ბოლო ათწლეულზე მეტია, საერთაშორისო კვლევის – PISA-ს შედეგები მიუთითებს ქართველი მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებს შორის უთანასწორობაზე, მათი სოციალურ–ეკონომიკური შესაძლებლობების, სკოლების ადგილმდებარეობისა და ტიპის, ასევე სწავლების ენის მიხედვით.
PISA საერთაშორისო შეფასებაა, რომელიც 15 წლის მოზარდებში ზომავს კითხვის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ცოდნასა და უნარებს.
თუკი კვლევის შედეგების ბოლო ორ ანგარიშს გადავავლებთ თვალს, 2022 წლის შეფასება აჩვენებს, რომ 15 წლის ქართველი მოსწავლეების ცოდნა და უნარები მათემატიკაში, წაკითხულის გააზრებასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 2018 წელთან შედარებით არ გაუმჯობესებულა.
უფრო კონკრეტულად კი, მხოლოდ ერთი ქულით გაუმჯობესდა მოსწავლეთა შედეგი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში. მათემატიკასა და წაკითხულის გააზრებაში კი 8 და 6 ქულით გაუარესდა. ამის მიუხედავად, ანგარიშში ნათქვამია, რომ არცერთი ეს ცვლილება სტატისტიკურად მნიშვნელოვანი არ არის და საერთო სურათს არ ცვლის.
ბოლო კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებს შორის უთანასწორობა კვლავაც შენარჩუნებულია:
სტატისტიკურად, კერძო სკოლის მოსწავლეები მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში, ასევე კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებში.
სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, კვლავ მაღალი შედეგებით გამოირჩევიან თბილისში მცხოვრები მოსწავლეები სოფლად მდებარე სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, ხოლო ყველაზე დაბალი შედეგები დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს აქვს.
ტესტის შესრულების ენის მიხედვით, შეფასების სამივე საფეხურში წლების განმავლობაში სტატისტიკურად მაღალ შედეგს აჩვენებენ ქართულენოვანი და რუსულენოვანი სკოლების მოსწავლეები. აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლეების მიღწევები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ ორი ჯგუფის შედეგებს.
კვლევაში მონაწილე მოსწავლეების 7.3% იყო ყველაზე ღარიბი. სოციალურ-ეკონომიკურად შეძლებულმა მოსწავლეებმა მათემატიკაში 65 ქულით აჯობეს შეჭირვებულ მოსწავლეებს.
როგორც კვლევის ანგარიშშია განმარტებული, PISA სამართლიან საგანმანათლებლო სისტემად მიიჩნევს ისეთ სისტემას, რომელშიც მოსწავლეთა სწავლის შედეგები დამოუკიდებელია ისეთი თანმდევი გარემოებებისგან, როგორებიცაა: მათი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, წარმომავლობა ან სქესი.
სამართლიანია საგანმანათლებლო სისტემაში, რომელშიც უმაღლესი მოსწრების მოსწავლეებს ვხვდებით სხვადასხვა სოციალური ფენიდან და არამხოლოდ შეძლებული ოჯახებიდან. საპირისპიროდ, მოსწავლეები, რომლებსაც სკოლაში დაბალი მიღწევები აქვთ, არიან სხვადასხვა სოციალური ფენიდან და არამხოლოდ პროპორციულად შეჭირვებული ოჯახებიდან.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემქმნელებმა, სკოლებმა და მასწავლებლებმა გაითვალისწინონ, რომ თავიანთი ძალისხმევის დიდი ნაწილი მიაწოდონ ყველაზე დაბალი შედეგის მქონე მოსწავლეებს და არა პირიქით, მათ, ვინც საბაზო დონეზე მაღლა დგას.
„ვფიქრობ, კვლევის შედეგები მნიშვნელოვანი წინაპირობა უნდა იყოს იმაზე დასაფიქრებლად, რომ განათლების სისტემაში დღემდე გატარებული პოლიტიკა სოციალური მგრძნობელობით არ გამოირჩევა და ვერ ხედავს იმ ჯგუფების საჭიროებებს, რომლებსაც რეალურად ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა“, – ამბობს განათლების საკითხების მკვლევარი, ნათია მჟავანაძე, რომელიც 2008-2015 წლებში PISA-ს კვლევის ეროვნული მენეჯერი იყო.
„ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო არაფერს რეალურად ქმედითს არ აკეთებს საიმისოდ, რომ იმ ბავშვებს, რომლებიც მოდიან მოწყვლადი ოჯახებიდან, რაღაცნაირად შეეხიდოს და მისცეს შესაძლებლობა, არსებული სოციალური უთანასწორობა აკადემიურ უთანასწორობაში არ გადაითარგმნოს. ჩვენთან ძალიან ხშირად სწორედ ამას ვხედავთ – სოციალური უთანასწორობა, სერვისებზე ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ითარგმნება აკადემიურ უთანასწორობაში“, – ამბობს ნათია მჟავანაძე.
კვლევის შედეგების შეფასებისას ნათია მჟავანაძე ყველაზე უარყოფითად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ წლების განმავლობაში არ ჩანს გაუმჯობესების დინამიკა.
„2009 წლიდან მოყოლებული, როცა პირველად ჩაერთო ქვეყანა კვლევაში, იზრდება განათლების დაფინანსება, ვხედავთ, რომ ხდება რაღაც ინტერვენციები, რომელთაც რაღაც შედეგი უნდა მოეტანათ და ეს შედეგი არ გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ, პრინციპში, ეს ინტერვენციები არ იყო მაინცადამაინც შედეგიანი.“
ნათია მჟავანაძის აზრით, ყოველივე ეს მიანიშნებს იმაზეც, რომ თანასწორობასთან დაკავშირებით განათლების სისტემაში არსებული მნიშვნელოვანი პრობლემის მიუხედავად, სახელმწიფო ვერ ხედავს ამ უთანასწორობას. მაგალითად კი მოაქვს უფასო სახელმძღვანელოების საყოველთაო პროგრამა და ფიქრობს, რომ სახელმწიფომ ამ შემთხვევაშიც არ იზრუნა რესურსების სამართლიანად გადანაწილებაზე, პირველ რიგში დახმარება გაეწია მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებოდა.
„ასეთ რაღაცებს ვერ ხედავს სახელმწიფო. ვისი ხმაც ყველაზე ნაკლებად ისმის – ნაკლებად უწევს ანგარიშს. საჯარო განათლების მთელი ხიბლი იმაშია, რომ ის უნდა ახერხებდეს პირველ რიგში, სულ მცირე, მინიმალური ხარისხის განათლების მიცემას მოსწავლეებისთვის და ამასთანავე, უნდა ხედავდეს ამ სოციალურად მოწყვლად ჯგუფს, სადაც ადამიანების გარკვეულ ნაწილს გაცილებით მეტი ძალისხმევა და რესურსი სჭირდება თავიანთი პოტენციალის გამოსავლენად.
როგორც წესი, ესენი არ არიან ადამიანები, რომლებიც პოლიტიკურად აქტიურები არიან, რომ სახელმწიფოს კარგი განათლების სისტემა მოსთხოვონ. თუმცა ცხადია, ეს სახელმწიფოს არ ათავისუფლებს იმისგან, რომ უფრო მეტად დაინახოს ის ადამიანები, რომელთაც მეტი მხარდაჭერა სჭირდებათ“, – ამბობს ნათია მჟავანაძე.
ნათია მჟავანაძე კვლევის მიგნებებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს, თუ როგორ ნაწილდება მოსწავლეების აკადემიური მიღწევები დონეების მიხედვით.
მარტივად რომ ავხსნათ, კვლევაში სამივე კომპონენტი – მათემატიკა, წაკითხულის გააზრება და საბუნებისმეტყველო საგნები ფასდება სირთულის 6 დონით, სადაც მე-5 და მე-6 მიიჩნევა ყველაზე მაღალ დონედ.
მაგალითისთვის, როგორც კვლევის ანგარიშშია განმარტებული, მათემატიკაში საბაზისო დონე გულისხმობს, რომ მოსწავლეს შეუძლია მათემატიკის გამოყენება მარტივ რეალურ სიტუაციებში. მოსწავლეები, რომლებიც ვერ ძლევენ სირთულის მეორე დონეს, ნაკლებსავარაუდოა, რომ გააგრძელონ სწავლა უმაღლეს სასწავლებლებში და ჰქონდეთ მაღალანაზღაურებადი სამუშაო. სირთულის დონეების მატებასთან ერთად მოსწავლეებს მოეთხოვებათ არასტანდარტული დავალებების კრეატიულად შესრულება, რომლის დროსაც მოსწავლის მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა არ ფასდება.
„ჩვენს შემთხვევაში მოსწავლეების 51.1% არის საბაზო საფეხურს ქვემოთ, ანუ ნაწილდებიან პირველ-მეორე დონეზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ძალიან დაბალი, ელემენტარული კომპეტენციები აქვთ.
