განათლება პანდემიის დროს | ინტერვიუ ნუცა კობახიძესთან 

„პოლიტიკისგან მთლიანად დაცლილი, კონკრეტულ პრობლემებზე ორიენტირებული და სოლიდარობით გაჯერებული ჯგუფი.“ – ასე აფასებს განათლების საკითხების მკვლევარი ნუცა კობახიძე ჯგუფს, რომელიც სოციალურ ქსელში საქართველოში ონლაინსწავლების დაწყებიდან მალევე შეიქმნა. ჯგუფის შექმნის ინიციატორი თავად ნუცა კობახიძეა, რომელიც საერთაშორისო და შედარებითი განათლების სპეციალისტია და ახლა ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში ასწავლის.

როგორ იმუშავა ჯგუფმა. როგორ აფასებს ქართველ მასწავლებელთა შესაძლებლობებსა და მონაწილეობას ონლაინსწავლების პროცესში. როგორია მისი შეფასება სკოლის მხარდაჭერის ნაწილში სამინისტროს ძალისხმევაზე და რას ფიქრობს სკოლების გახსნაზე. – ამ და სხვა საკითხებზე „პუბლიკა“ ნუცა კობახიძეს ესაუბრა.

  • „online სწავლება საქართველოში“ – ეს ჯგუფი ფეისბუქში თქვენი ინიციატივით შეიქმნა. როგორ გაჩნდა იდეა?

საქართველოში პანდემიის გამო სკოლები რომ დაიხურა, მაშინ ჰონგ-კონგი უკვე მთლიანად გადასული იყო ონლაინსწავლებაზე – სკოლებიც და უნივერსიტეტებიც.

მე გამოცდილება უკვე მქონდა და პოსტი დავწერე ფეისბუქზე, ონლაინსწავლებაზე გადასვლის თავისებურებებზე, როგორც უნივერსიტეტის პროფესორმა. პოსტში ვწერდი, რა რესურსებს და ინსტრუმენტებს ვიყენებდი სწავლებისთვის. ასევე, დავწერე მეორე პოსტი, როგორც მშობელმა, რადგან ჩემს შვილსაც მოუწია ონლაინსკოლაში სწავლა. ფეისბუქპოსტებმა იმდენად დიდი  ყურადღება დაიმსახურა, მივხვდი, ინფორმაციის ნაკლებობა იყო და საჭირო იყო მოქმედება.

ვფიქრობ, ჯგუფმა ძალიან გაამართლა, რადგან ის საჭირო დროს შეიქმნა. პირველ ეტაპზე ამ ჯგუფის შექმნის მთავარი იდეა ერთმანეთის გამხნევება, რესურსების გაზიარება, ინსტრუმენტებზე ინფორმაციის გაცვლა იყო. შევქმენით რესურსების აპი, რომელმაც საწყის ეტაპზე თავი მოუყარა არსებულ რესურსებზე ინფორმაციას და დაეხმარა არაერთ მასწავლებელს.

ვმსჯელობდით ვარიანტებზე, როგორ უნდა ემოქმედა განათლების სისტემას და როგორ უნდა ეპასუხა პანდემიის დროს არსებული გამოწვევებისთვის.

ასევე, ვსწავლობდით საერთაშორისო ვითარებას და ანალიზს ვაკეთებდით. ამაში ჩემი პროფესიაც დამეხმარა. საერთაშორისო და შედარებითი განათლების სპეციალისტი ვარ და კონტექსტში ვსწავლობ განათლების სისტემებს – კარგად ვიცოდი, რა ხდებოდა სხვაგან.  ამ ჯგუფში გაერთიანდნენ საქართველოში და საქართველოს გარეთ მყოფი ჩემი კოლეგებიც, რომლებიც რეგულარულად ეხმარებოდნენ მასწავლებლებს.

პირველ ეტაპზე ეს მხარდაჭერა იყო გადამწყვეტი, რადგან ქართველ მასწავლებლებს გაუჩნდათ განცდა, რომ ისინი მარტო არ იყვნენ, რომ ეს პროცესი მხოლოდ საქართველოში არ მიმდინარეობდა.

ჯგუფის მუშაობაში მნიშვნელოვანი მიღწევა იყო  ორიენტირება პრობლემების გადაჭრაზე – როგორ გვეპასუხა გამოწვევებისთვის, როგორ დავხმარებოდით ერთმანეთს. ეს იყო პოლიტიკისგან მთლიანად დაცლილი, კონკრეტულ პრობლემებზე ორიენტირებული და სოლიდარობით გაჯერებული ჯგუფი.

ჯგუფში ვხედავდი მასწავლებლებს, რომლებიც ერთმანეთს ეხმარებოდნენ. გამოჩდნენ ადამიანები, რომლებმაც ვიდეოგზამკვლევები ჩაწერეს. კრიზისის საწყის ეტაპზე ასეთი მხარდამჭერი პროფესიული ჯგუფის არსებობა იყო არსებითი.

მინდა, აღვნიშნო მაკა ერაძის, განათლებისა და ტექნოლოგიების სპეციალისტის წვლილი ჯგუფის განვითარებაში. მაკა იტალიაში მუშაობს და ძალიან დამეხმარა, რომ ჯგუფი პროფესიონალურად განვითარებულიყო, დარგში არსებული უახლესი ინფორმაცია ჯგუფის წევრებისთვის გაეზიარებინა. ჯგუფის განვითარებაში ასევე დიდი დახმარება გაგვიწია თათია ჯონსონმა, რომელიც ახლა უკვე ტარტუს უნივერსიტეტის მაგისტრანტია განათლებისა და ტექნოლოგიების განხრით. თათიამ ე.წ. ონლაინ ეთნოგრაფიული კვლევა ჩაატარა ჩვენს ჯგუფში. ეს ფართოდ გავრცელებული და თანამედროვე კვლევის მეთოდია. შეისწავლა მასწავლებელთა სოციალური ინტერაქცია ჯგუფში და სამაგისტრო თემა სწორედ ახლახან დაიცვა დიდი წარმატებით. ახლა თათია, მაკა და მე ვწერთ სტატიას ამ თემაზე – რომელიც ეხება პანდემიის დროს  საქართველოში მიმდინარე პროცესების ანალიზს, ამ ჯგუფიდან გამომდინარე.

ამ ეტაპზე ჯგუფს 5600-ზე მეტი წევრი ჰყავს და მათი უმრავლესობა 88.7% ქალია.  რომ გადავხედოთ აქტიურობას ჯგუფში, მარტში 580 პოსტი იყო, აპრილში – 327, მაისში – 191 და ივნისში 113. შედარებით დაიკლო პოსტების რაოდენობამ, მარტი და აპრილი იყო ყველაზე აქტიური, რადგან ამ დროს გაურკვევლობა გაცილებით დიდი იყო.

  • რომ გვითხრათ კვლევის ძირითადი მიგნებები, შესაძლებელია?

შემიძლია. გითხრათ რამდენიმე მიგნება – პოსტებისა და კომენტარების შინაარსობრივი ანალიზი გააკეთა თათიამ და თავად უკეთ შეუძლია ამაზე საუბარი. თვეების განმავლობაში ის აკვირდებოდა ჯგუფის განვითარებას და სოციალურ ინტერაქციას მასწავლებლებს შორის. თათიას თემის ერთ-ერთ ძირითადი დასკვნა არის ის, რომ საწყის ეტაპზე ჯგუფში შეკითხვები, ძირითადად, ეხებოდა ინსტრუმენტებზე ინფორმაციას, შემდეგ უკვე სვამდნენ შეკითხვებს,  რომელიც დაკავშირებული იყო პედაგოგიკასა და სასწავლო მიზნებთან. ამან აჩვენა, რომ ადაპტაციის პირველ ეტაპზე იყო კითხვა – „რა საშუალებით ვასწავლოთ“ და შემდეგ – „როგორ“ და „რა მიზანს მივაღწიოთ“, რომელიც უფრო მაღალი დონის კითხვებია.

მომდევნო ეტაპზე დაიკლო ასეთმა შეკითხვებმაც და, ძირითადად, პოსტები ტრენინგებსა და ვებინარებზე ინფორმაციას ეხებოდა, რაც ნიშნავს იმას, რომ უკვე გარკვეული ინფორმაციის ბაზა შექმნილი იყო, პირველადი ამოცანები – გადალახული.

  • ონლაინსწავლებაზე გადასვლით სისტემაში არსებული რა პრობლემები გამოჩნდა. რამდენად იყო მზად საზოგადოება – მასწავლებლები, მშობლები, მოსწავლეები ონლაინპლატფორმებით სწავლებისთვის. როგორი იყო თქვენი შთაბეჭდილება?

ვფიქრობ, არავინ იყო მზად და ვიტყოდი, რომ პანდემიამ განათლების სისტემები ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე დააყენა. ის პროცესი, რაც საქართველოში მოხდა – შოკი, დაბნეულობა, გამორკვევის მცდელობა, გაბრაზება – ეს ყველა ეტაპი სხვა ქვეყნებშიც გაიარეს მასწავლებლებმა.

ჰონგ-კონგში მასწავლებლები საინფორმაციო ტექნოლოგიებს უკეთ იყენებენ და მათ გაუადვილდათ სწავლება, მაგრამ მთლიანად ონლაინპროცესზე გადასვლა აქაც საკმაოდ გაუჭირდათ და ადაპტაციისთვის დასჭირდათ დრო.  ამ თვალსაზრისით, ქართველმა მასწავლებლებმა დიდი ენთუზიაზმი გამოიჩინეს, რაც სასიხარულოა. აღსანიშნავია, რომ გლობალური კრიზისის საწყისს ეტაპზე არ არსებობდა რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციები თუ რომელიმე განვითარებული ქვეყნის წარმატებული გამოცდილება ონლაინსწავლების ამ მასშტაბით განხორციელების შესახებ. ჩვენმა საზოგადოებამ თვითორგანიზებითა და საკუთარი ინიციატივით უპასუხა ამ გამოწვევას. ამან მოიტანა ის, რომ მასწავლებლები იძულებით პროფესიულ განვითარებაში ჩაერთვნენ. მართალია, სტრესის ქვეშ და გაზრდილი დატვირთვით მოუწიათ მუშაობა, მაგრამ სხვანაირად ასე სწრაფად მსგავსი პროფესიული განვითარება  ვერ მოხდებოდა. ახლა ყველა მასწავლებელმა, ასე თუ ისე, იცის, რა რესურსი არსებობს და როგორ გამოიყენონ პროცესში. იმედია, ამ ცოდნას სამომავლოდ სწავლების გასამდიდრებლად მიმართავენ.

  • რას გულისხმობთ, როცა ამბობთ, რომ კარგად გაუმკლავდნენ ამ გამოწვევას. როგორ ვზომავთ ამ შედეგებს ?

ეს მხოლოდ ჩემი დაკვირვებაა –  შედარებით კონტექსტში ვუყურებდი სხვა მასწავლებლებს თუნდაც აქ ან სხვა ქვეყნებში. როცა ვამბობ, რომ საქართველო მეტ-ნაკლებად წარმატებით გაუმკლავდა,  მთლიანად საზოგადოების პასუხს ვგულისხმობ. მასწავლებლებთან ერთად  ჩემი სფეროს წარმომადგენლების დამსახურებაც დიდია, მათ შორის – არასამთავრობო სექტორის. საზოგადოების თვითორგანიზება და პრობლემის ირგვლივ კონსოლიდაცია საკმაოდ მაღალი იყო და ეს ბევრისთვის სასიამოვნო მოულოდნელობა აღმოჩნდა.

შედეგებზე საუბარი ჯერ რთულია, რადგან ისევ პანდემიის რეჟიმში ვცხოვრობთ, თუმცა ამ პირველმა შოკმა გადაირა. საჭიროა მონაცემების შეგროვება და ანალიზი. ამ თემაზე ვერ ვისაუბრებთ, რომ არ ვახსენოთ პრობლემები, მაგალითად: ინტერნეტის ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, ინტერნეტის სიძვირისა და ხელმისაწვდომობის პრობლემა, კომპიუტერების უქონლობა როგორც მასწავლებლების ნაწილში, ისე მოსწავლეების. ეს ძალიან მტკივნეული პროცესი იყო ბევრი ოჯახისთვის.

  • უთანასწორობის აღმოსაფხვრელად განათლების სამინისტროს მხრიდან ძალისხმევა თუ დაინახეთ ?

განათლების სამინისტრო თავიდან დაბნეული იყო. ჯგუფში ხშირად ვკითხულობდით, სად არის სამინისტრო, რას ფიქრობს ამაზე.  შემდეგ დაიწყო სხვადასხვა ინიციატივის დაანონსება. მაგალითად – ტელესკოლა, ელექტრონული რესურსების პორტალის შექმნა, ონლაინტრენინგები. ეს  ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი გადაწყვეტილებები იყო, თუმცა, რაც დავინახე, არის ის, რომ ამ პროცესს კომუნიკაცია და ლიდერობა აკლდა.

განათლება პანდემიის დროს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექტორი ჯანდაცვასთან ერთად. ეს არის პრიორიტეტი. ჯანდაცვის სექტორისგან განსხვავებით, განათლებაში ბრიფინგი იშვიათად იმართებოდა. დრო და დრო ფეისბუქპოსტებს აქვეყნებდნენ. დღემდე ხშირია გაურკვეველი და ბუნდოვანი რეკომენდაციები, რომლებზეც იმდენი ინტერპრეტაცია არსებობს… იმავე ჩვენს ჯგუფში ძალიან ბევრი მასწავლებელი და სკოლის დირექტორი მსჯელობს ამ საკითხებზე.

ამ პროცესმა გამოაჩინა, რომ განათლების სისტემაში კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა.  ვიცი, რომ რესურსცენტრების გავლით დირექტორებს გარკვეულ ინსტრუქციებსა და ინფორმაციას აწვდიან. ხშირად ჩივიან დირექტორები, რომ არც ისე ცხადი, მკაფიო და რეალისტურია ეს ინსტრუქციები, მაგალითად, სკოლების გახსნაზე.

სხვა ქვეყნებში განათლების სამინისტროს წარმომადგენლები მედიის საშუალებით რეგულარულად ლაპარაკობენ არსებულ ვითარებაზე. ამასთანავე საჭიროა პირისპირ სისტემატური შეხვედრა, ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია.

ჩვენ ვერ მივაღწიეთ იმას, რომ გვქონდეს ისეთი მონაცემები, როგორიცაა სწავლის მიღმა დარჩენილ მოსწავლეთა რაოდენობა და მახასიათებლები. ეს მონაცემები მკვლევრებისთვის უმნიშვნელოვანესია, პროცესის ანალიზისთვის. თუკი სკოლებს შიდა არხებით აწვდიან ინფორმაციას, ეს საკმარისი არ არის, რადგან პანდემიის დროს განათლება ეროვნული პრობლემაა და არა მხოლოდ დირექტორებისა და მასწავლებლების ინფორმირება მართებთ, არამედ მშობლებისა და ფართო საზოგადოებისაც.

საზოგადოებას რეგულარულად სჭირდება ინფორმაცია –  რა გაკეთდა, სად ვართ და რა უნდა გაკეთდეს სამომავლოდ.

რეალისტურად რომ შევხედოთ, პანდემიის დროს საქართველოში სკოლებისთვის ბევრი რამ ვერ გაკეთდება მოკლე ვადაში – თავიდან ვერ ავაშენებთ რამდენიმე ახალ სკოლას; ვერ მოვამზადებთ და დავიქირავებთ ასობით ახალ მასწავლებელს; არ გვაქვს ძლიერი ეკონომიკა, რომ დიდი რესურსები ჩაიდოს სკოლების გახსნაზე. ბევრი პრობლემა არსებობს, რაზეც ღიად სჯობს საუბარი, ვიდრე გაჩუმება.

  • სკოლების გახსნაზე სამინისტროს მიერ საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას როგორ შეაფასებდით?

სკოლების გახსნა მხოლოდ ლოჯისტიკური საკითხი არაა. ეს არის ფინანსური და საგანმანათლებლო საკითხი.  ბევრი მშობელი და დირექტორი ამბობს, რომ გარკვეული ინსტრუქციების შესრულება არარეალისტურია, განსაკუთრებით სანიტარულ ნაწილში.

მაგალითად, ინსტრუქციები, რომელიც სამინისტროს აქვს, მოითხოვს მეტ მუშახელს და დამატებით დაფინანსებას.

ბევრი ქვეყანა საუბრობს იმაზე, თუ რამდენი უჯდებათ სკოლების გახსნა. მაგალითად, კანადის ფედერალურმა მთავრობამ 2 მილიარდი დოლარი გამოყო სკოლების გასახსნელად, რომელსაც პროვინციებს გადაუნაწილებს. ამას გარდა, ადგილობრივი მთავრობები დამატებით გამოყოფენ თანხას თავიანთი დამოუკიდებელი ბიუჯეტებიდან.

მაგ. ონტარიოს მთავრობამ დეტალური ბიუჯეტი გამოაქვეყნა, ზუსტად რას რაში ხარჯავს. მაგალითად – 50 მილიონს ვენტილაციის გასაუმჯობესებლად, 309 მილიონს პირბადეებზე, სადეზინფექციო საშუალებებზე, ტესტირებაზე, დამატებითი მასწავლებლებისა და თანამშრომლების აყვანაზე, უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის საკითხების შესახებ ტრენინგებზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით სკოლების დახმარებაზე.

ცხადია, რასაც ჰონგ-კონგი თუ კანადა გააკეთებს, საქართველოს ამის რესურსი არ აქვს, მაგრამ ღიად და რეალისტურად საუბარი პრობლემებზე კარგი იქნებოდა.

  • და თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ სკოლების შესაძლებლობები განსხვავებულია. ზოგიერთ სკოლას წყალიც კი არ აქვს…

რა თქმა უნდა, ამიტომ საჭიროა ინდივიდუალური მიდგომა.

ჰონგ-კონგში სკოლები გაიხსნა მაისში, ერთი თვით. ეპიდსიტუაცია იყო კარგი. ახლა ახალი სასწავლო წელი დაიწყო, მაგრამ მხოლოდ ონლაინ, რადგან მესამე ტალღაა ჰონგ-კონგში. თუმცა ამ დღეებში შემთხვევებმა იკლო, უკეთესი სიტუაციაა და ამბობენ, რომ გაიხსნება. მე ძალიან ველოდები, როგორც მშობელი და როგორც პედაგოგი.

სკოლების გახსნა დიდი გადაწყვეტილებაა. გახსნაც რისკია და გაუხსნელობაც. ერთი მხრივ, კვლევებით ვიცით, რომ ბავშვებს ნაკლებად ხვდებათ კოვიდ-19, მაგრამ მოსწავლეები შეიძლება იქცნენ გადამტანებად. გადაწყვეტილების მიღება ხდება შეზღუდული ცოდნის და მუდმივად განახლებადი ინფორმაციის საფუძველზე.

თუ გაიხსნება, გამორიცხული არ არის სკოლების კლასტერებში ეპიდემიის აფეთქება და თუ არ გაიხსნება, წარმოუდგენლად იზრდება მშობლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლების სტრესი. ამასთან, სწავლის დანაკარგი დიდია. რაც უფრო მეტი დრო გავა, მით უფრო გართულდება დანაკარგის ანაზღაურება. განსაკუთრებით დიდია სტრესი მშობლებზე, რადგან, ფაქტობრივად, პარალიზებულები არიან.

როგორც გითხარით, სკოლების გახსნის დროს უნდა შეფასდეს რისკი და უნდა იყოს მოქნილი დამოკიდებულება.

ჰონგ-კონგში რამდენიმე შესაძლო სცენარისთვის ვემზადებით. მთელი ზაფხულის განმავლობაში უნივერსიტეტმა ონლაინსწავლებაში ძალიან ბევრი პროფესიული ტრენინგი გაგვატარა და უფრო მომზადებულებიც ვართ.

  • თქვენ ახსენეთ პროფესიული ტრენინგები, რომელსაც უნივერსიტეტში გადიოდით. ამ ნაწილში საქართველოში თითქოს არაფერი ხდებოდა.

მე მართლა არ გამიგია და შეიძლება ერთეული ადამიანები ან უნივერსიტეტები ატარებდნენ ტრენინგებს.

ჰონგ-კონგში მთელი ზაფხული გამოიყენეს სკოლებსა და უნივერსიტეტებში მაქსიმალური რაოდენობით მასწავლებლისა და ლექტორის მოსამზადებლად.

ძალიან ადრე იგეგმება ეს პროცესები. გაგიკვირდებათ და გაზაფხულის სემესტრისთვისაც უკვე ვემზადებით. საქართველო, სამწუხაროდ, არ არის ძლიერი ასეთ დაგეგმვაში.

მეორე საკითხი, რაზეც დღეს არაერთი ქვეყანა მსჯელობს – როგორ ავინაზღაუროთ სწავლის დანაკარგი. რა საკომპენსაციო პროგრამები უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს. როგორ უნდა უზრუნველვყოთ დამატებითი სასწავლო დრო, მაგალითად, საზაფხულო, გახანგრძლივებული პროგრამები, არდადეგების გამოყენება.

საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის, იუნესკოს არაერთი რეკომენდაცია აქვს, როგორ უნდა მოხდეს დანაკარგის ანაზღაურება.

მესამე, უმნიშვნელოვანესი საკითხია ე.წ. შერეულ მოდელზე გადასვლის გზები, რაც საკმაოდ რთულია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანს. ახლა სწორედ ასეთ პროფესიული განვითარების ტრენინგებს გავდივართ, რათა ამ ტიპის ტრანზიციას მომზადებულები შევხვდეთ.

ვერც ამაზე დავინახე საფუძვლიანი მსჯელობა საქართველოში – რა შესაძლო სცენარით იგეგმება სკოლების გახსნა, რა რისკი არსებობს, რა რესურსები და ბიუჯეტი გამოიყო, რა გამოდის და რა – ვერა.  რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარება მუდმივად იცვლება, დაგეგმვა უნდა მოხდეს უარესი სცენარისთვის, ღიად უნდა ვილაპარაკოთ პრობლემებზე და გაბედული გადაწყვეტილებები მივიღოთ.

————————————-

მასალა მომზადდა CTC-ისა და „პუბლიკის” ერთობლივი პროექტის -„Covid-19 და საზოგადოებრივი ინიციატივების” ფარგლებში.