაგრამ თუ ნებით არ მისცეს, ძალით დაიკავებს. ეს მეტი სისხლი დაჯდება და მორალური სიმართლეც ალიევის მხარეს იქნება, რადგან აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზეა საუბარი.
თუ სომხეთი მოახერხებს ალიევთან შეთანხმების მიღწევას, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის სანაცვლოდ ყარაბაღის ავტონომიაზე და შეთანხმების შესრულების მონიტორინგისთვის რეგიონში განთავსდებიან საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები, ალიევს საკმაოდ გაუჭირდება საერთაშორისო დამკვირვებელთა წინაშე ეთნოწმენდის მოწყობა. ეს დიდი პოლიტიკური და ეკონომიკური ფასი დაჯდება. შეგახსენებთ, კოსოვოს დამოუკიდებლობისა და სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის იდეის რევიზიის საერთაშორისო ლეგიტიმაცია შვა მილოშევიჩის მიერ განხორციელებულმა ეთნიკურმა წმენდამ. ეს უნდა ახსოვდეთ ბაქოში.
ამიტომ, ვფიქრობ, სომხეთისთვის ეს უკანასკნელი სცენარი ნაკლები ბოროტებაა. ოღონდ, სომხურ საზოგადოებას გამბედაობა უნდა ეყოს მისკენ ნაბიჯების გადასადგმელად.
სომხეთი, თურქეთი და „გენოციდი“
სომხეთის საერთაშორისო იზოლაციას განაპირობებს თურქეთთან დაურეგულირებელი „გენოციდის“ საკითხიც. „გენოციდი“ პოლიტიკური/პოლიტიზებული და სამართლებრივი ტერმინია. მე ისტორიკოსი ვარ და ვიტყვი, რომ 1915 წლისთვის ოსმალეთის იმპერიაში ცხოვრობდა დაახლოებით 2.1 მილიონი ეთნიკური სომეხი. დღეს თურქეთში სომხები თითქმის აღარ ცხოვრობენ.
თურქეთი არ აღიარებს „გენოციდს“, რადგან ამას მოჰყვება სერიოზული პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები: ა) გენოციდის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება (როგორც ეს ჰოლოკოსტის შემთხვევაში მოხდა), რაც უამრავი მილიარდი დოლარი იქნება; ბ) სომეხთა რეპატრიაციის უფლება და კერძო საკუთრების უფლების აღდგენა იქ, სადაც ახლა თურქები და ქურთები ცხოვრობენ; გ) რეპატრიაციის შემდეგ, პოტენციურად, ავტონომიისა და სეცესიის უფლების დაყენება.
შეგახსენებთ, 2013 წელს სომხეთის საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილზე გასული რაფიკ ჰოვანესიანი, ვინც ხმათა 36% მიიღო, „არწახის, ჯავახკისა და ექვსი ვილაიეთის სომხეთისთვის დაბრუნებას“ ქადაგებდა. არც სომხური საზოგადოების ნაციონალისტური ნაწილია ამ იდეებისადმი მწყრალად. ამიტომ, უნიადაგო არაა თურქეთის შიში. შესაბამისად, თურქეთისთვის ბევრად უფრო იოლია, არ აღიაროს გენოციდი, ვიდრე აღიაროს ის და შემდეგ დომინოს პრინციპით განვითარებული მოვლენების შეკავება სცადოს. თურქეთი არასდროს აღიარებს გენოციდს, არასდროს გადაიხდის რეპარაციას, არასდროს გასცემს რეპატრიაციის ნებართვას.
თუ სომხეთისთვის „გენოციდი“ მორალური საკითხია, ორივე მხრიდან სათანადო ნების შემთხვევაში, შეიძლება შეთანხმება, რომ თურქეთი აღიარებს გენოციდს, მაგრამ სომხეთი უარს იტყვის თანმდევ მოთხოვნებზე.
სომხეთის ეკონომიკური და პოლიტიკური იზოლაციის, მისი განვითარებისა და უსაფრთხოების გრძელვადიანი უზრუნველყოფის საკითხები ვერ გადაწყდება, თუ თურქეთ-აზერბაიჯანთან ვერ დაარეგულირებს ურთიერთობებს. იმავე მიზნების მისაღწევად აუცილებელია, ქვეყანა ჩამოშორდეს რუსეთზე სრულ დამოკიდებულებას და დაიწყოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი. ნავთობ და გაზსადენებმა, რკინიგზებმა, ავტომაგისტრალებმა უნდა გაიაროს სომხეთზეც.
რეგიონში კიდევ ერთი პროდასავლური სახელმწიფოს გაჩენა ერთი ორად გაზრდის საქართველოს ევროატლანტიკურ პერსპექტივებსაც. ათწლეულების იქით, მოვლენათა განვითარების საუკეთესო სცენარისკენ რომ გავიხედოთ, სწორედ ევროკავშირში გაწევრებული საქართველო და სომხეთი იქნებიან პერსპექტივაში აზერბაიჯანის დემოკრატიზაციის განმაპირობებლები.
სად არის საქართველო?
აზერბაიჯანმა 2020 წელსაც აჩვენა და ახლაც აჩვენებს, თუ რატომ არის საჭირო ძლიერი შეიარაღებული ძალები, მეტადრე კავკასიის რეგიონში.
უკრაინიდან პერიოდულად ისმოდა აზერბაიჯანისადმი მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. არა უკრაინის კარნახით, არამედ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანმა შექმნა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე და სათანადო დივიდენდიც მიიღო.
რაც უკვე დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ, მან უბრძოლველად დაიკავა ლაჩინის კორიდორი, ქალაქი ლაჩინი და ახლა კიდევ მეტის დაკავების ოპერაცია წამოიწყო.
საქართველოს ხელისუფლება ამ მოცემულობას ხვდება ირაკლი კობახიძისეული შანტაჟით – „აბა ომი გინდათ?“; რეგიონში ყველაზე სუსტი სამხედრო შესაძლებლობით; 2007 წელთან შედარებით, გამესამედებული თავდაცვის ბიუჯეტით, თითქმის განახევრებული პირადი შემადგენლობით.
აზერბაიჯანისებრი მზადყოფნა რომ ჰქონოდა საქართველოს, სულ მინიმუმ, რუსეთის შიშითა თუ კარნახით უარს არ იტყოდა უნიკალურ შესაძლებლობაზე – ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე.
ბექა კობახიძე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამედროვე საქართველოს ისტორიის სამაგისტრო პროგრამის თანახელმძღვანელი, პროფესორი