მიმდინარე წლის 15 მარტს POSTTV Media-ში „პოლიტიკური ინტერვიუ შალვა რამიშვილთან“ გადაცემაში სტუმრობისას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა, განათლების მიმართულებით დაგეგმილ რეფორმაზე ისაუბრა და რიგ საკითხებთან ერთად გამოეხმაურა საპარლამენტო მოსმენისას მინისტრის ინიციატივას მისაღები გამოცდების ცვლილებასთან დაკავშირებით.
ამ ინიციატივის ავკარგიანობაზე საუბარს სამომავლოდ გადავდებ და ახლა მხოლოდ იმ ფაქტობრივ შეცდომებს შევეხები, რომლებიც მინისტრის მოადგილემ ინტერვიუს დროს დაუშვა, რაც სისტემის რეალური მდგომარეობის გამოძახილია.
სამწუხაროა, როდესაც განათლების პოლიტიკის განმსაზღვრელი უწყების ერთ-ერთი წამყვანი თანამდებობის პირის ინტერვიუ ბევრ უზუსტობას და, უბრალოდ, ტყუილს შეიცავს:
-
ფიზიკის ფაკულტეტზე ფიზიკის საგნის ჩაბარება აქამდეც იყო შესაძლებელი – ამისათვის აუცილებელი იყო უნივერსიტეტს მოეთხოვა, რომ ფიზიკის ჩაბარება აბიტურიენტებისთვის სავალდებულოა, თუმცა, სამწუხაროდ, უნივერსიტეტს, თავისი ავტონომიის ფარგლებში, ეს შესაძლებლობა არ გამოუყენებია. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ სამინისტრო აქტიურ საინფორმაციო შეხვედრებს მართავდეს უნივერსიტეტებთან და აცნობდეს მათ თავიანთ უფლებებსა და შესაძლებლობებს, მინისტრის მოადგილე საგამოცდო სისტემას იწუნებს. ამასთან, ჩნდება ლეგიტიმური შეკითხვაც: რა უშლის სამინისტროს ხელს, ჩამოაყალიბოს მისთვის სასურველი საგამოცდო მოდელი?! თუ არსებული მოდელი არასწორი და უსამართლოა, რატომ „ვწირავთ“ 40000-მდე აბიტურიენტს და კვლავ ამ მოდელით ვაბარებინებთ გამოცდებს?!
-
აღსანიშნავია, რომ ნუნუ მიცკევიჩი არაერთხელ ახსენებს, რომ უნივერსიტეტში აბიტურიენტი არ უნდა ხვდებოდეს ერთ საგანში ცოდნის დადასტურების შედეგად ან გრანტს ვერ უნდა იღებდეს ერთი გამოცდით. აქაც ნათლად ჩანს, რომ მინისტრის მოადგილეს წარმოდგენა არ აქვს, როგორ ირიცხებიან დღეს აბიტურიენტები უნივერსიტეტებში და მით უმეტეს, რა პრინციპით ხდება გრანტის განაწილება. როგორც ჩარიცხვის, ისე გრანტის მოპოვებისათვის, სულ მცირე, სამი საგნის ჩაბარებაა სავალდებულო.
-
სირცხვილია, როდესაც მინისტრის მოადგილე არ იცნობს საგამოცდო სისტემას, თუმცა დიდი თავდაჯერებულობით აცხადებს, რომ არ მოსწონს იგი. ტყუილია მისი განაცხადი, თითქოსდა სამედიცინო მიმართულების პროგრამებზე აბიტურიენტები ბიოლოგიას, ფიზიკასა და ქიმიას შორის აკეთებენ არჩევანს – სამედიცინო მიმართულებებზე ბიოლოგია სავალდებულო საგანია, ხოლო მეოთხე საგნად აბიტურიენტები მათემატიკას, ქიმიას ან ფიზიკას აბარებენ. სულ მცირე, სამედიცინო მიმართულებების პროგრამებზე ჩასაბარებელი საგნებით მაინც უნდა დაინტერესებულიყო მინისტრის მოადგილე, რომელსაც იმუნოლოგიის დოქტორის ხარისხი აქვს.
-
ასევე, ტყუილია მინისტრის მოადგილის განცხადება იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებთან ერთად გასაუბრების ჩატარება, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, არ შეუძლიათ. უნივერსიტეტებს უფლება აქვთ, პროგრამაზე დაშვების დამატებითი წინაპირობები დააწესონ და ისინი ამ შესაძლებლობას აქტიურად იყენებენ.
-
სრულიად არ შეესაბამება რეალობას ქალბატონი ნუნუს მიერ მობილობისას არსებულ შეზღუდვებზე გამოთქმული მოსაზრება: დღეს მოქმედი რეგულაციების მიხედვით, მობილობის უფლების წარმოშობა არ უკავშირდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებულ საგანს. თუ უნივერსიტეტმა თავად არ დაადგინა შეზღუდვა, პირს თავისუფლად შეუძლია გადავიდეს ერთი უნივერსიტეტიდან მეორეში, ასევე, შეიცვალოს მიმართულება და სხვა პროგრამაზე გააგრძელოს სწავლა. ამდენად, რთულია იმის პროგნოზირება, რა ცვლილებებს გეგმავს მობილობის მიმართულებით სამინისტრო, მაგრამ „არსებული შეზღუდვების“ მოხსნა ეს ვერ იქნება – დღეს მობილობისათვის შეზღუდვები არ არსებობს!
შეჯამების სახით აღვნიშნავ, განათლების სამინისტრომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირები მოქმედ განათლების სისტემას არ იცნობენ. შესაბამისად, სამწუხაროდ, არც ამ სისტემის განვითარების პერსპექტივა ჩანს მათ ხელში.
ირაკლი კაკაბაძე – მწერალი. განათლების ექსპერტი.