საშუალო, ანუ საბაზო საფეხურს ძლევს: მათემატიკაში 34%, კითხვაში – 33% საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში – 34%. გამოდის რომ 50%ზე მეტი გვყავს მოსწავლეების ელემენტარულ დონეზე.
OECD ქვეყნებს თუ შევადარებთ, ასეთ საბაზო საფეხურზეა, სულ ცოტა, 69% და მეტი, ანუ – მოსწავლეების უმეტესობა, ძირითადი ბირთვი. ჩვენ ეს ბირთვი გვყავს ძალიან სუსტი. მეხუთე-მეექვსე საფეხურს ძლევს ძალიან ცოტა მოსწავლე. ტრადიციულად, ამ დონეებს ქართველი მოსწავლეების ძალიან მცირე ნაწილი ძლევს – 1.3% და მათ შორის არცერთი არ არის დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლე“, – ამბობს ნათია მჟავანაძე.
რატომ არის ეს განსაკუთრებით პრობლემური? ნათია მჟავანაძე განმარტავს, რომ 15 წლის ასაკი მოსწავლეებისთვის არის ეტაპი, როცა სავალდებულო განათლება სრულდება. სწავლის ამ ეტაპზე მომდევნო წლებში ცოდნის დრამატული ტრანსფორმაცია ნაკლებად ხდება, რაც, თავის მხრივ, ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი მოსწავლეების ნახევარზე მეტი სკოლას საშუალოზე დაბალი კომპეტენციებით ასრულებს.
რაზე უნდა იყოს მიმართული სახელმწიფოს ძალისხმევა? ნათია მჟავანაძე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სოციალურად მიზანმიმართული ინტერვენციები. მაგალითად, ასეთი შეიძლება იყოს სასკოლო კვება.
ნათია მჟავანაძე იუნისეფის კვლევის იმ მიგნებას იხსენებს, რომლის მიხედვითაც, ოჯახების 40% მეტი ამბობს, რომ ბოლო 8 წლის განმავლობაში ოდესმე მაინც ყოფილან სიღარიბის ზღვარს მიღმა. ეს ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს ოჯახების არასტაბილურ სოციალურ მდგომარეობაზე, ამიტომ სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი იქნებოდა, ბავშვების ფიზიკური და კოგნიტიური განვითარება დაზღვეული იყოს სკოლაში მაინც, კვების უზრუნველყოფით.
ნათია მჟავანაძეს აქვე მაგალითად მოაქვს PISA-ს შედეგები, რომლის მიხედვითაც, OECD-ის ქვეყნებში მცხოვრები ბავშვების 8% ვერ იკვებება სათანადოდ. 20%-მდე იზრდება ეს მონაცემი ისეთ პარტნიორ ქვეყნებში, როგორიცაა საქართველო. ამდენად სასკოლო კვება მნიშვნელოვან ფაქტორად არის განხილული.
მეორე საკითხი, რომელზეც ნათია მჟავანაძე ყურადღებას ამახვილებს, მშობლების ჩართულობაა.
მშობლების ჩართულობა აისახება მოსწავლეთა აკადემიურ შედეგებზე. მშობელთა ჩართულობა არ იგულისხმება ისეთი ვიწრო გაგებით, როგორიცაა, მაგალითად, მიღებული ნიშნების კონტროლი.
მნიშვნელოვანია, მშობლებს ჰქონდეთ პოზიტიური დამოკიდებულება სასწავლო შედეგების მიმართ. მაგალითად, განიხილავდნენ მათემატიკას ან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს, როგორც მნიშვნელოვან კომპონენტს მომავალი დასაქმების ან კარიერის განვითარებისთვის.
კვლევა აჩვენებს, რომ სისტემები, სადაც სტაბილურად მზარდია მაღალი შედეგები, გამოირჩევა სწორედ იმით, რომ ოჯახებში ძალიან მნიშვნელოვანია საგანმანათლებლო შედეგები, ანუ არა მხოლოდ ქულები და ფორმალური მონაწილეობა, არამედ ინტერესი მოსწავლის განათლების მიმართ.
როგორც ნათია მჟავანაძე ამბობს, ერთი მხრივ, სამართლიანია PISA-ს კვლევის კრიტიკა, მეორე მხრივ კი, ვალიდური მონაცემები მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის, სწორად დაგეგმოს მომავალი პოლიტიკა, რომელიც გამოვლენილ საჭიროებებზე იქნება მორგებული და რესურსების სამართლიანად გადანაწილებას უზრუნველყოფს მათთვის, ვისაც სახელმწიფოს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ.