საარჩევნო პერიოდში განათლების პოლიტიკის საკითხების აქტუალიზებისა და ევროინტეგრაციის მხარდაჭერის მიზნით, ორგანიზაცია „განათლების პოლიტიკის ცენტრი“ განათლების კამპანიის ფარგლებში კვირეულს მართავს.
კვირეული პანელური დისკუსიით „ევროკავშირი განათლებისათვის“ გაიხსნა და გაიმართა მსჯელობა საკითხზე, რა დადებითი მხარეები აქვს და რა ტიპის განვითარება მოჰყვება ევროინტეგრაციას უშუალოდ განათლების სისტემისათვის.
როგორც გახსნით ღონისძიებაზე „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორმა გიორგი ჭანტურიამ განაცხადა, განათლების კამპანია მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, წინასაარჩევნოდ გამოვკვეთოს ის პრობლემები, რომლებიც განათლების სისტემაში გვაქვს; მეორე მხრივ, ვისაუბროთ ევროპასა და ევროინტეგრაციაზე, როგორც პერსპექტივაზე ჩვენი განათლების სისტემისთვის.
„ახლა ძალიან დაძაბული ფონია, ქვეყანა არის გზაგასაყარზე. მუდმივად ვსაუბრობთ ევროპასა და ევროინტეგრაციაზე უსაფრთხოების პერსპექტივიდან, ეკონომიკური კეთილდღეობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმის და კიდევ ბევრი სხვა პერსპექტივიდან, მაგრამ, ჩვენი მოსაზრებით, ნაკლებად ვსაუბრობთ განათლების პერსპექტივიდან.
რა ტიპის დახმარებას გვიწევდა ევროკავშირი ამ წლების განმავლობაში და რა პერსპექტივა გვაქვს ჩვენ ევროკავშირში ინტეგრაციით განათლების მიმართულებით? შეგვიძლია თუ არა განათლების სისტემაში არსებული პრობლემების აღმოფხვრა ევროკავშირში ინტეგრაციის ან მათთან მეგობრობის გარეშე? – ცხადია არა.“
დისკუსიაზე მომხსენებლებმა ისაუბრეს განათლების ყველა საფეხურის შესახებ. ერთი მხრივ, ყურადღება გაამახვილეს სისტემაში არსებულ პრობლემებზე; მეორე მხრივ კი, ისაუბრეს იმ პერსპექტივებზე, რომლებიც განათლების სისტემისთვის ევროკავშირში ინტეგრაციას ახლავს თან.
სკოლამდელი განათლების სპეციალისტმა ანა ჯანელიძემ სკოლამდელი განათლების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხელმისაწვდომობის საკითხი ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩება, როდესაც სკოლამდელ განათლებაზე ვსაუბრობთ.
უფრო კონკრეტულად კი 2-6 წლამდე ბავშვების 70%-ისთვის ამჟამად სკოლამდელი განათლება ხელმისაწვდომია. თუმცა, ამ ასაკის ბავშვების თითქმის მესამედი არ დადის საბავშვო ბაღში. უფრო მეტიც, მეტწილად ეს ეხება ისეთ ჯგუფებს, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებათ, რომ ხელი მიუწვდებოდეთ სკოლამდელ განათლებაზე – ესენი არიან სოციალურად დაუცველი ჯგუფები, ეთნიკური უმცირესობები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და სოფლად მცხოვრები ბავშვები.
„თუკი გადავხედავთ ბოლო 10 წლის სტატისტიკას, ვხედავთ, რომ ფაქტობრივად ვეღარ უმჯობესდება ხელმისაწვდომობის მაჩვენებელი. პრობლემა გვაქვს კანონმდებლობაშიც, რომელიც არა თუ ხელს არ უწყობს, არამედ კრძალავს კიდეც სკოლამდელი განათლების მიწოდების მრავალფეროვან მოდელებს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია და ევროკავშირის ბევრ ქვეყანაშია წახალისებული, იმიტომ, რომ მომსახურების მიწოდება ამ ასაკის ბავშვებისთვის ოჯახისა და ადგილობრივი თემის საჭიროებებთან მიახლოებული ფორმებით უნდა ხდებოდეს. ეს საქართველოში წახალისებული არ არის“.
ანა ჯანელიძემ სკოლამდელ განათლებაში ევროკავშირის ინსტრუმენტებზე საუბრისას ყურადღება გაამახვილა ჩარჩო დოკუმენტებზე, რომელთა რეკომენდაციების გათვალისწინებაც პოლიტიკის შემუშავებისას სავალდებულოა. მაგალითისთვის ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი, ე.წ. ბარსელონას სამიზნეები, უკავშირდება ხელმისაწვდომობის საკითხს. უფრო კონკრეტულად ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, 2030 წლისთვის 3 წლამდე ბავშვების მოცვის სამიზნე მაჩვენებელია 45%; 96% 3-6 წლამდე ბავშვებისთვის.
„აქამდე ჩვენი ქვეყნისთვის ამოსავალ წერტილად განიხილებოდა ევროკავშირის ხარისხის სამიზნეები და იმედი მაქვს ასეც გაგრძელდება“, – ამბობს ანა ჯანელიძე.
ზოგადი განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) დირექტორმა ირინა ხანთაძემ. მან მოხსენებისას აღნიშნა, რომ სასკოლო განათლება ქმნის იმ ფუნდამენტს, რომელსაც ეფუძნება დემოკრატია და სამოქალაქო საზოგადოება.
მისივე შეფასებით, ის, თუ როგორ გამოიყურება სასკოლო განათლების სისტემა, არის ფუნდამენტი, ერთ-ერთი მთავარი ღერძი ქვეყნის, როგორც დემოკრატიული სახელმწიფოს განმტკიცების საქმეში.
„სამწუხაროდ მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 30 წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ გარკვეული რეფორმები ჩატარდა და გარკვეული ტრანსფორმაცია გაიარა ქართულმა სკოლამ, მაინც ვერ მოხერხდა „საბჭოური სკოლის“ სრული დემონტაჟი. ამას აქვს ბევრი მიზეზი, ალბათ მთავარი მიზეზი მაინც ის არის, რომ ჯერ კიდევ სკოლა აღიქმება, როგორც გარკვეული იდეოლოგიის განმტკიცების, გატარებისა და პარტიული პოლიტიკური გავლენის შექმნისა და შენარჩუნების მნიშვნელოვან არხად, რომელსაც ვერცერთი ხელისუფლება დამოუკიდებელ საქართველოში ვერ შეელია. რეალურად ეს გახდა ძალიან მნიშვნელოვანი წინაღობა იმისათვის, რომ ჩვენ სისტემის რეალური რეფორმები განვახორციელოთ“.
ირინა ხანთაძე ამბობს, რომ გაცილებით უარესი მდგომარეობა გვექნებოდა განათლების სისტემაში, რომ არა საერთაშორისო დახმარება და მათ შორის ევროკავშირის მხარდაჭერა.
ის ფიქრობს, რომ, თუკი გვაქვს რაიმე სახის პროგრესი, „გარკვეული წარმატების კუნძულები და მრავალი საინტერესო პრაქტიკა“, ესეც საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის შედეგია.
„გამოვყოფდი ევროპის დიდ წვლილს არაფორმალური განათლების მხარდაჭერისთვის. ის, რომ არაფორმალურმა განათლებამ ქვეყანაში ფეხი მოიკიდა, მნიშვნელოვანწილად სწორედ ევროპული გამოცდილების გაზიარებითა და მათი მხარდაჭერით მოხდა, რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ სწავლა-სწავლების განსხვავებული გამოცდილება შემოგვეტანა ჩვენს საგანმანათლებლო სივრცეში.
ის, რომ ათასობით ქართველ მოსწავლეს ჰქონდა შესაძლებლობა წლების განმავლობაში თანატოლებთან ცოდნის გაზიარებისა; და ათასობით ქართველ მასწავლებელს ჰქონდა შესაძლებლობა გაცვლითი პროგრამებით ენახათ ის, რასაც ევროპული სკოლა ჰქვია, ეს ინვესტიციები დაეხმარა ჩვენს საზოგადოებას, რომ მომხდარიყო ხედვის ფორმირება, გაჩენილიყო წარმატებისა და საინტერესო პრაქტიკის მაგალითები“.
მისივე თქმით, ის შორს არის იმ აზრისგან, რომ სისტემის გაუმჯობესება მხოლოდ ამგვარი მხარდაჭერის ხარჯზეა შესაძლებელი. ფიქრობს, რომ ვითარების მნიშვნელოვნად შესაცვლელად პოლიტიკური სისტემური რეფორმებია ჩასატარებელი.
მისივე თქმით, სამოქალაქო ორგანიზაციების არსებობა ძალიან მნიშვნელობანი წინაპირობაა იმისათვის, რომ ქართულ საგანმანათლებლო სისტემაში ამ ტიპის რეფორმა მოვითხოვოთ.
დისკუსიისას უმაღლესი განათლების მიმართულებით ევროკავშირის მხარდაჭერაზე და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე EU4 Dialogue წარმომადგენელმა ლიკა ღლონტმა ისაუბრა.
როგორც ლიკა ღლონტი ამბობს, უმაღლესი განათლება თავის თავში გულისხმობს საერთაშორისო თანამშრომლობას. მისივე თქმით, აქ ევროკავშირისა და ზოგადად დასავლური სამყაროს თანამონაწილეობა მხოლოდ ფინანსური დახმარებით არ გამოიხატება. ეს არის ერთობლივი პროგრამები, ერთობლივი საგანმანათლებლო აქტივობები, ერთობლივი სამეცნიერო პროექტები. შესაბამისად, ამ თანამშრომლობის მნიშვნელობას და საჭიროებას ბევრი ახსნა არ სჭირდება.
„ჩვენ ვართ პატარა, ღარიბი ქვეყანა. სიღარიბეში მე არ ვგულისხმობ მხოლოდ ფინანსური რესურსების სიმწირეს, აქ იგულისხმება აკადემიურ სივრცეში შეზღუდული რაოდენობის პოტენციალი. რეალურად რომ შევხედეთ იმ აკადემიურ პერსონალს, რომელიც აქვეყნებს საერთაშორისო პუბლიკაციებს და ვისაც აქვს საერთაშორისო გრანტები, დაახლოებით 200 ადამიანია. ამათი მოვლა ამ ქვეყანას უნდა შეეძლოს….
ჩვენ თუ ფული არ ჩავდეთ მეცნიერებაში და თუ არ გექნება თანამშრომლობა დასავლეთის სამყაროსთან, ჩვენ მოვკვდებით როგორც ქვეყანა, იმიტომ, რომ 21-ე საუკუნეში შეუძლებელია სამეცნიერო პროდუქტის გარეშე ქვეყანამ იარსებოს, როგორც დამოუკიდებელმა ერთეულმა. აქ არ ვლაპარაკობ მხოლოდ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე, გვჭირდება კრიტიკული აზროვნება, გვჭირდება მეცნიერება“.
მისივე თქმით, ევროკავშირს ორი დიდი ინსტრუმენტი აქვს იმისათვის, რომ ეს თანამშრომლობა უზრუნველყოს,- „ერაზმუსი“ უმაღლესი განათლების სფეროში და „ჰორიზონტი“ მეცნიერების სფეროში.
ლიკა ღლონტის თქმით, „ერაზმუსი“ საქართველოში მუშაობს 1995 წლიდან და ასობით მილიონი ევრო აქვს დახარჯული იმისთვის, რომ ჩვენს უნივერსიტეტებში გაუმჯობესებულიყო ინფრასტრუქტურა, შემუშავებულიყო თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები, ჩვენს პროფესურას გაევლო პროფესიული განვითარების კურსები, შემუშავდა საგანმანათლებლო პროგრამები და 10 ათასზე მეტი სტიპენდია გაიცა როგორც სტუდენტებზე, ასევე პროფესორებსა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებზე.
მისივე განმარტებით, „ჰორიზონტი“, რომელიც არის ევროკავშირის სამეცნიერო თანამშრომლობის პროგრამა, დახმარების კომპონენტს თავის თავში არ მოიაზრებს, ის იძლევა თანაბარი პარტნიორობის, გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივად მუშაობის შესაძლებლობას.
„არამხოლოდ ევროკავშირთან, ზოგადად დასავლეთთან თანამშრომლობის გარეშე არათუ ვერ განვითარდება ჩვენი განათლების სისტემა, ჩვენ, როგორც ქვეყანა, ვმთავრდებით. აკადემიური თავისუფლების იდეა, პლაგიატის მიუღებლობა ეს ყველაფერი დასავლური კულტურის ნაწილია….
უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპა, ევროპის მეცნიერება და საუნივერსიტეტო განათლება როგორღაც საქართველოს გარეშე განაგრძობს განვითარებას. ჩვენ გვჭირდება ისინი, ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამშრომლობა, იდეების გაცვლა. არამხოლოდ ფულადი დახმარება, თუმცა ჩვენთვის ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ არ დღმდე გვეღირსა ნორმალური დაფინანსება და ვერც უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა“.
განათლების კამპანია მასწავლებლების თანამონაწილეობით შემუშავდა, რომელიც წინასაარჩევნოდ ორ კვირეულს ითვალისწინებს.
კვირეულის ფარგლებში, 23-29 სექტემბერს, მასწავლებლების ჩართულობით თბილისსა და რეგიონებში გაიმართება თემატური ღონისძიებები: სამაგიდო თამაშები, ფილმის ჩვენებები, შეხვედრები სასკოლო თემთან, ასევე, ამბის თხრობის ფესტივალი „ერთი ამბავი ევროპაზე“. კვირეული დაიხურება 29 სექტემბერს, ქუჩის აქციით „მასწავლებლები ევროპული მომავლისთვის.“
მეორე კვირეული – „კარდაკარ – ევროკავშირი განათლებისთვის“ საქართველოს მასშტაბით 100-მდე სკოლაში ვიზიტს ითვალისწინებს. შეხვედრებს ექნება საინფორმაციო ხასიათი, მიმართული იქნება დეზინფორმაციის წინააღმდეგ და შეეხება საარჩევნო საკითხებს. სკოლებში გავრცელდება საგანმანათლებლო ბეჭდური გაზეთიც, რომელშიც მოთხრობილი იქნება ამბები და ისტორიები, რომლებიც განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებს ასახავს.
განათლების კამპანიას არასამთავრობო ორგანიზაცია „განათლების პოლიტიკის ცენტრი” USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის პროექტის „ერთიანი საქართველო ევროპისათვის“ფარგლებში მხარდაჭერით ახორციელებს.